Home რუბრიკები პოლიტიკა განაჩენი საქართველოსთვის

განაჩენი საქართველოსთვის

აშშ-ის ვასალობამ, სტრატეგიულ პარტნიორობად რომ შემოგვასაღეს, პრაგმატიზმის თვალსაზრისით არაფერი მოგვცა

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი 

მეათე გამოშვება

აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბარბაროსობიდან პირდაპირ დეგენერაციაში გადავიდა ცივილიზაციის სტადიისთვის გვერდის ავლით”.
ჟორჟ ბენჟამინ კლემანსო

საკითხი, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ, რომლის წამოწევას წინამდებარე სტატიაში ვაპირებ, ისე დიდი და მნიშვნელოვანია და, ამასთანავე, იმდენად საკამათოც, რომ ასე ერთბაშად და ერთ სტატიაში კი არა, აგერ უკვე მესამე საუკუნეა, გადაწყვეტილი არ არის. ამის მიუხედავად, მსჯელობა აუცილებელია, ვინაიდან საქართველოსთვის რუსეთს მნიშვნელობა არათუ არ დაუკარგავს, შეიძლება, მეტი აქტუალურობაც კი შეიძინა, ვიდრე მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეებში ჰქონდა. ამჯერად საკითხის განხილვას უახლესი ისტორიისა და მიმდინარე პროცესების კონტექსტში შევეცდები.

ამ ამოცანის დასაძლევად აუცილებელია, გავერკვეთ თანამედროვე მსოფლიოს სპეციფიკაში. რა ძირითადი ტენდენციები ამოძრავებს ისტორიას ამ ეტაპზე? რა არის ის ძირითადი წინააღმდეგობები, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის წინაშე გადაულახავ ბარიერად აღმართულა? რა რისკების შემცველია ვითარება, რომელშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა? რა როლი აკისრიათ ზესახელმწიფოებსა და მცირერიცხოვან ხალხებს? როგორია მათ შორის ურთიერთობები?

შეკითხვა ბევრია, პასუხები კი წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი. თანამედროვე ეპოქის ზოგად დახასიათებას თუ შევეცდებით, შემზარავ სურათს მივიღებთ: ჩვენ თვალწინ უღმერთო, უიდეო, უზნეო და უსიყვარულო სინამდვილე გადაიშლება. ადამიანური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ყველა უბანი და ასპექტი შიშველმა პრაგმატიზმმა ჩაანაცვლა. ინტერესები, ძალმომრეობა და გამორჩენა _ ესაა თანამედროვე მსოფლიოსთვის ღმერთიც და ეშმაკიც, მიზანიც და საშუალებაც…

რას ერჩიან რუსეთს, რატომ ქმნიან მისგან მსოფლიო საფრთხეს? ვინმე თუ იტყვის, რომ კი არ ქმნიან, რუსეთი მართლაც საფრთხეს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვისო, მან უნდა აგვიხსნას, რაში გამოიხატება ეს საფრთხე. ვერ დაასახელებთ საუკუნეს, ევროპელებს ერთმანეთი რომ ეჟუჟოთ. ბოლოს და ბოლოს, ევროპელებმა, სულ რაღაც ოცი წლის ინტერვალით, ორი მსოფლიო ომი აჩუქეს კაცობრიობას. ევროპაში თითქმის ვერ ნახავთ სახელმწიფოს, დაპყრობითი ომები რომ არ ეწარმოებინოს და კოლონიები არ ჰქონოდა აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.

აშშ-ისთვის, საერთოდ, ცხოვრების წესად იქცა დამპყრობლური ომები მსოფლიოს მასშტაბით. აშშ-ის ისტორიაში იშვიათად იყო პერიოდი, როდესაც ომის წარმოებით არ იყო დაკავებული. განა ეს თავისთავად არ მეტყველებს აშშ-ის, ზნეობრივი თვალსაზრისით, არასახარბიელო სახეზე? ათასგვარი მანიით შეპყრობილი ევროპელები, რომლებიც რუსეთს ხან მარჯვნიდან ესხმოდნენ თავს და ხან მარცხნიდან, ამერიკელთა წაქეზებით, მას დღემდე ურჩხულად სახავენ და ბოროტების იმპერიას უწოდებენ. შეკითხვა შეკითხვას ემატება: რატომ იქცევიან ასე? რა მიზანი აქვს ამას?

