იაკობინელები (ფრანგ. _ ჟაცობინს) _ ასე ეწოდებოდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში მაქსიმილიან რობესპიერის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კლუბს, რომელმაც მონარქიის დამხობის შემდეგ ძალაუფლება ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელში და “რევოლუციის მტრების”, ანუ “არაკეთილსაიმედო პირთა” განადგურების მოტივით სრულიად საფრანგეთში ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყო. ჯამში, ყოველგვარი ახსნა–განმარტების, გასამართლებისა და ბრალის დამტკიცების გარეშე, 35 ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს გილიოტინაზე; “მავნებლობაში ამხილეს” და ქონება ჩამოართვეს ათიათასობით მოქალაქეს, რომელთა დიდი ნაწილიც სრულიად უდანაშაულო იყო. დასმენა, მიყურადება და “გამოაშკარავება” “რევოლუციურ სიქველედ” გამოაცხადეს; “დიდი ტერორი”, ფაქტობრივად, ყველა ფენას, პოლიტიკურ ჯგუფსა და მხარეს შეეხო. ბოლოს, მართალია, რობესპიერმაც გილიოტინაზე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ შიში და უნდობლობა, რომელიც ქვეყანაში მისმა სისასტიკემ გააჩინა, ხალხს კიდევ დიდხანს გაჰყვა. რევოლუციის გმირი უსამართლობისა და დაუნდობლობის სიმბოლოდ იქცა, ტერმინი “იაკობინელები” კი სამუდამოდ დაუკავშირდა რეპრესიებს, ტერორსა და ბოროტებას.
რაც შეეხება სათაურში ნახსენებ იაკობს, ცხადია, მას იაკობინელებთან და მით უფრო, მათ მიერ განხორციელებულ ავადსახსენებელ რეპრესიებთან პირდაპირ არაფერი აკავშირებს, მაგრამ პროპაგანდა, რომელსაც კონკრეტული სასულიერო პირი, ამ შემთხვევაში _ მეუფე იაკობი, სხვა დანარჩენ პროდასავლურ სასულიერო პირებთან ერთად, ბოლო პერიოდში პირნათლად ემსახურება, მოსახლეობის დაზაფრვისა და დატერორების კოეფიციენტით იაკობინელების “დიდ ტერორს” მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება. პირიქით, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდასავლური პროპაგანდაც გაშმაგებით ნადირობს “რუსეთუმეებზე”, “ამხელს” და “ააშკარავებს” მათ დაუნდობლად, ხოლო ვინც დასავლეთს _ ამერიკასა და ევროპას _ ეჭვის თვალით უყურებს, მაშინვე ქვეყნის მტრად რაცხავს. მსგავსება იმ რეპრესიებსა და თანამედროვე ლიბერალურ ტერორს შორის ძალიან დიდია. როგორც ჩანს, სწორედ ამ წნეხსა და ზეწოლას ვერ გაუძლო თავის დროზე ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მეუფე იაკობმა, როცა განაცხადა, რომ ამერიკა ჩვენი მხსნელია. ციტატა: “ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია. ჩვენი თავისუფლების გამო, რამდენი წელია, რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
თუმცა ეს განცხადება ერთადერთი არ იყო, რომლითაც “ლიბერალური მედიის” მიერ წლების წინათ “რუსეთის აგენტად” შერაცხილმა მეუფემ ყველა გააოცა, მცირე ხნის შემდეგ იგი კვლავ ესტუმრა ამერიკას და დითირამბები არც მაშინ დაიშურა. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი კამპანია დასავლეთის სადიდებლად, ევროინტეგრაციის ისტორიულ არჩევანად გამოცხადებად და ა.შ. საკვირველი კი ამ ყველაფერში იყო ის, რომ დასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტად სხვა სასულიერო პირებიც იქცნენ, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც მანამდე სწორედ დასავლეთსა და თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმის მანკიერებებს ამხელდნენ…
მცირე ხნის წინათ საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კახაბერმა (გოგოტიშვილმა) მედიასთან განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია საქართველოსთვის და ჩვენ ამ მონაპოვრის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ციტატა: “ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად დიდი მონაპოვარია საქართველოსთვის და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიაზროვნოთ არასახელმწიფოებრივად, იმიტომ, რომ ერთია, რა მჭირდება მე, პირადად, და მეორე _ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყნისთვის არის დიდი მონაპოვარი, ძალიან დიდი საშუალება ევროპასთან კავშირის. შესაბამისად, ამის დარღვევა და სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი დანაშაული კონკრეტული პიროვნებებისა, რომლებიც დაარღვევენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს”.
