Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ივანიშვილს რუსეთთან მოგვარებული რომ ჰქონდეს ურთიერთობა, ვერც ერთი ამერიკელი ვერ...

გულბაათ რცხილაძე: ივანიშვილს რუსეთთან მოგვარებული რომ ჰქონდეს ურთიერთობა, ვერც ერთი ამერიკელი ვერ გაბედავდა მასზე მუქარით საუბარს

1811

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის ლაპარაკი. კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფრთოოს სანქცირებული ადამიანების სია. ამ სიამ, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეხმარებიან. ერთ-ერთ ასეთ ადამიანად დასახელებულია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

“არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც თავის მედიაიმპერიას იყენებდა ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად”, _ წერია კონგრესმენების მიერ შემუშავებულ ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერენ მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლტსი.

არის თუ არა “პუტინის კაცი” ბიძინა ივანიშვილი? რა გავლენას მოახდენს ქართველ ლიბერალებზე ამერიკაში მიმდინარე პროცესები და დაიწყება თუ არა არეულობა 20 ივნისს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვასაუბრება:

_ არის თუ არა პუტინის კაცი ბიძინა ივანიშვილი? სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ, განვმარტოთ, რას წერენ ამერიკელი კონგრესმენები თავიანთ რეზოლუციაში. დაახლოებით ასეთი ტექსტია: “ივანიშვილი არის პუტინის მოკავშირე და ხელს უწყობს საქართველოში დესტაბილიზაციას”. ამერიკელმა კონგრესმენებმა ქართველი ადამიანი, ფაქტობრივად, გამოიყვანეს სახელმწიფოსა და სამშობლოს მტრად. პუტინიც, ამერიკელების აზრით, სამშობლოს მტერია, იმავეს ამბობენ ივანიშვილზეც, რაც არ არის მართებული.

ივანიშვილს რაიმე კავშირი რომ ჰქონდეს პუტინთან, ეს მართებული იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ივანიშვილი არ არის იმ დონის პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა რომ ჰქონდეს. ამერიკელებს კი ჰგონიათ, რომ ივანიშვილს კარგი და ახლო ურთიერთობა აქვს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთან ფარულად… არ ვიცი, ამას რატომ ამბობენ, აქვთ ამის თქმის საფუძველი თუ არა, მაგრამ მაინც ყურადსაღებია ეს განცხადება. ამერიკელებს ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი აზრი და სხვა თვალსაზრისის მოსმენა არ სურთ, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს რამის თქმას, მაგრამ ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოლკერს გადამეტებულად მიაჩნია ივანიშვილის ასეთი შეფასება. უკრაინელი მედვედჩუკი სხვაა და ივანიშვილი _ სხვა.

მედვედჩუკს ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან. ის ფიქრობს უკრაინის რუსეთისკენ შებრუნებაზე, რადგან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება უკრაინისთვის უკეთესია. ასეთი აზრი ამერიკისთვის მიუღებელია. ვოლკერი ჩვეულებრივი პრიმიტიული ამერიკელია და მარტივად ამბობს, რომ მედვედჩუკი ცუდია, ხოლო ივანიშვილი _ შედარებით კარგი.

რა დონემდე დაიყვანა თავი ივანიშვილმა? ვერც რუსეთთან გაბედა ურთიერთობის მოგვარება და ვერც ამერიკასთან. მერწმუნეთ, ივანიშვილს რუსეთთან მოგვარებული რომ ჰქონდეს ურთიერთობა, ვერც ერთი ამერიკელი ვერ გაბედავდა მასზე მუქარით საუბარს, რადგან მის ზურგს უკან ძალას იგრძნობდნენ. ახლა ყველა ყველაფერს უბედავს, რადგან არაფერს წარმოადგენს, ზურგი რომ არ აქვს, ამიტომ უბედავენ ქეციანი ზელენსკი და მისი ხელისუფლება იმას, რომ საქართველოდან გაქცეული, ძებნილი, მსჯავრდებული სააკაშვილი დანიშნონ თანამდებობაზე და თანაც ალაპარაკონ ქართულ პოლიტიკაზე, უფრო მეტიც, საქართველოში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ სააკაშვილს ლაპარაკს ვერ ავუკრძალავთო.

ივანიშვილს მართლა რომ ჰქონდეს კავშირები პუტინთან, ურთიერთობა რომ ჰქონდეს მოგვარებული, გაცილებით მტკიცე იქნებოდა მისი და მის მიერ დანიშნული პრემიერის პოზიციაც. უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა პრემიერ გახარიაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ის დანიშნული “მუშაკია”.

ახლა პატარა გადახვევას გავაკეთებ. ჩვენი ქვეყანა ამბობს, რომ წარმატებულად იბრძოლეს კორონავირუსის წინააღმდეგ. ის, რომ ან მართლა არ აღმოჩნდა ვირუსი ძლიერი, ან პაციენტი არ მივიდა ექიმთან, არ ნიშნავს წარმატებას. მაგალითად, ვირუსის ერთი-ორი შემთხვევის მეტი არ აღურიცხავთ აფხაზეთსა და ცხინვალში. გამოდის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენზე წინ დგანან. არადა, ამბობდნენ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში უარესი მდგომარეობა იქნებოდა და საქართველო მზად იყო, დახმარებოდა ამ რეგიონებს. რისთვის სჭორდებოდათ ეს ტყუილი?!

აფხაზეთს არ ჰყავს არც იმნაძე, არც გამყრელიძე, არ აქვს ლუგარი… გამოდის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი მსოფლიო ჩემპიონები ყოფილან სახელმწიფოებრიობაში.

_ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ივანიშვილის პრორუსულობასა და ივანიშვილის “პუტინის კაცობაზე” ლაპარაკი “ქართულ ოცნებას” ხელს აძლევს, რადგან ამით ამომრჩეველს მოისყიდიან და ამიტომ თვითონვე ავრცელებენ ასეთ ჭორსო…

_ სიმართლე გითხართ, გონიერი ხელისუფლება ასეც მოიქცეოდა, სპეციალურად შექმნიდა ისეთ გარემოს, თითქოს პრორუსულია. ეს სულაც არ ნიშნავს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, მაგრამ მეეჭვება, რომ ასეთი ჩახლართული კომბინაცია იყოს ამ შემთხვევაში. ვერ წარმომიდგენია, რომ ივანიშვილმა 13 ამერიკელი კონგრესმენი შეკრიბა და ათქმევინა, რომ ის რუსეთისა და პუტინის კაცია. ასეც რომ იყოს, ივანიშვილს აღარც ეს უშველის.

სულ არ მაინტერესებს, სად იქნება ივანიშვილი და ვის გვერდით, არც რუსეთის პრეზიდენტი მაინტერესებს, მე მაინტერესებს, რა იქნება ჩვენს ქვეყანაში, სად იქნება საქართველო.

ჩვენ, რამდენიმეკაციანი ჯგუფი, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, თუმცა ამას ჩვენ კი არა, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ქართველი, რომელსაც სურვილი აქვს, რუსეთში ლეგალურად წავიდეს, ისწავლოს ან დასაქმდეს, ასეთი საქმე სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა ისეთი ადამიანების, რომლებსაც თანამდებობა არ უკავიათ. ამაზე უნდა ზრუნავდეს პრემიერმინისტრი. გახარიამ გლეხებს განუცხადა: თბილისში ჯანიანი ხალხი ტურისტების არარსებობაზე წუწუნებსო, დასცინა. ახლა გაახსენდათ, რომ ტურიზმი არ არის ქვეყნის აღმშენებლობის საფუძველი?! თავად არ ამბობდნენ, ეს აგვაშენებსო?! ახლა, თურმე, ყველამ ბარი და თოხი უნდა აიღოს ხელში და მიწა ჩიჩქნოს… საქართველოს ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკის მშენებლობაზე, ქვეყნის მართვის სისტემაზე.

კარგი იქნებოდა, ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს ელაპარაკა რუსეთთან კულტურულ ურთიერთობაზე, გაეგზავნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში და რაღაც დონეზე მოეგვარებინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. საქართველოს ეს წაადგებოდა. არ უნდათ ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ მოუწევთ, მაგრამ, სანამ მოუწევთ, სანამ ეს დღე დადგება, უკეთესი იქნებოდა, კულტურული ურთიერთობები აღედგინათ.

ამერიკა ხვალ რომც დაიშალოს, საქართველოში მაინც ერთიანი და უძლეველი ეგონებათ… ეგონებათ, რომ ამერიკა არსებობს, ისევ დაელოდებიან იქიდან წერილს და ისევ ჩაისვრიან, ის წერილი რომ ჩამოვა.

სანამ ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება მართლა დიდი და სერიოზული რევოლუცია (არა სოროსის), მანამდე არაფერი გვეშველება.

_ შესაძლებელია ასეთი რევოლუცია დღეს და ამ პირობებში?

_ არა, ასეთი რამ ჯერჯერობით შეუძლებელია. რამდენიმე ხნის წინათ დავწერე პატარა წერილი “ლეგენდარული ოცი ლარი”. სანამ ქვეყანა ოც ლარად აწყობს “ფერად რევოლუციებს”, ოც ლარად მონაწილეობს არჩევნებში და ახლა ქვეყნის პრემიერი პენსიისთვის ოცი ლარის მომატებაზე საუბრობს, რომლითაც, დიდი ალბათობით, ცდილობს არჩევნების მოგებას, რევოლუცია, თანაც ნამდვილი, არ გამოვა. ოც ლარზე გაყიდული ხალხი ვართ ჩვენ. მივყვებით დინებას და ვიმედოვნებთ, რომ გლობალური პროცესები სადღაც გაგვრიყავს.

_ დაიწყება თუ არა 20 ივნისს არეულობა?

_ 20 ივნისის გამოსვლებს არ ვგულისხმობდი, ვგულისხმობდი იმას, რაზეც ინტერვიუს თავში ვისაუბრე _ ამერიკაში მიმდინარე პროცესებსა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას. 20 ივნისს არაფერი მოხდება, იღნავლებენ და დაიშლებიან, შემოდგომისთვის კი მოემზადებიან, შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ დაიწყონ არეულობა…

_ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდესო…

_ იმ დეკემბერში ნაციონალები თავზე დაამხობენ ქვეყანას “ქართულ ოცნებას”. არც დეკემბერში და არც ოქტომბერში არჩევნები მშვიდად არ ჩაივლის ხელისუფლებისთვის, აღარ გაუვათ კორონავირუსით მანიპულირება. ვირუსზე გამარჯვება ხელს არ აძლევს ხელისუფლებას, პირიქით _ ურჩევნიათ, ვითარება დროდადრო დაძაბონ, ხალხი შიშში ამყოფონ და მარტივად მართონ სიტუაცია. საკითხისადმი ასეთი მიდგომით მთავრობის მეთაურის რეიტინგსაც ზრდიან, ამბობენ, რომ გახარიას ორგანიზატორული ნიჭის წყალობით გადავრჩებითო. მოკლედ, კორონა ამ ეტაპზე მთავრობის მოკავშირეა, მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებენ, რომ ხალხი დამშეულია და ბევრის მოთმენა აღარ შეუძლია. ხელისუფლებაზე გამწარებულმა ხალხმა, შესაძლოა, ნაცებს დაუჭიროს მხარი, თუმცა ისინიც ერთმანეთს დახოცავენ. ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა და ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

P.S. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here