Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ჩვენი ოთხი კოლეგა არც ტყუილებს ამბობს და არც რუსული...

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ოთხი კოლეგა არც ტყუილებს ამბობს და არც რუსული ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს რომ ასე არ გვჯეროდეს, გავემიჯნებოდით

46

როცა აშშ-ის საელჩოს მიმართ კითხვები ლეგიტიმურია, ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„მაგალითად, არის ხუთი რადიკალური პარტია, ხომ? რატომ ხვდება საელჩო მარტო ამათ ყველ შეხვედრაზე? ხომ შეიძლება, მარტივად გაეცეს პასუხი, რაც საზოგადოებასაც მოუხსნის კითხვებს? მარტივი პასუხი რა იქნებოდა, რომ მომავალში ასე აღარ გავაკეთებთ და რაღაც პრინციპს, კრიტერიუმს გავყვებით. ან, შეიძლება, რაღაც დასაბუთება აქვთ. შეიძლება, რადიკალიზმი კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და პოლარიზაცია კარგია. იქნებ, ასე დაასაბუთოს, მაგრამ აქ უარყოფითი აღქმების განეიტრალების ყველაზე სწორი საშუალება იქნებოდა საელჩოს მხრიდან პასუხის გაცემა. იგივე, დაფინანსებას როცა ეხება საქმე, ჩვეულებრივად დაიებოდა ციფრები და განიმარტებოდა, რომ ეს ამას მოხმარდა, ეს ამას და საზოგადოებას ექნებოდა მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად იხარჯება ის თანხები, რომელსაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიან“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დაფინანსების საკითხში აქამდე ღრმად არ იყო ჩახედული, მაგრამ, როგორც კი წერილი გამოქვეყნდა, სადაც უამრავი საინტერესო დეტალია, კითხვები მასაც გაუჩნდა.

„უამრავი კითხვა გაჩნდა – რეალურად, ელემენტარულად, 6 მილიარდია, 4,5 მილიარდი, თუ 3,5 მილიარდი. აღმოჩნდა, რომ ესეც კი არ არის მაინცდამაინც გარკვეული. მერე რომ ჩავიხედე, გაირკვა, რომ მართლა არ არის ეს ბოლომდე მკაფიოდ გამოხატული. მათ შორის, ამერიკულ წყაროებს რომ ჩავხედეთ, ვერ გაიგებ, იქ რაშია რეალურად საქმე. ასევე, საინტერესოა, ავღანეთი და ერაყი რეალურად რა დაუჯდა ქვეყანას და რა შეღავათი ჰქონდა აქედან აშშ-ს. რატომ იყო დაფინანსება წინა რეჟიმის პირობებში მეტი და ამ ხელისუფლების პირობებში რატომ არის ორჯერ ნაკლები. აი, ასეთი კითხვებია დასმული. შეიძლება, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი, მაგრამ მე თუ გამიჩნდა კითხვები, მით უმეტეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც შეიძლება, საერთოდ არც ინტერესდება ასე დეტალებით, ბუნებრივია, ექნება კითხვები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად ერთიანია „ქართული ოცნება“ იმაში, რომ პარტიიდან წასული წევრების მიერ „ქართული ოცნებისგან“ და თავად ამერიკული მხარისგან უპასუხოდ იყოს გაკრიტიკებული არათუ აშშ-ის საელჩო, არამედ ზოგადად პოლიტიკა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აშშ-ი საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აშშ-ის საელჩოს არ აკრიტიკებს და გუნდი ამას შეგნებულად აკეთებს.

„თუ რამე გასარკვევი გვექნება, ამას დახურულ კარს მიღმა გავარკვევთ, რასაც თავისი მინუსებიც აქვს. როდესაც იქიდან მოდის უსამართლო განცხადება, რაღაც რეაგირება უნდა ქონდეს, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გამოვიდეთ და საჯაროდ ეჭვქვეშ დავაყენოთ მაგალითად, საელჩოს კეთილსინდისიერება, ფინანსების სწორად ხარჯვა და ა.შ, ამას არ ვაკეთებთ არასდროს. თუ რამე კითხვები გვაქვს, ამას განვიხილავთ დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიიდან წასული ოთხი დეპუტატი არც ტყუილებს ამბობს და არც რუსული ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს.

„რაც შეეხება გამიჯვნის საკითხს ჩვენს ოთხ კოლეგასთან პარლამენტში, ერთი არის პრაგმატული მხარე – ჩვენ გაგვიჭირდება ოთხ ხმაზე უარის თქმა, პირდაპირ ვამბობ, აბსოლუტურად ღიად და მეორე, ყველა, 80-ვე, ვინც ფრაქციაში დავრჩით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს ადამიანები, როგორც ასეთი, არც ტყუილებს ამბობენ და არც რუსული ტიპის დეზინფორმაციას არ ავრცელებენ. ეს რომ ასე არ გვჯეროდეს, რა თქმა უნდა, გავემიჯნებოდით“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოუწოდა მან ოთხეულს, რომ თქვან გარკვეული ტიპის სიმართლე, რაც პრეზიდენტის გარკვეულ მოქმედებებთან და პოზიციებთან დაკავშირებით იციან, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ხუმრობით იყო ნათქვამი.

„ესეც ხუმრობით იყო ნათქვამი, თორემ მე მაგის მომხრეც არ ვარ. ჩვენ, ზოგადად, არ ვართ იმის მომხრე, რომ გნებავთ საელჩოთან და გნებავთ პრეზიდენტთან, ან სხვასთან საჯარო პოლემიკა გაიმართოს ასეთი ტიპის თემებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვაზე, რა არის საზოგადოების დამაზიანებელი, ინფორმაცია, თუ ის, ამ ინფორმაციას ვინ ამბობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ რაღაცები არ უნდა იცოდეს, რომ გული არ აუცრუვდეს.

„ჩვენი კოლეგების მიდგომასაც თავისი ლეგიტიმური საფუძველი აქვს. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებამ უნდა დაიცვას ბოლომდე თავი და ამისთვის ერთადერთი ინსტრუმენტი არის სიმართლე. ანუ, თუ საზოგადოებამ რაღაცებზე არ იცის სიმართლე, მისი შეცდომაში შეყვანაც უფრო ადვილი შეიძლება, იყოს. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური საფუძველი, მაგრამ მეორე მხარეს არის ის, რომ როდესაც კულუარებში მიმდინარე პროცესების შესახებ სიმართლეს ამბობ ჭარბად, ამას შეიძლება, ბევრი რაღაცის მიმართ საზოგადოების გულის აცრუება გამოიწვიოს და ეს ძალიან მძიმე იქნება. არ შეიძლება, რაღაცები გაცვდეს საზოგადოების აღქმაში და ჩვენ ამას ვუფრთხილდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here