როგორც ხედავთ, ამ განცხადების ავტორს მთავარ პრობლემად ის კი არ მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველო მოსახლეობისგან იცლება და ხალხი მასობრივად მიდის ევროპაში შავ მუშად, არამედ ის, რომ ამ მასობრივი გადინების გამო “უდიდეს მონაპოვარს” შეიძლება საფრთხე შეექმნას. მეტიც, დეკანოზი არ მალავს, რომ საპატრიარქო ჩართულია კამპანიაში, რომლის მიზანიც მოსახლეობის “ინფორმირება” და “გაცნობიერებაა” ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის, ფაქტობრივად, უერთდება “ლიბერალების” პროდასავლურ პროპაგანდას და საზოგადოებას სიტყვასიტყვით უმეორებს ყელში ამოსულ რიტორიკას: “ევროპის იქით გზა არ გვაქვს”, “ევროკავშირი ჩვენი ბუნებრივი სივრცეა”…
ეს ყველაფერი, ალბათ, იმაზე მუთითებს, რომ ეკლესიაში, საპატრიარქოში უკვე ბევრია სუბიექტი, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რომელთა მეშვეობით ლიბერალური ტერორი ცდილობს, წყალი შეუყენოს ქართული სულიერებისა და ეროვნული იდენტობის მთავარ ბასტიონს. ეკლესიის გახლეჩვისა და მასში პროდასავლური ბანაკის შექმნის ეს ღია მცდელობა სულ უფრო აშკარაა. ამ პროცესის პარალელურად კი საზოგადოება რიგი სასულიერო პირების იდეოლოგიური მეტამორფოზის მომსწრეა…
არის თუ არა “დიდი” და მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, რა მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ერთი წლის თავზე და რა პროცესები მიდის ეკლესიის წიაღში? “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის სასულიერო პირებს დაუკავშირდა.
“ვიზალიბერალიზაცია თავიდან ბოლომდე იყო ფარსი ამ ხელისუფლებისა, რომელმაც ვერაფერი გააკეთა ქვეყნისთვის”
მამა გურამი (გამცემლიძე), დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი:
_ დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მასობრივი გადინება ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროპის, მანამდეც მიმდინარეობდა, სანამ ვიზალიბერალიზაცია მოხდებოდა. მან, უბრალოდ, კიდევ უფრო გაამარტივა ეს პროცესი და ახლა, ბუნებრივია, უფრო მეტ ადამიანს ეძლევა ქვეყნის დატოვების საშუალება. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება და ახალს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. საზოგადოდ, ამ ვიზალიბერალიზაციაში არც კარგია რამე და არც ცუდი, გინდ ყოფილა, გინდ არა. ყოველ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიკეთოდ რომ არ კეთდება დღეს არაფერი, ცხადია. ეს მანამ ასე იქნება, სანამ ხელისუფლება არ გვეყოლება ეროვნული და მართლმადიდებლური აზროვნების.
_ გარკვეული სასულიერო პირები დაუფარავად აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია “დიდი მონაპოვარია”. თქვენ არ ეთანხმებით?
_ მე ასე არ ვფიქრობ. ისე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე წესიერად უნდა მოიქცეს ყველგან, რომელ ქვეყანაშიც უნდა იყოს, მაგრამ მონაპოვარს რაც შეეხება, ვიზალიბერალიზაციის ამგვარი შეფასება გადაჭარბებული მგონია. ჩემი აზრით, მონაპოვარი იქნება ის, რომ ქართველი კაცი საქართველოში იყოს, ქართულად ფიქრობდეს, აზროვნებდეს, სამსახური ჰქონდეს და თავის ქვეყანას გამოადგეს. სხვა რა გითხრათ, მე არ მინახავს, ევროპაში წასული ვინმე კარგად ცხოვრობდეს და, ესენი მონაპოვარს რას ეძახიან, არ ვიცი. იმას თუ გულისხმობენ, რომ საელჩოებში არ უწევთ ჩვენს მოქალაქეებს შესვლა და პირდაპირ უშვებენ იქ სამათხოვროდ, არ ვიცი. მეტი “მონაპოვარი” მე არაფერი დამინახავს. ვიზალიბერალიზაცია თავიდან ბოლომდე იყო ფარსი ამ ხელისუფლებისა, რომელმაც ვერაფერი გააკეთა ქვეყნისთვის და ამით უნდათ, რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ მომავალი არჩევნებისთვის.
“სჯობს, ხალხს აქ შეუქმნან სამუშაო ადგილები და აქ დაასაქმონ, მსოფლიოში მათხოვრებად რომ არ გვიცნობდნენ”
მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:
_ სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. მონაპოვარია ის, რომ ქვეყანა ცარიელდება და ქართველები შავ მუშებად, ფაქტობრივად, მონებად მიდიან ევროპაში?! ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც დაარწმუნონ ამ ტყუილში. სჯობს, ხალხს აქ შეუქმნან სამუშაო ადგილები და აქ დაასაქმონ, მსოფლიოში მათხოვრებად რომ არ გვიცნობდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ძლიერი და წელში გამართული ქართული სახელმწიფო არც ერთ ცისფერ კომისარს არ აძლევს ხელს.
