Home ახალი ამბები საქართველო დიპლომიანი ბევრი გვყავს, მცოდნე და  პროფესიონალი – ძალიან ცოტა

დიპლომიანი ბევრი გვყავს, მცოდნე და  პროფესიონალი – ძალიან ცოტა

საქართველოში კი არა, ათჯერ უფრო დიდ ქვეყანაში იქნება შეუძლებელი ყოველწლიურად 150 ათასი უმაღლესდამთავრებულის დასაქმება

206

საქართველოში დიპლომი ოდითგანვე ყველასთვის საოცნებო თუ სანუკვარი იყო. დიპლომის თემაზე მხატვრული ფილმებიც კი გადაიღეს, მაგალითისთვის „უდიპლომო სასიძოც“ კმარა.  მშობლები ყოველთვის ცდილობენ, ბავშვმა, უნდა თუ არა, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს და არ არის აუცილებელი, თავისი საქმის პროფესიონალი გახდეს,  მთავარია, დიპლომი ჰქონდეს; შემდეგ მძახლებს,  ყოველი შემთხვევისთვის, თვალებზე რომ ააფარონ…

პრემიერმინისტრის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი უსახსრობის გამო შეუჩერდათ და სწავლის ფულს ვერ იხდიან, სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაჯდება და, როგორც ამბობენ,  დაახლოებით 30 ათას სტუდენტს შეეხება. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დავიწყოთ იმით, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლებამ აღიარა, სულ ცოტა, 30 ათასი ოჯახია ისეთი, რომელსაც სახსარი არ გააჩნია,  შვილს, რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა რომ მისცეს. ამ სტუდენტთა  უმრავლესობა,  რეპეტიტორების გარეშე მოხვდებოდა უმაღლესში, რადგან მშობლებს რეპეტიტორების ფული ნამდვილად არ ექნებოდათ. გამოდის, რომ ეს სტუდენტები, მათი უმრავლესობა მაინც, ნიჭიერია და ერთი წლით კი გააგრძელებს სწავლას, მაგრამ რა მოხდება მერე, გაისად, როცა ფული კვლავ იქნება გადასახდელი? მედალს მეორე მხარეც აქვს – ჩემ გარშემო, სამეზობლოში, სანათესავოში არაერთი ოჯახი ვიცი, რომელმაც, იმის გამო, რომ შვილს ესწავლა, კრედიტი აიღო (ბანკების პროცენტები და კაბალური პირობები კი იცით) და  ყველაფერს იკლებენ იმისთვის, რომ  შვილმა ისწავლოს და ბანკის პროცენტები გადაიხადონ. რა დააშავა ამ ხალხმა? ისინი რატომ ვერ იღებენ დახმარებას? მხოლოდ იმიტომ, რომ ზომაზე მეტად გაიჭირვეს და მანამდეც რამდენიმეჯერ შემოჭერილი ქამარი წელზე  მტკიცედ  შემოიჭირეს?

გაგიკვირდებათ და, მთავარი პრობლემა არც ეს არ არის. დღეს საქართველოში დაახლოებით 150 ათასი სტუდენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიმპლომს 150 ათასამდე ადამიანი მიიღებს. ესენი არიან იურისტები, ექიმები, ეკონომისტები, ინჟინრები, ბიზნეს-ადმინისტრატორები… და შემდეგ მათი  უმრავლესობა სამუშაოდ რომელიმე ქსელურ მარკეტში მოლარედ ან კონსულტანტად წავა და სოციალურ ქსელშიც დიდ პოსტებს დაწერს, როგორ ისწავლა 4 ან 5 წელი, როგორ იტანჯა, როგორ აიღო დიპლომი და როგორ ვერ შოულობს სამსახურს. საქართველოში კი არა, ათჯერ უფრო დიდ ქვეყანაში იქნება შეუძლებელი ყოველწლიურად 150 ათასი უმაღლესდამთავრებულის დასაქმება. საქართველოს ამდენი იურისტი და ექიმი, უბრალოდ, არ სჭირდება, არ სჭირდება ამდენი ეკონომისტი და არც იმდენი ბიზნესია საქართველოში, რომ ამდენი ადმინისტრატორი სჭირდებოდეს. დიახ, მთავარი მიზეზი იმისა, რომ დიპლომიანი ადამიანები თავიანთი პროფესიისთვის შეუფერებელ ადგილებზე მუშაობენ, სწორედ საჭიროების არარსებობაა.

