Home რუბრიკები სპორტი თანამედროვეობის 10 ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი ევროპაში

თანამედროვეობის 10 ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი ევროპაში

16 მაისს ბუნდესლიგის, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის, განახლების შემდეგ 11-13 ივნისს ესპანეთშიც გაიმართა ლა ლიგის თამაშები, იტალიის სერია A კი 20 ივნისს განახლდება. მატჩები უმაყურებლო სტადიონებზე გაიმართება, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივარს ისე მოენატრა საფეხბურთო ბატალიები, რომ ამაზეც თანახმაა. მანამდე კი გაეცანით ევროპის ამჟამინდელ 10 საუკეთესო ტაქტიკოს მწვრთნელს. ფეხბურთის მწვრთნელები იყოფიან მოტივატორებად და ტაქტიკოსებად. 

მოტივატორები ფეხბურთელებს ემოციურად მუხტავენ. ხშირად აქცენტი კეთდება პოზიტიურ ატმოსფეროზე ან მებრძოლ სულისკვეთებაზე. ასეთი მეთოდით ყველაზე ხშირად წარმატებას აღწევენ მწვრთნელები, რომლებიც ადრე ფეხბურთელები იყვნენ. ტაქტიკოს მწვრთნელებს კი თავიანთი შეგირდები ვარჯიშისას ხელჩაკიდებული დაჰყავთ მოედანზე და უხსნიან თამაშის პრინციპებს. ასეთი მწვრთნელები ასისტენტებთან ერთად საათობით ჩაიკეტებიან ხოლმე კაბინეტებში, უყურებენ ვიდეოჩანაწერებს და აანალიზებენ სტატისტიკურ მონაცემებს. სწორედ ტაქტიკოსი მწვრთნელების მიერ შემუშავებული სქემები წყვეტს ხოლმე თამაშის ბედს.

10. ჟოზე მოურინიო, “ტოტენჰემი”

ეშმაკი პორტუგალიელი კვლავ დაბრუნდა დიდ ფეხბურთში. და ის, სხვათა შორის, ზემონახსენები ორივე ტიპის მწვრთნელების ჰიბრიდია. მოურინიო შესანიშნავი ფსიქოლოგი და ტაქტიკოსია. ამაზე მიუთითებს ის, როგორ უმკლავდება პორტუგალიელი მწვრთნელი “ტოტენჰემში” შექმნილ რთულ ვითარებას. რამდენიმე თვის წინათ მან ჩაიბარა გუნდი, რომელიც მთლიანად იყო დამოკიდებული თავის ლიდერ ჰარი კეინზე, თანაც ამ ლიდერმა ტრავმა მიიღო და თამაშებს გამოეთიშა, თუმცა, როცა ინგლისის პრემიერლიგის თამაშები განახლდება, ტრამვა უკვე მოშუშებული ექნება. ჟოზეს გუნდები ყოველთვის კარგად ორგანიზებულად თამაშობენ დაცვაში. მისი იდეა ასეთია: ბურთის დაკარგვისას საკუთარ ნახევარზე სწრაფად დაბრუნება, ცენტრში ზონების გადაკეტვა და მინიმალური საგოლე მომენტების შექმნით შედეგის მოპოვება. მოურინიოს გუნდები პოზიციურადაც კი შეზღუდული რაოდენობის მოთამაშეებით უტევენ. შედეგის მისაღწევად მოურინიოს გუნდს რამდენიმე ეპიზოდი სჭირდება მეტოქის კართან. ამ მხრივ სამაგალითო იყო მისი “ტატენჰემის” გამარჯვება “მანჩესტერ სიტისთან” თებერვალში. ლონდონელებმა სულ სამჯერ დაარტყეს კარში, თამაშის ბოლოს კი ტაბლოზე ანგარიში 2:0 იყო მათ სასარგებლოდ.

ჟოზე შესანიშნავად მართავს მატჩს. ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, მართალია, მისი შეგირდები დამარცხდნენ, მაგრამ მწვრთნელს გეგმაც ჰქონდა და იდეებიც თამაშში გარდატეხის შესატანად, მოურინიო მთელი მატჩის განმავლობაში იყენებდა სქემას 4-4-2-ს, ამასთანავე, სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ვინგერის ადგილას თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველი ჟედსონ ფერნანდესი. შეცვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა საყრდენი ზონიდან გადმოსულმა ლო ჩელსიომ, შემოქმედებითმა ჰავბეკმა, წინა ხაზზე კი ზორბა დელე ალისთან ერთად სწრაფი ბერგვეინი თამაშობდა. შეიძლება ითქვას, რომ ლონდონურ კლუბს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ არ უთქვამს ბოლო სიტყვა ინგლისის ჩემპიონატში.

9. ლუსიენ ფავრი, დორტმუნდის “ბორუსია”

ეს მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაუფასებელი. სამშობლოში, შვეიცარიაში, შემდეგ _ “ჰერტაში”, მიუნხენგლადმახში თუ “ნიცაში” ფავრი ყოველთვის ქმნიდა თვითმყოფად გუნდებს. მისი ყველა გუნდი გამოირჩეოდა ბურთის ერთი ფლანგიდან მეორეზე, შემდეგ კი თავისუფალ ზონაში სწრაფად გადატანით. ეს დამახასიათებელია ამჟამინდელი დორტმუნდის “ბორუსიისთვისაც”. ფავრმა, 60 წელს მიღწეულმა მწვრთვნელმა, როგორც იქნა, მიიღო შეთავაზება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კლუბიდან, რომელშიც იდეების განხორციელების მნიშვნელოვანი წარმატებები მოაქვს. “ბორუსია” ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში კი პირველ შეხვედრაშ, დაამარცხა ფრანგული პსჟ 2:1. თუმცა საპასუხო შეხვედრაში დამარცხდა _ 0:2.

