Home რუბრიკები საზოგადოება იამაიკელი ელვა

იამაიკელი ელვა

819

იამაიკა _ კარიბის ზღვაში სიდიდით მესამე კუნძული კუბისა და ჰაიტის შემდეგ _ არცთუ მიმზიდველი ადგილია დედამიწაზე. XVII საუკუნეში მას ხშირად სტუმრობდნენ მეკობრეები, მათ შორის, ყველაზე ცნობილი მეკობრე, ინგლისელი ჰენრი მორგანი, რომელიც მოგვიანებით იამაიკაზე პლანტატორობდა და იამაიკის იმჟამინდელ დედაქალაქ პორტ-როიალში გარდაიცვალა. 1692 წელს, თითქოს ცოდვების გამო დასაჯესო, იამაიკის მთავარი ქალაქი პორტ-როიალი მიწისძვრამ დაანგრია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვაში ჩაიძირა. ამის შემდეგ იამაიკა მაინც დიდხანს იყო ინგლისის კოლონია _ 1962 წლამდე, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ამჟამად იამაიკის მოსახლეობა 2,9 მლნ კაცს შეადგენს. ქვეყანა ძირითად შემოსავალს იღებს შაქრის ლერწმისა და ყავის ექსპორტიდან, ასევე ტურიზმიდან. 

1986 წლის 26 აგვისტოს სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადა უსეინ სენტ-ლეო ბოლტი _ დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ადამიანი.

მომავალი რეკორდსმენი დაიბადა იამაიკის ჩრდილოეთში მდებარე პატარა სოფელ შერვუდ-კონტენტში, ჯენიფერ და უესლი ბოლტების ოჯახში. ბავშვობაში ძალიან აქტიური იყო _ უყვარდა კრიკეტი. ერთ-ერთი შეჯიბრებისას მიიპყრო ყურადღება მძლეოსანთა მწვრთნელის პაბლო მაკნეილისა, რომელმაც ურჩია, კრიკეტისთვის თავი დაენებებინა და მძლეოსნობაში დაეწყო ვარჯიში. 2001 წელს კი პირველი მედალი მოიგო მძლეოსნობაში _ მეორე ადგილი დაიკავა იამაიკის სკოლის მოსწავლეთა ჩემპიონატში 200 მ-ზე სირბილში.

მძლეოსნობაში ბევრია ისეთი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი, რომლებიც კარგა ხნის განმავლობაში მუდმივ რეკორდად ეჩვენებოდათ. ასეთია, მაგალითად, 200 მ-ზე სირბილში რეკორდი, რომელიც ატლანტში გამართულ XXVI ოლიმპიადაზე დაამყარა მაიკლ ჯონსონმა _ 19,32 წმ. კიდევ ერთი “მარადიული” რეკორდია ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 4 სხვადასხვა სახეობაში გამარჯვება _ ეს გმირობა 1984 წელს ჩაიდინა კარლ ლუისმა, რომელმაც გაიმარჯვა 100 და 200 მ სირბილში, სიგრძეზე ხტომასა და 4X100-ზე ესტაფეტაში. თუმცა შავკანიანმა ამერიკელმა მძლეოსანმა მხოლოდ გაიმეორა რეკორდი თავისი დიდებული თანამემამულის _ ჯესი ოუენსისა, რომელმაც 4 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა 1936 წელს ბერლინში გამართულ XI ოლიმპიადაზე. ერთ ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედლის მოპოვება (100 და 200 მ-ზე) კარგა ხნის განმავლობაში ვერავინ შეძლო, მაგრამ 2008 წელს პეკინში გამართულ XXIX ოლიმპიადაზე 100 და 200 მ დისტანციაზე გაიმარჯვა იამაიკელმა უსეინ ბოლტმა, რომელმაც, ამასთანავე, 200 მ-ზე დაამხო მაიკლ ჯონსონის 12 წლისწინანდელი რეკორდი.

მაყურებელი და ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ პეკინის ოლიმპიადას, უწინარესად, განაცვიფრა სიმსუბუქემ, რომლითაც იამაიკელი მძლეოსანი იმარჯვებდა.

2008 წლის 26 აგვისტოს 100 მ დისტანციაზე გადამწყვეტი გარბენისას, ფინიშამდე 15-20 მ იყო დარჩენილი, როცა ბილტმა ისე გაუსწრო მოწინააღმდეგეს, გულში მჯიღის ცემით დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა და ცოტა შეამცირა სიჩქარე. მიუხედავად ამისა, მან 100 მ 9,69 წმ-ში გაირბინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა მსოფლიო რეკორდი _ 9,72 წმ-იც მას ეკუთვნოდა: ბოლტმა ის 31 მაისს დაამყარა, პეკინის ოლიმპიადამდე ორთვე-ნახევრით ადრე. ამ განსაცვიფრებელი შედეგების გამო უსეინ ბოლტს იამაიკელი ელვა შეარქვეს. სხვათა შორის, ეს დიდება რომ დაემსახურებინა, ბოლტს მოუწია, შეჯიბრებოდა კიდევ ერთ იამაიკელ მძლეოსანს _ ასაფა პაუელს, რომელზეც 4 წლით უმცროსი იყო.

2008 წლის 3 მაისს ოსაკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლტმა 100 მ 9,74 წმ-ში გაირბინა და მხოლოდ წამის 2 მეასედით ჩამორჩა პაუელის მსოფლიოს რეკორდს, მაგრამ ზუსტად 4 კვირის თავზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც მოგვიანებით პეკინის ოლიმპიადაზე გააუმჯობესა _ 9,69 წმ.

2009 წლის 16 აგვისტოს კი ბერლინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლტმა დაამყარა მსოფლიოს რეკორდი 100 მ-ზე სირბილში 9,58 წმ, რომელიც დღემდე მოქმედებს. 4 დღის შემდეგ, 20 აგვისტოს კი, 200 მ-ზე სირბილში დაამყარა მსოფლიოს რეკორდი _ 19,19 წმ. კარიერის განმავლობაში უსეინ ბოლტმა 100 მ-ის დისტანცია 45-ჯერ გაირბინა 10 წმ-ზე ნაკლებ დროში და 200-მეტრიანი დისტანცია 31-ჯერ _ 20 წმ-ზე ნაკლებ დროში.

უსეინ ბოლტი საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარია. 2011 წელს განაცხადა, რომ მორბენალის კარიერის დასრულების შემდეგ სიამოვნებით ითამაშებდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით.

2018 წლის აგვისტოში ავსტრალიური საფეხბურთო კლუბ “სენტრალ კოსტ მარინერის” რიგებში ითამაშა და ამხანაგურ მატჩში 2 ბურთიც გაიტანა, მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა (ხელფასი ეცოტავა) და კლუბი დატოვა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here