Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპულმა ფასეულობებმა ინგლისურ ტრადიციებს დაარტყა

ევროპულმა ფასეულობებმა ინგლისურ ტრადიციებს დაარტყა

118

ერთერთ დიდ ქრისტიანულ თემში _ ანგლიკანურ ეკლესიაში _ სკანდალია. სასულიერო პირები ვერ შეთანხმდნენ, დასაშვებია თუ არა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება. დაპირისპირებული კონსერვატორებისა და ლიბერალების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა სცადა, მაგრამ შედეგად თვითონ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ.

ორ ცეცხლს შუა

ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს კენტერბერიის არქიეპისკოპოს ჯასტინ უელბის საქციელი. ერთნი წერდნენ, რომ ის ამ ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდა, მეორენი _ ბრძოლაში დამარცხდაო, მესამენი კი აღნიშნავდნენ, რომ: “უელბიმ არც ჰო თქვა და არც არა”.

მიზეზი _ ლამბეტის კონფერენცია, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ანგლიკანელებისთვის: XIX საუკუნის შუაგულიდან 10 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის ეპისკოპოსები კენტის საგრაფოში იკრიბებიან თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა გეი-ქორწინებები. უზარმაზარი ანგლიკანური თემი, რომელშიც 85 მლნ მორწმუნეა, უკვე 25 წელიწადია, კონსენსუსს ვერ პოულობს. 1998 წელს თითქოს საბოლოოდ გადაწყვიტეს: “ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის კავშირები დაუშვებელია და რეკომენდებული არ არის მათიდაკანონება და დალოცვა”. თუმცა, ეს იყო მხოლოდ რეკომენდაცია და არა დირექტივა. საქმე ის არის, რომ ინგლისურ ეკლესიაში, განსხვავვებით, მაგალითად, რუსული მართლმადიდებელი ან რომაულ-კათოლიკური ეკლესიებისგან, არ არსებობს მკაცრი ადმინისტრაციული სტრუქტურა. ეს უფრო 42 ეროვნული თემის კონფედერაციაა ერთნაირი მრწამსით, მაგრამ განსხვავებული წესებით.

ამიტომ ახლა გეებსა და ლესბოსელებს “თავზე გვირგვინს ადგაემენ აშშ-ის, ბრაზილიის, კანადის, შოტლანდიის, უელსის, ახალი ზელანდიისა და პოლინეზიის ეკლესიებში, მაგრამ ინგლისში, სადაც სამოქალაქო საზოგადოებაში, უკვე დიდი ხანია, ლეგალიზებულია ასეთი კავშირები და სადაც კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ფორმალურად სახელმწიფო მოხელედ ირიცხება, მსგავსი პრაქტიკა აკრძალულია. ამის გამო ანგლიკანელთა სასულიერო ცენტრს გამუდმებით აკრიტიკებენ ერთმორწმუნენი.

“ეს სრულიად არასწორი გზავნილია მსოფლიოსთვის… ის ეწინააღმდეგება განკურნებისა და შერიგების ქრისტიანულ ფასეულობებს”, _ განაცხადა ლოს-ანჯელესის ეპიკოპოსმა ჯონ ჰარვი ტეილორმა.

კენტენბერიის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი

 “მეტისმეტად ტოლერანტული

ლამბეტ-2022-ის შედეგების მიხედვით, 1998 წლის მკაცრი ფორმულირება შეარბილეს: “ანგლიკანური თემის აზრით, ყველა მონათლული და მორწმუნე ადამიანი, მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქრისტეს სხეულის სრულუფლებიანი წევრია… საჭიროა მათზე ზრუნვა და პატივისცემით მოპყრობა”, მაგრამ ასეთმა ვარიანტმა ტრადიციონალისტები ვერ დააკმაყოფილა. ანგლიკანური ეკლესიის სინოდის წევრმა, გავლენიანმა ერისკაცმა სემ მარგრეივმა დაგმო ჯასტინ უელბი.

“ლიბერალურად განწყობილმა რომის პაპმაც კი პირდაპირ განაცხადა, რომ ეკლესიამ არ შეიძლება დალოცოს და აკურთხოს ცოდვა, _ დაწერა მარგერეივმა ანგლიკანელთა ლიდერისთვის განკუთვნილ მიმართვაში, _ რომ არაფერი ვთქვათ საიდუმლოებების შეცვლაზე, რათა დასაშვები იყოს ჰომოსექსუალური ქორწინებები მღვდელთა შორის”. მარგერეივმა უელბის გადადგომისკენ მოუწოდა _  ჯერჯერობით ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოხდება “სინოდში კენჭისყრის გზით”.

მაგრამ ამით პრეტენზიები არ ამოწურულა, აფრიკელმა ეპისკოპოსებმა უელბის “მეტისმეტად ტოლერანტული” უწოდეს და დაიმუქრნენ, რომ გამოეყოფოდნენ ინგლისის ეკლესიას. “თუ დასავლეთის ქვეყნების ეკლესიები არ მოინანიებენ კანონებიდან გადახვევებს, მაშინ ჩვენ გავწყვეტთ კონტაქტებს”, _ განაცხადეს მათ. შედეგად, ანგლიკანელთა სულიერმა წინამძღოლმა კიდევ ერთხელ შეცვალა პოზიცია: 1998 წლის დებულებები “სამართლიანად აღიარა საწმყსოსთვის”. უგანდის, ნიგერიისა და რუანდის თემების წნეხი გასაგებია _ მათ უკან 30 მლნ მორწმუნეა, რაც 10-ჯერ მეტია ლიბერალური ფრთის მორწმუნეების რაოდენობაზე”.

ჯვრისწერა ანგლიკანურ ეკლესიაში

საკითხი მაინც ვერ გადაწყვიტეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ზოგადი სიტყვებით შემოიფარგლა და ამით კიდევ უფრო გახლიჩა ერთმორწმუნენი. კონსერვატორებმა ის დოგმების საზიანოდ “მეტისმეტ სირბილეში” დაადანაშაულეს, ლიბერალებმა კი _ “ფსონის ინსტიტუტებზე (და არა ადამიანებზე) დადებაში”.

ექსპერტთა აზრით, ეს ვითარება მიუთითებს კრიზისზე სრულიად ქრისტიანობაში.

“ეს ღვთისმეტყველების კრიზისია, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო, როცა რეფორმისტულმა ფრთამ ძალა მოიკრიბა და ტრადიციონალისტებს ოპოზიცია შეუქმნა”, _ ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი რომან ლუნკინი. “თუმცა, _ დასძინა მან, _ მსგავსი კონფრონტაცია ჩვეულებრივ ამბად იქცა”.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ანგლიკანიზმმა დროთა განმავლობაში დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ბალანსის პოვნა ისწავლა. “საქმე ის არის, რომ ამ კონფესიის სულიერი ბირთვი ყოველთვის იყო ანგლიკანური ეკლესია, სახელმწიფოებრივი, რომლის სათავეშიც დგას დედოფალი ელისაბედი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რელიგიური ინსტიტუტი ყოველთვის ცდილობდა, ფეხი აეწყო საზოგადოებრივი ტენდენციებისთვის და ერთდროულად შეენარჩუნებინა ტრადიციები”, _ განმარტა ლუკინმა. ასეთი მექანიზმი კი განხეთქილების რისკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

მაგრამ ძველი საკითხი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებებზე კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა. ეს მრევლს სერიოზულად აღელვებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220812/angliyskie-1808913771.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here