სამაგიეროდ, საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა კვალიფიციური მუშახელი. პრობლემაა მცოდნე  ვეტექიმი, მცოდნე აგრონომი, აღარაფერს ვამბობთ ზეინკალსა და ისეთ უძველეს პროფესიებზე, როგორებიცაა,  მაგალითად, ოქრომჭედელი, მეთუნე,  მეთუნუქე. მეთუნუქეში „პროფილაქტიკის ჟეშტიანჩიკს“ არ ვგულისხმობთ, იმ ადამიანებზე მოგახსენებთ, რომლებიც რკინას „ესაუბრებოდნენ“. მთელი მსოფლიოს გასაგონად რომ გავყვირით, ღვინის ქვეყანა ვართ და პირველად ყურძენი სწორედ საქართველოიში დაიწურაო, იცით, თუ არა, რომ ქვევრის იმდენი ხელოსანია შემორჩენილი, მათ ჩამოსათვლელად შეიძლება ორივე ხელის თითები არ დაგვჭირდეს?! ისინიც ასაკში არიან და მალე ქვევრის მკეთებელი აღარ შეგვრჩება. კვალიფიციური აგრონომიც ძალიან ცოტაა; ვეტექიმი, ისეთი, რომელიც ცხოველებს ოპერაციას გაუკეთებს, თითებზე დასათვლელია და ამ პროფესიებზე არავინ ფიქრობს; არ სურთ არც თიხაში ხელის რევა, არც მიწის ჩიჩქნა, არც ცხოველებისთვის გადასხმის სისტემის დაყენება… ჰო, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ მინახავს, როგორ უკეთებენ საკეისრო კვეთას ძროხას, როგორ უყენებენ გადასხმას ჯიშიან ღორს, აღარაფერს ვამბობ ძაღლებსა და კატებზე – ამ ორი მიმართულებით, ასე თუ ისე, შედეგი გვაქვს, რადგან… ძაღლის ყოლა  ერთგვარი მოდაა. ამდენი მაწანწალა ძაღლი რომ გვყავს, სწორედ მოდასაყოლილთა დამსახურებაა – მოსწყინდა და გააგდო გარეთ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ,   ხელისუფლებამ მიდგომა უნდა შეცვალოს და აქცენტი პროფტექნიკურ სასწავლებლებზე გააკეთოს, რომლებშიც სწავლა უფასო იქნება (არა გვგონია, 3-4 ტექნიკუმის დაფინანსება წლიურად იმ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდეს, რომელიც ახლა  30 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უნდა ჩაურიცხონ), რომლებშიც პროფესიებს შეასწავლიან და  ქვეყანა მიიღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ კადრებს. მსოფლიო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე გადავიდა, რადგან ყველა მიხვდა, რომ მომავალი არა ნავთობში, არამედ საკვებ პროდუქტებშია, რომელთა ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად მატულობს. ჰოდა, აქცენტი სოფლის მეურნეობაზე რომ გავაკეთოთ, აგრონომები არ გვეყოფა; ეს მაშინ, როცა  ჩვენს მეზობელ თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში აქცენტს სწორედ ამ მიმართულებებზე აკეთებენ. შემშურდა იმ ინდოელების, რომლებმაც კახეთში იჯარით 80 ჰექტრამდე მიწა აიღეს და ექვსი მოიჯარიდან  ექვსივეს აგრონომის განათლება ჰქონდა და ზუსტად იცოდნენ, სად რა უნდა გაეკეთებინათ, მიწას ეფერებოდნენ, ყნოსავდნენ… ქართულ მიწას და ამ დროს ჩვენ… ჩვენ არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მიწა, უცხოელებს კი არ მივცეთ, ჩვენვე დავამუშაოთ. გამოცდილი და მცოდნე ექვსი აგრონომი, ერთ ნაკვეთზე კი არა, რეგიონშიც იშვიათად მოიძებნება… ამას წინათ ძველ ნაცნობს, 88 წლის მეფუტკრეს შევხვდი, ბაზარში წითელ წიწაკას ყიდულობდა დიდი ოდენობით, –  უნდა დავფქვა, თორემ დაფქვილს ათასი მინარევი აქვსო, მერე სიროფში უნდა გავხსნა და ფუტკარს უნდა მივცე, რადგან საყლაპავში ტკიპა უჩნდება და ეს ბუნებრივი საშუალებაა მის მოსაშორებლადო. აბა, ახლა რამდენმა იცოდით, რომ ფუტკრის საყლაპავში შეიძლება ტკიპა გაჩნდეს, ანუ საუბარია მილიმეტრების მეათედზე და იმ კაცმა იცოდა, შვილს ასწავლის (სამიდან მხოლოდ ერთი დააინტერესა) ხელობას და არ დასჭირდება… ჩინელი მეფუტკრის დაქირავება. ჰო, თაფლის მწარმოებელ ერთ-ერთ დიდ კოოპერატივს მთავარ კონსულტანტად ჩინელი მეფუტკრე ჰყავს და არა ქართველი, იმიტომ, რომ ქართველი ვერ იპოვეს. ახლა ცალკე  ჩინელს უხდიან ხელფასს, ცალკე – თარჯიმანს.

