Home რუბრიკები საზოგადოება ტოჩინოშინი: იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა...

ტოჩინოშინი: იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო!

“დასვენებას ვინ ჩივის, საქართველოში ყანწი არ გამაგდებინეს ხელიდან...”

591
ტოჩინოშინი

მსაჯების სკანდალური გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მაინც დაიბრუნა სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდება _ ოძეკი და ახლა აქტიურად ემზადება ნაგოიას ბაშოსთვის, რომელიც 7 ივლისს იწყება. ბაშოს (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება) დაწყებამდე ლევანმა მონატრებული სამშობლოს მონახულებაც მოახერხა, თუმცა საქართველოში გატარებული ხუთი დღიდან ლევანმა ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ რამდენიმე საათით თუ მოიცალა, დანარჩენი დრო კი სხვადასხვა შეხვედრამ, სამახსოვრო ფოტოების გადაღებამ და ქეიფმა წაიღო. მთავარია, მუხლის ტრავმამ არ შემიშალოს ხელი, თორემ ყანწი რას დამაკლებსო?! _ მითხრა ტოჩინოშინმა, რომელიც, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც დამთანხმდა ინტერვიუზე. 

_ ლევან, მცხეთიდან შენი სახლისკენ (ლევან გორგაძე სოფელ ძეგვიდან არის – რ.შ.) მიმავალ გზაზე დიდი ბანერია განთავსებული ტოჩინოშინის ფოტოთი და წარწერით: “ოძეკი ლევან გორგაძე”. რა განცდა დაგეუფლა მისი დანახვისას?

_ სიხარული და სიამაყე. ასეთი ბანერი თბილისშიც იყო, მაგრამ მშობლიურ კუთხეში ნანახს მაინც სხვანაირი ემოცია და სიამაყე მოჰყვება… გამარჯვების სიხარულთან ერთად, სწორედ ასეთი წუთებია სპორტსმენისთვის თავდაუზოგავი შრომის დაფასება. წელიწადზე მეტია, სადაც უნდა წავიდე, ყველგან სიყვარულითა და სიამაყით სავსე თვალებს ვხედავ. ასეთ დროს გულშემატკივრებთან ერთად მეც ბედნიერი ვარ, დიდ მუხტს ვიღებ, ამიტომაც მიხარია საქართველოში ჩამოსვლა და ამ ბედნიერი თვალების დანახვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებისგანაც დადებითი მუხტი მიმიღია ქუჩაში, აეროპორტში, დარბაზში თუ სოციალური ქსელით… მადლობა სიყვარულისთვის!

_ იაპონიიდან საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული ძალიან იღლები ამდენი შეხვედრით, სტუმრით, ყურადღებით… მაგრამ ეს, ალბათ, მაინც სასიამოვნო დაღლა იქნება, არა?

_ მართალია. ხუთი დღე ძალიან ცოტაა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო – საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი! იმის მიუხედავად, რომ, რაც ჩამოვედი, სულ აქეთ-იქით დავდივარ, ნორმალურად ოჯახის წევრებიც კი ვერ ვნახე, ფაქტობრივად, არც მიძინია… ისე ძილსა და დასვენებას ვინ ჩივის, ყანწი არ გამაგდებინეს ხელიდან…

_ ყანწი ხელს არ შეგიშლის ბაშოსთვის მზადებაში?!

_ თუ არ მარგებს, ქართულმა ღვინომ როგორ უნდა მაწყინოს?! ერთადერთი, რამაც შეიძლება მზადებაში ხელი შემიშალოს, ტრავმირებული მუხლია – ფაქტობრივად, ნახევარი მენისკი დავკარგე. ჯვარედინი იოგი ისედაც აღარ მქონდა და ახლა ესეც დაემატა… ნაგოიას ბაშოსთვის მზადების პარალელურად მკურნალობას განვაგრძობ და იმედია, აღარ დამჭირდება მუხლიდან სითხის ამოღება. სანამ ვჭიდაობ, არც ოპერაციას აქვს აზრი. ასე რომ, სადამდეც მუხლი გამიძლებს, დოჰიოზე (ადგილი, სადაც სუმოიტების შერკინება იმართება _ რ.შ. ) ყოველთვის გავალ.

