Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს _ გიორგი გახარიას გენერალურ პროკურორს _ შალვა თადუმაძეს...

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს _ გიორგი გახარიას გენერალურ პროკურორს _ შალვა თადუმაძეს ქალაქ თბილისის მერს _ კახა კალაძეს

SOS: დიდი დიღომი შველას ითხოვს!

4756

წარმოგიდგენთ საგანგაშო ფაქტებს და გთხოვთ თანადგომას, სამართლიან და სასწრაფო გადაწყვეტილებას 

გიგანტური მშენებლობების ბუმმა კორპუსებით გაჯერებულ დასახლებად აქცია დედაქალაქის ბევრი უბანი. კორპუსების მშენებლობას ეწირება დიდი დიღმის მწვანე სივრცე _ ბაღები, პარკები, სკვერები…

წარმოდგენილი რუკა “დიდი დიღომი” ასახავს ხუთი გვირგვინოსანი მეფის, ორი დიდი ფილოსოფოსის, გენიალური “ვეფხისტყაოსნისა” და მისი გმირების სახელობის ქუჩებისა და სამი ტაძრის (ცამეტი ასურელი მამის, ყოველთა ქართველთა წმინდანთა და წმ. ასი ათასი მოწამის) მდებარეობას. დიდი დიღომი იწყება ფარნავაზ მეფის გამზირით, რომლის დამამშვენებელ პარკსა და სკვერს რკინა-ბეტონის ნაგებობებით დაფარვა ემუქრება, ხოლო გამზირის არქიტექტურულ იერს _ სრული დამახინჯება.

იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული ქართული ანბანის მადიდებელი ანსამბლი და სკვერი სავალალო მდგომარეობაშია: ანსამბლი ოთხსართულიანი ბეტონის კარკასით არის დაფარული.

რაც შეეხება დიდი დიღმის ერთადერთ პარკს, 1984 წელს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 5 ჰექტარი ფართობი 44 სახეობის ხე-მცენარეებით დამშვენდა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის დაუკითხავად ნაწილ-ნაწილ გაიყიდა…

ცნობისთვის: დედაქალაქში პროსპექტების დაგეგმვის ნიმუშად აღიარებული რუსთაველის, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირები ორ-ორი ბაღით (პარკით), მრავალი სკვერითა და ხეივნითაა დამშვენებული.

დიდი დიღმის, ანუ ფარნავაზ მეფის გამზირის ერთადერთი ზემოაღნიშნული პარკისა და მისი შემადგენელი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების გადარჩენილ სივრცეში კი დაიწყეს ახალი გიგანტური კორპუსის მშენებლობა, რაც გენგეგმით დამტკიცებული რეკრეაციული ზონის განადგურება და მოსახლეობით ქუთაისის ტოლფარდი დიდი დიღმის მცხოვრებთა სასიცოცხლო ინტერესების აბუჩად აგდებაა.

დიახ, ის ერთადერთი პარკია, რომელიც არა მხოლოდ ფარნავაზის გამზირის, არამედ ზემოაღნიშნულ რუკაზე წარმოდგენილი ყველა ქუჩის მცხოვრებთა (მათ შორის, ზემოაღნიშნული და სხვა ეკლესიების მრევლის) მოთხოვნებს ემსახურება.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გაერთიანებული ძალისხმევით აღვკვეთოთ დედაქალაქის ბაღების, პარკების, სკვერებისა თუ ხეივნების განადგურების ხარჯზე (როგორც ეს ვაკეში _ საცურაო აუზის, ხოლო საბურთალოზე სპორტის სასახლის გარშემო მოხდა) რკინა-ბეტონის ცათამბჯენების აგების მოთავეთა თავგასულობა.

თბილისის მერიისა და საკრებულოს სახელზე დაწერილ საგანგაშო განცხადებებს, ასევე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” (#11, 28.03.2018) გამოქვეყნებულ, ხოლო შემდეგ ქალაქის მერისადმი წარდგენილ მიმართვას (#19/011809323-01; 03.04.2018), რომელსაც ხელს აწერდა 167 პიროვნება, აგრეთვე, საპროტესტო აქციებსა და მერიისადმი გაგზავნილ მრავალ წერილს (იანვარი-ივლისი, 2019) შედეგი არ მოჰყოლია.

პრობლემა ეხება მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს. კონსტიტუციის ძალით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და, თუ ეს დებულება ფიქცია არ არის, მოგმართავთ დიდ დიღომში მცხოვრები 200 ათასი მოქალაქის სახელითა და ნებით, რათა აღიკვეთოს უკანონობა და უსამართლობა.

სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქის ინტერესების ბალანსს და ხელისუფლების უმთავრესი მოვალეობაა მისი დაცვა, რომელიც დიდ დიღომსა თუ დედაქალაქის სხვა უბნების რეკრეაციულ ზონებში მშენებლობებით აშკარად ირღვევა.

