ამერიკელმა მილიარდერმა ტიმ დრეიპერმა საკმაო რაოდენობით შეაგროვა საჭირო ხმები, რათა გაიმართოს ხმის მიცემა კალიფორნიის სამ შტატად დანაწევრების საკითხზე, _ იუწყება The Guardian. გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ექსცენტრიკული” ბიზნესმენის წინადადებას კენჭისყრის შედეგად მხარს დაუჭერენ, მის სარეალიზაციოდ უამრავი დაბრკოლების გადალახვა იქნება საჭირო, მათ შორის, აშშ-ის კონგრესის თანხმობის მიღება.
ამ წინადადებას კენჭი უნდა უყარონ რეგიონის დონეზე. მჭიდროდ დასახლებული კალიფორნიის შტატის ექვს ნაწილად გაყოფის წინადადებით დრეიპერი 2014 წელს გამოვიდა. მაშინ ეს წამოწყება ჩავარდა, რადგან მის მიერ შეგროვებული ხელმოწერები ბათილად იქნა ცნობილი. ეს კამპანია მილიარდერს 5,2 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ამჯერად ბიზნესმენმა ახალი შტატების რაოდენობა ორჯერ შეამცირა. ზოგიერთი მონაცემით, პეტიციაზე ერთ ხელმოწერაში 3 დოლარს გასცემდა.
სამი ახალი წარმონაქმნი მას წარმოუდგენია შემდეგნაირად: ჩრდილოეთი კალიფორნია, რომელშიც გაერთიანდება სან-ფრანცისკო, საკრამენტო და კაჟის ველი; სამხრეთი კალიფორნია _ ფრესნოდან მექსიკის საზღვრამდე; და კალიფორნია, რომელიც სანაპირო ზონის ექვს ოლქს გააერთიანებს ლოს-ანჯელესსა და მონტერეეს შორის.
“კალიფორნიის სამ ნაწილად გაყოფის შედეგად განათლებისა და ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნების დონე ამაღლდება, გადასახადები შემცირდება, _ იმედოვნებს დრეიპერი, _ სამი შტატის მთავრობები შეძლებს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას, დაამკვიდრებს ინოვაციებს და უკეთ მოემსახურება ხალხს.
ამ სტანდარნტის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც XIX საუკუნეში ვირჯინია აღმოსავლეთ და დასავლეთ ვირჯინიად გაიყო”, _ ხაზს უსვამს Guardian.
ბრიტანულ გაზეთს მიაჩნია, რომ აშშ-მა არ უნდა იჩქაროს თავის დროშაზე ვარსკვლავების დამატება.
“ვფიქრობ, ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ ამ წამოწყებას და იგი დროის უქმად დახარჯვის ფაქტად წარმოგვიდგება, _ ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლექტორი ჯიმ ნიუტონი, _ თუმცა ისიცაა, რომ არც ერთი ბავშვი ან ცხოველი არ დაზიანდება ამ პროცესში. უსარგებლო წამოწყებაა, მაგრამ არა სასიკვდილო”.
აპრილში ჩატარებული გამოკითხვით, წინადადებას დარეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 17-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
“საეჭვოა, დრეიპერმა გაიმარჯვოს, მაგრამ, ამომრჩევლებს საფიქრალი რომ გაუჩინა, ფაქტია”, _ ასკვნის Guardian.