მთავარი პოლიტიკა დღევანდელი საქართველო ერეკლესდროინდელზე უარეს დღეშია

დღევანდელი საქართველო ერეკლესდროინდელზე უარეს დღეშია

538
გააზიარეთ

ქართველი ერის სახელით რომ გველაპარაკებით ამ დაძაბულ დროს და თანაც აღვირახსნილი რუსოფობიით, ამის უფლება ვინ მოგცათ თქვენ, ვისი სახელიც ბიძინას გარეშე “ზერო”, ნულია და სად გიპოვათ, რომელ სოროში იმალებოდით, როდესაც მე და ჩემნაირები მიშარასტების სისხლიან რეჟიმს სიცოცხლის რისკის ფასად ვებრძოდით? _ ამ ფრაზით დავამთავრე ბოლო სტატია სათაურით “ქოცებისა და ნაცებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რას იტყვის ძია სემი” და იქვე მკითხველს შევპირდი, რომ ამ თემას უფრო ვრცლად, ალბათ, გაზეთის შემდეგ ნომერში გავშლი-მეთქი. “ალბათ” იმიტომ, რომ ისეთი სისწრაფით ვითარდება გეოპოლიტიკური მოვლენები, დარწმუნებული არ ვიყავი, ჩემი დაპირება აქტუალობას დღემდე თუ შეინარჩუნებდა. 

მკითხველთან ბოლო პაემნიდან დღემდე, ე.ი., ბოლო ერთ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დიდ პოლიტიკაში მომხდარი თუ მოსალოდნელი ძვრების შედეგები, პირდაპირ თუ არა, ასე თუ ისე პატარა საქართველოზეც აისახა და მომავალშიც აისახება ქოც-ნაცთა ხელისუფლება-ოპოზიციის ხელში, სამწუხაროდ, მხოლოდ ნეგატიური კუთხით.

არადა, ჭკვიანი და, რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ეროვნული ხელისუფლების პირობებში ეს “ასახვა” შეიძლება ისეთი პოზიტიური ყოფილიყო, რომ გვირაბის ბოლოს, მბჟუტავი სინათლის სხივი კი არა, ისეთი პროჟექტორი აბრდღვიალებულიყო, რომელიც მოყვარეს გზას გაუნათებდა, ხოლო მტრებს თვალებს დაუბრმავებდა. სწორედ ამ არცთუ მცირე შესავლიდან გამომდინარე, შევეცდები მკითხველისთვის დაპირების ასრულებას.

წინამდებარე წერილის შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილის დაწერა განაპირობა საქართველოში ყველაზე ცნობილი “უცნობის” ტელევიზიის საავტორო პროგრამა “კიდობანის” ერთ-ერთმა გადაცემამ, რომლის სტუმარი იყო თბლისში ჩემი დიდი სამეგობრო-საახლობლო წრის “რიგითი” წევრი, მაგრამ ქალაქში “უცნობზე” არანაკლებ ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ჯაპანა _ დავით ხურცილავა.

მოკლედ, “უცნობთან” ტანდემში თავის ყოვლის წამლეკავი იუმორით, ხუმრობებით ჯაპანამ, რომ იტყვიან, სიცილით ხომ ჩაგვაბჟირა _ ეს თავისთავად, მაგრამ ამ ჟივილ-ხივილში ისეთი რამ წამოსცდა, რასაც ნაცების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, ქოცებამდე, “ტაბუ” ჰქონდა დადებული _ ლამის 20 წელიწადია, ველოდები ტელევიზიებიდან რუსეთ-საქართველოს შორის, ორ საუკუნეზე მეტი ხნის ტკბილ-მწარე ურთიერთობის კი არადა, 200 წლის თანაცხოვრებაზე მართალი სიტყვის თქმასო.

ციტირების გარეშე და, ინტერპრეტაციით გთავაზობთ ნაცნობ-”უცნობის” ფრაზას:

ერეკლე მეფის გადაწყვეტილება, საქართველო ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთის იმპერიაში შესულიყო, იმდროინდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და სწორედ მეფე ერეკლეს ბრძნული გადაწყვეტილების შედეგია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასე თუ ისე (ანუ ტერიტორიებდაკარგული, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი) მაინც არსებობს, ხოლო ქართველი, როგორც ერი, როგორც ეთნოსი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა და ჯერ კიდევ არსებობს”.

