Home ახალი ამბები საქართველო ევროპული ჰოპლა და…  ქართული მოლოდინი

ევროპული ჰოპლა და…  ქართული მოლოდინი

534

,,სდგანან  წარბშეუხრელად.

ელოდნენ, ელიან და კვლავაც ექნებათ მოლოდინი!”

ვაჟაფშაველა

ერთპოლუსიანი მსოფლიო მიდის. მის ადგილს ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიო იკავებს. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს მოწყობის ახალი მოდელის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ ამერიკულ ჰეგემონიზმზე უარის თქმა არ არის საკმარისი. ამისთვის აუცილებელია, რომ ძველი, ყავლგასული და დრომოჭმული მოდელი ახალმა, პროგრესულმა და  სამართლიანმა სისტემამ ჩაანაცვლოს.

ბრიჩს-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სამიტს, რომელიც 23 ივნისს გაიმართა, ისტორიული ხასიათი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია დამაჯერებლად წარდგა მსოფლიოს წინაშე, როგორც ახალი საერთაშორისო პლატფორმა. არსებობს მრავალი საფუძველი და წინაპირობა საიმისოდ, რომ ახლა, როდესაც  მსოფლიო დოლარის მიმართ  ნდობა მცირდება, როდესაც აშშ-სა და კოლექტიურ დასავლეთში ინფლაცია, ენერგომატარებლებზე ფასებისა და ვალების კატასტროფული ზრდის პროცესი შეუქცევადი ხდება, ბრიჩსის ქვეყნებს შეუძლიათ უაღრესად პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, რაც, არცთუ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, მსოფლიოში შეცვლის ფინანსების დღემდე არსებულ გლობალურ სისტემას, რომელსაც ამერიკული ეკონომიკა ეყრდნობა. დოლარი თუ ამ ხუთეულის ბაზარს დაკარგავს, მსოფლიოში დღეს არსებულ საფინანსო სისტემას წერტილი დაესმება. ამ სისტემის ჩანაცვლებას კი მხოლოდ ახალი, უსაფრთხო, სტაბილური და, რაც მთავარია, სამართლიანი სისტემა შეძლებს.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდიმ, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ  რამაფოსა, თავმჯდომარეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი.

სამიტს, ბუნებრივია, ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი. ამ რთულ ვითარებაში სხვანაირად ვერ იქნებოდა. სამიტის წარმატებული მსვლელობა უკვე პოლიტიკური ფაქტი გახლდათ, ვინაიდან ეს იყო პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლირებისა დანარჩენი მსოფლიოსგან ჩაფლავდა. სამიტის  დაწყებამდე კარგა ხნით ადრე აშშ ყველა ღონეს მიმართავდა, რომ თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები  რუსეთს გამიჯვნოდნენ და დაპირისპირებოდნენ. ისინი კოლოსალურ ძალისხმევას დებდნენ იმაში, რომ ანტირუსული ბანაკის წრე ახალი წევრების მოზიდვით გაეფართოვებინათ; მაგალითად, მზად იყვნენ, რუსეთთან დაპირისპირების სანაცვლოდ ყველანაირ დათმობაზე წასულიყვნენ იმ სახელმწიფოებთანაც კი, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ არადემოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებად აცხადებდნენ და საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყვით ემუქრებოდნენ. მათდა სამწუხაროდ, ამ მცდელობიდან ბევრი არა გამოვიდა რა. ბრიჩს–ის არც ერთმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი აშშ-ის ქმედებებს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამ სამიტზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ,,ბრიჩსი მოწოდებულია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოსაყალიბებლად. გამოწვევათა და საშიშროებათა ტრანსნაციონალური ხასიათი ითხოვს, რომ მათზე რეაგირება იყოს ერთობლივი, რაც დაფუძნებული იქნება მჭიდრო კოოპერაციაზე“. პუტინმა გასაოცარი გულწრფელობით განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთი აქტიურად განიხილავს ეკონომიკური მიმართულებებისთვის ახალი ორიენტირების მოძებნას საერთაშორისო საიმედო პარტნიორების სახით. პირველ რიგში, ეს სწორედ ბრიჩსის წევრი სახელმწიფოები იქნებიან. სამიტზე სხვა პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის ლიდერის ნათქვამი ერთი წინადადება, რომელიც გაისმა, როგორც ზუსტი შეფასება აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის იმ ნამოქმედარისა,  მსოფლიოს კატასტროფისკენ რომ მიაქანებს: ,,ზოგიერთი სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების დაცვას სამხედრო ალიანსების გაფართოების გზით ცდილობს. აღვივებენ რა ბლოკურ დაპირისპირებებს, ისინი დანარჩენებს აიძულებენ, ესა თუ ის მხარე აირჩიონ. საკუთარ თავს ისინი სხვისი ბედის გამგებლად მიიჩნევენ და არად დაგიდევენ სხვა ქვეყნების ინტერესებსა და უფლებებს. ეს საგანგაშო ტენდენცია თუ არ დავძლიეთ, მსოფლიო უწესრიგობასა და ქაოსში გადაეშვება. ამ ვითარებაში ბრიჩსის სახელმწიფოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა გადამწყვეტ საკითხებში. ცხოვრებაში უნდა დავიცვათ სამართლიანობა და დავძლიოთ ჩვენთვის გარედან თავსმოხვეული განხეთქილებები, წინ უნდა აღვუდგეთ ჰეგემონს“. ყველაფერი ნათქვამია, საფრთხე დანახულია და ამოცანაც განსაზღვრულია – “წინ უნდა აღვუდგეთ ჰეგემონს“.