_ ლევან, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ “ასანოიამასთან” სკანდალური შეხვედრა: რაზე ფიქრობდი, როცა შიმპანები (მსაჯები, რომლებიც რინგს გარეთ აკვირდებიან ორთაბრძოლას – რ.შ.) დოჰიოზე ავიდნენ სათათბიროდ?

_ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეხვედრა მოგებული მქონდა. ერთადერთი, რაც გავიფიქრე, წესი ხომ არ დავარღვიე და შემთხვევით “ასანოიამას” თმაზე ხომ არ მოვქაჩე-მეთქი?! განსახილველი ეს თუ იქნებოდა, თორემ რას წარმოვიდგენდი, დოჰიოდან ფეხის გადადგმას თუ მედავებოდნენ… როცა მსაჯების თათბირი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო… სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი გამართლდა და “ასანოიამას”, ფაქტობრივად, აჩუქეს გამარჯვებაც და, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, იმპერატორის თასიც.

_ მსაჯების თათბირი 2-3 წუთზე დიდხანს იშვიათად გრძელდება ხოლმე, 6-წუთიანი თათბირი კი პირველად ვნახეთ. ამდენ ხანს რას განიხილავდნენ?

_ ვიდეოჩანაწერისთვის დაეჯერებინათ თუ “ოიაკატასთვის” (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი). მთავარ მსაჯს ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით აწვდიან სპეციალური კამერებით გადაღებულ ინფორმაციას. როგორც შევიტყვე, მთავარ არბიტრს ყურსასმენში სამჯერ უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ჩემს უკან მჯდომ “ოიაკატას” ენდო – იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო…

_ მერე კი აღიარეს შეცდომა, მაგრამ რაღა დროს?!

_ ჩემთვის აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, აღიარებდნენ თუ არა “შეცდომას” ოფიციალურად: ჩემპიონობის შანსიც დავკარგე და კინაღამ “ოძეკის” წოდებაც, რომლის დაბრუნებამდეც სწორედ ერთი გამარჯვება მაკლდა…

_ როგორც ჩანს, ისე გაგაბრაზა “ასანოიამასთან” უსამართლო მარცხმა, ისე ძალიან გინდოდა “იმ ერთი მოგების” მოპოვება, რომ ჰენკასაც (ილეთი, როცა სუმოისტი მეტოქეს სასტარტო დაჯახებამდე გაეცლება _ რ.შ.) არ მოერიდე იოკოძუნა “კაკურიუსთან”.

_ ამისთვის უკვე მოვუხადე ბოდიში გულშემატკივარს. ყველამ იცის, რომ ჰენკა ჩემს სტილში და ხასიათში არ არის, მაგრამ ის შეხვედრა აუცილებლად უნდა მომეგო და ილეთს ვინღა დაეძებდა?! ბაშოს დროს მიღებული ტრავმის გამო ისე ცუდად წამივიდა საქმე, რომ 9:1 ბალანსის შემდეგ, ზედიზედ წავაგე სამი შეხვედრა და არათუ ჩემპიონობას, ოძეკის წოდების დაბრუნებასაც ვეღარ ვახერხებდი. მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებამ კი მთლად გამიფუჭა ხასიათი და… ეს ერთი ჰენკა უნდა მაპატიოთ.

_ მაისის ბაშოს ბოლო შეხვედრებს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დონალდ ტრამპიც დაესწრო და ჩემპიონი დააჯილდოვა. “ასანოიამასთან” წართმეული გამარჯვება რომ არა, გექნებოდა შანსი, კიდევ ერთხელ მოგეგო “იმპერატორის თასი” და აშშ-ის პრეზიდენტის ხელიდან მიგეღო მისივე სახელობის ჯილდო…

