Home ახალი ამბები საქართველო კიდევ ერთხელ მესამედ მოსვლის შესახებ და, ამჯერად, – მეორედ გაშვების შესახებაც

კიდევ ერთხელ მესამედ მოსვლის შესახებ და, ამჯერად, – მეორედ გაშვების შესახებაც

410
კიდევ ერთხელ მესამედ მოსვლის შესახებ და, ამჯერად, – მეორედ გაშვების შესახებაც

ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას, – პლატონი.

ადვილი მისახვედრია, რაც იგულისხმება სათაურში. დიახ, საკუთარ ჭკუაზე ხელისუფლების მართვის (ფორმალურად იქნება, თუ – არაფორმალურად) მოყვარული, მოსვლა–წასვლა–მოსვლისა და გაშვება–მოყვანა–გაშვების დამამკვიდრებელი ივანიშვილის და, ამჯერადაც დაუმსახურებლად გაშვებული (ორივეჯერ პრემიერ–მინისტრის პოსტიდან!) ყველაზე წარმატებული #1 პოლიტიკოსის – ღარიბაშვილის შესახებ მსურს მოგახსენოთ.

ამ მოვლენაში გასაოცარი და გულსატკენი ის არის, რომ ივანიშვილი ხელსაც არ ახლებს ხელისუფლებაში მართლა გასაშვებ კადრებს (ძველს, თუ მის მიერვე შერჩეულს) და ათავისუფლებს ისეთ ადამიანს (დიდი ალბათობით, მალე სხვებსაც მიაყოლებს!), რომელმაც, სამი წლის მანძილზე თავისი მუყაითი შრომით და, რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესების დამცველი პოლიტიკის გატარებით, ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა! და, განა მარტო ქართველი ხალხის? მან საერთაშორისო ასპარეზზეც მოიხვეჭა სახელი!

პრემიერ–მინისტრს, რომელსაც ქვეყნის მართვის, შეიძლება ითქვას, ყველა სადავე ხელთ ეპყრა, უცებ უშვებს, თანაც, ისეთ სამუშაოზე, სადაც მას არავითარი უფლებები არ ექნება – იგი გადაჰყავს ანუ ნიშნავს საკუთარი პარტიის ნომინალურ თავმჯდომარედ, რომლის საპატიო თავმჯდომარედ „საკუთარი“ ინიციატივით დაგვიბრუნდა თავად ერთი თვის წინ – მართალია, „მართვის ფუნქციების შეთავსების გარეშე“, მაგრამ, ყველანაირი უფლებებით საკადრო პოლიტიკაში!

ასე ექცევიან ისეთ ადამიანს, რომელმაც არაფრად არ ივარგა მისთვის მინდობილ სფეროში და არა ისეთ კაცს, რომელიც დღითიდღე პოპულარული ხდებოდა სწორედაც თავისი საქმიანობის წყალობით! როგორ შეიძლება, კაცს აქებდე წარმატებების გამო, ათას მადლობას უხდიდე უმძიმეს კოვიდის პერიოდში და შემდგომაც გაწეული ეფექტური საქმიანობისთვის და, თან ათავისუფლებდე თანამდებობიდან, ეს ხომ დაცინვაა! თუკი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ დროულად უნდა ახდენდე შესაბამის რეაგირებას, ხოლო თუ ივარგა და ქვეყანას კარგად უძღვება, მაშინ აცალე, მიეცი საშუალება ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და სახელმწიფოს მართვის ნიჭი! ეს ხომ აქსიომაა! სამწლიანი მოღვაწეობის ზენიტში მყოფი პრემიერის მოხსნა მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება – პოპულარობის გვირგვინის დაკარგვის შიშით გამოწვეული შურიანობით, ანდა – ძალიან, ძალიან გავლენიანი „მეგობრების“ მითითებით! სხვანაირად, სერიოზული მიზეზის გარეშე ქვეყნისთვის ასეთ სარისკო ექსპერიმენტს არცერთი ჭკუათმყოფელი არ მიმართავს.

პარლამენტში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ შეშინებული მოლაპარაკე სახეები, რომლებიც საკუთარი სკამის შენარჩუნებაზე და საარჩევნოდ წარსადგენი პარტიული სიის წინა ნაწილში მოხვედრაზე ფიქრობენ, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ ივანიშვილის მესამედ მოსვლა და მოულოდნელი საკადრო ცვლილებები, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდეს, ჩვეულებრივ რიგით საკადრო გადაადაგილებას ანუ „კარუსელად“ წოდებულ როტაციას ჰქონოდეს ადგილი და, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უბრალოდ, ერთმანეთში გაცვალეს ადგილები, ბ–ნი ბიძინას „რჩევით“, ცხადია. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე! კობახიძე არა მარტო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, არამედ # 1 პარლამენტარიც იყო (სპიკერად თუ რიგით წევრად ყოფნის დროსაც) და, სწორედ პარლამენტში აქტიური მოღვაწეობით (გამოსვლებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლოზე მჭევრმეტყველებით) დაამახსოვრა მან ხალხს თავი. დღევანდელ რეალობაში ღარიბაშვილი მხოლოდ და მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე იქნება – უფუნქციო და აბსოლუტურად უუფლებო, ცხადია! არა, რაღაც შავ სამუშაოს აუცილებლად გამოუძებნიან, მაგრამ ძნელი სათქმელია, თუ რამდენ ხანს გაძლებს თავმოყვარე კაცი ასეთ მდგომარეობაში!

