Home ახალი ამბები საქართველო ევროპა და ამერიკა სანქციების მხარდაჭერის შემოთავაზებით საშიმშილოდ გვწირავს

ევროპა და ამერიკა სანქციების მხარდაჭერის შემოთავაზებით საშიმშილოდ გვწირავს

სანქციების მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ (თავად უკრაინასაც კი არ აქვს ბოლომდე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეჩერებული), უარი ვთქვათ იქიდან შემოტანილ ნებისმიერ პროდუქტზე და ჩვენც არაფერი გავიტანოთ

319

ვანო ნადირაძე ხომ იცით, უკრაინაში რომ იბრძვის და იქიდან მოგვიწოდებს, ეს ხელისუფლება გააგდეთო?.. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად რომ პოზირებს ხოლმე და რომ იმუქრება: აქ რომ დავამარცხებთ რუსებს, მერე მანდ ჩამოვალთ სრული ეკიპირებით და სამხედრო გადატრიალებას მოვაწყობთო. ჰოდა, ეს ნადირაძე გამოვიდა და ვეტერან მებრძოლებს მოუწოდა:  იარაღი აისხით, ქუჩაში გადით და, სადაც რუსს ნახავთ, დედა უტირეთო. ნადირაძეს ათი კაცი მაინც რომ აღიქვამდეს სერიოზულად და მის მოწოდებას გამოეხმაუროს, შეიძლება კატასტროფული შედეგები მივიღოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი იმედი მხოლოდ ოპოზიციას აქვს, ეგებ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მართლა ჩამოვიდეს აქ და  გადატრიალება მოაწყოსო…

ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ დასავლეთმა გამორიცხა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მიხვდნენ, რომ ხელისუფლება არაფრის ფასად არ აპირებს საბრძოლო მოქმედებების დაწყებას და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ  გადაწყვიტეს,  რომ საქართველომ ომი კი არ უნდა დაიწყოს, არამედ სანქციებს უნდა  შეუერთდეს. ეს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ოლექსანდრ მერეჟკოს, პირით გვამცნეს.

„უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს რეფორმები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში გვახსოვს – ჩვენთვის რეფორმები, ძირითადად, მასთან და კახა ბენდუქიძესთან ასოცირდება. ვისურვებთ, საქართველო უკრაინის მხარეს იყოს, ახლა განსაკუთრებით. როგორც იცით, ევროკავშირი ახლა სანქციების მეთორმეტე პაკეტს გამოაქვეყნებს და  ვისურვებდით, რომ საქართველო შეუერთდეს ამ სანქციებს, რაც ძალიან დაგვეხმარება. ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მეგობრობას – ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენ გვერდით დგას, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმას ვისურვებდით“, – განაცხადა მერეჟკომ.

დავიწყოთ იმით, რომ უკრაინის პარლამენტის  მაღალი თანამდებობის პირი  ისევ სააკაშვილს მისტირის. მერე რა, რომ ექსპრეზიდენტი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის გასამართლებული და ციხეშია. ამას მერეჟკო ყურადღებას არ აქცევს და იქვე მიანიშნებს, რომ რეფორმები თურმე ჩვენთან სწორედ სააკაშვილის დროს გატარდა და ახლა არაფერი კეთდება. მეტიც, როცა ამბობს:  „ჩვენ ვისურვებდით,  საქართველო შეუერთდეს ამ სანქციებს, რაც ძალიან დაგვეხმარება“, პირდაპირ გულისხმობს, სანქციებთან შეერთება მათ, ანუ უკრაინელებს დაეხმარება და არა საქართველოს. ასე რომ, მისთვის სულერთია, ამ სანქციებთან შეერთების შემდეგ ქართველები  რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სანქციების მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ (თავად უკრაინასაც კი არ აქვს ბოლომდე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეჩერებული), უარი ვთქვათ იქიდან შემოტანილ ნებისმიერ პროდუქტზე და ჩვენც არაფერი გავიტანოთ.

რას ნიშნავს ეს?

უწინარესად,  იმას, რომ საქართველო დარჩება პურის ფქვილის გარეშე, რადგან ფქვილისთვის საჭირო ხორბალი და უკვე მზა ფქვილიც მხოლოდ რუსეთიდან შემოგვაქვს; ვიმეორებთ, მხოლოდ რუსეთიდან, რადგან სხვა ქვეყნების წილი 1%-საც კი არ აჭარბებს. იგივე შეიძლება ითქვას ნავთობპროდუქტებზეც, რომელიც მაშინვე გაძვირდა, როგორც კი რუსეთმა ექსპორტი  აკრძალა და ახლა, როცა 13 ნოემბრიდან ეს აკრძალვა მოიხსნა, წესით, ისევ უნდა გაიაფდეს. წესით იმიტომ, რომ ქართველ ბიზნესმენებს ვერაფერს გაუგებს კაცი –  შესაძლოა, რუსული იაფი საწვავის გაყიდვა უკვე 14-15 ნოემბრიდან დაიწყონ და ჩვენ გვითხრან: ჯერ ძველ  ევროპულ მარაგებს ვხარჯავთ, რომელიც ძვირად შევიძინეთო. ჰო, ჩვენი მხრიდან  სანქციების მხარდაჭერა ავნებს ერთადერთ ქვეყანას და ეს ქვეყანა საქართველოა. რუსეთის ეკონომიკას კი  ნამდვილად არაფერი დაეტყობა, თუ 3 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანისთვის სამყოფ ხორბალს არ გაყიდის. აგერ, აფრიკული ქვეყნები იხვეწებიან, თურქეთი საქართველოსთვის წლიურად საჭირო ხორბალს ორ თვეში გადაყლაპავს  და ისევ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ჩვენ დავზარალდებით.

