დაღლილი დასავლეთი
“სანამ არ შეწყდება ზელენსკის რეჟიმის ფინანსებითა და შეიარაღებით გატენვა, სანამ უკრაინიდან არ გაიყვანენ ნატოს ინსტრუქტორებსა და დაქირავებულ სამხედროებს, სანამ არ იქნება აღიარებული რუსეთის მიერ განსაზღვრული რეალიები მიწებზე, უსაფრთხოების გარანტიებზე სერიოზული მოლაპარაკებები არ შედგება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე დარჩიევმა.
ამ მკვეთრ განცხადებას დიპლომატმა შემდეგი განმარტება მოაყოლა:
“მოსკოვს, ერთი წლის წინათ დადო რა მაგიდაზე იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტების ორი პროექტი, ჰქონდა პატიოსანი მცდელობა მოლაპარაკებისა აშშ-სა და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებზე. პასუხად მივიღეთ კატეგორიული და ქედმაღლური “არა”. როგორც ახლა ირკვევა, ტკბილი სიტყვებით შეფუთული დარწმუნების უკან, რომ დასავლეთი ერთგული იქნებოდა მინსკის შეთანხმებებისა, მიდიოდა უკრაინის გამალებული შეიარაღება და სამხედრო ძალების კონცენტრაცია დონბასის ასაღებად და გასანადგურებლად, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის იძულებითი ღონისძიება, რომელმაც ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე ჩაშალა რუსი მოსახლეობის გენოციდი. ამ ვითარებაში ნდობა აშშ–ისა და კოლექტიური დასავლეთის მიმართ ჩვენ არ გაგვაჩნია“.
რაზე მეტყველებს ეს განცხადება?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში, პირველ რიგში, თვალში საცემია ტონალობა. ეს არის თავის გამარჯვებაში დარწმუნებული სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. პირიქით, დასავლეთს რუსეთი საკუთარ პირობებს დღეს უფრო თამამად კარნახობს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინათ, სანამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. რას სთავაზობდა რუსეთი ნატოს იმ დროს? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გაკეთებული განცხადება ასეთი შინაარსის იყო:
* “მოსკოვი დაბეჯითებით მოითხოვს ნატოს ინფრასტრუქტურის უკან დახევას 1997 წლის პოზიციებამდე, ანუ იმ მდგომარეობამდე, რომელიც შექმნილი იყო რუსეთი–ნატოს ფუძემდებლური აქტის გაფორმებამდე;
* რუსეთი ნატოსგან მოითხოვს, გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსისთვის უკრაინის მიერთება;
* რუსეთი მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იმ ქვეყნების საზღვრებს გარეთ, რომლებშიც ისინი უკვე იყვნენ 1997 წლის მაისამდე, ანუ ალიანსისთვის აღმოსავლეთი ევროპის მიერთებამდე;
* ნატომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში;
* გარდა ამისა, ნატომ არ უნდა განათავსოს საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეეძლებათ სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაზიანება“.
რუსეთის სწორედ ამ შეთავაზებაზე თქვეს ამერიკელებმა ის ქედმაღლური “არა”, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დარჩიევმა მის ამ ახალ განცხადებაში ახსენა. ჩემ მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვას – რას უნდა ნიშნავდეს რუსეთის ეს განცხადება, ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე, თუმცა სათქმელი ბოლომდე არ მითქვამს. რუსეთის ეს ახალი განცხადება 2021 წელს რუსეთის მიერ გახმოვანებული და აშშ–ის მიერ ქედმაღლურად უარყოფილი იმ პროექტის გაცოცხლებას ნიშნავს, რომელიც ერთადერთი ლოგიკური გზაა ომის შესაჩერებლად, მშვიდობის დასამყარებლად, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და ბირთვული ომის საშიშროების მოსახსნელად. ჩნდება შეკითხვა – რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-ში ამჯერად მაინც? ეს დამოკიდებულია იმაზე, რა უფრო ძვირფასია ამერიკელებისთვის – მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება თუ მთელ პლანეტაზე საბოლოო გაბატონებისკენ მათი აღვირახსნილი ლტოლვა, რომელსაც კაცობრიობა ბირთვული კატასტროფისკენ მიჰყავს. ჩემი ვარაუდით, არც აშშ და არც კოლექტიური დასავლეთი ჯერ არ არიან მზად იმ ერთადერთი გონივრული ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტზე დათანხმებაში გამოიხატება და მათთვისაც ჰაერივით აუცილებელია. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ აშშ-ის კონგრესი პრეზიდენტ ზელენსკის არნახული ოვაციებით შეხვდა და 2023 წელს უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფა ტაშის გრიალით დაამტკიცა. როდის მივლენ ისინი პლანეტაზე შექმნილი გეოპოლიტიკური კრიზისის შესახებ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომელიც, ადრე იქნება თუ გვიან, მათთვისაც ერთმნიშვნელოვნად გაცხადდება? ეს მარტივი შეკითხვა არ არის, მაგრამ არც ისეთი რთულია, რომ პასუხგაუცემელი დარჩეს. ამერიკელებს ამ დასკვნამდე, სხვა რომ არაფერი, ის ვითარება მიიყვანს, ახლო მომავალში უკრაინაში რომ შეიქმნება.
რა ვითარებაა ეს?
