Home ახალი ამბები საქართველო ღარიბაშვილმა ან ერეკლეს მიერ გაკვალული გზით უნდა იაროს, ან ფაშინიანის გზაზე უნდა...

ღარიბაშვილმა ან ერეკლეს მიერ გაკვალული გზით უნდა იაროს, ან ფაშინიანის გზაზე უნდა შედგეს!

ან ჩირქისგან დავიწრიტებით, ან სისხლისგან...

622
ღარიბაშვილმა ან ერეკლეს მიერ გაკვალული გზით უნდა იაროს, ან ფაშინიანის გზაზე უნდა შედგეს!

ჰა, კარგი, დავუშვათ (წარმოვიდგინოთ), რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ერთბაშად სასიკეთოდ შემობრუნდება, საქართველოს ტერიტორიული მთლანობა აღდგება, აფხაზ და ოს ძმებთან ჰარმონიული ცხოვრება დაიწყება, ეკონომიკა აღორძინდება, დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდება, ფაქრიკა-ქარხნები აშენდება, სამუშაო ადგილები გაჩნდება, საზღვარგარეთ გადახვეწილი თანამემამულეები დაბრუნდებიადა ცხოვრება ერთბაშად გაუმჯობესდება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, ეს ჩამონათვალი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობა გამოსწორებულად ჩავთვალოთ?

 ალბათ, არა!

რა ვუყოთ დამახინჯებულ სულს, დანგრეულ ფსიქიკას, დაბინძურებულ ცნობიერებას, შერყვნილ ზნეობას, გაბზარულ რწმენას, შელანძღულ ურთიერთობებს, გამქრალ სიყვარულს, ჩამკვდარ სიკეთეს, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასა და წალეკილ-გადარეცხილ ქართველობას? რა ვუყოთ, რით ავინაზღაუროთ, როგორ მოვიშუშოთ ეს ჭრილობა? თუნდაც იმ მატერიალური მხარის მოწესრიგების გზა და საშუალება სად არის, მაგრამ წარმოვიდგინოთ-მეთქი, ვამბობდი წეღან. იმ ფიზიკურ-მატერიალურ-ნივთიერი მხარის მოწესრიგება, ასე თუ ისე, კიდევ შეიძლება წარმოიდგინო, მაგრამ ამ მეორე მხარის – ადამიანის შინაგანის, სულიერის, ფსიქოლოგიურის, ცნობიერისა და არაცნობიერის მოწესრიგება, საერთოდ, შესაძლებელია? საეჭვოა! მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც საქმე, ერთეულებს კი არა, უმრავლესობას ეხება!

შედით ე.წ. სოციალურ ქსელებში. თავდაპირველად ნუ მიაქცევთ ყურადღებას იქ მოფუთფუთე ადამიანების (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) ინტერესთა სფეროს, განათლებას, ინტელექტს, აზროვნების წესს და ა.შ., პირველ რიგში, დააკვირდით ურთიერთობის კულტურასდა ლექსიკას, რომელიც შეგძრავთ და შეგზარავთუცენზურო სიტყვათა კორიანტელი, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ფურთხება, მუქარა… სოციალური ქსელების მთელი სივრცის 90-95 პროცენტი ამ ლექსიკით არის გაჯერებული. ამ ლექსიკით ოპერირებენ ადამიანები, რომელთა მსჯელობის საგანს წარმოადგენს სამშობლო, პატრიოტიზმი, პოლიტიკა, რელიგია, ზნეობა, საზოგადოებრივი ცხოვრება… პოზიცია იმ ადამიანებისა, რომლებიც “აზრის” გამოთქმასა და მოვლენათა მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას სიტყვათა მხოლოდ ამ უბინძურესი არსენალით ახერხებენ, შესაძლებელია, რომ საქვეყნო საქმეს წაადგეს? რა მოვლენაა, რა ფენომენია ეს? საიდან მოდის იგი? ცნობიერი თუ არაცნობიერი ფსიქიკურის რომელი შრე მართავს ბილწსიტყვაობის ამ უკიდეგანო ამოფრქვევას? გამოსაკვლევი და შესასწავლი საკითხია.

