Home ახალი ამბები საქართველო კომუნისტური სუნი და კაპიტალისტური ყნოსვა

კომუნისტური სუნი და კაპიტალისტური ყნოსვა

პროცესი დაჩქარდა!

533
ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი

2023 წლის 13 სექტემბერი – ეს არის დღე, რომელიც დაგვამახსოვრდება, რადგან ამ დღეს ახალი მსოფლიო წესრიგისა და ახალი გეოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთი კორეა) ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს ეწვია. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტუმარს ამურის ოლქში, კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” შეხვდა. პრესაში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ამ შეხვედრაზე განხილული იქნებოდა მოსკოვისთვის ჩრდილოკორეული შეიარაღების გადაცემისა და, პირიქით, ფხენიანისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების საკითხი. შეხვედრაზე, რომელიც ხუთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, როგორც ჟურნალისტებს უთხრეს, რუსეთისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებმა განიხილეს კორეის ნახევარკუნძულსა და ევროპაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება”, აგრეთვე, ტაქტიკური და სტრატეგიული ურთიერთმოქმედების განმტკიცების საკითხი”. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა, ამ ძუნწი ფრაზების მიღმა დავინახოთ ან თუნდაც ვიგულისხმოთ იმ მიზნების არსებობა, რომლებსაც მსოფლიო პრესა ვარაუდობდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული დასკვნების გაკეთებაში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას ნათქვამი წინადადებებიც დაგვეხმარება.

კიმ ჩენ ინი:

“ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მიმდინარეობს ჩვენი ვიზიტი რუსეთში. ახლა რუსეთი ჩართულია მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისთვის გამართულ წმინდა ომში იმ საპირწონე ჰეგემონიურ ძალებთან, რომლებიც მის წინააღმდეგ დგანან. ჩვენ გვსურს, განვავითაროთ ურთიერთობები. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებით იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის არმია რუს ხალხთან ერთად მოიპოვებს დიად გამარჯვებას წმინდა ომში ბოროტების კრებულთან, რომელიც ექსპანსიონისტური ილუზიებით იკვებება და ჰეგემონობაზე პრეტენზიას აცხადებს. რუსეთი გამარჯვებას მოიპოვებს განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნის საქმეშიც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის გმირი ხალხი და არმია, რომელიც ბრწყინვალე მემკვიდრეა გამარჯვებების ტრადიციისა, ღირსებისა და პატივის დამაჯერებელ დემონსტრირებას მოახდენს ორ ფრონტზე – სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში”.

ვლადიმერ პუტინი:

“ჩვენი ურთიერთობებისთვის საფუძველი ჩაყრილი იქნა ჯერ კიდევ 1945 წელს თავისუფლებისთვის კორეის ბრძოლის დროს, როდესაც საბჭოთა და კორეელი ჯარისკაცები მხარდამხარ ანადგურებდნენ იაპონელ მილიტარისტებს. დღეს ჩვენ ვცდილობთ, განვამტკიცოთ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძვლები. ვმოქმედებთ მშვიდობის, სტაბილურობის და ჩვენი საერთო რეგიონის აყვავების სახელით. თქვენ, ამხანაგო კიმ ჩენ ინ, მტკიცედ და დამაჯერებლად მიჰყვებით კურსს, რომლისთვისაც საფუძველი ჩაყრილი იყო გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეების – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებლის, ამხანაგ კიმ ირ სენის და მისი საქმის გამგრძელებლის, ამხანაგ კიმ ჩენ ირის მიერ. ისინი იყვნენ (რუსეთის – ვ.კ.) მგზნებარე და ნამდვილი მეგობრები, რომლებიც თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს ჩვენს სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კავშირებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. კორეაში არის ანდაზა: “ტანსაცმელი ახალი სჯობს, მეგობარი – ძველი!” ჩვენთან კი ხალხი ასე ამბობს: “ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს!” ეს ხალხური სიბრძნეები კარგად ასახავს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს”.

ასეთი იყო ამ ისტორიული შეხვედრის ოფიციალური ნაწილი.