შესაძლოა, ბევრს გაეცინოს, მაგრამ ავეჯის გადაზიდვასაც ცოდნა უნდა და ადრე ამ პროფესიის ადამიანებიც იყვნენ. ახლა ისინიც გაქრნენ ნელ-ნელა და ავეჯის გადაზიდვის სერვისებში, უბრალოდ, ჯანიანი ბიჭები მუშაობენ, თორემ ატანის ტექნიკა, თოკებით გარდერობის ბეჭებზე მოგდება  ძველების ხელობა იყო. რაღა მტვირთავები, აგერ, 80-100 ლარად დღიურად მუშის დაქირავება  ლამის წარმოუდგენელია. მათ იციან, რომ მუშის დეფიციტი ყოველდღიურად იზრდება და ამიტომ საკუთარ თავს ფასს ადებენ. მერე რა, რომ რამდენიმე მათგანს, შესაძლოა, სახლში დიპლომი უდევს, ან მშობლებმა დააძალეს, ან სამეზობლოსი შერცხვა, კლასელებმა რომ ჩააბარეს, თავად ხომ არ ჩამორჩებოდა?! და ასე ვცხოვრობთ წლიდან წლამდე, სხვების თვალში გაუნათლებლებად რომ არ გამოვჩნდეთ. არადა, ბევრ დიპლომიანს განათლებით ბევრი უდიპლომო სჯობს და გვერწმუნეთ, არც ბევრი წიგნის წაკითხვა ნიშნავს განათლების მიღებას – წაკითხულიდან აზრის გამოტანა და აღქმის უნარი ცალკე ნიჭია.

შესაძლოა,  ვინმე გაოცდეს, რაც უფრო მეტი დიპლომიანი გვეყოლება, მაგას რა სჯობს, რატომ იწუნებთო. საქმეც ის არის, რომ დიპლომიანი ძალიან ბევრი გვყავს, მცოდნე და საქმის პროფესიონალი – ძალიან ცოტა. სწორედ ამიტომ იმ 30 ათას სტუდენტს, რომლებსაც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მოგეცათ, გულით გილოცავთ, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, შესაბამისი პროფესიის არჩევამდე, უმაღლეს სასწავლებელში ათასობით ლარის გადაყრამდე, ეგებ სჯობს კარგად დაფიქრდეთ, რა არის კარგი თქვენი მომავლისთვის და არ იფიქროთ იმაზე, რას იტყვიან მეზობლები თუ ნათესავები. პროფესიაც თქვენთან ერთად უნდა იყოს მუდმივად და ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც გიყვართ, და არა ის, რაც იმ კონკრეტული მომენტისთვის პრესტიჟულია. ეს არა მხოლოდ თქვენ, არამედ ქვეყანასაც წაადგება და „პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო“, ხომ გაგიგიათ?! ამ გახსენებაზე, კარგი ხაბაზების, მცხობელების დეფიციტიც გვაქვს და, საზოგადოდ, ქართული კერძების მკეთებლების. აგერ, სატელევიზიო შოუებში, ახალგაზრდების უმრავლესობა ისეთ აზიურ და ევროპულ კერძებს აკეთებს, რომელთა დასახელებაც კი ბევრს პირველად ესმის. შეიძლება, ძალიან გემრიელია, მაგრამ, სანამ  ანანასის „ჩიპსებს“ ფინიკის წვენს  მოასხამთ, ეგებ ლოქოსთვის ქინძისა და ძმრის დოზები გვესწავლა…

ლევან გაბაშვილი                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here