Home ახალი ამბები საქართველო ევროპაში  იციან, რომ  რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს შეიძლება  ძვირად დაუჯდეს, მაგრამ მაინც გვეუბნებიან,...

ევროპაში  იციან, რომ  რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს შეიძლება  ძვირად დაუჯდეს, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, ისე მოვიქცეთ, როგორც თვითონ გვკარნახობენ

ვისთვის მოუტანია სიკეთე რუსეთის გაღიზიანებას, ჩვენ რომ მოგვიტანოს, მაგრამ დასავლეთის მიერ შეგულიანებული ოპოზიცია მზად არის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეორე ფრონტი გახსნას და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს

329
ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია

ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოს   ეწვია. ოპოზიციონერები,  რა თქმა უნდა,  „სმირნაზე“ დახვდნენ, ფეხქვეშ გაეგნენ, კუდი უქიცინეს, ცალ ფეხზეც დაუდგნენ და ბატონი ჯოზეფი კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, – თქვენი მონები ვართ ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნებაში მოგვეხმარეთ და თქვენი ნება აღსრულდებაო. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დასავლეთის დაკრულზე რომ ცეკვავს, ამაში „სტრატეგიულ პარტნიორებს“ დარწმუნება არ სჭირდებათ, აი ხელისუფლება კი…

ამაზე  ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ბორელი, პირდაპირ თუ ირიბად, ჯიუტად ცდილობდა, ყველა წინადადებაში სიტყვა რუსეთი ჩაეკვეხებინა და ისე წარმოეჩინა, თითქოს აქ რუსეთის თემის განსახილველად იყო ჩამოსული და საქართველოს ხელისუფლებამაც მისი წინადადებები მოიწონა.

„უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას გაეროში კენჭისყრაზე, რამდენადაც ვიცით, რა რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების იმგვარი შეფასება, რომ მათ ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ბორელმა.

რას ნიშნავს, „ვიცით, რა რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების იმგვარი შეფასება, რომ მათ ეფექტიანობას  საფრთხე არ შეექმნას“?!  ანუ, ევროპაში ზუსტად იციან, რომ  რუსეთთან ღია დაპირისპირება საქართველოს შეიძლება  ძვირად დაუჯდეს, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, ისე მოვიქცეთ, როგორცთვითონ გვკარნახობენ. არავინ ელოდა იმას, რომ ერთობლივ ბრიფინგზე ღარიბაშვილი ბორელს ღიად დაუპირისპირდებოდა და ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულებდა. მეტიც, ღარიბაშვილმა ისიც უთხრა: ამ ყველაფერს რუსეთის  გასაღიზიანებლად აკეთებთ და რეალურად თქვენ  მიერ ჩამოწერილი რეფორმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია; იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ, მაგრამ სტატუსი მაინც იმათ მიეცით და ამით რუსეთი გააღიზიანეთო. ბორელი ამას აშკარად არ ელოდა და…

„ახლა რეფორმების დაჩქარების დროა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით. ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკომისია შეაფასებს საქართველოს განაცხადის განხილვისას. შესაბამისად, ახლა კარგი დროა რეფორმების დასაჩქარებლად. ევროკავშირი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეფუძნება, რომელსაც სრული ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან და ამას მოვითხოვთ ყველა კანდიდატი ქვეყნიდან“, – ესეც ბორელის სიტყვებია.

საინტერესო, იცით, რა არის? დემოკრატიის შუქურას რომ ეძახდნენ მიხეილ სააკაშვილს და დასავლეთში  ვინეგრეტივით ყველა სუფრაზე რომ იყო, მაგრამ არავინ ჭამდა. მაშინ რატომ არ ამბობდნენ, რომ თურმე „ევროკავშირი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეფუძნება“?!  მაშინ, როცა განაჩენების 99,99% გამამტყუნებელი იყო, რაღაც არ ეტყობოდა არც ევროპასა და არც ამერიკას შეშფოთება თუ აღშფოთება, არ სთხოვდნენ მიშას და მის გუნდს, – აბა, თქვენ იცით, სასამართლო წნეხისგან გაათავისუფლეთო. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილი დანარჩენ მითითებებს ასრულებდა და სანაცვლოდ ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, ბიზნესის ტერორით დაწყებული, ადამიანების მკვლელობებით  დამთავრებული, რასაც ის და მისი გუნდი წარმატებით ახორციელებდნენ. ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ იმხანად ევროკავშირი და, საერთოდ, ყველა დუმდა და ახლაც ანალოგიურის  გაკეთება სურთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთვის სასურველი ხელისუფლება არ არის ქვეყნის  სათავეში.

