Home რუბრიკები სპორტი ფერენც პუშკაში _ დევნილი ლეგენდა

ფერენც პუშკაში _ დევნილი ლეგენდა

1413

2002 წლის 2 აპრილს უნგრელი ფეხბურთელი ფერენც პუშკაში თავის 75-წლის იუბილეს აღნიშნავდა. ის უსაჩუქროდ არ დატოვა უნგრეთის ხელისუფლებამ, რომელმაც ბუდაპეშტის “ნეპშტადინს” სახელი შეუცვალა და “ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონი” დაარქვა. არადა, 1956 წლიდან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პუშკაში თავის სამშობლოში პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული. 

ცოტამ თუ იცის, რომ სამომავლოდ დიდი ფეხბურთელი, რომელიც ბუდაპეშტის ერთ-ერთ რაიონ კიშპეშტში დაიბადა, ბავშვობაში გვარად ფურცელდი იყო. პუშკაში ის გახდა, როცა 11 წლის იყო ( მამამისმა გვარი გამოიცვალა). იმხანად ფერენცი უკვე თამაშობდა ბავშვთა გუნდში, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან მამამისი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, თამაშობდა ადგილობრივ “კიშპეშტში”, შემდეგ კი ამ გუნდს წვრთნიდა. ვაჟმა ძალიან მალე აჯობა მამას. 16 წლის ფერენცი უკვე თამაშობდა “კიშპეშტის” ძირითად შემადგენლობაში, გაჰქონდა უამრავი ბურთი. ის სიჭაბუკიდანვე გამოირჩეოდა უძლიერესი დარტყმით, რომლითაც შიშის ზარს სცემდა მეკარეებს. მოგვიანებით, როცა ის უკვე იყო უნგრეთის ნაკრების მოთამაშე, მის დარტყმას მარცხენა ფეხით “სასიკვდილო დარტყმა” შეარქვეს.

18 წლის ფერენც პუშკაშმა უნგრეთის ნაკრებში პირველად ითამაშა 1945 წლის 20 აგვისტოს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ. ყველა პოზიციიდან უძლიერესი დარტყმის გარდა, პუშკაში პოზიციის შერჩევითაც გამოირჩეოდა. ელვისებურად ჩნდებოდა იქ, სადაც გადაცემა უნდა გაკეთებულიყო და ბურთი კარში გაჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ 1947 წელს ახალგაზრდა უნგრელის შეძენა ტურნირის “იუვენტუსს” სურდა, მაგრამ იმხანად სოციალისტური ქვეყნიდან კაპიტალისტურში გადასვლა შეუძლებელი იყო. 1948 წლიდან პუშკაშმა თამაში დაიწყო ახალჩამოყალიბებულ გუნდ “ჰონვედში”, რომელიც “კიშპეშტის” ბაზაზე შეიქმნა. ფერენცი პირველივე სეზონში გახდა უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირი. უნგრეთის ეროვნული ნაკრები კი, ძირითადად, “ჰონვედის” მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. პუშკაშმა მალე შეძლო მსოფლიოს განცვიფრება ფანტასტიკური თამაშით. პირველ დიდ წარმატებას უნგრეთის ნაკრებმა 1952 წელს მიაღწია, როცა ჰელსინკის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა. 1953 წელს ლონდონში, სტადიონ “უემბლიზე” უნგრელებმა გაანადგურეს ინგლისელები _ 6:3, ამ მატჩამდე უნგრეთის ნაკრებმა 32 შეხვედრა გამართა, მათგან 25-ში გაიმარჯვა 6 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. ეს ფანტასტიკური შედეგი იყო. უნგრეთის იმჟამინდელ ნაკრებში თამაშობდა შესანიშნავი მეკარე დიულა გროშიჩი, თავდამსხმელთა შესანიშნავ ტრიოში კი პუშკაშის გარდა იყვნენ შანდორ კოჩიში და ნანდორ ჰიდეგკუტი. უნგრელთა თამაში აგებული იყო ახალ ტაქტიკაზე, რომლის ავტორიც იყო ინგლისელი მწვრთნელი ჯიმი ჰოგანი. იმ პერიოდში გაბატონებული იყო სისტემა “დუბლ-ვე”. სამი ფორვარდი, მათგან ერთი _ ცენტრალური, წაწეული იყო წინ, ორი კი უკნიდან მოქმედებდა. ჰოგანის მიერ შემუშავებული ტაქტიკით კი ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰიდეგკუტმა უკან დაიხია. მას მიჰყვებოდა მოწინააღმდეგის მცველიც, წარმოქმნილ თავისუფალ სივრცეში კი სწრაფად შედიოდნენ პუშკაში ან კოჩიში და გაჰქონდათ ბურთები. სწორედ ამ ტაქტიკით თამაშობდა უნგრეთის ნაკრები 1954 წელს შვეიცარნიაში გამართულ V მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. უნგრელებმა ქვეჯგუფში 8:3 დაამარცხეს გერმანელები, შემდეგ კორეელებს 9:0 მოუგეს, მაგრამ პუშკაშმა ტრამვა მიიღო და ფინალურ შეხვედრამდე აღარ უთამაშია. მეოთხედფინალში უნგრელებმა ბრაზილიელები დაამარცხეს 4:2, განაწყენებული ბრაზილიელები გასახდელში შეუვარდნენ უნგრელებს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს. მოჩხუბარი ფეხბურთელების დაშოშმინება მხოლოდ პოლიციელებმა შეძლეს.

