მთავარი საზოგადოება დედაქალაქის მერი _ მოსახლეობის მეგობარი თუ… მტერი?

დედაქალაქის მერი _ მოსახლეობის მეგობარი თუ… მტერი?

544
გააზიარეთ

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ქალაქის მოსახლეობას ტელეეთერიდან ამაყად და ბედნიერად ახაროს ქალაქის მერმა? ანუ, როდესაც ქალაქის მერი გამოდის ტელევიზიით და თანაქალაქელებს ეუბნება: აი, დღეიდან თქვენ უკვე გაქვთ ის, რასაც მე ამდენ ხანს ასე რუდუნებით ვცდილობდი, ვაწუხებდი პარლამენტს და ვთხოვდი, დაეჯერებინა ჩემთვის და, როგორც იქნა, მივაღწიე ამასო, რა შეიძლება იყოს ეს? ალბათ, ყველაფერი, გადასახადისა და ჯარიმის ტარიფის მომატების გარდა, ხომ? არადა, გასულ კვირაში ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი თვალით ვიხილე და საკუთარი ყურით ვუსმინე თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელიც მოსახლეობას ზუსტად ამას აუწყებდა ძალიან ბედნიერი სახით: “არასწორი პარკირების 10-ლარიანი ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა და ეს პირადად ჩემი დამსახურებაა! სამჯერ მივმართე პარლამენტს ამ მოთხოვნით, ორჯერ უარი მითხრეს და აგერ, მესამედ, როგორც იქნა, განიხილეს და უკვე არასწორი პარკირებისთვის 10-ის ნაცვლად 50 ლარს გადაიხდით!” 

სანამ ათასი “გამპრავებლის” ყიყინი ატყდება, აქვე ვიტყვი: საზოგადოდ, ჯარიმის მომატების წინააღმდეგ არ გამოვდივარ და არც ამ სტატიის მიზანია ეგ. ჯარიმები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა არგუმენტით იმატებს და მცირდება კიდეც. ამაში არაფერია პრობლემური. ოღონდ დააკვირდით რაც ვთქვი: “სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში”. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში ჯარიმების მოსამატებელი ვითარება გვაქვს? სხვა დანარჩენი პრობლემები, რომლებიც გაცილებით მწვავეა და სასწრაფო, უკვე მოგვარებულია, რომ ჯარიმის გაზრდაზე ვიფიქროთ? თუმცა, კარგი, ჯანდაბას, ქალაქის მერმა გადაწყვიტა, რომ არასწორ პარკირებაზე ჯარიმა რაღაც მოსაზრებით მოსამატებელია. ამასაც ხომ თავისი გონივრული ზომა, წონა უნდა ჰქონდეს? 10-ლარიანი ჯარიმა, ჯანდაბას, გახადე 15 ლარი, ჰა, კარგი ორჯერ, ორ-ნახევარჯერ გაზარდე და 20 ან 25 ლარი გახადე… ჯარიმის პირდაპირ ხუთმაგად მომატება რა ოხრობაა? 10-ლარიან ჯარიმას რომ პირდაპირ 50-ლარიანად დააწესებ, რა, უდიდესი ეკონომიკური ნახტომი ჰქონდა ქვეყანას, ამოისუნთქა ხალხმა და ფული იშოვა თუ რაშია საქმე?! დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელშიც არასწორი პარკირების ჯარიმა პენსიის 25 პროცენტია, და გავჩუმდები, ბოდიშსაც მოვუხდი კახა კალაძეს და არასოდეს აღარ გავაკრიტიკებ…

არნახული და არგაგონილი ამბავია, სახელმწიფო მოხელე ასე ამაყობდეს ჯარიმის ან გადასახადის მომატებით. ზევით ვთქვი და ვიმეორებ: ჯარიმების მომატებაც ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფო მოხელეები ებოდიშებიან ამის გამო მოსახლეობას და ცდილობენ, ახსნან, რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს, რამ აიძულა ისინი, ჯარიმის ოდენობა გაეზარდათ… ამ შემთხვევაში კი თბილისის მერმა ჯარიმის მომატება “დამსახურებად” მიიწერა და მოსახლოებას ლამის მიულოცა ეს “ღირსშესანიშნავი მოვლენა”…

კი, ნამდვილად კომიკური ფაქტია, მაგრამ, როდესაც სოციალურ ქსელებში კახა კალაძის “გამპრავებლების” პოსტებს, კომენტარებს, მოსაზრებებს გადახედავ, ღიმილი სახეზე შეგეყინება და, თუ ნორმალური ხარ, აუცილებლად დაფიქრდები: რამდენი “სპირიდონა სულანჯია” შეიძლება ჰყავდეს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას?

