Home ახალი ამბები საქართველო გაბუნიას გამოხდომა ძვირად დაუჯდება საქართველოს

გაბუნიას გამოხდომა ძვირად დაუჯდება საქართველოს

940

“რუსთავი 2”-ის წამყვან გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელ სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. თბილისში გაბუნიას პროვოკაციულ ქმედებას დანაშაული უწოდეს, მოსკოვში კი აღნიშნეს, რომ ქართულ ტელეარხს, რომლის რეალური მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი, “ფსკერზე დაეცა”. რა შეიძლება მოჰყვეს გაბუნიას გამოხდომას? 

7 ივლისს ქართველმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავს უფლება მისცა, უცენზურო სიტყვები გამოეყენებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მშობლების მიმართ. გადაცემის დასრულების შემდეგ თბილისში, ტელეარხ “რუსთავი 2”-ის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია _ რამდენიმე ასეული ადამიანი კვერცხებსა და ბოთლებს ისროდა, აგრეთვე, მოითხოვდა ტელეწამყვანის სამსახურიდან დათხოვნას.

არხის მაუწყებლობა შეწყდა, მაგრამ 8 ივლისს, დილით, კვლავ განახლდა. ამასთანავე, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა თავისი ტელეწამყვანის საქციელის გამო. ინციდენტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა _ საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტის საქციელს პროვოკაცია უწოდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო გაბუნიას ქმედება, რომელმაც, “საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა!”

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე მამუკა ბახტაძემ მომხდარს “ბინძური და ამაზრზენი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა”. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა და “საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად”. საქართველოს პრემიერმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ პარალელი გაავლო “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პროვოკაციასა და 1939 წელს პოლონეთის წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის მოქმედებას შორის.

“პროპაგანდისტებმა გამოიყენეს ჰიბრიდული ომის ტექნოლოგია წინასწარგანზრახული პროვოკაციისთვის. ეს მაგონებს 1939 წლის მოვლენებს, როცა ჰიტლერის დავალებით “პოლონელი დივერსანტები თავს დაესხნენ გერმანიის რადიოსადგურს გლეივიცში, რაც მეორე მსოფლიოს ომის დაწყების საბაბი შეიქნა. გაბუნია და მისი კურატორები შესანიშნავად ფლობენ ამ ტექნოლოგიებს და წარმოადგენენ შთამომავლებს რეინჰარდ პეიდრიხისა, რომელიც კურატორობდა ამ ოპერაციას (გლეივიცში)”, _ განაცხადა მაისაიამ.

ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან რეაქცია: ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა გაზეთ “ვზგლიადს” განუცხადა, რომ მომხდარი არის ქართული ჟურნალისტიკის დონის მაჩვებელი.

“არც ერთი ადეკვატური ჟურნალისტი ან არხი თავს უფლებას არ მისცემს, ეთერში ასეთი რაღაც გააკეთოს. ეს სცდება პროფესიული სტანდარტების საზღვრებს. და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო ეს აქცია, თვითონ საქართველოს ხელისუფლების ხარისხი ისეთია, რომ მის პირობებში შეიძლება ეთერში შეურაცხყო სხვა ქვეყნების ლიდერები, ჩაშალო პარლამენტის მუშაობა; შეიძლება ქუჩაში სცემო პოლიციელებსა და ჟურნალისტებს; ჩაშალო ტურისტული სეზონი, იმიტომ, რომ ვერ უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. დღეს საქართველოს ხელისუფლების ხარისხი ნულის ტოლფასია”, _ განაცხადა მოროზოვმა. მისი აზრით, ქართულმა ელიტამ არა მხოლოდ უნდა დაგმოს არხისა და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელი, არამედ აჩვენოს, რომ ამ ქვეყანაში არის კანონიერი ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს ვითარებას და მოქმედებს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით”.

“საქართველოს მიმართ ზომები უკვე მიღებულია: შეწყდა საავიაციო მიმოსვლა, საქართველოს ეკონომიკა მტკივნეულად იგრძნობს ამ ზომების შესაბამის შედეგებს, თუმცა ჩვენი დიპლომატიური არხებითაც ყველა შესაბამის ქმედებას განვახორციელებთ”, _ განაცხადა მოროზოვმა.

საბჭოს საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის პრეზიდენტი თევდორე ლუკიანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფით ქართული ოპოზიცია ცდილობს რუსეთის პროვოცირებას “სადამსჯელო ზომებზე”, რათა კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის აზრით, “დროა, შეწყდეს “მანტრები ქართველთა მაღალ კულტურასა და სტუმართმოყვარეობაზე, საერთო ფასეულობებსა და სახალხო დიპლომატიაზე”. მისი აზრით, “გაბუნიას გამოხდომა არ არის ერთი ჟურნალისტის გამოხდომა, ეს არის არხის პოზიცია. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც არ იწვევს ეჭვს. ჩვენ მათთვის მტრები და ოკუპანტები ვართ”, _ დაწერა სოლოვიოვმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე განიცდის ზარალს რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებით: შეწყდა ავიარეისები საქართველოს მიმართულებით, რუსებმა გააუქმეს სასტუმროებში დაჯავშნილი ნომრების 80%. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ტურისტების შემცირებით გამოწვეული ზარალი დაახლოებით 710 მლნ დოლარი იქნება.

VZ.RU-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შეთავაზებაზე სანქციები დაეწესებინათ საქართველოსთვის. “არ გავაკეთებ ამას ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, _ განაცხადა პუტინმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here