Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: ე.წ. ევროპულ გზაზე მეოცნებეებს შემთხვევით ხომ არ აგვებნა გზა და...

გიორგი გახოკიძე: ე.წ. ევროპულ გზაზე მეოცნებეებს შემთხვევით ხომ არ აგვებნა გზა და ის, იქნებ, სულაც არ არის უსაფრთხო?!

“რატომ არის ჩვენი “თავდაუზოგავი” არჩევანი გზა, “რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართ?”

გიორგი გახოკიძე

8 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც 10 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, შეაფასებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციებს გასცემს. 12 დეკემბერს კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაფართოების საკითხებს უყრიან კენჭს.

“8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომლებიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და რომლებიდანაც ჩვენ თანამედროვე ევროპულობის გაგება გვაქვს, დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება”, _ აცხადებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის გარდა სტატუსის მიღებაზე საუბრობენ ქართველი საზოგადოების სხვა წევრებიც. ისინი ლაპარაკობენ, რომ ჩვენ და ევროპა ერთმანეთს ვჭირდებით, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობენ, რის ფასად. ევროპარლამენტარების თქმით, “მაღალი ალბათობით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ გარკვეული პირობებით”…

ჩვენ მართლაც ვჭირდებით ევროპას, მაგრამ გვჭირდება თუ არა ჩვენ ევროპა?

გვესაუბრებაAპროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):

_ დავიწყოთ იმით, რატომ ველით ევროკავშირის წევრობას “სულმოუთქმელად” და რისთვისაა ასეთი ინტერესი? ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი სწრაფვა მშვიდობისთვის. ამ ვითარებაში მახსენდება ცნობილი ქართული მულტფილმიდან დიალოგი:

_ ბატონო, გზას ხომ ვერ მიმასწავლით?

_ რაო-რაო?

_ გზას ხომ ვერ მიმასწავლით, გზას?

_ რაო, რაოო?

_ გზას, გზას?

_ აბა, რა ვიცი, მარტო ვმუშაობ და როდის იქნება მზად…”

ახლა ვეკითხები საზოგადოებას: მზად არის იმ გზაზე შესადგომად, რომლისთვისაც, 30 წელიწადია, მარტო შრომობს? არის კი ის გზა უსაფრთხო და სიკეთის მომტანი? ე.წ. ევროპის გზაზე მეოცნებეებს შემთხვევით ხომ არ აგვებნა გზა და ის, იქნებ, სულაც არ არის უსაფრთხო?!

ადამიანი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში არაერთ არჩევანს აკეთებს და, რაც უნდა ჭკუა დაარიგოს სხვამ, ყოველთვის ფიქრობს, რომ მისთვის სწორედ ის გზა იყო სწორი არჩევანი. მათგან უმცირესობას უმართლებს, ხოლო უმრავლესობა შემდგომში თავის არასწორ არჩევანს უფლის ნებას აბრალებს. არადა, არჩევანისა და არადანის გათვლა ყველამ ბავშვობიდან ვიცით. დღეს როგორ ვითვლით? დღეს არადანის გარეშე ვითვლით _ ევროპა უალტერნატივოა, თუნდაც ეს გზა თავისი ჩახერგილობით გამოირჩეოდეს! უყვარდა ოდითგანვე ქართველს უაზრო რისკები. ახლაც ასე ვიქცევით. ვრისკავთ, მაგრამ არ ვიცით, ფოჩიან ქაღალდში კანფეტში რა არის კიდევ შეფუთული.

სხვა საკითხია, ვჭირდებით თუ არა ევროპას. რა თქმა უნდა, ვჭირდებით, მაგრამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ კავკასია. ე.ი., რა გამოდის? ჩვენ მათ, კავშირის წევრად კი არა, ესკალაციისა და მანიპულაციებისთვის ვჭირდებით.

_ კანდიდატის სტატუსს, დიდი ალბათობით, მოგვანიჭებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ამას გარკვეული პირობები მოჰყვება. რა პირობები შეიძლება იყოს ეს?