საბჭოთა კავშირის მიმართ დასავლეთის მტრულ დამოკიდებულებას, გამართლება თუ არა, ახსნა მაინც ჰქონდა, რადგან ეს სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიურ საფუძველზე შექმნილი უზარმაზარი სახელმწიფო (სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი) იყო, რომელიც თავისი ჰუმანური იდეალებით, სამართლიანობითა და საზოგადოების სოციალური დაცულობის არნახული მიღწევებით კაპიტალისტური სამყაროსთვის არა მხოლოდ ცუდ, არამედ სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ უსამართლობის საფუძველზე მდგარ კაპიტალისტურ დასავლეთსა და სამართლიანობის საწყისზე აღმოცენებულ საბჭოთა კავშირს შორის დაუძლეველი შეუთავსებლობა არსებობდა და მათ შორის დაპირისპირება (მიუხედავად იმისა, ცივი იქნებოდა იგი თუ ცხელი) სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათს იღებდა.

რაც შეეხება რუსეთს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური ცხოვრების წესი და განვითარების კაპიტალისტური გზა აირჩია, დასავლეთისთვის დღეს არც რამე სახის მიუღებელ პრეცედენტს არ წარმოადგენს და არც ეგზისტენციური ხასიათის საშიშროებას არ ქმნის. მაშ, რა იწვევს რუსეთთან დასავლეთის გააფთრებულ დაპირისპირებას, რატომ ქმნიან რუსეთისგან მტრის ხატს, რატომ წარმოაჩენენ მას იმ ბოროტ ძალად, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც საკუთარ თავს მიიჩნევს, მსოფლიო დემოკრატიის მექად ქცეულ დასავლეთს?

საქმე ის არის, რომ რუსეთმა, ისევე, როგორც, თავის დროზე, საბჭოთა კავშირმა, აშშ მსოფლიოს მბრძანებლად არ აღიარა.

2007 წელს გამართულ მიუნხენის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს სახეში მიახალა მსოფლიოს ერთპოლუსიანი მოწყობის მიუღებლობა და შეუმდგარობა. ამერიკელები მიხვდნენ, რომ რუსეთი გადაულახავ ჯებირად აღიმართა საბჭოთა ბარიერის დაძლევის შემდეგ მსოფლიოს დასაპყრობად გიგანტური ნაბიჯებით მიმავალი მათი სახელმწიფოს წინაშე. მოვლენათა მათთვის ასე დრამატულად შემობრუნებას ისინი არ ელოდნენ, რადგან მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში თითქმის ყველა მოვლენა მათი სურვილისამებრ ვითარდებოდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ სწორ გეზს აცდენილი საბჭოთა კავშირი მეოცე საუკუნის ბოლოს ამერიკელებმა ვერაგული მეთოდებით დაშალეს, რის შემდეგაც რუსეთიც საბოლოოდ განეიტრალებულად მიიჩნიეს; თავგზააბნეული და უზნეობისკენ მიდრეკილი ევროპა, რომელსაც ოსვალდ შპენგლერმა მეოცე საუკუნის დასაწყისში მის ყურადსაღებ ფილოსოფიურ გამოკვლევაში “ევროპის მზის ჩასვენება” გარდაუვალი დაღუპვა უწინასწარმეტყველა, მარტივად ჩაისვეს ჯიბეში; ჩინეთი კი არც ეკონომიკური, არც ტექნოლოგიური და, მით უმეტეს, არც შეიარაღების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არ იყო ამერიკელებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიო მათ წინაშე მუხლებზე იდგა, რადგან ირანსა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ან ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ წინააღმდეგობებს ადვილად გადატეხდნენ ხერხემალში. აი, ამ მომენტში, საკუთარი უძლეველობის ბანგით თრობისა და მეფისტოფელური ხარხარის დროს, რაღაცა მანქანებით რუსეთის ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილმა კაცმა ემოციის ამოფრქვევის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად ამცნო ამერიკელებს, რომ მსოფლიოში მათი განუკითხავი პარპაშის ეპოქა დასრულდა. როგორ? _ ყურებს არ დაუჯერეს დაბნეულებმა და სახტად დარჩენილებმა, _ როგორ?