ნახევარფინალში უნგრელებმა ისევ 4:2 იმარჯვეს, ამჯერად ურუგვაისთან და ფინალში გავიდნენ. ყველა ელოდა, რომ უნგრელები იოლად დაამარცხებდნენ გერმანელებს. მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში 2:0 იყო უნგრელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი პუშკაშმა გაიტანა, მაგრამ მალე მას ტრავმამ თავი შეახსენა. არადა, იმხანად ფეხბურთელის შეცვლა დაშვებული არ იყო. 2 წუთის შემდეგ გერმანელებმა ერთი გოლი გაქვითეს, მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი მეორე ბურთიც გაიტანეს. დამატებით დროში უნგრელებს ძალა აღარ ეყოთ, გერმანელებმა კი მესამე ბურთიც გაიტანეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ეს იყო უნგრეთის “დიდი გუნდის” პირველი მარცხი გამარჯვებათა სერიის შემდეგ.

1956 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როდესაც ამბოხებული უნგრელების წინააღმდეგ საბჭოთა ტანკები გამოიყვანეს, უნგრეთის “დიდი გუნდი” დაიშალა. კლუბი “ჰონვედი”, რომლის თითქმის ყველა მოთამაშე უნგრეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, იმხანად ტურნეს მართავდა ევროპის ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც ამბოხება ჩაახშვეს, “ჰონვედის” ფეხბურთელები სამშობლოში აღარ დაბრუნდნენ, მათ შორის, ფერენც პუშკაშიც. ეს ფეხბურთელები უნგრეთში მყისვე გამოაცხადეს სამშობლოს მოღალატეებად და მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ცოტა ხანს პუშკაში ავსტრიაში ცხოვრობდა, მან შეძლო იქ გადაეყვანა ოჯახიც. ფერენცი 29 წლის იყო და სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ იტალიურმა კლუბებმა უარი განაცხადეს მის შეძენაზე წლოვანების გამო. 1957 წელს კი პუშკაშის შეძენა მადრიდის “რეალმა” მოისურვა. მანამდე უნგრეთისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებმა ფიფაში სარჩელი შეიტანეს პუშკაშის სამუდამო დისკვალიფიკაციის მოთხოვნით, მაგრამ 2-წლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

1958 წელს პუშკაში უკვე ვარჯიშობდა “რეალის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად. მან და არგენტინელმა ალფრედო დიდ სტეფანიმ ბრწყინვალე დუეტი შექმნეს და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

პუშკაშმა “რეალის” მაისურით გამოსვლის პირველივე სეზონში 24 ბურთი გაიტანა. 1959-1960 წლების სეზონში კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა _ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, “რეალმა” კი ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი (ამჟამად ჩემპიონთა ლიგა). 1960 წელს გამართულ ფინალურ მატჩში, რომელშიც რეალმა 7:3 გაანადგურა ფრანკფურტის “აინტრახტი” დი სტეფანომ ჰეტ-თრიკი შეასრულა, პუშკაშმა _ პოკერი.

1961 წელს პუშკაშმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და უკვე შეეძლო ესპანეთის ნაკრებში თამაში. პირველი მატჩი ესპანეთის ნაკრების მაისურით მან 1962 წელს ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. ითამაშა ჩილეშიც, სადაც საფინალო ტურნირი ჩატარდა, მაგრამ ესპანელები წარუმატებლად გამოვიდნენ (ჩემპიონობა ბრაზილიელებმა მოიპოვეს).

ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მადრიდის “რეალი” პუშკაშთან ერთად ბრწყინავდა. პუშკაშმა 5-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, 4-ჯერ კი _ ბომბარდირის ტიტული. მან “რეალის” მაისური უკანასკნელად 1966 წელს მოირგო. პუშკაში დიდების ზენიტში იყო, როცა დიდი ფეხბურთიდან წავიდა, თანაც წავიდა მატერიალურად უზრუნველყოფილი, რადგან გამომუშავებული ფული წარმატებით დააბანდა ძეხვეულის საწარმოში.

მოგვიანებით მწვრთნელობას მიჰყო ხელი _ ავარჯიშებდა კანადისა და აშშ-ის კლუბებს, მაგრამ არცთუ წარმატებით.

1981 წელს ფერენც პუშკაშის ცხოვრებაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა: ის ოფიციალურად მიიწვიეს უნგრეთში, სადაც არ იყო ნამყოფი 25 წლის განმავლობაში. დროება შეიცვალა _ ლეგენდარულ ფეხბურთელს დაუბრუნეს უნგრეთის მოქალაქეობა. მას შემდეგ პუშკაში უნგრეთშიც ცხოვრობდა და ესპანეთშიც.

2002 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ფერენც პუშკაში XX საუკუნის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

უნგრული ფეხბურთისგან დევნილი ლეგენდარული ფეხბურთელი სამშობლოში გარდაიცვალა. ეს მოხდა 2006 წლის 17 ნოემბერს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

პუშკაშის სახელობის სტადიონი ბუდაპეშტში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here