როტაცია თავისთავად არ გამოიწვევდა არც გაკვირვებას და არც პროტესტს, სახელმწიფოსთვის რომ იყოს სარგებლის მომტანი. სამწუხაროდ, ეს გამორიცხულია, კარგი განათლების მიუხედავად, რაც არცერთს არ აკლია, მიუხედავად ერთნაირად დადებითი თვისებებისა, კობახიძეს, რომელიც შესანიშნავი თეორეტიკოსი, კონსტიტუციონალისტი და კანონმდებელია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არასოდეს არ უმუშავია, რის გამოც სრულფასოვნად იგი ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს აღმასრულებელ სისტემაში ჭიპმოჭრილ (ერთი წელი შინაგან საქმეთა მინისტრად და ხუთი წელი პრემიერად ნამუშევარ) ღარიბაშვილს, რომლის ხელმძღვანელობით „საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია“ (პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი), რომელმაც საგარეო ურთიერთობებშიც საკმაოდ გაითქვა სახელი და მჭიდრო პირადი კონტაქტებიც დაამყარა მთელ რიგ უცხოელ სახელმწიფო მოღვაწეებთან!

ასე, რომ დასკვნის გამოტანა ადვილია: სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე გამოცდილი და წარმატებული პრაქტიკოსი ადამიანის ჩანაცვლება ამ მხრივ გამოუცდელი, თეორეტიკოსი ადამიანით მხოლოდ დაასუსტებს ნებისმიერ სახელმწიფოს!

ბ–ნო ბიძინა, ახლა როცა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის რაღაც პატარა სასიკეთო იმედები გაჩნდა ღარიბაშვილის წყალობით, რატომ გამოგვეცხადეთ ასე მოულოდნელად სამი წლის მანძილზე პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებული და განდეგილობაში მყოფი, თითქოს, ხანძარი გაგვჩენოდეს და მიზეზი პრემიერი ყოფილიყოს. შემთხვევით, ღარიბაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება–გარიყვა და კოალიციური ხელისუფლებისთვის ასპარეზის მოსუფთავება–გაწმენდა (დასავლეთისთვის მიუღებელი მინისტრებიგან!) ხომ არ გაქვთ დავალებული? ღმერთია მოწამე, ძალიან მიჭირს ასე წერა, მაგრამ ფაქტებს ხომ ვერ გაექცევი! თქვენ შეფასებაში კი ეპიგრაფად წამძღვარებული პლატონის სიტყვები: „ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას“, და მრავლისმთქმელი ქართული ანდაზა მეხმარება: „სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო“!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავისით იბადება კითხვა: ბატონო ბიძინა, ბოლოს და ბოლოს, რა გიწოდოთ – ქველმოქმედი ერისკაცი, თუ დასავლეთის მონა–მორჩილიც, რომელიც დასავლეთის მითითებებით აგერ თორმეტი წელია ქვეყნის განვითარება–წინსვლას ამუხრუჭებს? თქვენ მიერ გაცემული და დღემდე შეუსრულებელი დაპირებები ანუ, პირდაპირ თუ ვიტყვით, ხალხის მოტყუება ნამდვილად არ გამშვენებთ ამხელა ქველმოქმედ კაცს.

სამწუხაროდ, ასე ხდება ყოველთვის – ასე იცის ორ სკამზე ჯდომის სურვილმა და სხვის დაკრულზე ცეკვამ! ასე იცის კაპიტალის ერთ ნახევარსფეროში და ერთი პოლიტიკური ბანაკის კუთვნილ ბანკებში ფულის დაბანდებამ – ასეთ დროს შანტაჟი ხომ ძალიან, ძალიან უადვილდებათ არნახულად დიდი ძალის და ფულის მქონე ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“!

ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება თქვენი გამოისობით, არა მარტო გაგაოცებს, არამედ გაგაოგნებს კიდეც ადამიანს, შესაძლოა ყველა იმედი გადაგეწუროს და შიშმაც შეგიპყროს – ამდენმა უსამართლობამ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მიგვიყვანოს ეკონომიკურად და, განსაკუთრებით, სამართლებრივად გამწარებული და ისედაც გადაშენების პირას მისული ერი!

იაკობ ლეჟავა
30 იანვარი, 2024

1 COMMENT

  1. გილოცავთ ❤️ ბერძენმა ბერმა ამის შესახებ არც კი იცის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასე წინასწარმეტყველებს, რომ ცოცხლად მოევლინება საქართველოს წმ. გიორგი და წმ. სინოდს განსწმენდსო. მართლაც, გასაწმენდი არის. ჩვენ ვიცით, რომ ყველა არ ემსახურება გულითა და სულით ღმერთს. ნამდვილად გაიწმინდება წმ. გიორგის მიერ. ეს განწმენდა ნიშნავს იმას, რომ ღირსეული და ერთგული მღვდელმთავრები განსაკუთრებით ილოცებენ უფლის წინაშე, რომ საქართველო გადარჩეს და სულიერად გაბრწყინდეს. ამაში მონაწილეობას მიიღებს წმ. დიდმოწამე გიორგი. იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
    ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here