ნაცნობ-”უცნობს” “წავეხმარები” და იმდროინდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობას ორი სიტყვით შევახსენებ _ ერეკლესდროინდელ ამერ-იმერ საქართველოს მამაცი, მეომარი ქართველებით იმ სტადიონის შევსებაც გაუჭირდებოდა, რომელიც შენ სულ ადვილად შეავსე. თუმცა, ჩემო ნაცნობ-”უცნობო”, რაც შენ იმ დღეს თქვი, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მაგრამ ამისთვისაც გმადლობ. იმედია, მიმდევრებიც გაგიჩნდებიან და, შესაძლოა, აისბერგის ძირიც ვიხილოთ.

დღევანდელი საქართველო ერეკლესდროინდელზე უარეს დღეშია _ თუ იმხანად ისლამის ოკეანეში მყოფ საქართველოს მხოლოდ გამუსლიმანება (მაჰმადის სჯულისთვის თავდადება, ოჯახი, სინდის-ნამუსი, წინაპართა ხსოვნა, საზოგადოებრივი მორალი და ა.შ., რაც ცხოველისგან განასხვავებს ადამიანს, მუსლიმთათვისაც ისეთივე წმიდათაწმიდა ფასეულობებია, როგორიც ჩვენთვის, ქრისტეს მოძღვრების მიმდევართათვის) ან ქრისტეზე უარის შემთხვევაში სიკვდილი ელოდა, ახლა ნეოლიბერასტული ოკეანით გარშემორტყმულ კუნძულს _ საქართველოს, დასავლელი “მეგობრების” რჩევით, ზემოხსენებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მორალურ ფასეულობებზე უარის თქმა და მსოფლიო ლგბტ-ზაციის იმ ფერხულში ჩაბმა მოუწევს, რომელსაც XXI საუკუნის დასაწყისიდანვე ჩვენი “მთავარი სტრატეგიული მოკავშირე” _ აშშ დირიჟორობს.

რაც შეეხება მკითხველისთვის წინამდებარე წერილის დასაწყისში მიცემული პირობის შესრულებას, გაგიკვირდებათ და დასაწყისისთვის ისევ ნაცნობ-”უცნობის” “კიდობანს” უნდა მივადგე…

23 მარტს გადაცემა “კიდობნის” სტუმარი, ჩემი აზრით (მიუხედავად ათასგვარი მითქმა-მოთქმისა), კარგი ქართველი მამულიშვილი (ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 7 შვილის მამაა) ლევან ვასაძე იყო, ხოლო საუბრის თემა ნამოხვანჰესი და მისგან მოსალოდნელი ეკონომიკურ-ეკოლოგიური საფრთხე იყო. რადგან არც ერთში ვარ ყარამანი და არც მეორეში, ცნობილ ბიზნესმენს ტიგრან გულოიანის სიტყვებით ვუპასუხებ; “ძია ისიდორე, მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ შენი მჯერა!”

ლევან ვასაძის ხილვამ ცხონებული გია მაისაშვილი გამახსენა _ ასეთი მსოფლიო დონის ეკონომისტი გვყავდა და ეკონომიკის (მდგრადი განვითარების) მინისტრის სავარძელში სააკაშვილმა საეჭვო განათლების მქონე მეგობარი ქალბატონი დასვა. ამაზეა ნათქვამი: “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა”-ო… არადა არ ეღირსა გია მაისაშვილს საქართველოში მისი პროფესიონალური პოტენციალის შესაფერი თანამდებობა _ არც ქართველთმოძულე მიშას, შემდეგ არც “ეროვნული” ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში _ ორივესთვის ერთნაირად მიუღებელი იყო, რადგან ყველაფერზე თავის კანტურის ნიჭი არ ჰქონდა და გულნატკენიც წავიდა იმქვეყნად (სხვათა შორის, მიშას რეზინის ტყვიით თავზე მიღებული ტრავმისგან წარმოქმნილი სიმსივნის გამო), სამშობლოსთვის ბოლომდე დახარჯვის ნება რომ არ მისცეს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ, ძირითადად, მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი კრიზისების დროს რატომ გამოჩნდება ხოლმე საქართველოში?

