Home რუბრიკები პოლიტიკა “გახარიადა”, ანუ ჩვენი “ყველაფერშჩიკი” ჟურნალისტები

“გახარიადა”, ანუ ჩვენი “ყველაფერშჩიკი” ჟურნალისტები

3759

თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ წერილის მიზანი არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ქება-დიდება და მისი გმირად წარმოჩენა; არც პირიქით _ გახარიას პიროვნული ლანძღვა და მისი ფიგურის დაკნინება გვაქვს მიზნად დასახული. ჩვენ გვსურს საუბარი ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ქართველი საზოგადოების ძირითადი პრობლემა და ერთგვარი სენი სწორედ ესაა _ ნებისმიერი კრიზისის პირობებში აქცენტი გადადის კონკრეტულ პიროვნებებზე და არა საზოგადოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამ დღეების უმთავრესი თემაც ხომ სწორედ ეს იყო _ უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია? 

ერთი მხარე კატეგორიულად მოითხოვს გახარიას “ძელზე გასმას”, ხოლო მეორე მხარემ წამოიწყო კამპანია: “გიორგი გახარია ჩემი მინისტრია”, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნოს.

ერთი მხარე გახარიას უარყოფით პიროვნულ თვისებებზე აკეთებს აქცენტს, მეორეს კი პირიქით _ იგივე პიროვნული თვისებები ძალიან დადებით თვისებებად მიაჩნია და ძირითადი დავაც სწორედ იმაზეა _ “კაი ტიპია თუ ცუდი გიორგი გახარია”.

არც ერთ მხარეს არ მოსდის აზრად, ისაუბროს არა პიროვნება გიორგი გახარიაზე, არამედ, საზოგადოდ, შინაგან საქმეთა მინისტრზე. გახარიას გადადგომის მომხრეებისგან ეს გასაგებია (თუ რატომ, მოგვიანებით ავხსნი), სამაგიეროდ, იმავეს ვერ ვიტყვი გახარიას არგადადგომის მომხრეებზე. აკი, გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ არსებულ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინც არ უნდა იყოს ის. და არა კონკრეტულად გიორგი გახარია, რადგან იგი თურმე ვიღაცებისთვის “კაი ტიპი” და “ჩემი მინისტრია”.

სწორედ ესაა ამ საგაზეთო სტატიის ძირითადი მიზანიც, რომ ქართველმა საზოგადოებამ, თუნდაც მისმა მცირე ნაწილმა მაინც შეძლოს სწორი აზროვნება, რომ გარკვეული ექსტრემალური სიტუაციების დროს ვისაუბროთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე.

რაც უნდა ცუდი მინისტრი იყოს გიორგი გახარია, ის ამ კონკრეტულ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. ვიმეორებ: არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და არა გიორგი გახარია. სახელსა და გვარს, პიროვნებას, მის ნამოღვაწარს მნიშვნელობა არ აქვს. ამ კონკრეტულ სიტუციაში კახა თარგამაძე რომ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან ვინმე პარმენ სეფერთელაძე, ან თუნდაც ქრისტეფორე მგალობლიშვილი, მაინც არ უნდა გადადგეს.

გახარიას გადადგომის მომხრეებს რაც შეეხება, ზემოთ ვთქვი, ავხსნი, რატომ არის მათგან გასაგები გახარიას პიროვნებაზე ხაზგასმა-მეთქი. დიახ ეს ასეა _ მათ არ აქვთ არაფერი სათქმელი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მომიტინგეების აგრესიულობაზე და ა. შ., ერთადერთი “არგუმენტი”, რომლის გამოც მათ გახარიას გადადგომა შეიძლება მოითხოვონ, გახარიას პიროვნებაა. მათთვის ეფექტის მომტანია გახარიასგან “სისხლიანი ჯალათის” თუ “დაუნდობელი და ხისტი სახელმწიფო ჩინოვნიკის” სახის დახატვა და ცდილობენ კიდეც, ამით მოახდინონ გავლენა საზოგადოებაზე _ შეაძულონ ხალხს გიორგი გახარია, როგორც პიროვნება.