* ეს ვინმეს დაკარგულ ტერიტორიებზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

უზრდელი და უკულტურო ადამიანების მომრავლება თავისთავად საგანგაშო მოვლენაა, მაგრამ იგი უფრო საგანგაშოდ იმ დროს გადაიქცევა, როდესაც მას საჯარო სივრცეში ეძლევა გასაქანი. თაობათა სულის შერყვნა და დაბინძურება ჰქვია ამას. არავითარი შეღავათი არ იქნება იმისი თქმა, რომ მხოლოდ მამაკაცები ბილწსიტყვაობენ და ქალები ამაში არ მონაწილეობენ, არავითარი, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ქალთა სქესი ამაში მონაწილეობს კი არა, პირველობასაც იჩემებს, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. მთელმა ერმა, კაციან-ქალიანად, ენა და ყური წაიბილწა, ლაპარაკისა და მოსმენის ორგანო გაითახსირა, ანუ ერს დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარი მოეშალა. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ისინი საზოგადოდ კი არ ბილწსიტყვაობენ, ერთმანეთის ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე არიან გადასულნი. ეს უკვე დამოკიდებულებებში ზღვარის მოშლა და ადამიანური ურთიერთობების რღვევაა. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ადამიანური ურთიერთობები კულტურის საფუძველთა საფუძველია.

ერებსა და ხალხებს ერთმანეთისგან, ანთროპოლოგიურ ნიშან-თვისებათა გარდა, ადამიანური ურთიერთობების ფორმები (ადათი, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები) განასხვავებს. ადამიანური ურთიერთობების ფორმების რღვევით ეროვნული სულისა და ცნობიერების ქსოვილი ირღვევა. ეროვნული ნიშან-თვისებების რღვევით ეროვნული სახე (ეროვნული პასპორტი) იშლება და იკარგება.

* ეს ვინმეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

იმის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, განათლების რა დონეს ავლენენ ეს ადამიანები, რომლებიც ამ წყეულ სოციალურ ქსელებში თავ-პირს იხოკავენ ეროვნული და პატრიოტული მოტივებით. ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენაზე ვერ მეტყველებს და ვერ წერს, ადამიანი, რომელიც სათქმელს წყევლა-კრულვისა და დედის გინების გარეშე ვერ გამოთქვამს, ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში წიგნი არ წაუკითხავს, თავს უფლებას აძლევს, საჯარო სივრცეში საქვეყნო საქმეზე ილაპარაკოს, თანაც არა მორიდებითა და მოკრძალებით, არამედ ამბიციურად, ქედმაღლურად და ამპარტავნულად. ცოდნამ ფასი დაკარგა. უკვე დიდი ხანია, საზოგადოების თვალში, კომპეტენცია კი არა, ადამიანის უთავბოლო საზოგადოებრივ აქტიურობასდა მის მიერ გამოვლენილ აგრესიას დაედო ფასი. განათლებული და კომპეტენტური ადამიანის ავტორიტეტი დაიკარგა. * ეს ვინმეს მასობრივ უმუშევრობაზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

სოციალურ ქსელებზე კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო.

ე.წ. ბოტებისა და ტროლების ინსტიტუტი რაც არის, მოგეხსენებათ – დაქირავებულ მჯღაბნელთა ორგანიზებული არმია (ქარხანა), რომლის თითოეული დასაქმებული წევრი (მუშა) ყოველ ორ-სამსიტყვიან კომენტარში (მიზანში ამოღებული ადამიანის შეურაცხყოფის კორიანტელში) ფულს იღებს. გლობალური გადაგვარების ამ ეპოქამ ადამიანები, ნაცვლად ნამდვილი ფაბრიკა-ქარხნებისა, ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნებში დაასაქმა, რათა ოპონენტთა სალანძღავი კომენტარების წერით ემსახურონ უცხოურ სპეცსამსახურებს და ათასი ჯურის ვიგინდარებს.

