Home ახალი ამბები საქართველო გოჩა ცოფურაშვილი: საქართველოს ეკონომიკა თვითდინებაზეა მიშვებული და ამიტომ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკური...

გოჩა ცოფურაშვილი: საქართველოს ეკონომიკა თვითდინებაზეა მიშვებული და ამიტომ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე

“საქართველოს ეკონომიკას ზოგჯერ ველური კაპიტალიზმის ნიშნები ახასიათებს, ზოგჯერ _ მონოპოლისტურის, ოლიგარქიული მმართველობაც იგრძნობა”

201
გოჩა ცოფურაშვილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9,5 პროცენტი შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,7 პროცენტია. 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქსტატის მონაცემები მართლაც შესანიშნავია, მაგრამ რატომ არ ეტყობა მოსახლეობას ის ეკონომიკური წინსვლა, რომელზეც მთავრობა გამუდმებით აპელირებს?

ამ საკითხზე გვესაუბრება ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი:

_ არის ასეთი ცნება – ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, რომელიც ყველა დიდი და სერიოზული ქვეყნის დღის წესრიგშია, მათ შორის საქართველოს… მთავრობა მოსახლეობას იმისთვის სჭირდება, რომ მონოპოლიები არ არსებობდეს, ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, ყველას მიეცეს საშუალება, შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედოს, განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი _ ეს ყველაფერი გვსმენია და თეორიულად ვიცით, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოოდ ხდება ისე, რომ ეკონომიკის ზრდა აისახება მხოლოდ მცირე ჯგუფებზე. მოსახლეობისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდით არაფერი იცვლება, ამით მხოლოდ მცირე ჯგუფები სარგებლობენ.

საქართველოს ეკონომიკა რით გაიზარდა, რის გამო, რა მიზეზით _ ეს ეკონომიკური სექტორების განვითარების შედეგია თუ ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციისა? _ აი, ეს არის მთავარი შეკითხვა… საქართველოს ეკონომიკის ზრდა ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია…

_ ბიუჯეტში შედის ფული, მაგრამ ვინ სარგებლობს ამ ფულით, ვისზე აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა?

_ ბიუჯეტში შესული და ბიუჯეტიდან დახარჯული ფული, დიდი ხანია, ემსახურება გარკვეულ ჯგუფებს ტენდერების სახით. ფული არ ნაწილდება სწორად. მუნიციპალიტეტებს, რეგიონებს არ აქვთ განვითარების საშუალება, ეს ამუხრუჭებს ბევრ რამეს. ფერხდება რეგიონების განვითარება. მოსახლეობა ვერ სარგებლობს ფინანსებით და ამის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის, მართვის არასწორი სისტემა. სტატისტიკის გარდა არაფერია სწორი, განაწილება უკვე საეჭვოა. დასავლური ქვეყნების მუდმივი საზრუნავია, მოხდეს ინკლუზიური ეკონომიკის დანერგვა, ანუ ფინასების თანაბარი გადანაწილება. ბევრ ქვეყანაში დაცულია პროპორციები. საქართველოს ეკონომიკას ზოგჯერ ველური კაპიტალიზმის ნიშნები ახასიათებს, ზოგჯერ _ მონოპოლისტურის, ოლიგარქიული მმართველობაც იგრძნობა.

აუცილებელია მუნიციპალიტეტებს დავუბრუნოთ დამოუკიდებლობა და შეწყდეს ცენტრიდან მართვა.

სოფლის მეურნეობაში იმის გამო, რომ სტრუქტურულად, ორგანიზაციულად ვერ დალაგდა პრიორიტეტები, ყველა პროექტი, რომლებიც შემუშავდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დიდმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა აითვისეს. სახელმწიფომ ყველას ფული დახარჯა, ბიუჯეტის ფული, მაგრამ ამით ისარგებლეს მსხვილმა ბიზნესმენებმა. მოსახლეობასაც რომ ესარგებლა პროექტებით, სხვაგვარი მიდგომა იყო საჭირო, მაგრამ ხელისუფლება ამ კუთხით მოიკოჭლებს; ის ამბობს: გლეხმა თავად გადაწყვიტოს, რა სურსო…

მთავრობის პასუხისმგებლობა მოიკოჭლებს, როდესაც ეს შეიცვლება და შედეგზე ორიენტირებული პროექტების შექმნა დაიწყება, ყველაფერი მოგვარდება. მოწესრიგებული პროექტები გამოიწვევს მცირე მეწარმეების პასუხისმგებლობასაც. ხელისუფლება პროცესებს შორიდან უყურებს და ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკაა, რომელიც დისპროპორციას იწვევს.

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს დამატებითი შემოსავლების წყარო მისცა, თუკი ჩვენი ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტი უნდა ყოფილიყო, დღეს ათ პროცენტს ვითვლით. ხელისუფლების როლი და ინტერესი რომ იყოს, ხალხს სარგებელი აუცილებლად ექნებოდა. უნდა მომხდარიყო დაფინანსების კლასიფიკაცია. საინტერესოა, ვის სჭირდება ამდენი საბავშვო ბაღი, სკვერი, ასფალტი, რომელსაც მერამდენედ აგებენ?.. გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ ეკონომიკური ზრდით.