აი, გიორგი გახარიას არგადადგომის მომხრეებმა კი, თუკი ცოტა მაინც დაფიქრდებიან, საერთოდ არ უნდა ახსენონ მისი პიროვნული თვისებები და უნდა “მიაწვნენ” იმას, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის შენობაზე განხორციელებული შტურმის მოგერიების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, გახარია იქნება ეს თუ სხვა, გამოიწვევს სახელმწიფოს კოლაფსს.

ეს იქნება პრეცედენტული ფაქტი და მომავალში, თუკი ოდესმე კვლავ გახდება საჭირო სახელმწიფო მნიშვნელობის შენობების დაცვა, არაა გამორიცხული, პოლიციამ ე.წ. საზოგადოებრივი წნეხის გამო უარი განაცხადოს ამაზე. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას სახელმწიფო უკვე აღარ ეწოდება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ე.წ. საპროტესტო აქციები სწორედ “გახარიას ხაზით” წაიყვანა ე.წ. ოპოზიციამ. გავიხსენოთ, რომ ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც კი უფრო მოგვიანებით წამოიჭრა. პირველი, რაც ე.წ. ოპოზიციამ მოითხოვა, სწორედ გიორგი გახარიას გადაყენება იყო, რადგან მან “რუსი დეპუტატი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა”.

მას შემდეგაც, რაც მძიმედ ჩასვრილმა “ქართულმა ოცნებამ” უმაღლესი პოლიტიკური ფასი გადაიხადა _ ერთი დეპუტატი საერთოდ გაუშვა პარლამენტიდან, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს პოსტი დაატოვებინა, ე.წ. ოპოზიცია მაინც ითხოვს პირადად გახარიას გადადგომას.

იმ ფონზეც კი, როდესაც საპროტესტო აქციებს ხალხი შემოეცალა და, როგორც მათ უწოდეს, “გულწრფელად მოპროტესტე სტუდენტების” უდიდესმა ნაწილმა საკმარისად მიიჩნია კობახიძის გადადგომა და აქციები დატოვა, იქ დარჩენილი 500-ოდე ადამიანი მაინც ჯიუტად ითხოვს გიორგი გახარიას გადადგომას. ნეტავ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პირველ რიგში, ამაზე პასუხს გავიგებთ, თუკი კარგად გადავხედავთ ვინ არიან დარჩენილი რუსთაველზე “საპროტესტოდ”. ხალხმა ამას უკვე უწოდა “გეი რევოლუციის მცდელობა” და მართლაც ფაქტია _ უმეტესი ნაწილი იქ დარჩენილებისა ვერჩატარებული “თბილისი პრაიდის” აქტივისტები არიან. თავად მიტინგის “მოდერატორი”, ანუ წამყვანიც “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი მხარდამჭერი და გეიაქტივისტი გიგა მაქარაშვილია.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ორიოდე თვით ადრე გიორგი გახარიას უწყებამ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პირდაპირ უთხრა უარი ამ ღინისძიების ჩატარების შემთხვევაში მათ დაცვაზე, ფაქტობრივად, ყველაფერი ნათელი ხდება. საქმე გვაქვს გიორგი გახარიას მიმართ პირად ბოღმასთან და არა იმასთან, რომ ვინმე მომხდარი მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას მოითხოვდეს. მათ პირადად გიორგი გახარიას მოშორება სურთ, ჯერ ერთი, ძველი ბოღმებისა და მერე კიდევ, მომავალში მოსალოდნელი ბოღმების გამო და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.

აქედან გამომდინარეობს გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული კიდევ ერთი კამპანია “გახარია რუსეთის კაცია, ის პუტინის ინტერესებს იცავს!”.

ამ ფონზე, საყურადღებოა სოციალურ ქსელში სპონტანურად დაწყებული ერთგვარი “ჩელენჯი”, რომელიც გახარიასთან ერთადერთი სიტყვის _ ბოდიშის გამო ასოცირდება, თორემ ისე ამას საერთო არაფერი აქვს შს მინისტრთან.

კერძოდ, ქართველმა ე.წ. ხელოვანებმა დაიწყეს მაყურებლისა და მსმენელის წინაშე ბოდიშების მოხდა იმის გამო, რომ უახლოეს წარსულში რუსეთში მღეროდნენ. ეს ერთგვარი “ჩელენჯი” ანიტა რაჭველიშვილმა გახსნა და მას ბუბა კიკაბიძემ მიბაძა. მომდევნო ნინო ქათამაძე იყო, მაგრამ ვიხილეთ მისი დემარშიც _ მომღერალმა “საბოდიშო” სტატუსი, სადაც ის პირობას იძლეოდა, რომ რუსეთში აღარასოდეს ჩავიდოდა, თავისი “ფეისბუქ”-გვერდიდან გააქრო.

