Home ახალი ამბები საქართველო ივანიშვილს, წესით, უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების არც ისე ...

ივანიშვილს, წესით, უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების არც ისე  მცირე ნაწილი უღალატებდა. ასეც მოხდა. ყველაზე მეტად კი  ბატონ ბიძინას  პრეზიდენტებში არ გაუმართლა

საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციაზე მეტად დასავლეთს სურს და ყველაფერს აკეთებს, საამისოდ საჭირო ვითარება რომ შეიქმნას

263

გასულ კვირას  საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ანგარიში ბოლოჯერ ჩააბარა. სალომე ზურაბიშვილი იმ დეპუტატების წინაშე წარდგა, რომელთა უმრავლესობის დამსახურებითაც  პრეზიდენტის პოსტი მოირგო, და რომ არა აღნიშნული დეპუტატების და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მონდომება, ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერასოდეს გახდებოდა. პრეზიდენტი კი არა, ვერც პარლამენტში შევიდოდა და პოლიტიკურ კარიერას მაშინ დაასრულებდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოისროლა. სწორედ მოისროლა, რადგან მიშას, თუ ვინმე არ მოსწონდა, ისე ხსნიდა, მოხსნილი  ამის შესახებ  საინფორმაციო საშუალებებიდან იგებდა.

რით გადაუხადა ზურაბიშვილმა მადლობა ივანიშვილსა და „ქართული ოცნებას“? მან ბატონი ბიძინა  ოლიგარქად მოიხსენია, სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს კი თითი უქნია: თქვენი ადგილი აქ აღარ არის, სათავეში სხვები უნდა მოვიდნენო. სხვებში ქალბატონი სალომე, უწინარესად, საკუთარ თავს გულისხმობს და დასამალი აღარ არის, რომ მას თავი ოპოზიციის ერთ-ერთ   ლიდერად წარმოუდგენია. სალომემ, ოპოზიციის ლიდერობა რომ გაალეგიტიმუროს, ყველა პარტიას თავის  რეზიდენციაში უხმო, შემდეგ კი გაახსენდა, რომ მმართველი ძალისთვისაც უნდა დაეძახა, სხვა თუ არაფერი, მათი არჩეულ-მოყვანილია და ფანჩატურში „ქართული ოცნებაც“  მიიწვია, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ იქ არავინ მივიდოდა. სამაგიეროდ, ოპოზიციონერებმა გამოისხეს ფრთები და პრეზიდენტს ერთი-მეორის მიყოლებით ეახლნენ და, რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილმაც გამოიღვიძა. ახლავე გეტყვით, რას ნიშნავს მიშას „გამოღვიძება“.