* ეს ვინმეს მოსახლეობის მასობრივ შრომით ემიგრაციაზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

ახლა ცოტა ადრეული პერიოდისკენ გადავინაცვლოთ. გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარს გაგახსენებთ. გამსახურდიას ცნობილი კარვებიც გემახსოვრებათ და მისი კარვის ქალებიც, მდედრიონის” (“მხედრიონის” ანალოგიით) სახელით რომ შემორჩნენ ისტორიას. მთელ საქართველოში მოფართხუნე ეს შავკაბიანი (უსქესო) არსებები ერში დანერგილი სიძულვილის სიმბოლოდ თუ გამოადგებათ მწერლებსა და ისტორიკოსებს. სამწუხაროდ, გამსახურდიას ეპოქას არ წაჰყოლიან ისინი. მათი ნარჩენები დღესაც შეგხვდებათ ხან აქ, ხან იქ – აზრდაკარგულნი, დუჟმორეულნი, სახემოღრეცილნი, თვალებგადმოკარკლულნი, გველებივით დაკლაკლილნი და გესლიანები. ძველები თუ წავიდნენ (დინოზავრებივით გადაშენდნენ), მათი ახალი თაობა გამოიჩეკა, რომელმაც სააკაშვილის სახით ახალი ბელადი აღიარა და ეს ადამიანები ახალი ეპოქის დინოზავრებად მოგვევლინენ. გამსახურდიასა და სააკაშვილის “კარვის ქალების” არსებობა (ქალებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მათი მხრიდან გამოვლენილი სიძულვილი და აგრესია უფრო შემზარავია, თორემ სრული უგუნურებისა და შეურაცხადობის გამოვლენას არც მამაკაცები აკლებენ ძალისხმევას) ერის მორალური დეგრადაციის უტყუარი ნიშანი და ნათელი დადასტურებაა.

* ეს ვინმეს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოშლაზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

თბილისური აივნებიდან უკრაინული დროშების (ჭრელა-ჭრულა სარეცხთან ერთად) გადმოფენა ფსიქიკური აშლილობის, შიზოფრენიული სინდრომისდა რეგვნული პოლიტიკური აღტყინების ერთდროული გამოვლენა არ არის? ზოგიერთი ქართული ტელეარხის ეკრანზე მუდმივად გამოფენილი ეს ორფეროვანი ჭინჭი თავისუფლებააღკვეთილ საინფორმაციო საშუალებათა მლიქვნელური ფორთხვა არ არის დასავლელი ბატონების წინაშე? ვიღაცას შვილის შეძენის ბედნიერება რომ ეღირსა და ახალშობილს (არ ვიცი, გოგოს თუ ბიჭს) უკრაინა რომ დაარქვა, ამაზე მეტი ცნობიერი კოლაფსი რა უნდა იყოს?!

* ეს ვინმეს ქვეყანაში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომსა და სამოქალაქო დაპირისპირებაზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

ცოლი საზღვარგარეთ მოხუცის მომვლელად რომ მუშაობს, ქმარმა კი საყვარელი გაიჩინა და ორივეს ერთად აქ ცოლის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი საცოდავი თანხით გააქვს თავი, ამას რა ჰქვია? ვის შეუძლია ეს მოვლენა სამი დისციპლინის მისადგომიდან – ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია – გააანალიზოს და გვითხრას, რა არის ეს – ადამიანური ტრაგედია თუ საზოგადოებრივი დაცემა? ვის ან რას უნდა ვუმკურნალოთ ასეთ შემთხვევაში: ადამიანს, ერს, სახელმწიფოს?

* ეს ვინმეს ეთნოკონფლიქტებზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

არაფერს ვამბობ იმაზე, რომელმა მხარემ დააშავა უფრო მეტი ან უფრო ნაკლები, მაგრამ ფაქტი ხომ არის, რომ არა მხოლოდ აფხაზეთი დავკარგეთ, არამედ აფხაზებთან ის გასაოცარი ურთიერთობებიც, განსხვავებულობისა და ერთიანობის ზღვარზე ყოფნით სრულიად ახალ კულტურულ ფენომენს რომ ქმნიდა: “რა პატარა ხარ, ალბათ, ცრემლს თუ აღემატები!” (შოთა ნიშნიანიძე). არ ვიცი, სადმე ვინმეს თუ მოეპოვება კუთხის ან ხალხის მოფერების ასეთი საოცარი ნიმუში, დიდია მსოფლიო ლიტერატურა:

“ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები

და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.

ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,

ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში”.

განსხვავებულობისა და ერთიანობის რა საოცარი განცდაა. უცხოობისა და ნათესაობის რა სასწაული შეგრძნებაა. ეს, პოეტის მიერ ჰიპერბოლიზებული სამყარო კი არა, ყოველდღიური ცხოვრება და მხატვრულად ასახული რეალობა იყო.

“ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,

ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს”.

ტერიტორია და მოსახლეობა კი არ დავკარგეთ, ეს დავკარგეთ. ცრემლამდე მისული სიყვარული და ტკივილი რასთანაც გვაკავშირებდა, ის დავკარგეთ. აფხაზები და ოსები ცუდად მოიქცნენ, – თავს იმართლებს ზოქართველი. კი, ბატონო, ცუდად მოიქცნენ, მაგრამ, ისინი როდესაც ცუდად მოიქცნენ, ჩვენ კარგად მოვიქეცით? ჩვენც ცუდად მოვიქეცით! საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით დასავლურ არჩევანს როდესაც ვაკეთებდით და ნატო-ევროკავშირს გავიძახოდით, აფხაზებისა და ოსების აზრი, მათი პოზიცია გათვალისწინებული გვქონდა? იქნებ ვინმე დღემდე ფიქრობს, მათი აზრი რატომ უნდა გაგვეთვალისწინებინა, ისინი ხომ საქართველოს შემოკედლებული სტუმრები არიანო. გამსახურდიაც მაგას ამბობდა: თუკი ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება სურთ, დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და თავიანთ ისტორიულ ტერიტორიებზე იბრძოლონ თავისუფლებისთვისო. ეს პოლიტიკოსის, მით უფრო, სახელმწიფოს ხელმძღვანელობაზე პრეტენზიის მქონე პიროვნების საკადრისი განცხადებაა?!

ანდაზა გვაქვს ქართველებს: “საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი”. ყველაფერი ცუდად გავაკეთეთ, ღობე-ყორეს ვედებოდით (ესეც ქართული გამოთქმაა), ყველა მიმართულებით (ცხინვალი, აფხაზეთი, რუსეთი, დასავლეთი) გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით და რა შედეგს ველოდით?! მეტსაც გეტყვით: ე.წ. საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდე ვერ გათავისუფლდა საბჭოთა დისიდენტებისა და ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილ მედროვეთა აზროვნების წესისგან. ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა ოცდაათწლიანმა უბინძურესმა ეპოქამ, რომელსაც დღემდე “მოპოვებულ თავისუფლებად” აღვიქვამთ. სახელმწიფო ინგრეოდეს, მოსახლეობა ნახევრდებოდეს, ხალხი ლუკმაპურს საზღვარგარეთ დაეძებდეს და ამას თავისუფლება და ბედნიერება ერქვას, თავისთავად ეროვნული ცნობიერების სავალალო მდგომარეობაზე არ მეტყველებს?! მატერიალურ-ტერიტორიულ-ეკონომიკურ მდგომარეობას რომ ეშველოს კიდეც, ამ დანგრეულ ცნობიერებას, გამრუდებულ ფსიქიკას, დეფორმირებულ შინაგან სამყაროს, ჩაფურთხებულ სულს, გამქრალ რწმენასა და დაკარგულ ქართველობას რა უშველის? ეს არც არქიტექტურული ნაგებობაა, გასამაგრებელ ღონისძიებებს რომ მიმართო; არც არქეოლოგიური არტეფაქტია, მიწისა და მტვრისგან გაასუფთავო; არც ძველი შავ-თეთრი ფილმია, გააფერადო და, არც ფერწერული ტილოა, რესტავრაცია ჩაუტარო.

* ეს ვინმეს ტერიტორიულ დანაკარგზე ნაკლები პრობლემა ჰგონია?!