_ დიახ, ამბობენ, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, არ მოგვანიჭებენ და ეს ლოგიკურია. რატომ უნდა მიანიჭონ სტატუსი საქართველოს? 30-წლიანი ჯახირის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ერთადერთ რამეს “მიაღწია” _ სტატუსს. მომდევნო 30 წლის განმავლობაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება. მაშ, რატომ არის ჩვენი “თავდაუზოგავი” არჩევანი გზა, “რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართ?” რა თამაშის ნაწილია ის და რისთვის სჭირდება საქართველოს? თუ დავფიქრდებით და გადავავლებთ თვალს განვლილ წლებს, ვნახავთ, რომ სწრაფვამ ამ გზისკენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზიანა თითქმის ყველაფერში. მათგან ერთ-ერთი და ყველაზე მტკივნეულია დემოგრაფიული მდგომარეობა, ასევე, მასობრივი გადინება ჩვენი მოქალაქეებისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს ყველაფერი რის ხარჯზე _ ბიუჯეტის ე.წ. ზრდის ხარჯზე?

ევროპის კავშირისთვის შესასრულებელი პირობები 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად და პირნათლად შეასრულა საქართველომ, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, ვიმკით, მაგრამ მაინც ჯიუტად გაიძახის ხელისუფლება, რომ ჩვენ ევროპა გვჭირდება.

ვეკითხები საზოგადოების ჯიუტ ნაწილს: იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი კანდიდადის სტატუს არ მოგვანიჭებს, რა მოქმედებებზე გადავა საქართველოს ხელისუფლება? ეყოფა მას გონიერება და შეაჩერებს უაზრო სვლას ამ გზაზე? არა! იცით, რატომ? ხელისუფლება უთავმოყვარეო გვყავს იმ იმბეცილებთან ერთად, რომლებსაც მხსნელად ევროპა ეგულებათ.

ჩვენი უთავმოყვარეობის შესახებ, 30 წელიწადზე მეტია, იცის ევროპამ, ამიტომ ხვდება, რომ სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში საქართველო კვლავ იოცნებებს და მოთხოვნებსაც შეასრულებს.

რა მოხდება, თუ საქართველოს მიანიჭეს სტატუსი? ამ შემთხვევაში, “თავი ქუდში მაქვს” პრინციპით, წევრი ქვეყანა შეარბილებს დამოკიდებულებას კავშირისადმი და, დიდი ალბათობით, დაიწყებს სოციალურ თუ სულიერ პრობლემებზე ფიქრს. ეს უკანასკნელი კი ევროკავშირს, მერწმუნეთ, ხელს არ აძლევს და ლოგიკურიცაა. მას ურჩევნია მეოცნებე ქვეყანა, ვიდრე ქვეყანა, რომელიც მის მითითებებს გადახედავს. და ეს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ.

_ გვიქმნის თუ არა საფრთხეს სწრაფვა ევროპისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის შანსი მცირეა?

_ რა თქმა უნდა, გვიქმნის და ეს საფრთხე, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურია. ზემოთ აღვნიშნე ამ საფრთხეების შესახებ და გზაზე, რომელზეც ბრმად შედგომა უნიჭოთა ხვედრია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია და არც გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ გვყოლოდა და გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს. დიახ, ისინი მსჯელობენ საზოგადოების მცირე ჯგუფთან, რომლებიც ვერ და არ არის საზოგადოებისთვის მზიანი ამინდის მომტანი. მათი ინტერესები მერკანტილური და საზიანოა სახელმწიფოსთვის.

_ არის თუ არა სრულიად საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ევროპული გზა?

_ რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან სწორედ იმ მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ განხორციელებული პროპაგანდის გავლენების ქვეშ მოქცეულმა საზოგადოების უმრავლესობამ გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის გზა, რომელიც უსწორმასწოროა და ხრიოკი…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here