რაც შეეხება იმას, რომ ევროკავშირთან დაახლოება თურმე დიდ ეკონომკურ სარგებელს მოგვიტანს, მათ რომ საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უნდოდეთ, პირველ რიგში, ბაზარს გაგვიხსნიდნენ და მრეწველობის განვითარებაში დაგვეხმარებოდნენ. უვიზოდ რომ გვიშვებენ ევროპაში, ეს რეალურად ხელშეწყობა არ არის. ვისაც საშუალება ჰქონდა, ის მანამდეც მიდიოდა; და დღეს ვინ მიდის? _ დამშეული, გაღატაკებული ხალხი, რომელიც მზად არის, იქ მათხოვრულ ანაზრაურებაზე დღედაღამ იმუშაოს…
_ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბოლო პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირიც აქტიურად მონაწილეობს პროდასავლურ ლიბერალურ პროპაგანდაში, რომლის მიზანიც ევროკავშირთან დაახლოების მხოლოდ დადებით კონტექსტში წარმოჩენაა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს გარკვეული ძალების მხრიდან ეკლესიაში დაპირისპირების გაჩენის ირიბი მცდელობა?
_ რა თქმა უნდა, ლიბერალური ძალები, უკვე დიდი ხანია, ცდილობენ, რომ ეკლესიის წიაღშიც ჰყავდეთ თავიანთი ინტერესების გამტარებლები. სწორედ ასეთ სასულიერო პირებს აგზავნიან ხოლმე ისინი დასავლეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე და მერე, რასაც კარნახობენ, იმ განცხადებებს აკეთებინებენ იქიდან. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ანუ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი მუშაობს მიკროფონად ევროპელებისთვის, ისე არიან. ისე, მონაპოვარზე როცა საუბრობენ, იმაზე რატომ არაფერს ამბობენ, ჩვენი უამრავი მოქალაქე ისრაელიდან უკან რომ გამოაბრუნეს? ესეც მონაპოვარია? ან რატომ იმაზე არ იღებენ ხმას, რომ სასულიერო პირებს, როგორც პოტენციურ კანონდამრღვევებს, ისე უყურებენ და იმ მიზეზით, რომ თურმე მათ ისრაელში დარჩენა უნდათ, აეროპორტიდანვე აბრუნებენ? რამდენი სასულიერო პირი ჩავიდა ისრაელში და უკან გამოაბრუნეს, თანაც იცით, ეს ყველაფერი რა შეურაცხმყოფელი ფორმით კეთდება? იგივე ხდება თურქეთშიც: ანაფორიანს რომ დაინახავენ საზღვარზე, ისე უყურებენ, თითქოს ტერორისტია. ეს რა, არ არის სალაპარაკო?! ან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კათოლიკებთან რომ მიაბრძანეს და ჯუზეპე პაზოტო სურათებს აქვეყნებდა სოციალურ ქსელში, ეს არ არის სამარცხვინო ფაქტი, ეს არ იყო ქეთევან დედოფლის მეორედ წამება?! რატომ არ ჰქონდათ რეაქცია?!
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს ჩვენ გვგონია, რომ რაღაცას მივაღწიეთ და ავშენდით, თორემ მათთვის, ევროპელებისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებენ და ჰგონია, გემრიელი ლუკმა ერგო, ასე ვართ… მოვიდნენ და ამაზე ილაპარაკონ იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც რაღაც მონაპოვარზე საუბრობენ…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
მოკლედ ეკლესიას იმდენი გასაპარსი მღვდელმსახური დაუგროვდა 1000დალაქი ვერ გაპარსავს ერთ დღეში,განსაკუთრებით ამერიკაში ნამყოფი მღვდელმთავრები რომლებიც იქედან ჩამოსვლის მერე პირდაპირ სახეზე აწერიათ რომ გადაბირებულები არიან და მათი მსახურები გახდენ,ეს რუსთავი ორსაც შეეტყო თუ აკვირდებით რუსტავი2 ის ეკრანზე ასეთმ მღვდლებმა ვიზიტი მოუხშირეს ეს კი რისი ნიშანია ბევრ ახსნა განმარტებას არ საჭიროებს.
ახალი და საოცრად მორგებული შეფასება ვიზალიბერალიზაციის “ლეგენდარულ” მიღწევად წარმომჩენთა მისამართით ამ შემფასებლების ცისფერ კომისრებად მოხსენიებაა; ამით ყველაფერია ნათქვამი…
მადლობა და ჩემი პატივისცემა მამა გიორგის!