როგორც ამბობენ, ნინო ქათამაძეს ცნობილი რუსი პროდიუსერი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში სხვა ქვეყნებშიც აღარ მოუწყობდა გასტროლებს. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ქალბატონმა “ლაბადებუდეიმ” მოსალოდნელი “პირადი ზარალი” ჩამოჩოთქა და “ფეისბუკის” სტატუსიც გააქრო.

პირადი ზარალის მიხედვით “პატრიოტობა-არპატრიოტობის” კიდევ უფრო ნათელი მაგალითი დაგვიდო ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა. “ვფიქრობ, რომ უნდა შევწყვიტოთ საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები”, _ დაწერა საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” ნინო ჯანგირაშვილმა და ამ მოსაზრებას საოცარი ახსნა მოუძებნა: “მე, უკვე რამდენიმე წელია, ბინას ვაქირავებ ტურისტებზე და წელს აღარავინ იქირავა, რადგან რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ”.

გამოდის რომ, რადგან ნინო ჯანგირაშვილის ბინაში ფრანგმა, იტალიელმა, გერმანელმა თუ ამერიკელმა ტურისტებმა არ იკადრეს შესვლა და მისი დაქირავება, ამიტომ რუსეთი ოკუპანტი აღარაა და ამიტომ აღარ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი საქართველოში რუს ტურისტებს.

აქამდე, როდესაც რესტორნებში, კაფეებსა თუ სხვა გასართობ-დასასვენებელ ადგილებში საჯაროდ იყო გამოკრული სტიკერები: “რუსეთი ოკუპანტია” და მსგავსი ლოზუნგები, ჯანგირაშვილიც და დანარჩენი მისნაირი “პატრიოტებიც” ამას მიესალმებოდნენ, მაგრამ, როდესაც მე და ჩემნაირები ვწერდით, რომ, თუკი ტურისტები შემოგყავს, მათ დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა-თქო, ჩვენ ვიყავით რუსეთუმეები და პუტინისტები.

საზოგადოდაც, ძალიან საინტერესოა, ეს ქართველი ჟურნალისტები “ყველაფერშიკობაზე” რატომ აცხადებენ პრეტენზიას?! აგერ, ტურიზმის სფერო ხომ სცოდნიათ “სხაპასხუპით” და თურმე იარაღის, ტყვიებისა და ნადირობის ექსპერტებიც ყოფილან. ისევ და ისევ გიორგი გახარიასთან ჟურნალისტების შეხვედრაზე, “რუსთავი 2”-ელი თამარ ბაღაშვილი და “ტვ-პირველის” ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დაჟინებით მოითხოვდნენ შს მინისტრისგან, გაეკეთებინა მათთვის განმარტება, რატომ გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ “ლეტალური” (სასიკვდილო) და “დათვზე სანადირო ტყვიები”. მოუხედავად მინისტრის არაერთგზის განმარტებისა, რომ ეს ტყვიები არც “სასიკვდილოა” და მით უფრო მათ არანაირი საერთო არ აქვს “დათვზე ნადირობასთან”, თამარა და დიანა მაინც სრული თავდაჯერებით აცხადებდნენ, რომ მათ ეს ზუსტად იციან და არავითარი ექსპერტიზა არ აინტერესებთ.

როგორც ჩანს, დროა, საქართველოში გავაუქმოთ ტურიზმის სამხახურიც, ბალისტიკური ექსპერტიზაც, პარლამენტიც, სამინისტროებიც და ყველა თემასა და საკითხზე ქართველ ჟურნალისტებს დავეკითხოთ, როდის როგორ მოვიქცეთ. ვნახოთ, იქნებ გაამართლოს კიდეც… თუ არადა, როგორც ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ნაწარმოებშია, მაინც ქე ვართ დაქცეული და ამაზე უარესი რაღა დაგვემართება?!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. როგორც ყოველთვის, სრული სიმართლე და არსებული სიტუაციის ბრწყინვალე ანალიზია!!! მადლობა ბატონო ბაკურ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here