Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: თუ ამ ხელისუფლებას მართლა სურს ლგბტ თემის თარეშის აკრძალვა, ანტიდისკრიმინაციული...

გიორგი გახოკიძე: თუ ამ ხელისუფლებას მართლა სურს ლგბტ თემის თარეშის აკრძალვა, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოიღოს მუხლები, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის კანონს ყველა გზას უჭრის

“ყველაფერში დამნაშავე სწორედ ის საზოგადოებაა, რომლის ვექტორი გადის არა ზნეობასა და მათი შვილების მომავალზე, არამედ დუმილზე, უმოქმედობასა და ძილზე”

186
გიორგი გახოკიძე

როდესაც მმართველმა გუნდმა დაიწყო გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვაზე საუბარი, ზოგი ამბობდა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ; ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ ეროვნული მთავრობა გარყვნილების პროპაგანდას ბოლოს მოუღებდა, თანაც წინასაარჩევნოდ… ახლა გაირკვა, რომ ამ საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს ვერ დაამტკიცებენ, რადგან პარლამენტში საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ მოაგროვებენ, მომავალში კი აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანოში “ოცნება” უმრავლესობით შევიდეს, რათა გარყვნილების ამკრძალავი კანონპროექტი კანონად აქციოს.

შეძლებს თუ არა ხელისუფლება გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას ან ახლა, ან მომავალში? _ ამ და სხვა თემებზე პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი) გვესაუბრება:

_ ლგბტ პროპაგანდას სიმწიფის 30-წლიანი პერიოდი აქვს. ამ ხნის განმავლობაში ჯიუტად, შეფარვით, უცხო ქვეყნებს ამოფარებულებმა გადალახეს ყველა დაბრკოლება და მათი საცეცები მისწვდა მთავარ მოწყვლად ჯგუფს _ ახალგაზრდობას.

შეაღწიეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარლამენტში _ მიაღებინეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თანამშრომლობენ ბავშვთა უფლებების ორგანიზაციასთან. ამ ყველაფრის მიზეზი არის ინერტულობა საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც თვლის, რომ “ქართული ოცნება” არის ეროვნული ხელისუფლება. მე თვითონ ვიყავი ამ პარტიის თანადამფუძნებელი ფოთიდან და ბევრი რამის მოწმე იმ წლებში. მერწმუნეთ, მას არაფერი სცხია ეროვნულობის. როგორ შეიძლება, მას ვუწოდოთ ეროვნული ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “არ მესმის, რას ნიშნავს ეროვნული იდენტობა და, ზოგადად, ეროვნულობა. პირიქით _ მე ეს ტენდენცია

მეტად სახიფათო რამედ მიმაჩნია”-ო (ხაზს ვუსვამ _ ტენდენციაო).

რა, საზოგადოების იმ ნაწილს კობახიძის ეს განცხადება არ სმენია? რა თქმა უნდა, კი. ე.ი., ვინ არიან იმ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფალთ ეროვნულებად მოიხსენიებენ? კატეგორიულად ვემიჯნები მათ ნარატივს, როცა ხმის ჩახლეჩამდე, მტკიცებით ფორმაში გაჰყვირიან, რომ ხელისუფლების მიერ შესრულებული ოკეანისგაღმელთა დავალებები ქართულია.

სხვა კონსერვატიულმა ძალებმა როდის დაიწყეს ლგბტ თემის საწინააღმდეგო კამპანია, რომელსაც ყველა საშუალებით ახშობდნენ, პარალელურად კი, თვითონ კინოსეანსებს მართავდნენ და პირში წყალჩაგუბებულნი უცქერდნენ ე.წ. ენჯეოების მიერ დაფინანსებულ არაერთ ღონისძიებას? ყველაფერში დამნაშავე სწორედ ის საზოგადოებაა, რომლის ვექტორი გადის არა ზნეობასა და მათი შვილების მომავალზე, არამედ დუმილზე, უმოქმედობასა და ძილზე. აქ შეიძლება გავიხსენოთ დიდი ილიას პერიოდი _ მე-19 საუკუნე, სწორედ ასე მიძინებულ საზოგადოებას ამხელდა და წერდა მათზე.

