მთავარი დაიჯესტი Der Spiegel: ბუნდესვერის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს

Der Spiegel: ბუნდესვერის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს

გააზიარეთ
ბუნდესვერი

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთის სამყარომ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა იმ სახით, როგორითაც ახლა არსებობს “დელ შპიგელის” ინფორმაციით, მოვლენების ასეთი განვითარების ვარიანტს წარმოგვიდგენს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენილი მოხსენება “მომავლის სტრატეგიული ხედვა 2040 “. ავტორები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში ჩაბარდა სამინისტროს, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო.

ბუნდესვერის ანალიტიკოსებმა პირველად განიხილეს საკითხი, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის უშიშროებაზე საზოგადოებრივმა ტენდენციებმა და საერთაშორისო კონფლიქტებმა. ეს გამოკვლევა არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დასკვნებს შეიარაღებისა და სამხედრო ძლიერების შესახებ, იფარგლება გარკვეული ვარაუდით, როგორ განვითარდება ბუნდესვერი უახლოეს ათწლეულში.

ექსპერტების ანალიზის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა ექვსი შესაძლო სცენარი, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ უშიშროებასთან არის დაკავშირებული. მათგან უარესი ითვალისწინებს “უამრავი კონფრონტაციის” შესაძლებლობას. მომავლის ამ პროექციაში მსოფლიოს საერთაშორისო წესრიგი ირღვევა ხანგრძლივი არასტაბილურობის შედეგად, როცა მსოფლიოში ღირებულებათა სისტემები ერთმანეთს სცილდება და მთავრდება გლობალიზაცია. “ევროკავშირის გაფართოება უმეტესწილად შეჩერებულია, ახალი სახელმწიფოები ტოვებენ გაერთიანებას. ევროპამ ბევრ დარგში დაკარგა თავისი გლობალური კონკურენტუნარიანობა, _ ასეა აღწერილი ევროპის მომავლის ერთ-ერთი ვერსია, _ არეულმა, ნაწილობრივ ქაოსურმა და კონფლიქტებისადმი მიდრეკილმა მსოფლიომ რადიკალურად შეცვალა გერმანიისა და ევროპის გარემოცვა პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში”.

ამ სცენარის მიხედვით, ევროკავშირი იშლება, ხოლო ოდესღაც წამყვანი სახელმწიფო აშშ ეკონომიკური დაკნინებისკენ მიექანება და ამაოდ ცდილობს, შეეწინააღმდეგოს არსებული მსოფლწესრიგის ნგრევას.

მეორე, ნაკლებად ხისტი სცენარის მიხედვით. ევროკავშირის აღმოსავლეთის ცალკეული ქვეყნები განამტკიცებენ ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ, როცა სხვები “უერთდებიან აღმოსავლეთ ბლოკს”. მომავლის ამ ვერსიაში ორი ურთიერთდაპირისპირებული ბლოკი ერთმანეთში ვაჭრობს და სცილდება  ერთმანეთს პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით. დასავლეთი აერთიანებს აშშ-სა და ევროპას, აღმოსავლეთი სამყარო კი წარმოგვიდგება, უწინარესად, ჩინეთისა და რუსეთის ერთობით. რესურსებისთვის ბრძოლა მწვავდება, მაგრამ ეკონომიკური კავშირები ჯერ კიდევ აბრკოლებს მსხვილი საომარი კონფლიქტების განვითარებას. ამასთანავე, ბუნებრივ მარაგებზე დამოკიდებული ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა მოსკოვის გავლენის ქვეშ ექცევა.

შემდეგი სცენარით, მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი “ეძებს რუსეთის სახელმწიფო კაპიტალისტურ მოდელთან სპეციფიკური დაახლოების შესაძლებლობას”. ასეთი მსოფლმოწყობის პირობებში საჭირო ხდება აშშ-ის, როგორც მასტაბილიზებელი ფაქტორის, გააქტიურება. გლობალიზაციის დამუხრუჭების გამო ჩინეთი წონასა და მნიშვნელობას კარგავს, სულ უფრო ნაკლებ მდგრადი ხდება, რის კომპენსაციასაც აგრესიული საგარეო კურსის განხორციელებით ცდილობს. რუსეთი პირიქით _ სტაბილური ხდება ნედლეულის გაძვირების ხარჯზე და მზად არის საგარეო პოლიტიკაში ნებისმიერი დაპირისპირებისთვის.

ევროკავშირში შეიძლება “დასრულდეს ევროპული ილუზია”, თვალსაჩინო ხდება აშშ-ისგან გაუცხოების ნიშნები, გერმანიის გარემოცვის მოქმედების გათვლა ვერ  ხერხდება და იზრდება სახელმწიფოს უშიშროების დაცვის რისკი.

“დერ შპიგელი” წერს, რომ მთავრობის ოფიციალური დოკუმენტი ნათლად მიგვანიშნებს ევროკავშირის კრახის შესაძლებლობაზე. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ისინი არაფერს პროგნოზირებენ, მათ მხოლოდ მოვლენათა განვითარების მოდელირება შემოგვთავაზეს.

ამასთანავე, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყველა სცენარი შეიძლება განხორციელდეს 2040 წლამდე, მაგრამ ყველაზე უარესი სცენარი ანალიტიკოსებს არ წარმოუდგენიათ. “დერ შპიგელის” აზრით, ასეთი სცენარით საქმიანობას შეწყვეტს გაერო და ბუნდესვერი, მაგრამ თავიანთი უწყების კრახის წინასწარმეტყველება ექსპერტებმა ვერ გაბედეს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here