და ეს ყველაფერი მხოლოდ შემოტანილ პროდუქციას არ ეხება. რუსეთში ვეღარ გავიტანთ ხილს, ღვინოებს, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყალს, ანუ იმას, რაც დიდი ოდენობით გაგვაქვს და რაც ევროპას არ სჭირდება. უფრო ზუსტად, შეიძლება სჭირდება, მაგრამ ჩვენგან არ ყიდულობს და იქაურ ბაზარზე არ გვიშვებს. ჰოდა, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი უკრაინის პირით გვეუბნება, სანქციებს მხარი დაუჭირეთო, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა უკვე ჭკუა ისწავლეს და არ გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან ასეთი შეთავაზების  შემთხვევაში, შესაძლოა, მთავრობის რომელიმე წევრმა პირდაპირ თქვას: დასავლეთი ეკონომიკური კატასტროფისთვის გვამზადებსო. აი, უკრაინაზე თუ იტყვიან ამას, არა უშავს, ისინი ისედაც ჩაძირულ-განწირული ჰყავთ და დიდად არ იდარდებენ. ისე, უკრაინელი მაღალჩინოსნები რომ ამბობენ, ქართველი ხალხი ჩვენს მხარეს არის, ხელისუფლება – არაო, საიდან დაასკვნეს, ვინმემ იცის? თუ ისინიც გია ბარამიძისა და კობა ხაბაზის ზღაპრებს არიან აყოლილი და სჯერათ, რომ  ზელენსკი აქ ეროვნული გმირი გვგონია, რომ ერთი სული გვაქვს, როდის გაიმარჯვებს მასხარა და მისი ბანდა, რომ მზად ვართ, ამ ერთი მუჭა ავანტიურისტებისთვის თავი გავწიროთ? ჰო, რიგითი უკრაინელების გვერდით ვართ, მათ გვერდით, ვინც რელურად აღიქვა, რა მოხდა მათ ქვეყანაში, როგორ გააბრიყვეს ზელენსკი, როგორ ჩაადენინეს საუკუნის დანაშაული, როგორ თვალსა და ხელს შუა დაენგრათ ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ევროპაში ფლაგმანი გამხდარიყო და სწორედ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით ეკონომიკურად საფრანგეთსა და გერმანიას, ამ ათწლეულში თუ ვერა, მომდევნო ათწლეულში დატოლებოდა.

სამაგიეროდ, ოპოზიცია ამტკიცებს, სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ ხელისუფლება არის წინააღმდეგი და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის რუსეთის მხარეს არისო. ანუ, თუ ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეამება დასავლეთს, მაგრამ კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას და დააზიანებს მოსახლეობას – ეს თურმე რუსეთის მხარეს ყოფნაა და, საქართველო რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა და დასავლეთი კმაყოფილი იყოს, პატრიოტიზმი.

დიდი ხანია, ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ისინი უფრო დააზარალა, ვიდრე რუსეთი და შარშან გადატანილი უმძიმესი ზამთრის შემდეგახლა უფრო მწარე რეალობის წინაშე დგანან. ამიტომ სანქციებზე ხელმომწერთა რიგებს ნელ-ნელა აკლდება ქვეყნები და მათ შორის – სკანდინავიური სახელმწიფოები, რომლებისთვისაც რუსეთი ძალიან კარგი ბაზარი იყო, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის უდიდეს სახელმწიფოებს უსწრებდნენ, ახლა კი სერიოზული პრობლემები აქვთ როგორც ჭარბი პროდუქციის გასაღების, ისე შემოტანილი პროდუქციის ფასების მხრივ. რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტი გაცილებით  იაფი იყო,  ახლა კი იძულებულნი არიან, ყველაფერი ამერიკისგან შეიძინონ და ღირებულებას შორი მანძილიც  ზრდის. ძვირად ღირებული ბუნებრივი აირი  აღარ სურთ საფრანგეთსა და გერმანიას და ამაზე მინიშნებებით ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც გასულ შემოდგომაზე. მოლოდინი, რომ რუსეთს დანარჩენი მსოფლიო რამდენიმე თვეში დაამარცხებდა, არ გამართლდა და ამერიკასა და ევროპას ზუსტად ის დაემართა, რაც თავის დროზე ჯერ ნაპოლეონის საფრანგეთს, შემდეგ კი – ფაშისტურ გერმანიას. 21-ე საუკუნის ბლიცკრიგმა  კრახი განიცადა და,  რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ომი, უკვე ყველა ხვდება – რუსეთი, უბრალოდ, არ და ვერ დამარცხდება.

ჰოდა, ასეთ პირობებში, როცა გვაძალებენ, გინდათ თუ არა, სანქციებს შეუერთდით და უარი თქვით ყველა იმ სიკეთეზე, რომლებსაც რუსეთისგან იღებთო, ელემენტარულად, ალტერნატიული გზა ხომ უნდა შემოგვთავაზონ, მაგრამ ვერ გვთავაზობენ. მეტიც, საფრანგეთში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ძალიან ეცადა,  ემანუელ მაკრონი დაერწმუნებინა და რუსულის მაგივრად ფრანგული ფქვილი მიგვეღო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამის გარანტია საფრანგეთმა ვერ გასცა. ანუ, ევროპაც და ამერიკაც სანქციების მხარდაჭერის შემოთავაზებით პირდაპირ საშიმშილოდ გვწირავს –  ზუსტად იციან, რომ არსებობა მათ მიერ გადმოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მოგვიწევს, მაგრამ  ეს ნაკლებად ადარდებთ, მერე უფრო მარტივი იქნება,  დამშეული ხალხის იძულება, ხელი იარაღს მოჰკიდოს და აღარც მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა იქნება შორს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here