ბრიჩსი ღონეს იკრებს. ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ ორგანიზაციის წევრობის სურვილი უკვე გამოთქვეს ირანმა და არგენტინამ. ჩვენ თვალწინ იბადება უმსხვილესი ეკონომიკური გაერთიანება, რომლის პოტენციალი იმ მასშტაბისაა, რომ სულ მალე ჩამოიტოვებს უკან დიდ შვიდეულსაც და G-20-საც, რომლებმაც, როგორც მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, უკვე ამოწურეს საკუთარი თავი.

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთის მიერ გავრცელებული აზრი, რომ რუსეთს მოკავშირეები არ ჰყავს და იგი მარტო დარჩა, რეალობას არ შეესაბამება. პირიქით, რუსეთი ყველა კონტინენტზე (მათ შორის, ამერიკის) იწყებს ახალი პარტნიორების გაერთიანებას. ამ პროცესის მთავარი შედეგი ის იქნება, რომ თვით დასავლეთი აღმოჩნდება გარიყული, რაც გაამძაფრებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის უკვე გაჩენილ წინააღმდეგობას. ეს კი, თავის მხრივ, საფუძვლად დაედება, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს დაშლას, თუმცა მანამდე დიდი ბრძოლები და წინააღმდეგობები იქნება, რაც მსოფლიოში არსებულ კრიზისებს უაღრესად გაამწვავებს, აქედან გამომდინარე ურთულესი (მსოფლიო ომამდეც კი) შედეგებით.

