Home ახალი ამბები საქართველო გრიგორიადისის შეწყალებით  ზურაბიშვილი  ძალადობას წაახალისებს

გრიგორიადისის შეწყალებით  ზურაბიშვილი  ძალადობას წაახალისებს

მერე ერთი ლაზარე კი აღარ ისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, არამედ ცეცხლმოკიდებული ბოთლების წვიმა წამოვა არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც მარტის აქციებისას ქუჩაში გამოსულთ არ ეთანხმებიან

228

სასამართლომ  მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ახალ წლამდე უნდა გამოაცხადოს. იმის გათვალისწინებით,  რას ედავება პროკურატურა გრიგორიადისს, ის რეალურ სასჯელს მიიღებს და ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწევს. სრულიად  საქართველომ იხილა, როგორ ესროლა  გრიგორიადისმა  „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელებს, როგორ წაეკიდათ სამართალდამცველებს ცეცხლი, შემდეგ როგორ დაწვა საპატრულო პოლიციის მანქანა და მხოლოდ ძალოვანებისა და სამაშველო სამსახურის სწრაფი რეაგირების შედეგად  პოლიციელები ცოცხლად არ დაიწვნენ. ჰოდა, ოპოზიციის ლიდერებმა გრიგორიადისის დაკავებისთანავე  განაცხადეს, რომ ის გმირია და მისი დაპატიმრება არ შეიძლებოდა, გრიგორიადისი  თურმე  საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა და მისი დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

კონსტიტუცია, ოპოზიციის ბევრი ლიდერისგან განსხვავებით, წაკითხული გვაქვს და იქ არსად წერია, საკუთარი სურვილები „მოლოტოვის კოქტეილით“ გამოხატეთ და, თუ რამეს არ ეთანხმებით, ადამიანებს ცეცხლი წაუკიდეთო. არც ის წერია, მამა შინ ნასვამი თუ მოვა და მისი ქცევა არ მოგეწონებათ, დუნდულში დანა დაარტყითო. ჰო, სწორედ  დუნდულში, რადგან,  როცა ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბატონ ბექას, უთხრეს, –  თქვენმა შვილმა უკანალში რომ დაგჭრათ, ეგ ამბავი მოყევით, როგორ იყოო, – მან შვილის მოქმედება „გააპრავა“: უკანალში კი არა, დუნდულში დამჭრა და, რაც მთავარია, ღირსი ვიყავიო. ანუ, მამა ამბობს: ისე მოვიქეცი, შვილმა დანა რომ დამარტყა, დავიმსახურეო. ამ ამბავს, ალბათ, არ დავუბრუნდებოდით, რომ არა ერთი საინტერესო რამ – დიდია ალბათობა, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის თაობაზე მან არაერთხელ მიანიშნა, დასავლელი პარტნიორები კი პირდაპირ ამბობენ: ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას და ლაზარე აუცილებლად გაათავისუფლოსო, მერე კი… მერე სააკაშვილის გათავისუფლებაზეც შეიძლება თურმე ფიქრი. გასულ კვირას  გორში ჩასულმა პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა:  „მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როდესაც იქნება სიები…“

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს გრიგორიადისის შეწყალება, რაც მთავარია, მან ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების არაერთ ელჩს უთხრა და იგივე განუცხადა ამერიკის ახალ ელჩ რობინ დანიგანსაც. სამართალდამცველების მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული გრიგორიადისის შეწყალების შანსი ისე  დიდია, რომ პრეზიდენტს მარტის აქციების დროს დაზარალებულმა პოლიციელებმაც კი მიმართეს. შსს-ს  განმარტებით, „დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ: პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. შესაძლოა, შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ არის ლოიალური…“