ყოველივე ზემოთქმულის გამო მოვითხოვთ:

* დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირის 5 ჰექტარი ფართობის პარკის გადარჩენილ სივრცეში (სიგრძე-სიგანე 170X110 მეტრი) უკანონოდ დაგეგმილი და 2019 წლის 1 ოქტომბერს დაწყებული გიგანტური კორპუსის მშენებლობის შეწყვეტას;

ასევე მოვითხოვთ:

* იქვე მოქმედი ავტოსაწარმოს გადატანას;

* ოთხსართულიანი ბეტონის კარკასების დაშლა-გატანას, რომელმაც დაფარა გამზირის დასაწყისში არსებული ქართული ანბანის ანსამბლი და სკვერი;

* ალტერენატიული პროექტებისა და საქმიანი წინადადებების განხორციელებას.

ალტერნატიული პროექტები და საქმიანი წინადადებები ასეთია:

  1. პარკის გადარჩენილ სივრცეს დაეკისროს ახლებური, ყველა ასაკის მოქალაქეთა გამაერთიანებელი, ანუ დასასვენებელი, სასეირნო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია. დღეს აქ მხოლოდ 15 სკამია. ჩვენი პროექტის მიხედვით, უნდა დაიდგას 3-ჯერ მეტი. ასევე განახლდეს და გამრავალფეროვნდეს ბაღნარი და მისი შემადგენელი კალათბურთისა და ფეხბურთის იავარქმნილი მოედნები;
  2. დიდ დიღომში ბავშვები (2-12 წლის) კორპუსების გარშემო თამაშობენ, რადგან ატრაქციონები და სათამაშო მოედნები ისე ცოტაა, რომ ვერ იტევს ბავშვების მომრავლებულ ნაკადს; 13-19 წლის ყმაწვილებზეც იგივე ითქმის, უფრო მეტიც, უგულებელყოფილია ახალგაზრდობის (20-44 წელი), შუახნის (45-59 წელი), ჭარმაგთა (60-74 წელი), ხანდაზმულთა (75-89 წელი) და დღეგრძელთა (90 წელი და მეტი) ინტერესები და მოთხოვნები;
  3. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის საშუალებად მიგვაჩნია დიდი დიღმის გადარჩენილი რეკრეაციული ზონების გამაერთიანებელი ტერენკური, ანუ კეთილმოწყობილი სასეირნო-საფეხმავლო ბილიკების ქსელი, რომლებიც უნდა დაამშვენოს ხალხური და კლასიკური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებმა;
  4. დენდროგეგმით გათვალისწინებული, მაგრამ არშემდგარი შადრევნისა და სარწყავი სისტემის ადგილას უნდა დაიდგას გლობუსი “პლანეტა დედამიწა”, მსოფლიოს ყველა დროშით დამშვენებული (დიამეტრი _ 9 მ; კვარცხლბეკის სიმაღლე _ 5 მ, დიამეტრი _ 7 მ; იხ. მაკეტი); გლობუსის შიდა სივრცის თემატიკა იქნება ქართული, ხოლო შინაარსით _ საერთაშორისო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრი;
  5. გლობუსისა და ტერენკურის თემატიკა დიდი დიღმის რეალურ სივრცეში ოთხი მიმართულებით განვითარდება: ერთი მარშრუტი აღმოსავლეთით, მოხერხებული გადასასვლელებით მდინარე მტკვრის ორ ტოტს შორის არსებულ კუნძულს დაუკავშირდება. იქვე შესაძლებელია დასასვენებელი პარკისა და აბრეშუმის გზის სამდინარო სადგურის მოწყობა; მეორე მარშრუტი ფეხით თუ ცხენით მოგზაურებს თრიალეთის მთებში დიდგორის, ხოლო მესამე-მეოთხე მთაწმინდისა და მცხეთის მიმართულებით გაიყვანს. ველით თქვენს თანადგომასა და სამართლიან გადაწყვეტილებას.

დიდი დიღმის მოსახლეობის სახელით:
ჯუმბერ აბრამია, ინჟინერი, მებაღე;
შახვალად აივაზოვი, ჟურნალისტი;
მარინე აკობია, ინჟინერი;
ბახვა ბარბაქაძე, ფილოლოგი;
ელბერდ ბატიაშვილი, პოლიტოლოგი, პროფესორი;
თედო გორგოძე, კარტოგრაფი;
ნინო ზურაშვილი, ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი;
მერი ისაევი, პოლიგრაფისტი;
ვალერი ლობჟანიძე, ტექნოლოგი, პროფესორი;
რაულ მამალაძე, ეზოთერიკოსი;
გვანჯი მანია, ჟურნალისტი, ეკოლოგი;
ვახტანგ მაღრაძე, ენათმეცნიერი, პროფესორი;
ქეთევან მგალობლიშვილი, გეოგრაფი;
პაატა მოისწრაფიშვილი, მხატვარი, კომპოზიტორი;
დავით მორგოშია, ინჟინერი, ეკოლოგი;
გურამ ოთხოზორია, ისტორიკოსი, მღვდელი;
გოგი სარაჯიშვილი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი;
ლევ სარქისოვი, ალპინისტი, რეკორდსმენი;
თამარ ფარჩუკიძე, ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი;
ჟანა ქოიავა, ჟურნალისტი;
ჯემალ შელია, იურისტი;
ავთანდილ ჩხიკვაძე, ეკოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი;
მარატ ციცქიშვილი, ეკოლოგი, პროფესორი;
ნათელა ჭოლოკავა, ტელერადიო ინჟინერი;
სიმონ ჯაფარიძე, პოეტი, მხატვარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here