ევროკავშირი საქართველოს მორჩილებას მოითხოვს

    402

    ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ  უთხრა: არა მხოლოდ შენს საშინაო საქმეებში ვერევი, არამედ ჩვენი გადასაწყვეტია, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს გარეთ; ვის  ერქვას ოლიგარქი და ვინ იქნება ხელისუფლების სათავეშიო… რატომ არ დაუწესეს სანქციები ამ ევროპარლამენტარებს?  რატომ არ გამოაცხადეს პერსონა ნონ გრატად და არ აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა?

    გასულ კვირას  ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ვრცელია და ამიტომ  მხოლოდ რამდენიმე ფრაზას გაგაცნობთ. ევროპარლამენტარებმა დაწერეს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაიხედოს;  რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს უფლება,  მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელოს; რომ პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის პრობლემა მოაგვაროს; რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობა და ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების აშკარა მაგალითია, რომ… მოდი, აქ გავჩერდეთ, ესეც საკმარისია საერთო სურათისთვის. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმით დავიწყოთ.

    სად იყვნენ ევროპარლამენტარები მაშინ, როცა წინა ხელისუფლებამ სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით ციხეში ჩასვა და წამებით მოკლა სულხან მოლაშვილი? სად იყვნენ მაშინ, როცა ციხეში წამებით მოკლეს სერგო თეთრაძე? სად იყვნენ მაშინ, როცა ჩაცხრილეს როინ შავაძე? სად იყვნენ მაშინ, როცა ამძუვნებული დედაკაცების გამო, წამებით მოკლეს და ტყეში დააგდეს სანდრო გირგვლიანი? სად იყვნენ მაშინ, როცა ქუჩაში ჩაცხრილეს ბუტა რობაქიძე?.. მაშინ ევროპარლამენტარებს საქართველოსთვის არ ეცალათ და, რაც მთავარია, მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა ის გარემოება, რომ სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების 99 % გამამტყუნებელი იყო. ამ განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა: არამხოლოდ შენს საშინაო საქმეებში ვერევი, არამედ ჩვენი გადასაწყვეტია, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს გარეთ, ვის  ერქვას ოლიგარქი და ვინ იყოს ხელისუფლების სათავეშიო. ეს თხოვნა კი არა, მოთხოვნაა, რომ  საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს დაემორჩილოს. რა რუსული ჩექმა და რუსეთის ინტერესების გატარება? ერთი რუსი დიპლომატი მაინც დაასახელეთ, რომელმაც ანალოგიური რამ კი არა, მიახლოებითი რამ  თქვა. ვერ იტყვით, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა და რუსეთისგან ბუას შექმნა დასავლელთა სურვილია.

    როგორც ჯაფარიძე, ისე გვარამია და სააკაშვილი ქართულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათგან  გვარამია და სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლდნენ და ახლა ევროპა გვეუბნება: განაჩენს გადახედეთ და ეს ადამიანები გაათავისუფლეთო. კი არ შეარბილეთ სასჯელი ან ვადა შეუმცირეთო, არა, გაათავისუფლეთო. ბატონებო, სტრასბურგია ევროპაც და სტრასბურგის სასამართლომ რატომ არ გაამართლა სააკაშვილი და რატომ არ მიიღო გვარამიას სარჩელი? იმიტომ ხომ არა, რომ გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი არ შეუტანია? ჰოდა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს რატომ არ მისწერეთ ანალოგიური შინაარსის  წერილი და რატომ არ ეუბნებით,განაჩენს გადახედეთ და ეს ადამიანები გაათავისუფლეთო? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, სტრასბურგელი მოსამართლეები ევროპარლამენტს თავზე დაგახურავდნენ და იმ ქვეყნების მეთაურებს, რომლებიც ანალოგიურ რეზოლუციას ხელს მოაწერდნენ, მოსთხოვდნენ, რომ თქვენთვის სტატუსი შეეჩერებინათ. საქართველო კი დაბალი ღობეა და დაბალი ღობეა იმიტომ, რომ არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლება მძაფრ რეაქციას არ გამოხატავდა და გამოხატავს ანალოგიური გამოხდომების გამო. „ოცნების“ ლიდერები რომ ამბობენ, კანონთან მართლები ვართ და, სადაც გინდათ, გვიჩივლეთო, რატომ არ დაუწესეს სანქციები ამ ევროპარლამენტარებს? რატომ არ გამოაცხადეს „პერსონა ნონ გრატად“ და არ აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა, ამის შემდეგ  სხვა ხომ ვეღარ გაბედავდა ანალოგიური რამეს?  მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები დასავლელი პარტნიორების გაბრაზებას ერიდებიან. არადა, რეალურად, ისინი პარტნიორები კი არა, ჩვენი ქვეყნის მტრები არიან.