ეს რომ ასე იქნება, მადრიდში გამართულმა ნატოს სამიტმაც დაადასტურა, სადაც კიდევ ერთხელ გაისმა ჩვენთვის ასე ნაცნობი და შეურაცხმყოფელი წინადადება: ნატოს კარი ღიაა. თუმცა, ამის პარალელურად ვიხილეთ ახალი რეალობაც, რომელიც სკანდინავიის ქვეყნების (ფინეთი და შვეცია) ნატოს მიერ წევრად მიპატიჟებაში გამოიხატა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს სახელმწიფოები ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ სულ მალე (ძალიან მაღალი ალბათობით) ნატოს წევრებად მოგვევლინებიან. ერთადერთი სერიოზული წინააღმდეგობა, რომელსაც  ეს სახელმწიფოები ნატოს გზაზე აწყდებოდნენ, იყო თურქეთის ვეტო, რომელიც აცხადებდა, რომ ფინეთი და შვედეთი თავშესაფარს აძლევენ ქურთ ტერორისტებს, რის გამოც თურქეთი ამ ქვეყნების ნატოში გაერთიანებას დაბლოკვით ემუქრებოდა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ერდოღანი ამ საკითხში ბოლომდე პრინციპული ვერ იქნებოდა, იგი დასავლეთთან პოლიტიკურ ვაჭრობას ეწეოდა. მადრიდის სამიტის მსვლელობისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელს აღარ შეუშლის ამ სახელმწიფოთა ნატოში გაერთიანებას. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია,  რა სარგებელი მიიღო ერდოღანმა ამ ვაჭრობისგან, გარდა იმისა, რომ მას, ალბათ, გადასცემენ იმ ეჭვმიტანილ პირებს, რომლებიც  ამ ქვეყნებს აფარებენ თავს. ჯერჯერობით უცნობია, განაახლებენ თუ არა ამერიკელები პროგრამას, რომლის ფარგლებშიც თურქეთს შეიარაღებაში უნდა მიეღო F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, რაზეც უარი უთხრეს მას შემდეგ, რაც მან რუსეთისგან С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ერდოღანმა მას შემდეგ, რაც  დასავლეთთან ფინეთისა და შვედეთის თემით ვაჭრობაში თავისი გაინაღდა, რუსეთის ინტერესები ფეხზე დაიკიდა და ამ ორ ქვეყანას ნატოს წევრობისკენ გზა გაუხსნა. ამ ფაქტით გახარებულმა სტოლტენბერგმა პოლიტიკოსისა და დიპლომატისთვის შეუფერებელი თავშეუკავებლობით განაცხადა: ,,რუსეთი უკრაინაში იმისთვის შეიჭრა, რომ ეს ქვეყანა ნატოს წევრად არ მიგვეღო, მაგრამ მან ახლა საკუთარ  საზღვრებთან ორჯერ მეტი ნატო მიიღო“. რას ვერჩით ამ კაცს, რაც მართალია, მართალია. რუსეთი ითხოვდა ნატოს დაბრუნებას 1997 წლის პოზიციაში, პასუხად კი მიიღო ნატოს ორი ახალი წევრი ევროპის კონტინენტზე, პირდაპირ მის საზღვრებთან, რამაც რუსეთის უსაფრთხოების საკითხი იმაზე მეტად დაამძიმა, ვიდრე აქამდე იყო. ჩნდება შეკითხვა: როგორი იქნება რუსეთის რეაქცია? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მე არ შემიძლია. ერთ რამეს ვფიქრობ, ეს, ალბათ, არ იქნება სარკისებური და ჯიქური. ეს უფრო შემოვლითი პასუხი იქნება: ჩემი ღრმა რწმენით, ეს სახელმწიფოები რუსეთთან დაპირისპირებით გაცილებით მეტს დაკარგავენ, ვიდრე ნატოს წევრობით შეიძენენ. ისე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნატოს წევრად მიპატიჟება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნატოს წევრობას. ქართული ნათქვამია: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო. ევროპაშიც ექნებათ ამის შესატყვისი გამონათქვამი. საუკუნეების განმავლობაში ისე ხომ არ ხტებოდნენ ამა თუ იმ მიმართულებით, რომ არ ეფიქრათ, ჰოპლა წინასწარ დავიძახოთ თუ გადახტომის შემდეგო. ალბათ, დგანან ახლაც და ფიქრობენ: დავიძახოთ უკვე ჰოპლა თუ დაველოდოთ ნატოს წევრობას, ჰოპლა სად გაგვექცევაო…

დასავლეთის ბოსები კი საქართველოს ნატოში მიპატიჟებას არ ჩქარობენ და დღესაც ათასჯერ ნათქვამს გვიმეორებენ, _ ღია კართან დგომა და ლოდინი მოგიწევთო. სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დაველოდოთ. აი, ისე, ვაჟა–ფშაველას რომ აქვს ნათქვამი გენიალურად: ,,სდგანან წარბშეუხრელად. ელოდნენ, ელიან და კვლავაც ექნებათ მოლოდინი!“ (,,მთანი მაღალნი“).

 ვალერი კვარაცხელია

P. S. .. დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც ამასწინათ გაიმართა, ვიღაცამ წამოაყენა იდეა, რომ მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები გაშიშვლებულიყვნენ, რათა პუტინისთვის დაემტკიცებინათ, რომ მასზე უკეთესად გამოიყურებიან (გულისხმობდნენ ცხენზე ამხედრებული პუტინის ფოტოს, სადაც იგი წელს ზემოთ შიშველია). პუტინმა ამაზე იცინა და შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,არ ვიცი, გაშიშვლებას წელს ზემოთ აპირებდნენ თუ წელს ქვემოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გულისამრევი სანახაობა იქნებოდა“. კაცმა რომ თქვას, რა გაშიშვლება უნდათ, ისედაც შიშვლები არ არიან?!

მადრიდის სამიტზე ნატომ რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ აღიარა, ხოლო ევროპის კონტინენტზე განთავსებული .. სწრაფი რეაგირების კონტინგენტი ორმოცი ათასიდან სამასი ათასამდე გაზარდა.

ევროპა სწრაფი ტემპებით მიდის ნეოკოლონიალიზმის მიმართულებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გასულ საუკუნეებში ევროპული სახელმწიფოები თვითონ თუ გვევლინებოდნენ კოლონიზატორებად, ოცდამეერთე საუკუნეში იმ დამონებულ ქვეყნებად ყალიბდებიან, რომლებიც ერთ სიუზერენსაშშ დაემორჩილებიან, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე ამერიკულმა კრიზისმა თვითონ ეს სახელმწიფო არ მოიყოლა ნანგრევებქვეშ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here