8. იულიან ნაგელსმანი, “ლაიფციგი”

“ჰოფენჰაიმში” ყოფნისას ახალგაზრდა გერმანელმა მწვრთნელმა პატარა ტაქტიკური რევოლუცია მოაწყო. თუ ადრე ევროპის წამყვან ლიგებში 3 ცენტრალური მცველით თამაშის სქემა დაცვითად მიიჩნეოდა, ნაგელსმანის ძილისხმევით ეს თეზისი უარყოფილი იქნა. როცა მისი “ლაიფციგი” 3-5-2 სქემით თამაშობს, ეს დიდი განაცხადია მატჩის კონტროლზე. 3-5-2 სქემით “ლაიფციგი” რიცხობრივ უპირატესობას იღებს წინა ხაზზე და შეუძლია აგრესიულ პრესინგს მიმართოს. ამასთანავე, თითოეულ ცენტრალურ მცველს, რომელიც პასუხს აგებს თავის ფლანგზე, შეუძლია წინ წავიდეს ბურთით, რაც იწვევს მეტოქის დაცვის სტრუქტურის ნგრევას. ასეთი მოძრაობისთვის ხელის შეშლა ზურგს უკან ზონის გაშიშვლებას ნიშნავს, ხოლო “ლაიფციგის” მოთამაშის უყურადღებოდ დატოვება სახიფათოა, რადგან შეუძლია, უფრო წინ წავიდეს.
ნაგელსმანი არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელებს, რომლებიც მხოლოდ ერთ ტაქტიკას მიმართვენ. ის ტაქტიკას თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობიდან გამომდინარე ირჩევს და არ აიძულებს მათ, სქემას მოერგონ, ამიტომ ზოგჯერ მისი გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობს, რომბით ნახევარდაცვაში. იულიანის კიდევ ერთი კოზირი ფეხბურთისათვის საჭირო როლის შერჩევაა.
ნაგელმანი სწავლობს თავის შეცდომებზე და მალე მას, ალბათ, რომელიმე გრანდის მწვრთნელად ვიხილავთ.

7. ზინედინ ზიდანი, მადრიდის “რეალი”

ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგებითაც კი ვერ მოიშორა ფრანგმა ზინედინ ზიდანმა მოტივატორი მწვრთნელის იარლიყი. საერთოდ, მსოფლიოს წამყვან კლუბებში მწვრთნელებს უჭირთ აღიარების მოპოვება. შემადგენლობისა და ადმინისტრაციული რესურსების გათვალისწინებით დაფნის გვირგვინი ყოველთვის მოთამაშეებს რჩებათ _ ასეთი შემადგენლობით ხომ ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია გამარჯვების მოპოვება. როდესაც გუნდში სუპერვარსკვლავები თამაშობენ, მწვრთნელს უჭირს, ისინი ტაქტიკურ სქემას მოარგონ. ისეთმა შემსრულებელმა, როგორებიც არიან ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი, იციან, როგორ ითამაშოს და გაიმარჯვოს, ყოველ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ იციან. ასე რომ, ზიდანის საქმე “რეალში” რთული ხასიათის შემსრულებლებისგან კოლექტივის შექმნაა.
ზიდანი ტაქტიკურ ექსპერიმენტებსაც მიმართავს. “რეალი” ზოგჯერ 5 ცენტრალური ნახევარმცველით თამაშობს ცენტრში სამ ნახევარმცველს ფლანგებზე კიდევ ორი ჰავბეკი ემატება, ამით მეტოქის საჯარიმოს წინ იქმნება რიცხობრივი უპირატესობა, რომლის რეალიზაციაც კომბინაციურად მოთამაშე ნახევარმცველებს შეუძლიათ. როცა ეს ტაქტიკა სათანადოდ ვერ მუშაობს, ზიდანს მოედანზე გამოჰყავს 2 ვინგერი და მოწინააღმდეგეს უჭირს ყურადღების გადატანა მოედნის ცენტრალური ზონიდან ფლანგებზე.

6. იურგენ კლოპი, “ლივერპული”

მიმდინარე სეზონში “ლივერპულმა” უამრავი რეკორდი დაამხო და ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ “მანჩესტერ სიტის” 25 (!) ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კლოპი თითქმის არასოდეს ცვლის ტაქტიკურ სქემას _ 4-3-3-ს. მხოლოდ რამენიმეჯერ გადაიყვანა მან რობერტო ფირმინო ცენტრფორვარდის ადგილიდან (მის ადგილას მო სალაჰი იკავებდა ხოლმე) “ცხრიანის” პოზიციაზე, თუმცა ზოგჯერ სქემას ცვლის და 4-4-2-ზე გადადის.
კლოპმა შეძლო ლივერპულელთა მოქმედების ავტომატიზმამდე დაყვანა. და, მიუხედავად თამაშის ყველასთვის გასაგები სტრუქტურისა (პრესინგი, ბურთის გადატანა ფლანგიდან ფლანგზე, ჩაწოდებები მეტოქის მცველების ზურგს უკან), მოწინააღმდეგე ვერაფერს უპირისპირებს წითლებს. გუნდს განსაკუთრებით კარგად გამოსდის თავისუფალი ზონების გამოყენება შეტევისას.
რატომ არის შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი სარეიტინგო სიაში მე-6 პოზიციაზე? ერთია პრემიერლიგის ვადამდე მოგება, მეორე _ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩებში (0:1; 2:3). მადრიდელებმა დაამტკიცეს, რომ “ლივერპულიც” უშვებს შეცდომებს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა
(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here