ძალიან ბევრი სიძულვილი დაგროვდა საქართველოში. სიძულვილით გაიჟღინთა ქვეყანა, სიძულვილით დაავადდა ერი. რუსოფობია დაემატა ამას. მეოცე საუკუნის სოვეტოფობია ოცდამეერთეს რუსოფობიამ ჩაანაცვლა. ერთიც და მეორეც ამერიკულ სპეციალურ ლაბორატორიებში გამოყვანილი პოლიტიკური ვირუსია. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ქართული პატრიოტიზმის საზომად არა მხოლოდ დასავლეთის ფეტიში და ნატო-ევროკავშირისკენ უთავმოყვარეო სწრაფვა, არამედ რუსოფობიაც მოგვაჩეჩეს. მათ ქართული “პატრიოტიზმის” უმახინჯესი ფორმულა შექმნეს: რუსეთი თუ გძულსპატრიოტი ხარ, რუსეთი თუ არ გძულსმტერი და მოღალატე! რუსული პოლიტიკის სიძულვილი მოხერხებულად გადაზარდეს რუსეთის სიძულვილში, რუსი ხალხის, რუსეთის ისტორიის, რუსული კულტურის და რუსული სულის სიძულვილში. ქვეყნის შიგნით დაგროვილ სიძულვილს ეს გარედან მოსული სიძულვილიც დაემატა და ჩაეფლო, ჩაიძირა ქვეყანა სიძულვილის ჭაობში. აქედან იღებს სათავეს ფაშისტური უკრაინის ორფეროვანი ჭინჭის ფრიალის ასე სამარცხვინო მოვლენაც, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სიყვარულთან, რუსეთის სიძულვილი განაპირობებს ამას. ესეც ირიბი და თვალთმაქცური რუსოფობიაა.

ახალი განსაცდელი მოგვადგა კარს – დასავლეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო დაპირისპირება. გაუძლებს ერი ამ შემოტევას, არ გაებმება მტრის მიერ ვერაგულად დაგებულ ამ ხაფანგში? ეს ადვილად პასუხგასაცემი შეკითხვა არ არის. აქეთ სუსტი და მცირერიცხოვანი ქვეყანა და მისი ინტერესების დამცველი მთავრობაა, იქით ევროპა-ამერიკა მისი ბანდიტურ-ფაშისტურ-მამათმავლური იდეოლოგიით, ნატოს ჯარითდა საქართველოში მძლავრად ფესვებგადგმული მეტასტაზებით. დასავლეთმა შეიძლება კავკასია ცეცხლში გახვიოს რუსეთის დასასუსტებლად. ზერბაიჯანი და სომხეთი უკვე მიუშვეს ერთმანეთზე. საქართველოს ჩართვა ტექნიკის საქმეა და კიდევ იმაზეა დამოკიდებული, გაუძლებს თუ არა წნეხს მთავრობა. მას ლავირების რესურსი ამოეწურა, ან აქეთ უნდა დადგეს, ან – იქით; ან რუსეთი და სიმართლე, ან დასავლეთი და სიბინძურე. სხვა არჩევანი არ არსებობს. ამიერიდან, ღარიბაშვილმა ან ერეკლეს მიერ გაკვალული გზით უნდა იაროს, ან ფაშინიანის გზაზე უნდა შედგეს. თითქოს მარტივი არჩევანია, მაგრამ რაღაცით ძნელია მაინც…

ამის სათქმელად ძალიან შორი ექსკურსით მომიწია წამოსვლა, მაგრამ ეს ყველაფერი გადახლართულია ერთმანეთთან. იმ შედარებით ძველ მოვლენებს თუ ვერ ჩავწვდით, ვერც ახალში გავერკვევით.

დასავლური ფურუნკული კი გასკდა. ახლა საფიქრალი ისაა, ფურუნკულის გასკდომის შემდეგ საქართველო ჩირქისგან დაიცლება თუ სისხლისგან. ჩირქი დასავლური უწმინდურებაა, სისხლი კი ქართველი ერი, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალია.

ერმა უნდა აირიდოს სისხლისგან დაცლა; ჩირქისგან კი, დროა, დავიწრიტოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ეშველება დაზიანებულ სულს, ცნობიერებას, რწმენას. სხვა გზა არ გვაქვს, ყველა სხვა გზა უკრაინიზაციისკენ მიგვაქანებს, თანაც დიდი სისწრაფით.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here