ვიცით, რომ ამგვარი შეხვედრების ოფიციალური ნაწილი ვითარების მხოლოდ ზედაპირს წარმოაჩენს, მაგრამ სიღრმეებში არ გვახედებს.

რა ხდება სიღრმეში?

ეს შეკითხვა მთელ მსოფლიოში გაისმის და მის შესახებ ბევრი ჭორ-მართალი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ჩვენ ამ ჭორაობაში არ უნდა შევიდეთ, ვინაიდან ეს არაფრის მომცემი არ არის. ჩვენ, როგორც შესაძლებელი იქნება, ზოგადი შტრიხები მოვხაზოთ.:

1. რუსეთი იზოლაციაში ექცევაო, – ამტკიცებს ამერიკული, ევროპული და ქართული მედია. ამ დროს იქით თშო (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია), აქეთ ბრიჩსი, რომლებიც ახალი წევრებით შეივსო, აგერ კიდევ ბირთვული ჩრდილოეთი კორეა. ესაა იზოლაცია?! რუსეთი კი არა, როგორც ირკვევა, ჩრდილოეთი კორეაც ვერ მოუქცევიათ იზოლაციაში.

2. ეს საკითხიც იქით იყოს, მაგრამ, მთლად ისე, ერთმანეთის მოსაკითხად ან მხოლოდ მეგობრობის გაღრმავების სურვილის გამოსახატავად და არც შორეული აღმოსავლეთის დელიკატესების დასაგემოვნებლად რომ არ გაივლიდნენ უზარმაზარ მანძილს ერთი ფხენიანიდან და მეორე მოსკოვიდან, ალბათ, ყველასთვის გასაგებია. კორეის ნახევარკუნძულზე და ევროპაში შექმნილ ვითარებაზეო, თქვეს თავიანთი პირით. ჰოდა, უსაუბრიათ სერიოზულ თემებზე მთელი ხუთი საათის განმავლობაში. თანაც სად? კოსმოდრომზე, რომელსაც მრავლისმეტყველი სახელი “ვოსტოჩნი” ჰქვია! რას ნიშნავს ეს? მწვავდება ვითარება. სანამ პუტინი კიმ ჩენ ინის ხვდებოდა, რუსეთს სევასტოპოლში ხომალდების შემკეთებელი ქარხანა ფრთოსანი რაკეტებით დაუბომბეს და ორი გემი დაუზიანეს, ამერიკელები კი უკრაინელ ფაშისტებს საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღით – გაღარიბებული ურანის შემცველი კასეტებით აიარაღებენ. განა ეს ვითარების უკიდურესი გამწვავება არ არის?! პულიტცერის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ჟურნალისტი სეიმურ ერში აცხადებს: ამერიკულ დაზვერვაში არსებულმა პრობლემებმა, კერძოდ კი იმან, რომ “უხერხულ სადაზვერვო მონაცემებს” აშშ-ის ხელისუფლებას არ აწვდიან, შესაძლებელია, რუსეთსა და აშშ-შორის ომი გამოიწვიოს”. კიდევ უფრო პოპულარული და სკანდალური ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი ომის დაწყების თარიღსაც კი ასახელებს: “აშშ რუსეთთან სრულმასშტაბიან ომს 2024 წელს დაიწყებს. ამერიკის ლიდერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასეთი მეთოდით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას”.

გრძნობთ ხომ, საქმე სადამდე მივიდა? მართლაც უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოვლენები სხვა, უფრო რბილი სცენარით განვითარდება თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, მსოფლიო მაინც ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ვფიქრობ, არათუ ისეთი ვერ იქნება, მისი მსგავსიც კი შეუძლებელია, იყოს.

3. დავაკვირდეთ ჩრდილოეთ კორეასთან ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის დამოკიდებულების დინამიკას.

სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირი კორეელი ხალხის თავისუფლებას ყველანაირად უჭერდა მხარს, მაგრამ ამერიკელმა და იაპონელმა მილიტარისტებმა მაინც მოახერხეს კორეის შუაზე გახლეჩვა. ჩრდილოეთი კორეა საბჭოთა კავშირის ბუნებრივ მოკავშირედ რჩებოდა, თუმცახრუშჩოვის მიერ აგორებული ანტისტალინური კამპანიისა და სტალინის კურსიდან მკვეთრი გადახვევის შემდეგ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ინტერესი თანდათანობით სუსტდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ურთიერთობები იმ დონეზე გაწყდა, რომ ამ სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის, გარდაცვალების (1994 წ.) გამო, რუსეთის ხელმძღვანელებს (ბორის ელცინი) სამძიმრის დეპეშაც კი არ გაუგზავნიათ. ეს მაშინ, როდესაც აშშ-ის ხელმძღვანელებმა ეს გააკეთეს. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ამრეზით უყურებდა, როგორც კომუნისტურ წარსულში ჩარჩენილ სახელმწიფოს. დღეს კი რუსეთი სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. დღევანდელ რუსეთს არა მხოლოდ დასავლური იმპერიალიზმი, არამედ საკუთარი კაპიტალიზმიც უპირისპირდება. რუსეთში, გარდა იმისა, რომ დადგა დასავლეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეუძლებლობის გაცნობიერების ეტაპი, მოვიდა ის დროც, როდესაც იგი იძულებული შეიქნა, პარტნიორები კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში ეძებოს. როგორც ჩანს, რუსეთი თანდათანობით მივა იმ გლობალური შეცდომის გააზრებამდეც, რომ სტალინის მიმართ ცილისწამებით, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დაშლით და კაპიტალიზმის რესტავრაციით დაშვებულია უმძიმესი შეცდომა. მე არ ვლაპარაკობ, რომ რუსეთი ამის აღიარებამდე მივა-მეთქი, აღიარება ჯერ კიდევ შორსაა, გაცნობიერებაზეა საუბარი. რუსეთის ხელმძღვანელი წრეები, თვითონ ვლადიმერ პუტინი მიხვდება (ალბათ, მიხვდა კიდეც), რომ რუსეთი კაპიტალისტური სისტემით შორს ვერ წავა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კაპიტალიზმის ცენტრი ამერიკაა; მეორე – ეს სისტემა ისე მოძველდა, ისე გადაგვარდა და გაირყვნა, რომ იქ (აშშ-ში) შევიდა ღრმა კრიზისში და რუსეთში როგორ გაიხარებს?! კაპიტალიზმის ეპოქა მიდის. ისტორიულად ცნობილია, რომ ფორმაციათა ცვლა რთულია და კატაკლიზმებით აღსავსე ეპოქებს წარმოშობს, მაგრამ იგი კანონზომიერი პროცესია, რომელსაც ვერსად გავექცევით, ამიტომ ამ უაღრესად დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ფაქტში, გარდა იმ დეტალებისა, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი არ არის და შესაძლებელია, დიდხანს დარჩეს საიდუმლოდ, ის ზოგადი ტენდენცია უნდა ვეძებოთ, რომელსაც ბუნებრივი მოკავშირეების ერთმანეთთან მისვლის აუცილებლობა ჰქვია, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ერთმანეთი. ესაა მთავარი, რაც ამ ფაქტში უნდა დავინახოთ. მეტსაც მოგახსენებთ, რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას კი არა, უზარმაზარ და სასწაულებრივად განვითარებულ ჩინეთსაც ამრეზით უყურებდნენ, რადგან ამ ქვეყანასაც კომუნისტურ წარსულში ჩარჩენილად მოიაზრებდნენ. რუსეთისთვის მზე დასავლეთიდან ამოდიოდა, რუსები რუსეთში ნაშოვნ ფულს დასავლეთში ეზიდებოდნენ და იქ აბანდებდნენ, უძრავ-მოძრავ ქონებას იქ ყიდულობდნენ, შვილებს იქაურ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ და, ერთი სიტყვით, იქ ცხოვრობდნენ. აქ (რუსეთში) ფულს შოულობდნენ, დასავლეთში კი ცხოვრობდნენ. დასავლეთში ცხოვრობდნენ და დასავლეთით ცოცხლობდნენ, დასავლეთით სულდგმულობდნენ. დასავლეთი უყვარდათ, სტკიოდათ, ელანდებოდათ, ესიზმრებოდათ, ეოცნებებოდათ, მაგრამ როგორც კი გაუჭირდათ, როგორც კი ხიფათი იგრძნეს, მაშველად, კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეასდა კიმ ჩენ ინის უხმეს, კომუნისტურ ჩინეთსდა სი ძინპინის მიადგნენ. განა ეს კომუნისტური შემობრუნების გარდაუვალობის წინაპირობა და ისტორიული სიგნალი არ არის?! ჩინეთის ლიდერიც და ჩრდილოეთ კორეის ლიდერიც რუსეთში ჩაბრძანდნენ, მაგრამ ეს ფიზიკური ჩასვლის აქტი იყო, იდეურად და მსოფლმხედველობრივად კი რუსეთის ლიდერი მივიდა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომუნისტ ლიდერებთან.

