Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: საკუთარი სახელმწიფოს მძევლად აყვანა უნდა დასრულდეს. “ქართულმა ოცნებამ” ორ სკამზე...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საკუთარი სახელმწიფოს მძევლად აყვანა უნდა დასრულდეს. “ქართულმა ოცნებამ” ორ სკამზე ჯდომა უნდა დაასრულოს!

“ევროკავშირის კუთვნილება თუ გავხდებით, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს დავკარგავთ”

297
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ამა წლის 26 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით გაიმართააბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერმინისტრები; სხვა პანელურ სესიებში _ ევროპისა და აზიის ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. „აბრეშუმის გზის ფორუმიწელს იმითაც გამოირჩეოდა, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციები წარმოდგენილი იყო პრემიერების, ვიცეპრემიერების, მინისტრების დონეზე. ღონისძიებაში, აგრეთვე, მონაწილეობდა საერთაშორისო ბიზნესსექტორი.

აბრეშუმის გზის ფორუმისმიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წელს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონში  იზრდება საქართველოს როლი _ საქართველოს სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ბიზნესისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ბევრი წარმატებული გარიგება შედგება ბიზნესებს შორის“, _ განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

აბრეშუმის გზის ფორუმისმნიშვნელობასა და მასში საქართველოს როლზე ფორუმის დელეგატი, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

_ საქართველო მეოთხედ მასპინძლობს “აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა. მასში მონაწილეობდა სამოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები _ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტოლოგები და ექსპერტები. წლევანდელი ფორუმი წინა სამისგან განსხვავდებოდა თავისი ფორმატით. მას ლაიტმოტივად გასდევდა საქართველოჩინეთს შორის დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება, რაც იგრძნობოდა კიდეც. ფორუმზე დამსწრე საზოგადოებისთვის ტექსტი ითარგმნებოდა რამდენიმე ენაზე: ინგლისურად, რუსულად, ჩინურად, ქართულად, აზერბაიჯანულად, სომხურად…

ფორუმი განსაკუთრებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს. თბილისს სტუმრობდნენ აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.

ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯები ბრძნული იყო. მან თქვა, რომ ამერიკავკასიის სამი სახელმწიფოს სტარტეგიული ურთიერთობის ფორმატში გადაყვანა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მიზანი. საქართველო არის სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგებისა და მათი შემდგომი თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მოედანი.

აღსანიშნავია, რომ ასადოვის სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა ტაში დაუკრა. ფაშინიანმა და ასადოვმა თქვეს, რომ ომი დასრულებულია და მომავლის პერსპექტივაა ურთიერთთანამშრომლობა, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ კონტექსტში. ფაშინიანმა სომხეთის ახალი ამპლუა დაგვანახვა, ასევე თქვა, რომ თურქეთთან ურთიერთობის საკითხი უნდა გადაიტვირთოს, რეგიონში ვითარება უკეთსობისკენ უნდა შეიცვალოს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, გახდეს ჰაბი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გაზსადენების და ა.შ. ასევე გამოთქვა თურქულ-სომხური აეროპორტის მშენებლობის სურვილი. მან თქვა, რომ უნდა განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ინიციატივა გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების აშენებასა და განახლებას. ეს იყო რევოლუციური მნიშვნელობის მესიჯები. ეს არ იყო დროის გაყვანის პოლიტიკა, ეს გახლდათ მოქმედების პოლიტიკა, მტრობა არ იყო; ითქვა, რომ დროა, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

საქართველო აბრეშუმის გზის ყველაზე საპასუხისმგებლო ფიგურაა. როდესაც შუა დერეფანზე მიდის საუბარი, ბევრმა არ იცის, რომ ეს არის ტრანსკასპიური სატრანსპორტო ეკონომიკური პლაცდარმი, სადაც საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. საქართველო დღეს მზად არის, იყოს გამტარი ამ ძალიან გრძელ და მნიშვნელოვან გზაზე.

ფორუმზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის 8000 დოლარი, გაისად იქნება _ 8700, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს არის “ირმის ნახტომი” ქართულ ეკონომიკაში. ჩვენმა აზიელმა კოლეგებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდება, რომ საქართველო არის გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი დამაკავშირებელი ფუნქციის შემსრულებელი, რომ ჩვენ ვიბრუნებთ რეგიონში ისტორიულ ფუნქციას _ ლიდერის ფუნქციას. საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულების სურვილი გამოთქვა, რაც ჩვენს ქვეყანას კვარცხლბეკზე აყენებს…

_ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა საქართველო ავტომატურად აქცია მნიშვნელოვან ქვეყნად, რაც დაგვეტყო კიდეც, მაგრამ საქართველო კვლავ ელოდება ევროკავშირის წევრობის სტატუსს. რა სჯობს ჩვენთვის _ აზიისკენ სწრაფვა, უფრო ზუსტად, “3+3” ფორმატში შემავალ ქვეყნებთან შეერთება, სადაც ჩვენი ადგილი და როლი განსაზღვრულია, თუ, როგორც ევროკავშირში ამბობენ, სწრაფვა ოთხსაფეხურიანი ევროპისკენ, სადაც ჩვენი ადგილი არც ერთ საფეხურზე არ არის?

_ 30-წლიანი იდეა-ფიქსი ევროპისკენ სწრაფვისა უნდა დასრულდეს. დროა, გადავიდეთ პრაგმატულ პოლიტიკაზე.

ჩინელების სლოგანია: “ეკონომიკა, პირველ რიგში, მას მოჰყვება პოლიტიკა”. ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და ვექტორები მიგვითითებს, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი პოლიტიკური განვითარების კუთხით. ჩვენ ვხედავთ, რომ, პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ბოლო პერიოდში საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, როგორც რუსეთთან, ისე თურქეთთან, ჩინეთთან, ბელარუსთან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა ირჩევს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკური განვითარების პრიორიტეტს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ 8 ათასი დოლარია ჩვენი მშპ.

საქართველოსთვის მთავარი არ არის ევროკავშირის წევრობა. სვლა უნდა გავაგრძელოთ იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ საქმიანი, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთთან და არა იმისკენ, რასაც გვთავაზობენ: დეპოლარიზაცია მკვლელ რეჟიმთან, ლგბტ-ის პატივისცემა და ა.შ.

დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა “აბრეშუმის გზის ფორუმი”, და ყველამ ერთხმად აღიარა საქართველოს როლი, როგორც ხიდი ცივილიზაციურ ორ არჩევანს _ დასავლურსა და აღმოსავლურს _ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” ევროკავშირის წარმომადგენელ ლობისტებს ძალიან გაუჭირდებათ განაცხადონ, რომ საქართველო განიცდის რეგრესს და რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი კი ჩვენ მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ვიყოთ უფრო მოქნილნი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში აღმოსავლეთის, სამხრეთის, ჩრდილოეთის მიმართულებებით და ყველაზე მთავარი _ ევროკავშირთან ასოცირებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ უფრო საინტერესო იქნება საქართველოს მონაწილეობა “3+3” ფორმატში, რომელიც რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ დარწმუნებული ხართევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ორ სკამზე ჯდომას ცდილობს?

_ კი, საქართველოს ხელისუფლება ორ სკამზე ჯდომას ცდილობს. ეს არის ყველაზე უხერხული მდგომარეობა, რომელიც “ოცნებას” აკარგვინებს უკვე აკრეფილ დივიდენდებს. ღარიბაშვილის აქტივობები წყალში იყრება, ნაკლად გვეთვლება: მაგალითად, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც რეგიონული მასშტაბის მოვლენაა და რომლითაც “აბრეშუმის გზის” ქვეყნებმა უნდა ისარგებლონ.

 საზოგადოების გარკვეული ნაწილი ადანაშაულებს “ოცნებას” და  ისინი მართლები არიან, რადგან ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში, თითქოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა არის ისტორიული არჩევნი, სინამდვილეში არ არის სწორი, ეს არ წარმოადგენს ქართველი ერის არჩევანს.

საკუთარი სახელმწიფოს მძევლად აყვანა უნდა დასრულდეს. “ქართულმა ოცნებამ” ორ სკამზე ჯდომა უნდა დაასრულოს! ევროკავშირის კუთვნილება თუ გავხდებით, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს დავკარგავთ… საქართველომ  მოქნილი პოლიტიკა უნდა გაატაროს. უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმსაზღვრელი. ყველა ქართველისთვის ტერიტორიული მთლიანობა არის უპირატესი!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here