სწორედ ამას ვამბობთ ჩვენც: გრიგორიადისის შეწყალება პირდაპირი გზავნილი იქნება იმ ადამიანებისთვის,რომლებიც  იმხანად  მასთან ერთად ქუჩაში იდგნენ, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება და ყველაფერში პოლიციელის მკვლელობის მცდელობაც იგულისხმება. მერე უკვე ერთი ლაზარე კი არ გაისვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, არამედ ცეცხლმოკიდებული ბოთლების წვიმა წამოვა და არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც  მარტის აქციებისას  ქუჩაში გამოსულთ, უბრალოდ, არ ეთანხმებიან. რაც მთავარია, დრომ აჩვენა, რომ მარტის აქციები დასავლეთისგან იყო მართული და ქუჩაში ახალგაზრდების გამოყვანა ოპოზიციის ხელითა და ოპოზიციური არხების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით მოხდა. კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, რუსულ კანონად მოინათლა და ეს „რუსული კანონი“ მარტის აქციების შემდეგ მიიღეს კანადაში, ავსტრალიაში; განხილვის სტადიაზეა  უკრაინაში, ბელგიაში, ავსტრიაში... ანუ, დადასტურდა ისიც, რომ რეალურად არანაირი რუსული თუ ფრანგული კანონი არ უნდა მიგვეღო, უნდა მიგვეღო ნორმა, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პირები თუ ორგანიზაციები გამოვლინდებოდნენ, ისინი, ვინც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის ასიათასობით დოლარსა თუ ევროს იღებს და მათი სახელები საზოგადოებისთვის იქნებოდა ცნობილი. სწორედ ეს არ სურდათ არც დასავლეთს და არც ადგილობრივ არასამთავრობოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს,  რადგან  საზოგადოება შეიტყობდა, საიდან და ვისი ხელით იკვებებიან. ამიტომ მონათლეს კანონი რუსულად და გაიწვიეს პარლამენტიდან, მერე კი… მერე ეს კანონი სხვა ქვეყნებმა ძალიან მშვიდად მიიღეს და  ავსტრიის ელჩი, რომელიც ამტკიცებდა, კანონი რუსულიაო, არაფერს ამბობს იმაზე, რომ აღნიშნულ კანონს მისი ქვეყნის პარლამენტი განიხილავს და ახალ წლამდე მიიღებს კიდეც. გრიგორიადისს ლგბტ თემიც აქტიურად იცავს, – ჩვენი წევრი და აქტივისტია, გარეთ უნდა იყოსო. ასე რომ, მისი გათავისუფლება ლგბტ პროპაგანდასაც ნიშნავს. ვინმეს ციხეში ყოფნა როგორ უნდა გიხაროდეს, მაგრამ, თუ ის ვინმე ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, თუ ის ვინმე მზად არის, მამას დანა დაარტყას, პოლიციელები ცოცხლად დაწვას, მისი ადგილი სწორედ ციხეშია. ეს ძალიან, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს პრეზიდენტს და ეჭვი გვაქვს, ამ ყველაფერს ხვდება, მაგრამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დასავლელ ლიდერებთან შეხვედრისას მან დადო გრიგორიადისის შეწყალების პირობა, რომელსაცახალ   წლამდე შეასრულებს. საინტერესოა, მერე იგივე ხალხი რამე მიზეზით კვლავ ქუჩაში რომ გაიტყუოს დასავლეთმა და ოპოზიციამ, ვინ იქნება მათი ქმედებების შემჩერებელი და ვინ გააკონტროლებს. ისიც ხომ ადვილად მისახვედრია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ლაზარეს ყველა ოპოზიციური არხი დაუთმობს ეთერს, მისგან უგვირგვინო მეფეს შექმნიან, მესიად გამოაცხადებენ, გმირად წარმოაჩენენ და აუცილებლად იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ზუსტად ისე უნდა იბრძოლონ დანარჩენებმაც, როგორც ამას ლაზარე აკერთებს. ჰოდა, როგორ გგონიათ, ახალგაზრდა თაობას, რომელიც დაინახავს, რომ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი გმირად გამოუცხადეს, რისი გაკეთების სურვილი გაუჩნდება ქუჩაში გამოსვლის შემდეგ? რისი გაკეთება მოუნდება, როცა ხელში ბოთლს და ბენზინს მისცემენ? ეს არის უზარმაზარი საფრთხე და გამორიცხულია, ამ საფრთხეს პრეზიდენტიც არ გრძნობდეს, მაგრამ… მას დაჰპირდნენ უზრუნველ სიბერეს,  უთხრეს, რომ ევროპა-ამერიკაში ყველა კარს გაუღებდნენ და ამიტომ ფიქრობს, ერთი ადამიანის შეწყალებით არაფერი დაშავდებაო. იმ ადამიანის, რომელმაც სანამ პოლიციელებს ცეცხლმოკიდებულ ბოთლს ესროდა, მანამდე მამას დანა დაარტყა…

დიდი ალბათობით, როცა ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს, დაელოდება საზოგადოების რეაქციას და, თუ ყველა ყველაფერს მალე დაივიწყებს და გადაყლაპავს, მერე აუცილებლად იფიქრებს გადაფურთხებულის ალოკვაზე და სააკაშვილის შეწყალებაზე. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე ზურაბიშვილს არაერთხელ რომ ესაუბრნენ ევროპაში, ამას არც მალავს, მაგრამ  ჯერ ვერ ბედავს, რადგან სერიოზული ეჭვი აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში გაბრაზებული ადამიანები მას რეზიდენციაში მიაკითხავენ და ეგებ ფილმ „ნატვრის ხის“ სცენარიც გათამაშდეს ვირზე უკუღმა შეჯდომითა და ტალახის სროლით.

ვერ გეტყვით, მოვა თუ არა ოდესმე დრო, როცა გვექნება განცდა, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. სააკაშვილი, მარგველაშვილი, ახლა კიდევ ზურაბიშვილი… ყოველთვის ჩნდებოდა კითხვები, მათ მიერ შეწყალებული ადამიანების მიმართ (სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო თვეს 400-ზე მეტი პირი შეიწყალა, მათ შორის მკვლელები, „ბარიგები“) და ეს კითხვები არის ახლაც. სამივე პრეზიდენტი ცდილობდა, თავი დასავლეთისთვის მოეწონებინა და არა საკუთარი ამომრჩევლისთვის. მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩების აზრი და არა საკუთარი ამომრჩევლის. სწორედ ამ გზას ადგას ახლა ზურაბიშვილი და კიდევ გავიმეორებთ: გრიგორიადისის შეწყალებით ის წაახალისებს ძალადობას და წაახალისებს მოზარდებში, ანუ იმ ადამიანებში, რომლებიც გადაწყვეტილებას სპონტანურად და მარტივად იღებენ, არ ფიქრობენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს მომავალში და არც შედეგი აინტერესებთ. ისინი აუცილებლად შეეცდებიან, იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე გრიგორიადისმა გააკეთა და შემდეგ ისინიც ისევე შერაცხონ გმირებად ოპოზიციურმა პარტიებმა, ტელევიზიებმა თუ დასავლელმა ელჩებმა, როგორც ეს ლაზარეს შემთხვევაში გააკეთეს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here