დასავლეთისთვის იმ ავადმოსაგონარი განცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 1 მარტს პუტინმა რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე მსოფლიოსთვის სენსაციური, დასავლეთისთვის კი თავზარდამცემი განცხადება გააკეთა: `Запад не хотел по существу обсуждать с Россией ее предупреждения о нарушении стратегического баланса. В то же время Москва заявляла членам НАТО, что предпримет необходимые меры для нейтрализации угроз, связанных с развертыванием американской глобальной системы ПРО. Нас никто не слушал. Послушайте сейчас…~

შოკი აქედან დაიწყო. იმას, რაც ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, არც მსოფლიოში და თვით რუსეთშიც კი (სპეციალისტთა ვიწრო წრის გარდა) არავინ მოელოდა: `Несмотря на наши многочисленные протесты и призывы, американская машина заработала, конвейер пошел. Чем ответила на этот вызов Россия? Все эти годы российские специалисты напряженно работали над перспективной техникой и вооружением.Это позволило нам сделать стремительный, большой шаг в создании новых образцов стратегического оружия. В России разработаны и постоянно совершенствуются весьма скромные по цене, но в высшей степени эффективные системы преодоления ПРО, которыми оборудуются все межконтинентальные баллистические ракетные комплексы~.

ასე აღმოჩნდნენ აშშ და ამ სახელმწიფოს ამოფარებული ის დანაშაულებრივი ძალები, რომლებიც მსოფლიოზე გაბატონების დაუოკებელსა და მანიაკურ სწრაფვას ვერაფრით ელევიან, მათთვის დამთრგუნველი იმ რეალობის წინაშე, რომელსაც დიდი ხნის ნაოცნებარზე ხელის აღებისა და მასთან გარდაუვალი დამშვიდობების აუცილებლობა ჰქვია. ისინი რუსეთის ხელში არსებული სიმდიდრის ხელში ჩაგდების სანუკვარ ოცნებასაც ემშვიდობებიან.

აი, რატომ მიიჩნევენ ამერიკული დანაშაულებრივი პოლიტიკის წარმმართველი ძალები რუსეთს მტრად. ვერ აჩოქებ, ესე იგი, მტერია! მეტსაც მოგახსენებთ: ამას წინათ პრეზიდენტმა ბაიდენმა მთლად უსაფუძვლოდ როდი უწოდა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი. დააკვირდით, ბაიდენმა არ გამოიყენა ტერმინები: დიქტატორი, უზურპატორი, ტირანი, ოკუპანტი ან რომელიმე სხვა, რომელსაც დასავლეთის ლიდერები დაპირისპირებული სახელმწიფოთა მეთაურების მიმართ ტრადიციულად იყენებენ. არა, მან პუტინს მკვლელი უწოდა. რატომ მაინცდამაინც მკვლელი? რატომ ატრიალებენ ამერიკელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ამ ტერმინს პუტინის მიმართ? საქმე ისაა, რომ მათთვის პუტინი მართლაც მკვლელია. პუტინმა მოკლა მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონების ამერიკული იდეა, პუტინმა მოკლა და დაასამარა მსოფლიოს დაჩოქებაზე ამერიკელთა ავანტიურისტული და ყოვლად უზნეო ოცნება… ამიტომ, ამერიკული პოლიტიკის მამები არ აჭარბებენ, როდესაც რუსეთს, აშშ-ის სახელმწიფო იდეოლოგიისა და სამხედრო დოქტრინის დონეზე, მტრად აცხადებენ ან პუტინს მკვლელს უწოდებენ. ისინი მხოლოდ მაშინ აჭარბებენ, როდესაც რუსეთს მსოფლიო საფრთხედ აცხადებენ. ეს ვერაგული ხერხია, რომელიც მიმართულია იქით, რომ რუსეთთან დაპირისპირების რთულსა და სახიფათო საქმეში, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე გაიჩინონ.

ამ გაუთავებელ საერთაშორისო ძიძგილაობაში ოცდაათი წელიწადი გავიდარას ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში ჩვენ _ ქართველები?

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქართველები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ეკონომიკისა და უაღრესად განვითარებული კულტურის მქონე რესპუბლიკა გვქონდა, თავს მაინც დაჩაგრულად მივიჩნევდით, ვინაიდან ეროვნული თავისუფლების გარკვეული ნაწილი დელეგირებული იყო საერთო, საკავშირო ხელისუფლებაში. ამერიკულმა იდეოლოგიურმა მანქანამ და სპეცსამსახურებმა მოკავშირე რესპუბლიკის მოსახლეობაში მიზანმიმართულად წაახალისეს ეროვნული მოტივები და გარკვეულ დონეზე ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური განწყობების გაღვივებაც შეძლეს. მათ ამ საქმეში ბრწყინვალედ გამოიყენეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში მოყვანილი მათივე აგენტურა, რომლებსაც, საბჭოთა დისიდენტებთან ერთად, ჭეშმარიტად სახალხო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ზემოდან და ქვემოდან ერთნაირი მონდომებით ანგრევინეს.