ბორელის ვიზიტის რეალური მიზეზი  იყო ის, რომ მან ვითარება საკუთარი თვალით ნახა და მდგომარეობა ადგილზე შეაფასა. ახლა დასავლეთს  ყველაზე მეტად ის აინტერესებს, უსტატუსოდ  დარჩენის შემთხვევაში, მოხდება თუ არა საქართველოში ვითარების  დაძაბვა, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში და როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელისუფლებაზე. დიახ, ახლა  საქართველოში დასავლეთის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და, თუ ამას არჩევნებამდე  რევოლუციის გზით მოახერხებენ, მისთვის იდეალური იქნება, რადგან რევოლუციის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წლით უკან დაიხევს უკან და იძულებული იქნება, დახმარების ხელი ისევ დასავლეთისკენ გაიშვიროს, ისინიც სიხარულით დაგვტვირთავენ „ეფექტური 57%-იანი ვალებით“ და მერე შეეცდებიან, ამ ვალების გამო საკუთარ სისხლშივე ჩაგვახრჩონ.

სხვათა შორის, როცა პრემიერმა თქვა, – რუსეთს აღიზიანებთ და არ გინდათ ამის გაკეთებაო, ოპოზიციამ ტაში შემოჰკრა: აგერ, ღარიბაშვილს რუსეთის გაღიზიანება არ სურს და ამიტომ რუსეთუმეაო. რეალურად კი, გადავხედოთ ყველა ეპოქას,  ვისთვის მოუტანია სიკეთე რუსეთის გაღიზიანებას, ჩვენ რომ მოგვიტანოს, მაგრამ დასავლეთის მიერ  შეგულიანებული ოპოზიცია მზად არის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეორე ფრონტი გახსნას და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს. ის, რომ დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას, იქიდანაც გამოჩნდა, რომ პრემიერის განცხადებაზე, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიაო, ხმა არ გაუღია, არ გაუპროტესტებია. სამაგიეროდ, ოპოზიციას აქვს ერთი ამბავი ატეხილი: ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში რომ იყო, მაგისთვის დასაპატიმრებელიაო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ შტატებში საკუთარი ხარჯებით იმყოფებოდა, იმავეს ამბობს ზურაბიშვილიც: ევროპული ვოიაჟი საპენსიო დანაზოგით  დავაფინანსეო (ცნობისთვის: ზურაბიშვილის ფრანგული პენსია წლიურად 34 ათასი ევროა და ამას საპრეზიდენტო ხელფასი, წლიური 75 ათასი ლარიც ემატება). ჰოდა, ოპოზიცია ამტკიცებს, ღარიბაშვილი დასაჭერია, სალომე – არაო და თურმე იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ჩვენი ევროპული მომავლისთვის შეხვედრია ვიღაცებს (არაოფიციალური ვიზიტის პირობებში, ყველა ვიღაცაა) და ღარიბაშვილი კიდევ შვილს გაჰყოლია სასწავლებელში. ის, რომ პრეზიდენტი ამბობს, ამ ეტაპზე სტატუსს არ ვიმსახურებთო, თურმე ევროპული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ უსტატუსოდ  დარჩენა ხელს   აძლევს ოპოზიციურ სპექტრს, შემდეგ ქუჩაში ხალხი რომ გამოიყვანოს და ხელისუფლების შეცვლას შეეცადოს. ვინ-ვინ და, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ 2024 წელს არჩევნებში გამარჯვების შანსი თითქმის არ ექნებათ.

