Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: საუბარი იმაზე, რომ თურმე სააკაშვილის გამოშვება-არგამოშვებაზეა დამოკიდებული, შევალთ თუ ვერა...

გურამ ნიკოლაიშვილი: საუბარი იმაზე, რომ თურმე სააკაშვილის გამოშვება-არგამოშვებაზეა დამოკიდებული, შევალთ თუ ვერა ნატოში, სრული აბსურდია

291

სააკაშვილი არავინ არ არის, ის დამთავრებულია… სააკაშვილის პატიმრობით შეშფოთებული “დემოკრატიული” დასავლეთი ქართულ დემოკრატიას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის ურყევობაში ეჭვი შეაქვს. ოკეანის გაღმაც და გამოღმაც “პარტნიორები” ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციების ყოფილი მაღალჩინოსნების პირით უკვე დაუფარავად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია; ხოლო მათ მიერ წლების წინათ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილი “ბელადი” თურმე ამ რეპრესიების მთავარი სამიზნეა, ეს კი განვითარების შანსს ართმევს სახელმწიფოს…

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე დღის წინათ ქვეყანაში 2 ოქტომბრის შემდეგ შექმნილი ვითარება შეაფასა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კრიზისმა, შესაძლოა, საქართველო კიდევ უფრო დააშოროს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას: “მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათ შეუძლიათ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია, ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს… წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ, საზოგადოდ, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება…”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთს კითხვები არ გასჩენია, როცა სააკაშვილი ქვეყანაში არჩევნების წინა საღამოს ტრაილერში დამალული რევოლუციური სცენარით შემოიპარა და ამით არა მხოლოდ ქართული “დემოკრატია”, მთლიანად სახელმწიფო დააყენა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე, ზემოაღნიშნული განცხადების პათოსი გასაგებია _ დასავლეთი, ამ შემთხვევაში ნატო, საქართველოში შექმნილ ვითარებას იყენებს საბაბად, რათა საქართველოს ალიანსში ვერ მიღება კიდევ უფრო “მყარი” არგუმენტებით “ახსნას…”

რა გავლენას ახდენს დღეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე სააკაშვილის პატიმრობა და ცვლის თუ არა ეს სინამდვილეში ქვეყნის ისედაც უპერსპექტივო სწრაფვას ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამას წინათ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობა, შესაძლოა, სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრების გზაზე. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს აქ დემოკრატიის განვითარების მიმართ საერთაშორისო სკეპტიციზმს. რა მიზანს ემსახურება მსგავსი შეფასებები და რა მოაქვს ჩვენთვის ამას შედეგად დღევანდელ ვითარებაში?

_ რას ემსახურება და რა მოაქვს შედეგად, ამას, ალბათ, დრო უფრო გვიჩვენებს, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ნატოში საქართველოს მიღება-არმიღება და, საერთოდ, ქვეყნის, როგორც გარკვეულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში არსებული მოცემულობის, მნიშვნელობის განსაზღვრა, არის ის საკითხი, რომელიც, შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობაზე ასე ერთმნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული. სააკაშვილი არავინ არ არის და საკითხის ასე დაყენება, რომ, თუ ის ციხეში დარჩება, საქართველო, შესაძლოა, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ჩამოიწეროს, აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომაა, ამიტომ, ერთია, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან სხვა რომელიმე დიდი ორგანიზაციის ყოფილ მაღალჩინოსანს ვიღაც რაღაცას ალაპარაკებს ან თვითონ ლაპარაკობს გარკვეული სუბიექტური კონიუქტურიდან გამომდინარე; და მეორე _ ობიექტური მოცემულობა. სხვათა შორის, ამას წინათ, როცა ამერიკის თავდაცვის მდივანი იმყოფებოდა საქართველოში, მას საერთოდ არ უხსენებია სააკაშვილი. მან აქცენტები გააკეთა სამხედრო თანამშრომლობაზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულად ნატოს, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ 2030 წლამდე ალიანსის გაფართოება, უბრალოდ, არ განიხილება. ანუ, ისე კი არ დგას საკითხი, რომ ამა და ამ მოთხოვნებს თუ დავაკმაყოფილებთ ან ჩვენ, ან უკრაინა, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯები გადაიდგას და პროცესი დაიძრას, არა, პრიდაპირ ითქვა, რომ საკითხი არ განიხილება. აი, ეს არის მათი პოზიცია, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თურმე სააკაშვილის გამოშვება-არგამოშვებაზეა დამოკიდებული, შევალთ თუ ვერა ალიანსში, არის სრული აბსურდი…

_ სააკაშვილის პატიმრობის გამო დასავლეთის წნეხსაც ნაკლებად უნდა ველოდოთ?

_ სააკაშვილის გამო არც შეფერხდება საქართველოს ნატოში გაწევრება და არც დაჩქარდება, სააკაშვილი არავინ არ არის, ის დამთავრებულია, ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც მის გარშემო კეთდება, არის მხოლოდ სპეკულაციები.