„მე უკრაინის მოქალაქე ვარ, მაგრამ არჩევნების პერიოდში მზად ვარ, ვიტვირთო ლიდერის ტვირთი და მიგიყვანოთ გამარჯვებამდე. მერე რა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, აგერ, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ ქვეყანას მართავს და ეს კანონდარღვევა არ იქნება“, – ამბობს სააკაშვილი. ის აღარ  არის წონადაკლებული და კუჭში შეკრული ექსპრეზიდენტი, ის ახლა, საბრძოლველად გამზადებული, ოპოზიციის სალიდეროდ მომართული პოლიტიკოსია. ძალიან მარტივი შეკითხვა გვაქვს –  კიდევ დიდ ხანს უნდა განაგრძოს  სასჯელის მოხდა და დასვენება საავადმყოფოში თუ ციხეში გადაიყვანთ? მიშამ ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა, აღიარა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, რომ კვლავ ძალაუფლება სურს და, რაც მთავარია, საჯაროდ ამბობს, რომ ამისთვის მზად არის. დიახ, ის სწორედ ამიტომ მოდიოდა საქართველოში,  ამასთანავე,  ვიღაცის ან ვიღაცების გარანტია ჰქონდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა და მას არ დაიჭერდნენ. ისე ჩანს, რაღაც გარანტიები ახლაც   აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი რომ არ იქნება, ყველა ხვდება. ხელისუფლების ცვლილება საქართველოში ოპოზიციაზე მეტად დასავლეთს სურს და ყველაფერს აკეთებს   საჭირო ვითარების   შესაქმნელად. საჭირო გარემოში კი არეულობას ვგულისხმობთ და არეულობა ქუჩაში გამოსვლის გარეშე  წარმოუდგენელია, ამიტომ სააკაშვილმა ზურაბიშვილს პირდაპირ მოუწოდა: რეზიდენციაში რა გინდა, ქუჩაში გადი და ოფისი რუსთაველზე გახსენიო. მიშამ, უფრო ზუსტად, ამ საქმეში გამცდილმა მიშამ, კარგად იცის, რომ ქუჩის აქციების გარეშე ნებისმიერ რეზიდენციაში სიარული  არაფრის მომცემია და ამიტომ სურს,  ხალხი სწორედ ზურაბიშვილს გააყვანინოს გარეთ. თვითონ  ორივე შემთხვევაში მოგებულია. თუ ბევრი ხალხი შეგროვდება, „ნაცმოძრაობა“ ქალბატონ სალომეს  მარტივად ჩააჩოჩებს და, თუ ხალხი არ იქნება, იტყვის: ხომ ხედავთ, ჩვენ გარეშე ოპოზიცია არ ვარგა, ჩვენ წინ ვივლით, თქვენ უკან მოგვყევითო. დიდი შანსია, ამ ყველაფერს ზურაბიშვილიც ხვდებოდეს, მაგრამ მას სხვა გზა, უბრალოდ, აღარ აქვს, დასავლეთს მიეყიდა და ახლა მის დაკრულზე უნდა იცეკვოს. დასავლელი პარტნიორები კი მთავარ ფსონს მაინც ნაციონალებზე დებენ, რადგან ამ პარტიას, რომელიც  ოპოზიციურ ფლანგზე  ყველაზე მეტი მხარდამჭერით დაიკვეხნის, ფინანსური რესურსიც, ერთად აღებულ ყველა დანარჩენზე  ბევრი აქვს.

ქუჩაში ხალხის გამოყვანა ერთია და არეულობის მოწყობა – მეორე. ამისათვის შესაბამისი მიზეზია საჭირო და ვაი, რომ ახლაც მკაფიოდ ჩაგვესმის ყურში ვანო მერაბიშვილის სიტყვები – „ორი გვამი მინდა“. ეგებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ის ორი გვამი ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდება, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როცა ამას ვანო მოითხოვდა, და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, ახალაიები, უგულავა, მინაშვილი, გაბაშვილი და სხვები სადმე წავიდნენ, ძალიან ცდება. ისინი აქ არიან, კულუარებიდან მართავენ აქტივს და, როგორც კი, საქმე საქმეზე მიდგება და თანამდებობები გახდება გადასანაწილებელი, წინა პლანზე გამოვლენ, ისევ მინისტრების სავარძლებს მოირგებენ და დაიწყებენ შურისძიებას და ამ შურისძიებას წარმოუდგენელი  მასშტაბი ექნება.

გახსოვთ, 1990-იანებში თბილისში სამოქალაქო ომი როგორ დაიწყო? ვიღაცამ კინოს სახლთან გაისროლა და მერე უკვე აღარავინ არჩევდა, ვინ ვის და რატომ ესროდა. დღემდე არ ვიცით, ვინ არის ის „ვიღაც“  და დამოუკიდებელი საქართველოს ნგრევაც სწორედ იმ ერთ გასროლას მოჰყვა. ახლაც ერთი გასროლა  საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მას მეორე მოჰყვეს, შემდეგ – მესამე, მეოთხე და  დასავლეთიც მზად არის ამისთვის. სწორედ დასავლეთის წაქეზებით გამოაცხადა ოპოზიციამ  ლაზარე გრიგორიადისი  გმირად, თორემ  დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ; ვერ იტყოდნენ, რომ ადამიანი, რომელმაც პოლიციელების დაწვა სცადა, გმირიაო. ჰო, გრიგორიადისი გმირად ჰყავთ გამოცხადებული და გვერწმუნეთ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ვინც  უნდა მოვიდეს სათავეში, პირველად თუ სააკაშვილს გაუღებს საავადმყოფოს პალატის კარს, რიგით მეორე  გრიგორიადისი იქნება, ევროპელთა და ამერიკელთა საამებლად; და კიდევ დანარჩენმა ახალგაზრდებმა რომ იცოდნენ, რომ ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც დასავლური დემოკრატიის სახელით ჩაიდენენ, ეპატიებათ. მეტი კი არაფერი უქნია რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე შევარდნილ ბიჭს, რომელმაც ოთხი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა?! გრიგორიადისს, უბრალოდ, არ გაუმართლა, თორემ ცეცხლი ექვს პოლიციელს ეკიდა.