    დასავლეთს დღემდე ვერ მოუნელებია, როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და, მათი მოწოდების მიუხედავად, რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა. ოპოზიციამ კი დააჯერა ისინი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება მაშინვე, როგორც კი ისინი ქვეყნის სათავეში მოვლენ, ამიტომ  ევროპარლამენტარები ყველაფერს  აკეთებენ იმისთვის, რომ   ოპოზიციონერები გარეთ გამოუშვას და შემდეგ მათი ხელით შეეცადოს ხელისუფლების შეცვლას. მაშინ სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ნიკა გვარამია ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში რომ აგინებდა და აბულინგებდა? მაშინ რატომ არ უთხრეს „დამოუკიდებელი მედიის“ მამამთავარს, პრეზიდენტის და მით უმეტეს ქალბატონის ასეთი სიტყვებით მოხსენიება არ შეიძლებაო? მე რომ ვუთხრა, მაგალითად, კელი დეგნანს იგივე, ხომ ატყდება ერთი ამბავი?!  იმას კი არ იტყვიან, – ამერიკის ელჩს როგორ გაუბედაო, არამედ ქალს როგორ აკადრაო; გამოვარდებიან არასამთავრობოები და დაიწყებენ დეგნანის დაცვას. და რატომ არ დაიცვეს იმხანად ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ არ აინტერესებდათ და ახლა  ზურაბიშვილს მოუწოდებენ: კაცი, რომელიც უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავდა, შეიწყალე, ისევ ეთერში დააბრუნე,  შენი ლანძღვა რომ განაგრძოსო. თუ ზურაბიშვილი დასავლეთის ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და გვარამიას შეიწყალებს, ვიტყვი, რომ ღირსი ყოფილა ყველა იმ სიტყვის, რომლებითაც თავის დროზე იმავე გვარამიამ შეამკო.

    ამ გადმოსახედიდან ისე გამოდის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში  სწორედ დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება გახლდათ, საქართველოში  300 ათასზე მეტი პრობაციონერი და 20 ათასზე  მეტი პატიმარი რომ იყო. გამოდის, დასავლეთმა გამოგვაცხადა კრიმინალებად და,  როცა ეს  სააკაშვილმა თქვა, უბრალოდ, მათი აზრი საჯაროდ გამოთქვა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ჩამოსული ევროპელები მოვალეობის მოხდის მიზნით თუ იტყოდნენ ვინმეზე, ეგებ განაჩენს გადახედოთო, თორემ რეზოლუცია არასოდეს მიუღიათ კონკრეტული სახელებისა და გვარების მითითებით. მათ არც იმაზე გასჩენიათ კითხვა, როგორ იშოვა ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მისულმა კეზერაშვილმა მილიარდები და ახლა მის დაცვასაც ცდილობენ. სამაგიეროდ, ყელში ჰყავთ გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც ზუსტად იციან, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც  არ წაუღია, ქველმოქმედებაში კი მილიარდები დახარჯა. არ სჭირდებათ ივანიშვილი დასავლეთში, არ სჭირდებათ იმიტომ, რომ პოლიტიკიდან წასულიც კი, მთავარი შემაფერხებელია ნაციონალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ამიტომ მთავარი დარტყმა მასზე კეთდება. მეტიც, ივანიშვილს ებრძვიან ფინანსურადაც და ამაში შვეიცარიული ბანკიც კი ჩართეს, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. გვერწმუნეთ, ბატონი ბიძინა მაშინვე გახდება ყველასთვის მისაღები, როგორც კი საქართველო მეორე ფრონტს გახსნის, მის ოლიგარქობაზე სიტყვასაც აღარავინ დაძრავს, მანამდე კი…

    მანამდე ევროპარლამენტი ყოველთვის შეეცდება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი გააძლიეროს. ომში თუ ვერ ჩართავს, იმდენი მაინც მოახერხოს, რომ 2024 წლისთვის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს.  მეორე ფრონტის გახსნა მშვიდობიანობის დროსაც შეიძლება. ასე არ იყო 2008 წელს მოწმენდილ ცაზე რომ გაისროლა მიშამ და, ახლაც რომ იგივე განმეორდეს, ვინ იქნება წინააღმდეგი? არც არავინ.

    ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ:  საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ასეთ გამოხდომებს (ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს ის) მწვავედ უპასუხოს და პოლიტიკურად ოპონენტს ცხვირიდან სისხლი ადინოს. სხვა გზა, უბრალოდ, არ არის, რადგან დასავლელი დიპლომატები ბევრს იღებენ საკუთარ თავზე და მათი განცხადებები უკვე კრიტიკული კი არა, შეურაცხმყოფელია. მერე ამ ყველაფერს ისმენენ სხვა ქვეყნის ლიდერები (თუნდაც ჩვენს  რეგიონში) და უჩნდებათ განცდა, რომ საქართველოსთან ყველაფერი შეიძლება, აქ ყველაფერი მოსულა.. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა,  ხომ ვიცით, რომ ასე აღარ არის; რეგიონის ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ გაუბედავენ იმას, რასაც ჩვენ. აგერ თურქეთის პრეზიდენტი  ერდოღანი ავიღოთ, ორ თვეში ლამის 10 ათასი კაცი დააპატიმრა პოლიტიკური ნიშნით საპროტესტო აქციებზე გამოსვლის გამო. გაუბედეს რამის თქმა?  ვერა, რადგან ერდოღანს, შესაძლოა, ისეთი პასუხი ჰქონოდა, ევროპას გასაქცევ-გასაძრომი ეძებნა. გაუბედეს რამე ალიევს? ვერა, ხოლო სომხეთის პრემიერმინისტრი ფაშინიანი იმავე დასავლეთმა რა დღეში ჩააგდო, კარგად ვხედავთ. ნდობის უდიდესი მანდატით მოსული ფაშინიანი ევროპელებმა და ამერიკელებმა, რბილად რომ ვთქვათ, გაასულელეს და ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ანალოგიურ  გზას ადგას  ზელენსკი და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვათ – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებსა და მართლმსაჯულების პროცესებში. ერთხელ უმწვავესად გაცემული პასუხი აუცილებლად იქნება სამომავლოდ გამართლებული, ეგებ ამდენი ვეღარ გაბედონ.

    ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here