Home ახალი ამბები მსოფლიო “ერევანი სოლიდარულია დასავლეთთან ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნის საქმეში”

“ერევანი სოლიდარულია დასავლეთთან ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნის საქმეში”

124

23 იანვარს ერთდროულად მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლებიც მნიშვნელოვანია სომხეთის საგარეო პოლიტიკის დასავლური ვექტორის გაძლიერების თვალსაზრისით. შექმნილ ვითარებას სომხური საინფორმაციოანალიტიკური ცენტრი VERELQ აანალიზებს, _ წერს ინტერნეტგამოცემა eadaily.com.

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონიტორინგის მიზნით სომხეთში დიდი სამოქალაქო მისიის გაგზავნის შესახებ. იმავე დღეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ერევანში ჩავიდა „სომხურ-აზერბაიჯანული ყოვლისმომცველი ურთიერთობების მოგვარებისთვის ხელშესაწყობად“. იმავე დღის ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მათ სომხეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს.    

 საზოგადოდ, ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ, მიუხედავად მისი სიდიდისა (მედიის ცნობით, მათმა რაოდენობამ შეიძლება 200 კაცს მიაღწიოს), შეიძლება შექმნას სერიოზული ფაქტორი, რომელიც შეამცირებს სომხეთის უსაფრთხოების პრობლემებს. ეს პრობლემები კი 2020 წელს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ გამწვავდა.

„არა მგონია, რომ სამოქალაქო მისიამ, რომლის მუშაობაც აღიარებულია ერთი მხარის (სომხეთი) და აუღიარებელი მეორე მხარის (აზერბაიჯანის) მიერ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოებაში“, _ თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ნიკოლოზ სილაევმა. მან გაიხსენა, რომ რუსეთმა არაერთხელ შესთავაზა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რაიონში.

„ამ თვალსაზრისით, ცხადია, რის გაკეთება შეუძლია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიას. ისიც შეთანხმებულია ერთ-ერთ მხარესთან, ვინაიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის სამხედრო ალიანსი, ხოლო სამხრეთი კავკასია მისი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სფეროა და აქვს ზემოქმედების ბერკეტები“, _ განაცხადა სილაევმა. სომეხ პოლიტოლოგ გრანტ მიქაელიანის თქმით, ევროკავშირის ახალი მისიის გაგზავნა სომხეთში იმის მტკიცებულებაა, რომ ბრიუსელს სურს, უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის საქმეებში.

„შეიძლება გავიხსენოთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მოლაპარაკებები, რომლებიც გაიმართა ბრიუსელში. ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები. ევროკავშირი ხედავს გარკვეულ ვაკუუმს სამხრეთ კავკასიაში, რადგან რუსეთის ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი, აზერბაიჯანი კი აშკარად აჩვენებს, რომ არ ეთანხმება არსებულ სტატუს-კვოს. ეს კი ნიშნავს, რომ ცვლილებები იქნება და, თუ ეს ცვლილებები მოხდება, მაშინ შეიძლება მათზე თამაში“, _ განაცხადა მიქაელიანმა. ექსპერტმა დასძინა, რომ ვერც ერთი სამოქალაქო მისია ვერ იხსნის სომხეთს სრულმასშტაბიანი აგრესიისგან,

„აზერბაიჯანის მიზანი, უბრალოდ, სასაზღვრო შეტაკებები რომ იყოს, ასეთი მისია საკმარისი იქნებოდა, მაგრამ, თუ აზერბაიჯანის მიზანი სრულმასშტაბიანი ომია, მაშინ ასეთი მისია სომხეთს ვერ იხსნის. ეს მისია სომხეთის უსაფრთხოების სტრატეგიის მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს მისი მთავარი ელემენტი“, _ განაცხადა მიქაელიანმა.

ევროკავშირის ნაბიჯები, ექსპერტ სილაევის აზრით, ჯდება დასავლეთის გეოპოლიტიკურ მიზნებში ამიერკავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნის შესახებ.

“ის, რასაც ევროკავშირი აკეთებს, ექვემდებარება ერთ ლოგიკას _ რადაც უნდა დაუჯდეთ, რუსეთი განდევნონ რეგიონიდან, კერძოდ, სომხურ-აზერბაიჯანული რეგულირების პროცესიდან“, _ განაცხადა ექსპერტმა. მისი აზრით, ევროკავშირის ქმედებები მხოლოდ გაზრდის გამაღიზიანებელთა რაოდენობას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ განაცხადა რამდენიმე დღის წინათ. კერძოდ, აღნიშნა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოილაპარაკოს აზერბაიჯანის საზღვარზე მისიის გაგზავნის თაობაზე, შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ მოკავშირეები და მისია სრულად არის მომზადებული, სომხურ მხარეს ურჩევნია, მოლაპარაკება ევროკავშირთან, რათა იქ მისია ხანგრძლივი ვადით განლაგდეს. თუ ეს მისია განლაგდება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული. საზღვარზე ნდობის აღდგენის ნაცვლად, მას შეუძლია შექმნას დამატებითი გამაღიზიანებელი“, _ განაცხადა ლავროვმა.

სილაევს მიაჩნია, რომ, ევროკავშირის ყველა მცდელობის მიუხედავად,  გახდეს სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობის მოგვარების პროცესის მთავარი მოდერატორი, რუსეთი კვლავაც გადადგამს ვითარების მოგვარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. “ჩვენ არ გვაქვს ილუზია ევროკავშირის, მისი ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ”, _ ხაზგასმით აღნიშნა მან.  იმას, რომ სომხეთი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნის შესახებ, ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს საგარეო პოლიტიკური ხაზის ნაწილად, რომელსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ახორციელებს გასული შემოდგომიდან _ ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი შეტაკებების შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. „ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომელიც სომხეთის ხელმძღვანელობამ აირჩია თავისთვის“, _ განმარტა ნიკოლაი სილაევმა.

21 იანვარს, დღის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რათა განეხილათ ერევანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის გეგმები.  „მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება სომხეთსა და ნატოს შორის პოლიტიკური დიალოგის დონით, აგრეთვე, შეეხნენ თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებს“, _ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწირ ინფორმაციულ განცხადებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ბრიუსელში გამართულ  მოლაპარაკებებს სომხეთის დასავლეთთან და მის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებთან კონტაქტების გაძლიერების პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, რომლის ლოგიკაც სილაევს არ ესმის.

„ამ პოლიტიკური ხაზის არსი არის ძალდატანებით მიახლოება დასავლურ პოლიტიკურ და სამხედრო სტრუქტურებთან, მაგრამ არ მესმის ამ პროცესის ლოგიკა, რადგან სრულიად გაუგებარია, რა სარგებელს იღებს ამით სომხეთი. ის ნამდვილად ვერ მოიგებს უსაფრთხოების კუთხით, რადგან არავინ იძლევა გარანტიას და არც აპირებს გაცემას. ის ნამდვილად აგებს რუსეთთან ურთიერთობების განვითარების კუთხით. ამრიგად, სომხეთი წარმოაჩენს, რომ სოლიდარულია ევროკავშირსა და ნატოსთან, რომლებიც მიზნად ისახავენ ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნას და მისი გავლენის შემცირებას რეგიონში“, _ დაასკვნა ექსპერტმა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://eadaily.com/ru/news/2023/01/24/erevan-solidaren-s-zapadom-v-dele-vytesneniya-rossii-iz-zakavkazya-nikolay-silaev

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here