Home რუბრიკები პოლიტიკა ეკლესია უნდა გაიწმინდოს და გაიწმინდოს რაც შეიძლება მალე!

ეკლესია უნდა გაიწმინდოს და გაიწმინდოს რაც შეიძლება მალე!

3303

რა პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ხელისუფალი, რომელსაც ეკლესიის სიძლიერე არ აშფოთებდა, ედუარდ შევარდნაძე იყო. ის არ ებრძოდა ეკლესიას, არ ებრძოდა მის ავტორიტეტს და პატრიარქი ნათლიად ჰყავდა. მერე იყო, მიხეილ სააკაშვილს რომ დაუკარგა მოსვენება ეკლესიის სიძლიერემ და პატრიარქის ურყევმა ავტორიტეტმა, ამიტომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში ეკლესიაში ლიბერალი სასულიერო პირების რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდეს, ეპარქიებს ამრავლებდნენ, აძლიერებდნენ და ახალ პატრიარქსაც ამზადებდნენ, მაგრამ ვერც ხელისუფლებამ და ვერც საპატრიარქო ტახტისთვის გამზადებულმა მეუფეებმა ვერ გაბედეს ხმამაღლა იმის თქმა, რომ პატრიარქი უნდა გადაეყენებინათ. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეკლესიაზე სამთავრობო შეტევა შესუსტდა, მაგრამ იქ ჩანერგილმა სასულიერო პირებმა ვერ დაივიწყეს დანაპირები, ვერ შეეგუვნენ იმას, რომ პატრიარქის ტახტი ხელიდან ეცლებოდათ. ვერც იმას შეეგუვნენ, რომ მათთან აღარ ათანხმებდნენ მხარის გუბერნატორის დანიშვნის საკითხს, მათ გარეშე ინიშნებოდნენ მერები, სხვა თანამდებობის პირები _ მათ რეგიონში არაოფიციალური პირველკაცობა ოფიციალურად წაერთვათ. ფურუნკულის თვისებაა, წვალობს, სხეულში გაბნეულ ბაქტერიებს ერთ ადგილზე აგროვებს და ბოლოს, როცა ვეღარ ეტევა, სკდება. აი, გახეთქილმა ფურუნკულმა შეიძლება ძალიან დაგსვაროს, თუ მზად არ ხარ, თუ არ იცი, რომ გასკდება.

სწორედ ასეთ ფურუნკულად გასკდა სინოდის ბოლო სხდომაზე პეტრე ცაავა. მზაკვრული გეგმა, რომელსაც პატრიარქისთვის სიცოცხლის მოსწრაფების მცდელობა ერქვა, სწორედ სიცოცხლის მოსწრაფების, რადგან ის სიტყვები, რომლებიც აწ უკვე ყოფილმა მეუფემ პატრიარქს უთხრა, ხანდაზმული უწმინდესისთვის მათი გადატანა, გააზრება ძალიან ძნელი იყო. გადამწყვეტი შეტევა პატრიარქზე დაიწყო მაშინ, როცა მისი თანამოსაყდრე, მეუფე შიო ამერიკაში ვიზიტით გაემგზავრა და გაემგზავრა წინა დღეს, თუმცა, როგორც კი პატრიარქზე (და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატრიარქზე) შეტევა დაიწყო, მაშინვე დაბრუნდა და სინოდის სხდომაზეც პატრიარქის გვერდით იჯდა. სავარაუდოდ, მეუფე შიოს დაბრუნება და მეუფე იაკობის მონანიება გახდა გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ ჯანსაღმა ძალებმა გაერთიანება შეძლეს, ერთად დადგნენ და შედეგად მივიღეთ ის, რომ პეტრე მეუფე აღარ არის, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი გახდა არა ლიბერალიზმის მიმდევარი, არამედ ქართული ტრადიციების დამფასებელი და ახლა მთავარია, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ მიტევებაზე იფიქრონ – არის ჟამი ქვების შეგროვებისა და არის ჟამი ქვების სროლისა, ეკლესია უნდა გაიწმინდოს და გაიწმინდოს რაც შეიძლება მალე. სხვაგვარად ლიბერასტები სულს მოითქვამენ, ამ კრიზისს (და მათ ახლა სწორედ კრიზისი უდგათ) გადააგორებენ და განახლებული ძალით დაიწყებენ შეტევას. არ გამოუვიდათ პირველ ჯერზე, შეიძლება გამოუვიდეთ შემდეგზე და ამიტომ აუცილებელია, რომ ახლა სწორედ ეროვნული ძალები არ გაჩერდნენ.