_ ბაშოზე ტრამპის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი და, ცხადია, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიც მოჰყვა – მთელი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და დარბაზში შესვლისას სუმოისტებიც გულდასმით შეგვამოწმეს. აშშ-ის პრეზიდენტი ტურნირის ბოლო ექვს შეხვედრას დაესწრო და ჩემპიონ “ასანოიამასაც” თვითონ გადასცა “ტრამპის თასი”. ტრამპის ყურადღების ცენტრში მაინც მოვხვდი: როცა დოჰიოზე ავედი საჭიდაოდ და გამოაცხადეს _ ტოჩინოშინ, ჯოჯია (ასე უწოდებენ იაპონელები საქართველოს _ ავტ.), ტრამპი და მისი მეუღლე გაოცებული მიყურებდნენ _ როგორც ჩანს, ამერიკელი ვეგონე, ჯორჯიის შტატიდან…

_ 13 ოქტომბერს 32 წლის ხდები, ტრავმებისა და ასაკის გათვალისწინებით, ალბათ, უკვე ფიქრობ, რას გააკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. “ტოჩინოშინის” სამომავლო გეგმები იაპონიას უკავშირდება თუ საქართველოს?

_ დარჩენის შემოთავაზება ჩემი კლუბის პრეზიდენტისგანაც მაქვს და სუმოს ასოციაციისგანაც, მაგრამ იაპონიაში საცხოვრებლად დარჩენას არ ვაპირებ. ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო!

_ მომდევნო ბაშო 7 ივლისს იწყება: ოძეკი ტოჩინოშინი ნაგოიაში ისევ იისფერი მავაშით იჭიდავებს? საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს და რის მიხედვით ირჩევ ხოლმე ქამრის ფერს?

_ ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ხანდახან ასეთ რაღაცებსაც ვაქცევ ყურადღებას და იმ მავაშით ვჭიდაობ, რომელიც კარგად მაქვს დაცდილი. ნაგოიას ბაშოზე, ალბათ, ისევ იასამნისფერი ქამრით გამოვალ.

_ ყველაზე მეტად რა გენატრება იაპონიაში, რა მიგაქვს ხოლმე საქართველოდან?

_ ჩვენებური სუნელები. კერძების მომზადება მიყვარს და მეხერხება კიდეც. ასე რომ, როცა დრო მაქვს, სახლში ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს; ყველაზე ხშირად, ალბათ, “ჩაქაფულს”, რომლის დასამზადებლადაც დაჭრილი, გამხმარი ტარხუნა საქართველოდან მიმაქვს. რაც შეეხება ჩვენებურ ღვინოს, ჩემს სახლში დაყენებული მიმაქვს ყველა ჩამოსვლაზე. ისე კი, ბოლო წლებში იაპონიაში ქართული ღვინის შოვნაც აღარ არის ძნელი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ ტოკიოში ქართული ღვინის ორთვიანი ფესტივალი ჩატარდა. ვფიქრობ, იაპონურ-ქართული ურთიერთობების ისტორიაში სწორედ ეს იყო საუკეთესო პროექტი, რომლის მეშვეობითაც იაპონელებმა, არამხოლოდ ქართული ღვინო, ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორიაც გაიცნეს.

_ გასაგებია, რომ საქართველოში გატარებული თუნდაც რამდენიმე დღე მთლიანად ემოციაა შენთვის, მაგრამ… მაინც – რა იყო ამ დღეების ყველაზე ემოციური მომენტი?

_ ჩემი წლინახევრის გოგონას თვალები! ბოლოს ჩემი ქალიშვილი შარშან ვნახე, ექვსი თვისა იყო. სიარული და ლაპარაკი ჩემს აქ არყოფნაში დაიწყო და ამ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ფოტოებითა და ვიდეოზარებით მხედავდა. ამის მიუხედავად, დანახვისთანავე მიცნო. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, როცა პირველად დამინახა და გააცნობიერა, რომ მამა ჩამოვიდა. წეღან მკითხე – საქართველოდან რა მიგაქვსო? მთავარი, რაც სამშობლოდან მიმაქვს, სწორედ ის ბედნიერი თვალებია, ის ემოცია და ძალა, რომელსაც ჩემი ოჯახისგან, გულშემატკივრებისგან, ქართველი ხალხისგან ვიღებ; ემოცია, რომელიც უდიდესი მუხტით მავსებს და მაძლებინებს შორეულ იაპონიაში!

ესაუბრა რატი შელეგია,
სპეციალურად “საქართველო და მსოფლიოსთვის”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here