ისე, ბორელმა ისიც თქვა, პრეზიდენტებს პატივი ეცითო (პრეზიდენტს არა, პრეზიდენტებსო) და ამით, როგორც ხელისუფლებას, ისე მოქმედ პრეზიდენტს მიანიშნა, – ცუდი არ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი  გათავისუფლდებაო. სამწუხაროდ, შანსი იმისა, რომ პოლარიზაციის დასრულების მოტივით ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს და ქვეყანაში არეულობის დაწყებას დაუდოს სათავე, საკმაოა. ოღონდ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არეულობა, გათავისუფლებული  სააკაშვილი წამსვლელია ყველაფერზე და ყველაფერში შეიარაღებული დაპირისპირებაც იგულისხმება, რომელსაც როგორც ამერიკა, ისე ევროპა, ორი  ხელით დაუკრავს ტაშს. ვერ გეტყვით, ბოლოს როდის ვიყავით ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში, როცა პრაქტიკულად გვაძალებენ, რომ ომში ჩავებათ და, რაც მთავარია, ჩავებათ წაგებულ ომში და, როგორც ქვეყანა, შეიძლება გავქრეთ კიდეც.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოში ევროპელი დიპლომატები კიდევ ჩამოვლენ, კიდევ დაზვერავენ სიტუაციას, კიდევ გაამხნევებენ ოპოზიციას, ურჩ პრეზიდენტსაც მხარზე მოუთათუნებენ ხელს, შენს მხარეს ვართ, არაფერზე ინერვიულოო, და შეეცდებიან, ბედის ბორბალი სათავისოდ დაატრიალონ. ის, რომ უკრაინაში ომი ისე  არ მიდის, როგორც გათვლილი იყო, ნატოს გენმდივნის,  იენს სტოლტენბერგის, განცხადებიდანაც ჩანს : „ჩვენ ვნახეთ, რომ რუსებმა თავდაცვითი ხაზი სწორად განალაგეს და თავდაცვის ორგანიზებაც სწორად განახორციელეს. შესაბამისად, უკრაინას ომის მოგება უფრო გაუძნელდება, ვიდრე  ვვარაუდობდით!“ ანუ, დასავლეთს რუსეთის შეცდომების იმედი ჰქონდა, სჯეროდა, რომ რუსები ვერც თავს დაიცავდნენ, ვერც წინააღმდეგობას გაწევდნენ და ახლა ახალი რაღაც სჭირდებათ და ის ახალი კარგად დავიწყებული ძველია – საქართველო! რეალურად, როგორც ამერიკისთვის, ისე ევროპისთვის, ერთადერთი „გასაპრავებელი“ იმისა, თუ რატომ გაასწორეს ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მიწასთან, ახლა სწორედ საქართველოს ომში ჩაბმაა, რათა მერე ხმამაღლა თქვან: აგერ, მხოლოდ უკრაინას კი არა, საქართველოსაც ერჩის რუსეთი და ჩვენ მართლები ვიყავითო. სხვა შემთხვევაში, ძალიან მალე ყველა იტყვის, რომ დასავლეთმა უკრაინა  ზვარაკად მიუყვანა რუსეთს და სანაცვლოდ მხოლოდ იარაღი და ვალები შეტენა.

ბესო ბარბაქაძე       

P.S. ოპოზიციამ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო, რაც რა თქმა უნდა, განწირულია –  ელემენტარულად, ოპოზიციას ხმები არ ეყოფა ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად. ეს კიდევ ერთი წარმოდგენაა დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა ოპოზიციამ  თავიანთ კურატორებს ხმა მიაწვდინოს და დაადასტუროს, მხოლოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა, მათ დასაპატიმრებლად და ციხეში ჩასასმელადაც მზად რომ არიან. დასავლეთი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ოპოზიციასა და არც დასავლეთს ამ ქვეყნის მთავარი ძალის, ხალხის,  მხარდაჭერა ჯერჯერობით არ აქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here