მოკავშირე რესპუბლიკებში ჩამოყალიბებული ე.წ. ეროვნული მოძრაობები, რომლებიც სინამდვილეში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფილიალებს წარმოადგენდნენ, აშშ-ის სამსახურში იდგნენ და ამერიკული დირექტივებით მოქმედებდნენ. ამიტომ მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად კი არ მოგვევლინენ, აშშ-ის მარიონეტებად იქცნენ და, მართალია, სხვადასხვა დოზით, მაგრამ თითქმის ყველგან რუსეთის საწინააღმდეგო ამერიკულ პლაცდარმად ჩამოყალიბდნენ. ეს, საერთოდ, ვერ მოახერხეს, მაგალითად, ბელარუსში, მაგრამ ძალიან კარგად გამოუვიდათ საქართველოსა და უკრაინაში. აქვე უნდა აღინიშნოს: საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ყველა საბჭოთა დისიდენტი, სრულიად ანტირუსულ პოზიციებზე იდგა, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამერიკელებისთვის მაინც ცუდი პარტნიორი აღმოჩნდა. ამერიკელებმა გამსახურდია გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში ტახტიდან ჩამოაგდეს (ამის შესახებ გამსახურდიამ თავად განაცხადა) და მის ნაცვლად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოიყვანეს, რის შემდეგ საქართველო დასავლურ კურსს დაადგა და, როგორც შევარდნაძე ამბობდა, ნატოს კარზე კაკუნი დაიწყო. ეს გზა, ეს კურსი დღემდე გრძელდება. ე.ი., გრძელდება მას შემდეგაც, რაც პუტინის მიერ მიუნხენში გაკეთებული მოხსენებაც მოვისმინეთ და ფედერალური საკრებულოს წინაშე ის გამოსვლაც, რომელზეც მან ბირთვული სტრატეგიული შეიარაღების ახალ, სრულიად უნიკალურ სახეობათა პრეზენტაცია გააკეთა. რატომ ვაკავშირებ ერთმანეთთან ამ მოვლენებს? იმიტომ, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოს წევრობისკენ მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. ეს მოვლენა მსოფლიო წესრიგის პრობლემასთანაა დაკავშირებული და ბირთვულ სახელმწიფოთა შორის ბალანსისა დარღვევისკენ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვის შემადგენელი რგოლია. ესე იგი, ეს არ არის ის უწყინარი ქმედება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც გვინდა, იმ ორგანიზაციაში შევალთ! ამ ლოგიკით ცხოვრებისა და მოქმედების პასუხად რუსეთის ლოგიკა ამოქმედდა: საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის საფრთხის შემცველია, რის გამოც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ! იგივე ლოგიკა მოქმედებს უკრაინისა და სხვა ნებისმიერი რესპუბლიკის ურთიერთობაში რუსეთთან. ლოგიკა აზროვნებაა, რომელსაც ქმედებები მოსდევს. ქმედებები, რომლებიც რუსეთის ამ ლოგიკასა და ჩვენთვის კატასტროფის მომტან იმ საქციელს მოჰყვა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში სააკაშვილის სამხედრო ძალით შეჭრა ერქვა. ჩვენ ჩვენი გადასახედიდან მიუღებელი გვგონია, მაგრამ ამ მოვლენას რუსეთის გადასახედიდანაც ხომ უნდა შევხედოთ? რუსეთმა, რომელსაც აგრესიულ და მსოფლიო ბატონობაზე დაგეშილი აშშ ნატოს ალყაში მოქცევას უპირებს და ყველა მხრიდან უახლოვდება, თავი არ უნდა დაიცვას?! კარგად დააკვირდით, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რუსეთმა როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოს წინააღმდეგ კი არ მოქმედებდა, საქართველოს ტერიტორიიდან აშშ-ისა და ნატოს გარდაუვალი აგრესიისგან იცავდა თავს და მის პრევენციას ახდენდა. ამ შემთხვევაში ქართველები ვეღარ ვიტყვით, ჩვენ რა შუაში ვართო. შუაში როგორ არ ვართ, როდესაც დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ვეწერებით რუსეთის მტრების ბანაკში?! ჩვენ მაშინ ვიქნებოდით ცამდე მართალი, რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება რომ გვქონდეს გაფორმებული ან ნეიტრალიტეტი გამოცხადებული. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საბაბი ექნებოდა და, მით უმეტეს, არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა. სხვათა შორის, არათუ საბაბი, ასეთი სურვილიც არ ექნებოდა, ვინაიდან ამის საჭიროება და აუცილებლობა არ იარსებებდა. უნდა მივხვდეთ, რომ, როდესაც ჩვენ აშშ სამხედრო-სტრატეგიულ პარტნიორად ვაღიარეთ, ეს რუსეთისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ომს კი თავისი ლოგიკა და დაწერილ-დაუწერელი კანონები აქვს, ანუ, როგორც იტყვიან-ხოლმე, ომი მორევაზეა. რაკი ეს ასეა, აშშ-იც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან მოსალოდნელ ომში გამარჯვება შეძლოს, რუსეთიც ყველა ღონეს ხმარობს, რომ აშშ-თან იმ თავსმოხვეულ ომში არ დამარცხდეს. ესაა ამ საკითხის მთელი ფილოსოფია, მაგრამ სრულიად გაურკვეველია, ჩვენ რატომ ვყოფთ თავს ამ გასანთლულ ყულფში? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: იმიტომ, რომ ოცდაათი წელიწადის მანძილზე საქართველოში ხელისუფლებათა სხვადასხვა თაობა ამერიკელებს მოჰყავთ ქვეყნის სათავეში. ისინი კი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ამერიკელთა ყველა დირექტივას ასრულებენ, თუნდაც ამას საქართველო საბოლოოდ შეეწიროს. სანამდე შეიძლება ასე გაგრძელება ან რა შედეგამდე მიგვიყვანს ეს გზა? ვიდრე იმაზე ვისაუბრებ, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს გზა მომავალში, ჯერ იმას გადავავლოთ თვალი, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამ გზამ დღემდე? საქართველომ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად თავისუფალ სახელმწიფოდ გამოცხადდა და გაეროს წევრი გახდა, არნახული რეგრესი განიცადა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიკარგა, საფრთხე ემუქრება სხვა ტერიტორიებსაც; მოსახლეობა განახევრდა; ეკონომიკა დაინგრა; მეცნიერება და ხელოვნება მოიშალა; გამეფდა უმუშევრობა, უსამართლობა, კორუფცია; მოსახლეობის დიდი ნაწილი უიმედობამ მოიცვა და დეპრესიაში ჩავარდა, მისი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნაწილი კი ლუკმაპურის საძებნელად და ოჯახების სარჩენად საზღვარგარეთ გარბის. ეს ხომ ის საშინელი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ, მე ხომ არაფერს ვამატებ და ვაზვიადებ? ნუთუ ძნელია ამის გაცნობიერება? ნუთუ ისე გაგვაბრუა დასავლურმა პროპაგანდამ, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, თავი კი სხვა რეალობაში გვგონია? არსებობს საკითხის პრაგმატული გადაწყვეტა და არსებობს საკითხის ზნეობრივი გადაწყვეტა. აშშის ვასალობამ, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობად რომ შემოგვასაღეს, პრაგმატიზმის თვალსაზრისით რომ არაფერი მოგვცა, ვნახეთ. ახლა ზნეობის თვალსაზრისითაც ვნახოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მართებულობა. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო, რომელიც ანგრევს მსოფლიო წესრიგის მექანიზმებს, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და დანარჩენ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს ძალმომრეობაზე აგებს, მსოფლიო დემოკრატიის მეტრად გესახებოდეს?! ხაზი გადავუსვათ ამერიკის წარსულს, აბორიგენი მოსახლეობის ხოცვაჟლეტას, მონათმფლობელობას, რასობრივი დისკრიმინაციის უსაზიზღრეს ფაქტებს, გაუთავებელ ომებს, სისხლიან ბატალიებს, უსამართლობის მოღაღადე გამოვლინებებს, დავივიწყოთ დანარჩენი პრეზიდენტების ჯოჯოხეთური დანაშაულები, მათ შორის იაპონიის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მოწყობილი ბირთული ტერორი და დღევანდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, ბიოგრაფიის მხოლოდ იმ მონაკვეთს გადავავლოთ თვალი, რომლის შესახებაც თვითონ ყვება:

“ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ამერიკას ექნება დანაკარგები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა შევიდეთ ბელგრადში და მოვახდინოთ ქვეყნის ოკუპაცია იაპონურ-გერმანულ სტილში”. იმას, რომ ეს ფრაზა იმხანად სენატორ ბაიდენის ემოციურ ტალღაზე წამოსროლილი რომ არ იყო, ის ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაიდენმა საყვედურის ინტონაციით თქვა: “მე გთავაზობდით ბელგრადის დაბომბვას; მე გთავაზობდით ამ ქვეყანაში ამერიკელი მფრინავების გაგზავნას და მდინარე დრინაზე ყველა ხიდის აფეთქებას; მე გთავაზობდით საწვავის მიწოდების შეწყვეტას; მე გთავაზობდით ძალიან სპეციფიკურ ქმედებებს”. მოგვიანებით ბაიდენი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ამ თემას: “რატომ ვამტკიცებდი ჯიუტად, რომ სერბეთის ხალხისთვის არ გაგვეწვდინა დახმარების ხელი? იმიტომ, რომ სანამ ისინი არ ჩაიხედავენ საკუთარ სულში, მათ არ მოუნდებათ იმ სენისგან განკურნება, რომლითაც დაავადებულნი არიან. აი, ამის გამო. არა შურისძიების გამო, არამედ მათგან გათავისუფლების სურვილის გამო”. საერთოდ, ბაიდენი, სადაც მას სიტყვა ეთქმოდა, ყველგან საომარ მოქმედებას უჭერდა მხარს. შევიდეთ ვიკიპედიაში, ჩავწეროთ “ჯოზეფ ბაიდენი” და აღმოვჩნდებით იმ გვერდზე, რომელზეც წერია: როდესაც აშშის სენატში კენჭს უყრიდნენ ერაყის შესახებ გადაწყვეტილებას, ბაიდენი იმ ოცდაცხრა დემოკრატ სენატორთა შორის იყო, რომლებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ერაყში შეჭრას. ეს იყო 2003 წელს, ჯორჯ ბუში (უმცროსის) ადმინისტრაციის პერიოდში. სენატის მიერ მხარდაჭერილი მანდატი, რომელიც სადამ ჰუსეინის არსენალში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საბაბით გაიცა, აღმოჩნდა ომის გაჩაღების საფუძველი, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა”. ის, რაც ახლა გავიხსენეთ, მხოლოდ წვეთია ამერიკული პოლიტიკის უზნეობის ოკეანეში. ამრიგად, სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან ვერც ზნეობის თვალსაზრისით გავამართლებთ.

