Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: ერდოღანის პოლიტიკა ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი, თავმოყვარეობისა...

მამუკა კარტოზია: ერდოღანის პოლიტიკა ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი, თავმოყვარეობისა და პრინციპულობის კრიტერიუმები

“დღევანდელი თურქეთი ქემალ ათათურქის იდეებისა და ტრადიციული ისლამური ფუნდამენტალიზმის საოცარი იდეოლოგიური სიმბიოზია. ვხედავთ იმასაც, რომ თანამედროვე თურქული პოლიტიკური აზრი პროვინციულ თავმომწონეობას თავს არ ანებებს”

691
მამუკა კარტოზია: ერდოღანის პოლიტიკა ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი, თავმოყვარეობისა და პრინციპულობის კრიტერიუმები

2023-24 სასწავლო წელს თურქეთის სკოლებში მე-11 კლასელებისთვის გამოცემულ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში შეტანილია რუკა თანდართული ტექსტით, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის საზღვარი გადიოდა პირდაპირ ილმენის (ტბა ნოვგოროდის ოლქში ე.ნ.) გასწვრივ, მაგრამ რუსეთის ექსპანსიისა და გაუთავებელი “თავდასხმების” შედეგად დაკარგეს. დაკარგეს, აგრეთვე, ტერიტორიები “დიდი თურქული” მდინარე ოზის (დნეპერი) ნაპირებსა და უფრო სამხრეთით. ამ სახელმძღვანელოში წერია, რომ 1740 წელს თურქეთის კაპიტულაცია გარდაუვალი იყო. მოკლედ, თურქები მომავალ თაობებს ეუბნებიან, რომ ყირიმი და რუსეთის სხვა ტერიტორიები თურქეთს ეკუთვნოდა, უფრო ზუსტად, ოსმალეთის იმპერიას.

თურქებისთვის სხვა ქვეყნებისადმი ტერიტორიული პრეტენზიები და ისტორიის დამახინჯება ახალი არ არის. ქართველებს გვახსოვს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები, უფრო ზუსტად, ლექსი: მესხეთო!

ჩემში მნათო ნაკვერჩხალო, ანთებულო ცეცხლო!

ჩემო ძირძველო სამშობლო, მარადიულო!”

არის თუ არა თურქეთი საიმედო პარტნიორი, როგორც ქართველი პოლიტიკოსები გვარწმუნებენ? თურქეთის ზრახვებსა და მის მოღალატეობრივ პოლიტიკაზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

_ საქართველო თავს იტყუებს, რომ დასავლურ გზაზე მდგომი თურქეთი საფრთხის შემთხვევაში საქართველოს მოკავშირედ გამოვა. ეს მცდარი მოსაზრებაა, ეს ილუზია და ნონსენსია.

თურქეთი არასოდეს იქნება საქართველოს ე.წ. სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთს სურს, რომ საქართველო თავის გავლენის სფეროში მოაქციოს. თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციების იდენტურობას არ შეუძლია მოხსნას ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად განპირობებული ე.წ. სუბორდინაცია, რომელიც მყისვე თავს იჩენს ხოლმე იმპერიის დაშლისას და ძველი სატელიტი თავისი ადრინდელი დომინანტის პირისპირ რჩება.

კავკასიის სამხრეთით გეოგრაფიულად ევროპა კი არ გრძელდება, არამედ აზია იწყება. საქართველო ევრაზიის კონტინენტის ის მცირე აზიური ნაწილია, რომელიც მდებარეობს იმპერიული ტრადიციის მქონე რუსეთისა და თურქეთის გვერდით. საინტერესო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დღევანდელი თურქეთისთვის, როგორც წარსულში ექსპანსიური ისლამის მედროშე ქვეყნისთვის, საკმაოდ მძიმეა ამერიკანიზმის პლაცდარმის როლი მცირე აზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკანიზმი, როგორც მოცემულობა, მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიანია.

თურქეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერმანენტულად ცდილობს პანთურქიზმის იდეის რეანიმაციასა და თურქული იმპერიის, ე.წ. დიდი თურანის აღდგენას. ამ იდეისთვის ბრძოლის ლოგიკა ისეთია, რომ იგი ვერავითარ სხვაზე დამოკიდებულებას ვერ იგუებს. თურქეთი გეოგრაფიულად ევრაზიის ნაწილია და მისი იმპერიალიზმი სემანტიკურად და, გნებავთ, იმანენტურადაც ვერ იქნება ატლანტისტური. ახალი, მოდერნისტული თურქული იმპერიის შექმნა, რომელზეც ბევრი ისმის დღევანდელი თურქეთის ხელისუფლების, განსაკუთრებით მთავარ პროტაგონისტ ერდოღანის, მხრიდან, თავისთავად გულისხმობს თურქეთის პოლიტიკური ორიენტაციის აუცილებელ შეცვლას. რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედების ფონზე აშკარაა თურქეთის პოლიტიკური ფლირტი რუსეთთან და განსაკუთრებით აზერბაიჯანთან _ ეთნიკური მობილიზაცია და ერთობაა ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ. თურქეთი შემოდის კავკასიაში, რაც უდავოდ დიდ პოლიტიკურ დისონანს გამოიწვევს მეორე დიდ მოთამაშესთან ამ რეგიონში, ვგულისხმობ ისლამურ ირანს…

კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი: პოლიტიკურ უმეცრებად და თავის მოტყუებად მიმაჩნია ის, რომ საქართველო მასზე ძლიერ ქვეყნებს მოუწოდებს თანასწორი ურთიერთობისკენ. საქართველოს კალიბრის ქვეყნები ვერ ისაუბრებენ ვერც რუსეთთან და ვერც თურქეთთან, როგორც თანასწორი. მსოფლიო პოლიტიკაში შეუძლებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელშიც ჯუჯა ქვეყანას, საქართველოს შემთხვევაში კი, პოსტიმპერიულ გაურკვეველ პოლიტიკურ წარმონაქმნს, შესაძლებლობა მიეცემა, რომ იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყანას თანასწორივით ესაუბროს.

ერდოღანის პოლიტიკა ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი

_ რას იტყვით თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოზე, რომელშიც რუსულ ექსპანსიასა და რუსეთის მხრიდან თურქეთის ტერიტორიების მიტაცებაზეა საუბარი?

_ რაც შეეხება სახელმძღვანელოს, ისტორიის გადმოცემისა და სწავლების მეთოდიკას, აქაც ყველაფერი სუბიექტურ, მიკერძოებულ და ტენდენციურ ჭრილშია. დღევანდელი თურქეთი ქემალ ათათურქის იდეებისა და ტრადიციული ისლამური ფუნდამენტალიზმის საოცარი იდეოლოგიური სიმბიოზია. ვხედავთ იმასაც, რომ თანამედროვე თურქული პოლიტიკური აზრი პროვინციულ თავმომწონეობას არ ეშვება. დროის შესაბამისი პოლიტიკური რაფინირებული განსჯა-გააზრების ნაცვლად, მოზარდ თაობას თეატრალიზებულად ესაუბრებიან, როგორ იბრძოდნენ მათი გმირი წინაპრები ურჯულოთა წინააღმდეგ. ზუსტად ეს არის განათლების სისტემაში მეცნიერული არაკეთილსინდისიერებისა და თვალთმაქცობის კლასიკური ნიმუში. აქედან დასკვნა: ერდოღანის პოლიტიკა ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი, თავმოყვარეობისა და პრინციპულობის კრიტერიუმები.

დასასრულ, საქართველოში სახელმწიფო აზროვნების არარსებობამ, და არა დეფიციტმა, განაპირობა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების სრული გაუგებრობა. ამან გამოიწვია ქართული ნაციონალიზმის დამარცხება. და მთავარი: ჩვენი დროის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა არ სწყალობს პატარა ერების ნაციონალიზმს, მას ეთნოცენტრიზმად და ქსენოფობიად მიიჩნევს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here