რაც შეეხება წნეხს, ჯერჯერობით რა დონეზეც ვისმენთ მხარდამჭერ შეფასებებს, რომ სააკაშვილი რეპრესიების მსხვერპლია და დევნა უნდა შეწყდეს, ეს არის კონკრეტული ინტერესების მქონე კონკრეტული ჯგუფების შეფასებები. ძირითადად, საუბარია იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებსაც ან წარსულში, ან დღეს რაღაც აკავშირებდა “ნაციონალურ მოძრაობასთან”. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი, ჯამში, იქნება უზარმაზარი რაღაც წნეხის განმაპირობებელი, თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება მზად უნდა იყოს ამისთვის… აქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, რომელიც მიმდინარე მოვლენების ფონზე, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზეა გადაწეული. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთი ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს, რომ ქართული დემოკრატიის ბედი დასავლელების აღქმებზეა დამოკიდებული და ა.შ. რეალურად დასავლეთს და განსაკუთრებით ევროპას, რომელიც სერიოზული პრობლემების წინაშეა ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბუნებრივი აირით მომარაგების თვალსაზრისით, სცალია საქართველოსთვის?! სცალია მას იმისთვის, რომ პოლიტიკური ფსონი აქ მიმდინარე მოვლენებზე დადოს და დიდი მასშტაბით ჩაერიოს პროცესში?! საეჭვოა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროპელები, უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ უსაფრთხოების თავიანთი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ნაკარნახევია იმით, რომ ნატო ვეღარ უზრუნველყოფს მათ დაცულობას არსებული გამოწვევების ფონზე. არაფერს ვამბობ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ავღანეთის ომთან, პანდემიასთან, უკონტროლო მიგრაციასთან და ა.შ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ცხადი შეიქნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზემოქმედება საკმარისი ვერ იქნებოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტის შესაჩერებლად, ევროკავშირის რიტორიკა განსაკუთრებით შეიცვალა. დღეს უკვე აღარ არის ის ვითარება, როცა შეიძლება საკითხის ასე დაყენება, რომ ჩაერევა თუ არა დასავლეთი რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, ჩაერევა თუ არა იმ ფორმით, როგორც, ვთქვათ, 10-15 წლის წინათ ერეოდა…

_ თუმცა უკრაინის მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად სხვა ქვეყნების გამოყენების პრაქტიკას დასავლეთი კვლავ განაგრძობს…

_ გეთანხმებით. არ ვამბობ, რომ, რადგან ჩვენთვის არ სცალიათ და თავიანთი პრობლემებიც საკმარისად აქვთ, საერთოდ არანაირი ჩარევა არ იქნება. ცხადია, როცა საუბარია ამხელა მასშტაბების პოლიტიკურ ვექტორზე, იქ ყოველთვის მოიძებნება ჩვენთვის გარკვეულ დონეზე საკმარისი ძალა, რომელიც აქ სერიოზულ კორექტივებს შეიტანს პროცესებში. რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინას, გეთანხმებით, უკრაინაში ისევ იძაბება მდგომარეობა და არ არის გამორიცხული, უფრო დაიძაბოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი, იმ დროს, როცა მეტ-ნაკლები პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობები ჩნდება, ერთგვარი გაკვეთილის როლს უნდა ასრულებდეს. უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც მომენტში ჩვენც შეიძლება ისევ აგვაფეთქონ, ისევ გაგვააქტიურონ, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ და გამოგვიყენონ ერთჯერადი დანიშნულებით…

_ და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი?

_ შედეგი იქნება იმის გაგრძელება, რაც იყო 2008 წელს… თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ ნელ-ნელა უნდა დააღწიოს თავი ილუზიებს ნატოს ან ევროკავშირის მიმართ და სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დღის წესრიგს დაუქვემდებაროს, თუ ვსაუბრობთ დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური მონობის მდგომარეობიდან გამოსვლის აუცილებლობაზე, ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს კონკრეტული მოქმედებებით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ აფხაზებსა ოსებთან პირდაპირ დიალოგზე და, რაც მთავარია, საფიქრალია რუსეთზე. მართლა როდემდე უნდა ვიყოთ იმ სასაცილო მდგომარეობაში, როცა ქვეყნის სათავეში მყოფი ძალა დაკომპლექსებულია ქვეყნის გარედან დაფინანსებული ერთი მუჭა მარგინალების მიერ იარლიყების მიკერების “საფრთხით”, რომ არიქა, რუსეთის აგენტი არ დამიძახონ. დამიძახონ და იყვნენ, ვის რაში აინტერესებს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ აი, ამ მდგომარეობამ სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანა…

_ არსებული ხელისუფლების პირობებში ცვლილებების განხორციელების გჯერათ?

_ რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ცვლილებებს ერთი ხელის მოსმით განახორციელებს. არ მოხდება ეს თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციით აქვს ზოგი ვალდებულება… რაც შეეხება მთლიანობაში ცვლილებებს, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ან ნატოსკენ სწრაფვის კუთხით რეალობას მმართველ გუნდში ზოგიერთი ზუსტად აფასებს, თუმცა შეუძლიათ თუ არა მათ გადამწყვეტი როლის შესრულება დიდ პოლიტიკურ ცვლილებებში, რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე რამე არსებითი პოლიტიკური გარდაქმნების წინაპირობები არსებობს. არ არსებობს და ეს, ალბათ, ლოგიკურიცაა, იმიტომ, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე მყოფ ორივე სუბიექტს _ “ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც” _ ერთი და იგივე გარე ძალა ასაზრდოებს, ორივე მათგანს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ლიბერალური დასავლეთი ანიჭებს, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის გარკვეულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here