დღეს? დღეს უარესი გვჭირს. ცუდია ის, რომ ბოლო არ უჩანს საზოგადოებაში გავრცელებულ ტყუილებს, ამ ტყუილის მიმღებლობასა და სხვისი ჭირის ღობის ჩხირობას.

_ ხელისუფლება გვეუბნება: ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ, ამიტომ ხმა მოგვეცით და მომავალი პარლამენტი ამას გააკეთებსო. ,,პოსლეზე” უნდათ ხმები. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი შემოიღო, ლგბტ პროპაგანდას ოდესმე აკრძალავს?

_ ეს არის წინასაარჩევნო ფანდი. მოდი, გავიაროთ პუნქტობრივად:

პირველი _ როდესაც ე.წ. გარყვნილების პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს, მერწმუნეთ, ამაზე, სულ ცოტა, ერთკვირიანი დისკუსია მაინც ექნებოდათ პარტიულ ბოსებს პარტიის ოფისში. მათ წინასწარ დააანონსებინეს “ხალხის ძალას” ახალი კამპანია და ამით ხელ-ფეხი გაიხსნეს საზოგადოებასთან სადისკუსიოდ ჯიბის ტელეკომპანიებიდან;

მეორე _ ნებისმიერი ფორმით მიღებული კანონი გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ და არა ლგბტ თემის შესახებ იქნება ნონსენსი, რადგან ამ პროპაგანდის უკან დგას “ანტიდისკრიმინაციული” კანონი. ე.ი., ნებისმიერი საქმის წარმოება ამ თემაზე იქნება თავშივე წაგებული ყველა ინსტანციის სასამართლოში, იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვებენ უმრავლესობას ან ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით მოვლენ უმრავლესობით, რაც საეჭვოა. ეჭვი იმიტომ ჩნდება, რომ ეს არჩევნები ტარდება დასავლეთის მეთვალყურეობით. სწორედ ისინი არიან გარანტორები ე.წ. ოპოზიციისთვის, რომ უმრავლესობა არ შედგება. ეს კონფიგურაცია დღევანდელ ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან ის კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას.

თუ ამ ხელისუფლებას მართლა სურს გარყვნილების პროპაგანდისა და ლგბტ თემის თარეშის აკრძალვა, “ანტიდისკრიმინაციული” კანონიდან ამოიღოს მუხლები, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს ყველა გზას უჭრის. სხვაგვარად ეს კანონი მხოლოდ “ბლეფი” და წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შეუსრულებელი ნაწილი იქნება.

საერთოდ, ამ თემებით ხდება გეოპოლიტიკური ძვრების შედეგების გადაფარვა, რაც ყველაზე ყურადსაღები და საგულისხმოა. სამწუხაროდ, საზოგადოებას ამას უმალავენ და მაღალჩინოსნების ვიზიტებს წარმოაჩენენ, როგორც მეგობრულს. არადა, ნატოს გენმდივნის ვიზიტი ჯერ საქართველოში და მესამე დღეს კი _ სომხეთში პირდაპირ არის დაკავშირებული ანგლოსაქსების “კავკასიურ გეგმასთან”. მალევე თვითონ ირაკლი კობახიძე ჩავიდა სომხეთში, საქართველოში დაბრუნებულმა კი აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების მეგობრული ვიზიტი დააანონსა. ნიშანდობლივია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაც, ეროვნებით ფრანგის. ნუ დაგვავიწყდება, რომ საფრანგეთი სომხეთის კურატორია.

პირდაპირ ვამბობ: დღეს დიდია ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე, როგორ და რა ფორმით, სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა კულისებში. საქართველოს, როგორც კოლონიას, არავინ შეეკითხება, სურს თუ არა ომში ჩაბმა!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here