ეს ის ვითარება იქნება, როდესაც უკრაინული ფაშიზმი ისევე დაიჩოქებს რუსეთის წინაშე, როგორც გერმანულმა ფაშიზმმა დაიჩოქა საბჭოთა კავშირის წინაშე.
რა წანამძღვრები არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ეს ასე მოხდება?
უმთავრესი მტკიცებულება აქ ის არის, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინის საომარ პოლიგონზე ათი თვის განმავლობაში ვერ შექმნა ის უპირატესობა, რომელიც მას გამარჯვებას მოუტანდა (ვგულისხმობ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან გასულ 10 თვეს. რეალურად კი დასავლეთს საამისოდ შვიდ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდა, რადგან მინსკის შეთანხმებიდან, ანუ 2015 წლიდან მოყოლებული, თურმე ამ ომისთვის ემზადებოდნენ, რა თქმა უნდა, ფარულად და ვერაგულად). ერთი სიტყვით, დასავლეთის მცდელობა, რუსეთი პირდაპირ ომის ველზე დაეჩოქებინა, ჩაიშალა. რუსეთმა, ყირიმის გარდა, კიდევ ოთხი ტერიტორიული ერთეული შეიერთა, რომელთა უკრაინისთვის დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ არსებობს არც მოლაპარაკებებით და, მით უფრო, არც საომარი მოქმედებებით. როდესაც ვლაპარაკობ საომარ მოქმედებებზე, მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ დასავლეთი (როგორც ევროპა, ისე აშშ) უკვე დაიღალა უკრაინის ომის შედეგად მიღებული იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული ზიანით, რომლის კომპენსაციის გზა არადა არ ჩანს. ამ მდგომარეობით ევროპელი ხალხი რომ უკმაყოფილოა, ეს იმ საპროტესტო აქციებიდანაც ჩანს, რომელშიც თითქმის მთელი კონტინენტი გაეხვია. განწყობას, რომელიც ევროპაში სუფევს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან მოტანილი ამონარიდებიც გვიჩვენებს:
“ევროპაში ისევ აპროტესტებენ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას“;
“ევროკავშირს უფრო სერიოზული პრობლემები გაზაფხულზე ელოდება“;
“ევროკავშირის ხელისუფლება მორიგ ანტირუსულ სანქციებს აწესებს, ევროპელები კი მასობრივად გამოთქვამენ პროტესტს ამ პოლიტიკის გამო, მაგრამ მაღალჩინოსნებს მათი არ ესმით“;
“უამრავი ადამიანი გამოვიდა ანტირუსული სანქციების გასაპროტესტებლად იტალიის ქალაქ ავიანოში, სადაც განთავსებულია ნატოს ბაზა. ისინი მოითხოვდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“;
“გასულ უქმე დღეებში საზოგადოებრივი შფოთვა იყო პარიზში. მომიტინგეები ითხოვდნენ ევროპული პოლიტიკის გადახედვას რუსეთისა და ნატოს მიმართ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ აშშ–ისა და ნატოს სურვილებზე წინ საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაყენებას“;
“მიტინგების ტალღამ გადაუარა გერმანიას, საბერნეთს, ბულგარეთს, ავსტრალიასა და აშშ–ს. ხალხი ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას ითხოვს და აპროტესტებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნების მოსახლეობას უდიდესი პრობლემები ექმნება“.
ეს, რაც შეეხება საზოგადოებრიც განწყობებს. ვითარებით უკმაყოფილება ღვივდება პოლიტიკურ წრეებსა და თვით სახელმწიფოთა პირველ პირებშიც. მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა ხალხისადმი საშობაო მიმართვაში აღიარა, რომ მათ ქვეყანაში მძიმე დრო დადგა უკრაინის კრიზისის გამო: “გერმანელებმა სერიოზული უარყოფითი შედეგები მიიღეს, ბევრი მათგანი იძულებულია, საკუთარი თავი შეზღუდოს“. პრეზიდენტმა თქვა, რომ “მისი სანუკვარი ოცნებაა, კვლავ მშვიდობამ დაისადგუროს“.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გერმანია (მთლიანად ევროპა) დაიღალა ამერიკელების მიერ შექმნილი ვითარებით უკრაინაში? ალბათ, ნიშნავს. სიტყვა “დაღლა” შემთხვევით არ გამომიყენებია. ზუსტად ამავე სიტყვას იყენებს პორტალი Newsweek-ი, რომელმაც აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის (2022 წლის ოქტომბერი) შედეგები გამოაქვეყნა: “აშშ-ის მოქალაქეები დაიღალნენ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთაურ ჯოზეფ ბაიდენის მიდგომით უკრაინის ვითარებისადმი. Data for Progress-ის მიერ გამოკითხულთა 57 პროცენტი მხარს უჭერს მოლაპარაკებებს რუსეთთან, თუნდაც ამან უკრაინა სერიოზული კომპრომისების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 32 პროცენტი“.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რაც ზემოთ ვთქვი: ფაშისტური უკრაინა, კოლექტიურ დასავლეთთან ერთად, ისევე დაიჩოქებს რუსეთის წინაშე, როგორც ფაშისტურმა გერმანიამ (მასთან ერთად მთელმა დასავლეთმა) დაიჩოქა საბჭოთა კავშირის წინაშე.
ვალერი კვარაცხელია