ასეთია რუსეთის ურთიერთობის დინამიკა არამხოლოდ ჩრდილოეთ კორეასთან, არამედ სოციალისტურ და კომუნისტურ სამყაროსთან. დამეთანხმებით, რომ მართლაც უაღრესად საინტერესო დინამიკა იკვეთება.

2017 წელს ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემულ ნაშრომში “მანიფესტი სტალინზე”, ორი ქვეთავი მაქვს შეტანილი – “ჩინეთის ფაქტორი” და “ჩრდილეთ კორეის ფაქტორი”. “ჩინეთის ფაქტორში” ვწერდი: “რომ არა ჩინური სოციალიზმის ფაქტორი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლური კაპიტალისტური მანქანა სოციალისტურ სისტემას მთელ მსოფლიოში ისევე მოსპობდა, როგორც ევროპის კონტინენტზე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოსპო. დღეს ეს შეუძლებელია სწორედ ჩინეთის ფაქტორის გამო” (“მანიფესტი სტალინზე”, გვ. 132). “ჩრდილოეთ კორეის” ფაქტორში კი ვწერდი: “აშშ-ის მტრული დამოკიდებულება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ მთელ მსოფლიოს უდასტურებს ამერიკული პოლიტიკის აბსოლუტურ შეუთავსებლობას სამართლიანობასთან, მორალთან, სხვა სახელმწიფოების სუვერენულ უფლებებთან და, რაც მთავარია, სოციალისტურ რეალობასთან” (“მანიფესტი სტალინზე”, გვ. 138).

აშშ-ის მიერ მსოფლიოში გაშვებული რუსოფობიის ვირუსი იმდენად რუსეთის სიძულვილით არ აიხსნება, რამდენადაც საბჭოთა წარსულისა და სოციალისტური მიდრეკილების წინაშე შიშით. მათ იციან, რომ კაპიტალისტურ რუსეთშიც კი სოციალიზმის მოთხოვნილება და მისი სუნი ტრიალებს. მათ ისიც იციან, რომ სოციალისტური სისტემა მთელ მსოფლიოში თუ არ მოსპეს, სოციალისტური სისტემა მოსპობს კაპიტალიზმს მთელ მსოფლიოში. რუსეთის მიმართ იმიტომაც აქვთ ასე უკიდეგანო სიძულვილი, რომ კაპიტალისტური რუსეთიც კი მსოფლიო კომუნიზმის მარადიული ცენტრი ჰგონიათ, რომლიდანაც ახალი მძლავრი ტალღის წამოსვლას არ გამორიცხავენ, რომელიც მთელი პლანეტიდან ერთბაშად გადარეცხავს კაპიტალისტური სიბილწის უკანასკნელ ნარჩენებს. იქნებ არც ცდებიან.

2023 წლის 13 სექტემბერმა გვიჩვენა, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და ბრიჩსის პარალელურად კიდევ ერთი უმძლავრესი კოალიცია ყალიბდება, რომლიდანაც დასავლეთის მძლავრმა ყნოსვამ ახალი კომუნისტური მოძრაობის სუნი იკრა.

პროცესი დაჩქარდა!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here