_ გამოდის, ხელისუფლების ნება რომ იყოს, ხალხს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შედეგები უნდა ეტყობოდეს…

_ ეკონომიკის ზრდა აუცილებლად უნდა დაგვეტყოს. ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაა საჭირო, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთეულები კი არ უნდა იყვნენ მილიარდერები და მილიონერები, მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად, შემოსავლები თანაბრად იყოს გადანაწილებული. ჩვენ უნდა გვყავდეს მდიდარი საზოგადოება, განათლებული, დასაქმებული. ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარების საშუალება.

მაგალითად, ფინანსები, რომელიც საქართველომ სოფლის მეურნეობის სექტორში დახარჯა და ხარჯავს, მიზანმიმართულად რომ გადანაწილებულიყო, შესაბამისი პროექტები მომზადებულიყო, რომლებითაც მხოლოდ “ბობოლები” არ ისარგებლებდნენ, აუცილებლად შევქმნიდით პირველად წარმოებას და უამრავ ადამიანსაც დავასაქმებდით. მაგალითისთვის გეტყვით: საქართველოში დავთმეთ ხახვის რეალიზაცია და 2 პროცენტამდე დავიყვანეთ, არადა, რეალიზაცია 80 პროცენტს სცილდებოდა, ეს ასაქმებდა ათიათასობით ადამიანს, მაგრამ პროცესი შეიცვალა, დავთმეთ, როგორც მოგახსენეთ და ახლა მეზობელი ქვეყნებიდან ხახვის შემოტანით 5-10 ოჯახი მდიდრდება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო ვალდებულია, მოქნილი პოლიტიკით იმოქმედოს და მსგავსი რამ არ დაუშვას.

ზერელეა სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი საკითხებისადმი და მმართველ ძალას ეს, სამწუხაროდ, უარყოფითად მოუბრუნდება.

_ ახლა ბევრს საუბრობენ ეკონომიკურ სამართლიანობაზე და, როგორც ვხვდები, სწორედ ის არის ეკონომიკური სამართლიანობა, რაზეც თქვენ საუბრობთ…

_ ზოგისთვის ეკონომიკური სამართლიანობა არის ერთის კეთილდღეობა, ტენდერი, რომელიც ერთ ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ ეკონომიკური სამართლიანობაა ის, რომ თანაბარი უფლებები ჰქონდეს ყველა ადამიანს.

სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ახალგაზრდების ცოდნა და მათი ცოდნის გამოყენების პროცესი. დღეს უმაღლესში ირიცხებიან, ამთავრებენ და არავის აინტერესებს, მომავალში რა უნდა გააკეთონ, სად დასაქმდნენ… ხელისუფლებასაც ასეთი პოზიცია აქვს _ რაც გინდა, ის ჰქენი… საბოლოოდ, სპეციალისტები სხვა ქვეყნებიდან ჩამოგვყავს და ისიც არ ვიცით, რომელი სექტორი განვავითაროთ. ასეთ ტენდენციას ბენდუქიძემ, “ნაცების” ეკონომიკის მინისტრმა, შეუწყო ხელი. დღემდე ამ მეთოდებით მოვდივართ.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები მნიშვნელოვანია ეკონომიკაში, მაგრამ წესრიგი აუცილებელია. ყველა სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ გამოიყენოს მეზობლების ბაზარი, ისტორიული ურთიერთობები ვაჭრობაში, მეზობელი ქვეყნების მოთხოვნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმოქმედოს. ეს კი ჰარმონიული განვითარების საშუალებას მოგცემს, მაგრამ ჩვენ ჩვენს ბაზარზე უცხო ქვეყნებს ვუშვებთ და მონოპოლისტებად ვაქცევთ.

_ საქართველოს დირექტივა აქვს, არ შექმნას საკუთარი პროდუქტი და უცხო ქვეყნიდან შემოიტანოს თუ, უბრალოდ, ქვეყნის განვითარება და ხალხის კეთილდღეობა არ სურთ?

_ ჩვენი ხელისუფლების მოდელი მოთხოვნა-მიწოდების რეჟიმში ყოფნაა. ეს ბენდუქიძის მოდელია და მისი მოწაფე დღესაც ბევრია ოპოზიციასა და ხელისუფლებაში. კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში სამინისტროებიდან ერთი ადამიანიც კი არ გაუშვეს, რომელსაც ბენდუქიძის მოსწავლე ერქვა…

მანქანების რეექსპორტი გაიზარდა. ეს ცუდი არ არის, რადგან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ბიზნესში. წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ეს ბიზნესი. ჩვენებმა წესები შეცვალეს, თუკი ქვეყნებს ზღვარი ჰქონდათ დაწესებული მანქანის “ასაკზე” და დიდი ხნის ექსპლუატირებულ ავტომობილებს თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, ჩვენ შემოვუშვით, დაზიანებულ მანქანებს არ უშვებდნენ, ჩვენ შემოვუშვით. ამით მიმზიდველი გახდა საქართველო, რაც არ იყო ცუდი. დღეს იმაზე არ ვფიქრობთ, მიმზიდველი გავხადოთ სხვა სფეროც, პროექტების მიმზიდველობაზე არ ვზრუნავთ, არ იცვლება ის, რომ დეცენტრალიზაცია მოხდეს და რეგიონები თავად ჩაერთონ პროცესებში. ეს ცუდია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან.

საქართველოს ეკონომიკა თვითდინებაზეა მიშვებული და ამიტომ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here