რაც შეეხება ყოფილ მეუფე პეტრეს, ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ დაისაჯა აქამდე ის, რადგან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, წინა ხელისუფლების პირობებში მის მიერ ნაკეთები საქმენი საგმირონიც საკმარისია. სამეგრელოში ყველა ამბობს, რომ სწორედ მეუფე პეტრეს ხელშეწყობით “აპრავებდნენ” ახალაიები ტერორს, რომ ხატების გვერდით სააკაშვილის სურათი ედო სამლოცველოში, რომ მასთან შეთანხმების გარეშე არაფერი წყდებოდა რეგიონში და გამოდის, ძალადობაც მასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი სამალავებიდან ამოღებული ვიდეომასალის მცირე ნაწილი მაინც რომ სცოდნოდა პეტრეს, უნდა გამოსულიყო და საჯაროდ განეცხადებინა. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი გავლენის ადამიანს არ სცოდნოდა, რა ხდებოდა მის სამწყსოში, გამორიცხულია, იმ ძალადობის შესახებ მისთვის აღსარებაში მაინც არ ეთქვათ. იმას კი არ ვითხოვთ, აღსარების საიდუმლო გაეთქვა, უბრალოდ, აღსარებაში მოსმენილი ცხოვრებისეული მოვლენებისთვის შეედარებინა, მაგრამ არა. მაშინ მას ეს ხელს არ აძლევდა, მაშინ ის პატრიარქობისთვის ემზადებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დაუცდებოდა პატრიარქს ფეხი, რათა მისი ადგილი დაეკავებინა. სავარაუდოდ, სწორედ სინოდის ბოლო სხდომაზე მიხვდა პეტრე, რომ პატრიარქობა არასდროს არ ეღირსებოდა და ამიტომ ამოხეთქა, ამიტომ გასკდა ფურუნკული და ამიტომ შეეცადა, ბოლომდე გაესვარა, ბოლომდე არ დაენდო უწმინდესი, თუმცა, საბედნიეროდ, ეკლესიამ გაუძლო მორიგ ნასროლ ტალახს, პატრიარქის გულმაც გაუძლო და ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც საჭირო იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: გაჩერება არ შეიძლება და ახლა ეკლესია უნდა გადავიდეს შეტევაზე და თავისი რიგები გაწმინდოს.

რეალურად პეტრე ეკლესიაში იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა აფეთქებულიყო. ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ პეტრე ნაადრევად აფეთქდა, ვერ გათვალა, ამპარტავნობამ სძლია და ახლა ხომ მაინც გამოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ _ როცა თავის დროზე რომ ვაკრიტიკებდით საერო ცხოვრებაში პაატა ცაავას, გვსაყვედურობდნენ: როგორ ბედავთ მეუფის კრიტიკასო. სინოდის შემდეგ თქვეს მეუფეებმა, განჩინებაშიც ჩაიწერა: საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პატრიარქი ასე შეურაცხეყო ვინმესო. გამოდის, რომ საუკუნეების განმავლობაში ურჯულო დამპყრობლებმაც ვერ გაბედეს ჩვენს პატრიარქებზე ისეთი იერიშის მიტანა, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც პეტრემ იკადრა. და, რაც მთავარია, დღესაც კი ის თავის სიტყვებს არ ნანობს, ულტიმატუმით ესაუბრება საპატრიარქოს, თავის პირობებს აყენებს და ისევ იმ რეგიონში დარჩენა სურს, სადაც მყარად აქვს ფესვები გადგმული, სადაც შეეცდება ვითარების არევას, სადაც პროვოკაციასა და საბოტაჟს მოაწყობს. საბოტაჟი იყო ის, რომ ახალი მეუფის მიერ ჩატარებულ პირველ წირვაზე მრევლი არ მივიდა, ანუ პეტრეს ხელდასმულმა მღვდლებმა მრევლს ახალი ეპისკოპოსის მოსასმენად მისვლა აუკრძალეს. ისინიც უნდა დაისაჯონ, ისინიც უნდა გააფრთხილონ და მათაც უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟი და დაუმორჩილებლობა დაუსჯელი არ დარჩება.