როგორც ვხედავთ, საკუთარი ქვეყნის ამერიკის სატელიტ სახელმწიფოდ გადაქცევას ამ ოცდაათი წლის განმავლობაში გამართლება არ ჰქონია. იქნებ მომავლის პერსპექტივა მაინც ჰქონდეს ამ საქმეს?!

ახლა, როდესაც ჩინეთის ფაქტორმა წამოიწია, მისმა ეკონიმიკამ ამერიკულ ეკონომიკას გაუსწრო, მისი ტექნოლოგიების განვითარებაში რევოლუციური ნახტომი გაკეთდა, მისი შეიარაღება თვისებრივად შეიცვალა და მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალი ამერიკის წინაშე ერთი (რუსული) ჯებირის ნაცვლად მეორეც (ჩინური) აღიმართა, ახლა, როდესაც აშშ გაუთავებელი და დაუძლეეელი კრიზისების სტადიაშია, ხოლო რუსეთი მშვიდად იმტკიცებს პოზიციებს მსოფლიოში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კავკასიაშიც, ამერიკის სატელიტად დარჩენა ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანის ტოლფასია; განაჩენისა, რომელიც ფიზიკურ განადგურებას გულისხმობს.

ვალერი კვარაცხელია

P.S. მუდმივი ყინულით დაფარულ არქტიკაზე უცნაური და ულამაზესი სანახაობა გადაიშალა: რუსეთის სამმა წყალქვეშა ატომურმა ხომალდმა მეტრნახევარი სისქის ყინულის საფარი სინქრონულად ამოამტვრია და სამასი მეტრის რადიუსით ზედაპირზე ამოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, ეს უზარმაზარი ატომური ხომალდები თითქოს ყინულზე ცეკვავენოეს მოხდა კომპლექსური ექსპედიციის (2021) ფარგლებში ფრანციოსების არქიპელაგის რაიონში. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ამ მოვლენას ანალოგი არ ჰქონია და გასცა განკარგულება, გააგრძელონ უკიდურესი ჩრდილოეთის ათვისება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის უსაფრთხოება.
ვ.კ.

1 COMMENT

  1. მეტ-ნაკლებად გონიერი ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს ბ-ნი ვალერის მიერ ნათქვამის სრულ ჭეშმარიტებას! მადლობა ბ-ნ ვალერის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here