მგონი, რიტორიკული კითხვა დავსვი _ ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ ყველაფერზე თავის კანტურის ნიჭი, ეტყობა, მასაც არ აქვს და ამიტომაც არ სჭირდება ქოც-ნაცების ხელისუფლებას, ეს ერთი; და მეორე _ განა ინგა გრიგოლიები მშვიდად ცხოვრებას ადროვებენ? კარგად მივიხედ-მოვიხედოთ და დავთვალოთ, რამდენი ადამიანი დარჩა დღეს “ქართულ ოცნებაში” ისეთი, რომელთა მხრებზეც გადაიარა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის და, აქედან გამომდინარე, 2012 წლის 1 ოქტომბრის დადგომის სიმძიმემ? თითქმის არავინ. ბატონო ბიძინა, რომ წახვედით, სად წახვედით, ვის იმედად, ვის ხელში ტოვებთ საქართველოს ამ გაქანებული პანდემიისა და, საზოგადოდ, უმძიმესი ვითარებისას _ კობახიძეების, თალაკვაძეების, მდინარაძეებისა და სხვა მათ მსგავსთა, რომლებიც, კაცმა არ იცის, საიდან მოიყვანეთ, სად იპოვეთ და ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვასვით?

სად არის ზაზა პაპუაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ ემზარ კვიციანზე ან თუნდაც სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც ჩუმ-ჩუმად დასცინოდნენ რესპების მსგავსი “ინტელექტუალები”, _ იბიარდი არ იცის, რა არისო… და მერე რა? სამაგიეროდ, ემზარ კვიციანმა იცოდა, როგორ დაეცვა კოდორი, იგივე დალის ხეობა, რომლის მიწაზე საუკუნეების განმავლობაში, რუსს კი არა, არც ერთ დამპყრობელს ფეხი არ დაუდგამს და რომელიც 21-საუკუნეში ტყვიის გაუსროლელად ჩააბარეს ნაცებმა.

ახლა, რაც შეეხება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას _ როდის, რომელ საუკუნეში იყო საქართველო ევროპის ნაწილი, რომ ახლა იქ ბრუნდება _ შუა საუკუნეების საფრანგეთში, რომლის ვერსალიც ნეხვის სუნად ყარდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან თვით მეფე მზე ლუი XIV-სასახლის წევრები ქალიან-კაციანად ვერსალის ოთახების კუთხეებში მოისაქმებდნენ ხოლმე და სწორედ ამ აუტანელი სიმყრალის “დამსახურებაა” ფრანგული სუნამოს გამოგონება განავლის “სურნელის” როგორმე გასანეიტრალებლად?

ან რომ აგიჩემებიათ, ნატოში გაწევრებას მოსახლეობის 70% უჭერს მხარსო, ვინ და როდის დათვალეთ? ამას 2008 წლის არჩევნების მიხედვით ამბობთ, რომლის გაყალბებას ნაცებიც კი აღიარებენ? საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და იქვე პლებისციტად დასმული კითხვა _ გინდათ თუ არა ნატოში, ამის პასუხი არ გაყალბებულა? ამაზე დაყრდნობით აცხადებენ ქოც-ნაცები დასავლეთში ქართველთა 70%-იან ნებას ნატოში შესვალზე? მაგ სისულელეზე რომც დაგეთანხმოთ, მას შემდეგ 13 წელიწადი გავიდა, იყო რუსეთ-საქართველოს ომი თანმხლები “ბედნიერებებით” და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა დაინახა, როგორ დაეხმარა ნატო და, საერთოდ, დასავლეთი საქართველოს და ყველაფერ ამის გათვალისწინებით ნატოში ინტეგრაციას თუ მაინც უცვლელად 70% უჭერს მხარს, მაშინ საქართველოს მოსახლეობის ეს 70% ცხონებული ავლიპი ზურაბაშვილის პაციენტი ყოფილა.

დავით მხეიძე

 

P.S. უკვე იმდენჯერ ვახსენე ნაცნობი “უცნობი”, რომ წინამდებარე წერილი ლამის ღია წერილად გადაიქცა გია გაჩეჩილაძე-უცნობის მიმართ, ამიტომ, ჟარგონით თუ ვიტყვით, ბოლომდე მივაწვები პირველ ჩვენებას. მიუხედავად ათასი ბოროტი მითქმა-მოთქმისა, პოლიციის ეზოში გადახტომით ყველა ავისმოსურნეს “მოუჯოკრე”. დიდ ილიაზე ლექსებისა და სიმღერების ავტორს მეფე ერეკლესა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ერთ ნაკლებად ცნობილ წერილს გთავაზობ, რომელიც რამდენიმე პარლამენტარსაც შევთავაზე, მაგრამ ვერავინ გაბედა მისი წაკითხვა ტრიბუნიდან.

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან. …დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”.

ნაცნობო “უცნობო”, გაბედავ ამ წერილის პირდაპირ ეთერში წაკითხვას?

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here