სხვათა შორის, პეტრეს დასჯას რამდენიმე სასულიერო პირი არ დაეთანხმა. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ისინიც შენელებული მოქმედების ნაღმები არიან ეკლესიაში და მათაც მალე ააფეთქებენ. უბრალოდ, ახლა ლიბერალიზმისა და წინა ხელისუფლების მეხოტბე დაჯგუფება უმძიმეს დღეშია და ამის დრო არ არის, რადგან მარცხისთვის არიან განწირულები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შესაფერის მომენტს არ დაელოდებიან. იმედია, მეუფე შიოც მიხვდა იმას, რომ პატრიარქის მარტო დატოვება არ შეიძლება, არ შეიძლება, საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა და აქაურობა მხოლოდ ასაკოვან პატრიარქს შეატოვოს, რადგან არის გუნდი თუ ჯგუფი, რომელიც შეეცდება, პატრიარქი ვაკუუმში მოაქციოს და ხომ თვითონაც ნახა მეუფე შიომ, რომ ერთი დღეც საკმარისი იყო სიტუაციის რადიკალურად შესაცვლელად.

ჩვენი ინფორმაციით, როცა მეუფე პეტრე მიხვდა, რომ უმძიმესი სასჯელი ელოდა, ფერი უმალ იცვალა, სცადა, პატრიარქის გული მოელბო, მაგრამ მზაკვრობას მეუფე შიო მიუხვდა და პეტრესაც ჩაეშალა ნომერი. მეუფე შიომ საბოლოოდ გამოაჩენინა სახე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და საბოლოოდ დაანახვა ყველას, რას წარმოადგენს ის. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოხდა ქუთათელ-გაენათელი მღვდელმთავრის პოზიციაზეც იმ ადამიანის შერჩევა, რომელიც ქართულ სულს გააღვივებს და არ დაინდობს ლიბერასტებს. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მაშინვე წამოყვეს თავი და ეკლესიას ისინიც ემუქრებიან. უფრო სწორად, ხმამაღლა ამბობენ, რომ ეკლესიის წიაღში არაერთი გულშემატკივარი ჰყავთ და მათი გამოაშკარავებაც საშური საქმეა.

ვერ გეტყვით, მერამდენე ათეული წელია, რაც საქართველოს ეკლესია პირველ ადგილზეა ყველა გამოკითხვასა თუ ინსტიტუციებს შორის ურყევი ავტორიტეტით. ისიც ფაქტია, რომ პატრიარქის ერთ დაძახილზე სრულიად საქართველო გარეთ გამოვა და მილიონობით ადამიანი დაუდგება გვერდით უწმინდესს, რასაც ვერც ერთი პარტია ვერასდროს ვერ მოახერხებს. სწორედ ამიტომ ეკლესიის ავტორიტეტს ყოველთვის შურით შეხედავენ პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან, გაითავისონ, რომ ადამიანებს, პოლიტიკოსებისგან მიტოვებულ ადამიანებს, ღმერთის იმედი აქვთ მხოლოდ და ღმერთად ხალხი პიროვნებებს არ დაისვამს. ამას ვერ მიხვდა წინა ხელისუფალი და იმედია, მიხვდებიან ისინი, ვინც ახლა გაჰყვირის, პატრიარქზე შეტევა სახელმწიფოზე შეტევის ტოლფასიაო. ჯერ ერთი, აქამდე რომ მივიდა საქმე, თქვენი დამსახურებაა, მაგრამ ამჯერად მაინც დაეხმარეთ ეკლესიას სახელმწიფოს მტრების მხილებაში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ რას წარმოადგენს რეალურად.

ბესო ბარბაქაძე

P.S. მეუფე გრიგოლმა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში განმწესდა, ძალიან საინტერესო რამ თქვა, როცა კითხვა პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე დაუსვეს: “პატრიარქი ავიდა ჯვარზე და ჯვრიდან ჩამოსვლა არ ხდება, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან, ამიტომ პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე!”
ამინ!

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here