არჩევნებამდე  ცოტა დრო რჩება. იმ ოპოზიციას, რომელსაც არც ადამიანური რესურსი აქვს და არც ფინანსური, არეულობა ყველაზე მეტად აძლევს ხელს, რადგან მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გაცილებით მარტივია. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსიც კი არ აქვს, მაგრამ, თუ ვითარება  აირევა, ეგებ 1-2 მანდატს  გამოჰკრას ხელი. ეს ყველაზე კარგად იციან „ნაციონალურ მოძრაობაში“  და ამიტომ დასავლეთის დასანახავად ამ ერთკაციანი პარტიის ლიდერებს,  ანუ იმ ერთ კაცს, ქუჩაში ცხვარივით გამოაგდებენ და მერე მსოფლიოს გასაგონად იყვირებენ: აგერ, ბარიკადებზე 30-ზე მეტი პარტიის წარმომადგენელი ვდგავართო; რეალურად კი იმ 30 პარტიას, ერთად აღებულს, 300 ადამიანის მობილიზების შესაძლებლობაც  არ აქვს.

სხვა, აბა, რა გითხრათ? უმადურობა ქართული პოლიტიკისთვის  ჩვეულებრივი ამბავია და, წესით, ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების არცთუ მცირე ნაწილი უღალატებდა.  ყველაზე მეტად კი  ბატონ ბიძინას  პრეზიდენტებში არ გაუმართლა. პრინციპში, რაღა ბიძინას, ჩვენ არ გაგვიმართლა და უკვე მერამდენედ პრეზიდენტი ხალხის წინააღმდეგ მიდის და მიდის ერთადერთი მიზეზის გამო – საკუთარი ინტერესების გასატარებლად და საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ასე იყო მარგველაშვილის შემთხვევაშიც და ასეა ზურაბიშვილის ზეობის პერიოდშიც. პოლიტიკური უმადურობა ვახსენეთ და სააკაშვილს ერთი სული ექნება, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერსა და ბერს სწორედ სხვა ლიდერები დაავიწყოს…

 ჩვენ კი, რიგითი ადამიანები, ფხიზლად უნდა ვიყოთ და დასავლეთის მიერ ერთხელ დაგეგმილი და განხორციელებული რევოლუცია არ  დავუშვათ. სწორედ იმ რევოლუციის შემდეგ აიღო ქვეყანამ  საშვილიშვილო ვალი და ამ ვალის ნაწილი პირველად  შარშან გავისტუმრეთ, ანუ 20 წლის შემდეგ. წელსაც ვაპირებთ ნაწილის გასტუმრებას (არა მხოლოდ პროცენტის გადახდას) და დასავლეთს არც ეს მოსწონს. მათი ვალიდან თუ ამოვედით, უფრო გავთამამდებით და ნამდვილ თავისუფლებაზე გვექნება პრეტენზია. ნამდვილი თავისუფლება კი ჯერჯერობით არ გვიგემია და ვინ იცის, ეგებ ისე მოგვეწონოს, ევროპა და ამერიკა კი არა, მართლა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დავდგეთ და მხოლოდ მის მომავალზე ვიფიქროთ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here