წეღან ვთქვი, _ “მოსაზრებები”-მეთქი, მაგრამ რა მოსაზრებები?! განა შეიძლება ასეთ ადამიანებს “მოსაზრებები” ჰქონდეთ?! ისინი ერთნაირი “მესიჯებით” “მოძრაობენ”, რომლებიც, ალბათ, რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მოიგონა “კალას” რომელიმე მაღალხელფასიანმა “პიარგოგოშკამ” და ძალიან გაუხარდა. მას ასევე ბრძნული თავის დაქნევით დაეთანხმებოდნენ “პიარის მამებიც” და, არიქა, ერთ დღეში გაივსო “ფეისბუკი” მანამდე სრულიად საქართველოსგან ნაგინები კახა კალაძის “ბრძნული გაპრავებებით”: დიახაც, საჭიროა მაღალი ჯარიმები. აი, მე, პირადად, აქა და აქ ვცხოვრობ და, სახლიდან რომ გამოვდივარ, ამა და ამ ადგილზე, იცით, როგორ უაზროდ აქვთ გაჩერებული მანქანები?!”

ესე იგი, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს სხვადასხვა ადგილას აჩერებენ ხოლმე, ეს თურმე ნიშნავს იმას, რომ ასეთ უადგილო პარკირებაზე ჯარიმა 5-ჯერ უნდა გავზარდოთ. ეს დაახლოებით იგივეა, ქურდობაზე თავისუფლების აღკვეთის ვადაც ხუთჯერ გაიზარდოს.

იურიდიულ ფაკულტეტზე ლამის პირველივე ლექციაზე ისწავლება, რომ სასჯელის გამკაცრება არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დანაშაულის პრევენცია, ანუ სასჯელის ვადის, ჯარიმის მოცულობის მომატება არასოდეს განაპირობებს დანაშაულის რაოდენობის კლებას. დანაშაულის პრევენცია, სასჯელის სიმძიმე კი არა, სასჯელის გარდაუვალობაა. ამ მხრივ როგორ გვაქვს საქმე, თუ იცის “კალამ”? კონკრეტულად პარკირების შემთხვევაში, ვიტყვი, რომ ძალიან ცუდად.

თუმცა, როდესაც ადამიანები “ჩვენი საყვარელი კახის” დაცვის მოთხოვნებით ძალუმად არიან ანთებულნი, უძნელესიან მათ თუნდაც ელემენტარული რამ აუხსნა. როცა უხსნი, პასუხი ასეთია: “ესე იგი, შენ გინდა, დაარღვიო და არ დაგაჯარიმონ, ხო?”

ამ ლოგიკით, გამოდის, რომ მსოფლიოში ცნობილ ჰუმანისტ იურისტებს, რომლებიც მკვლელობაზე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ, უნდათ, რომ ადამიანები მოკლან და არ დაისაჯონ, ხო?

აზრიც არ აქვს “კალას ფანატებისთვის” იმის ახსნას, რომ ჩვენ ჯარიმის საერთოდ გაუქმებას ან მის არმომატებას კი არ ვითხოვთ, არამედ იმას, რომ ჯარიმამ გონივრულ ფარგლებში მოიმატოს და დარღვევის შემთხვევაში მისი გამოყენება იყოს გარდაუვალი, თორემ ლოგიკა _ “რაც უფრო მაღალ ჯარიმას დააწესებ, მით ნაკლები მძღოლი გააჩერებს უადგილო ადგილას ავტომობილს” _ სრული სიტუტუცეა. მაშინ, რაღა 50 ლარი? მოდით, დავაწესოთ 150 ან 250, ან სულაც ნახევარი მილიონი ლარი და კაციშვილი ვეღარ გაბედავს უადგილო პარკირებას! საქმეც ის არის, რომ სასჯელის და განსაკუთრებით ადმინისტრაციული სახდელების ეფექტიანობას, მისი სიდიდე კი არა, სწორედ გონივრული განსაზღვრა განაპირობებს. როგორც კი ჯარიმა არაადეკვატური და გაუაზრებლად მაღალი ხდება, ის უკვე ეფექტიანობასაც კარგავს და დაცინვისა და მასხარაობის საგანი ხდება. ასეთი ჯარიმა, კანონმორჩილი მძღოლების კი არა, ურჩი გადამხდელების რაოდენობას გაზრდის და იქამდე მივალთ, რომ არავინ არაფერს აღარ გადაიხდის და სახელმწიფო კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ასეთი ვითარება კი ბოლოს სოციალური ბუნტით მთავრდება ხოლმე.

მაგრამ როგორ გინდა, ეს აუხსნა ჯიუტ, უაზროდ ამბიციურ და ამპარტავან თბილისის მერს? ხალხთან ჯიბრში ჩადგომა მისთვის ახალი არ არის, ამიტომ ძალიან მოიმატა კალაძის მაგინებელთა რაოდენობამ. ეს ფაქტია და, რაც უნდა შეეცადონ “სოციალურ ქსელებში” დაქირავებული “გამპრავებლები” სხვანაირი სურათის დახატვას, ქუჩაში ერთი გავლაც კი საკმარისია, რომ ადამიანმა რეალური სურათი დაინახოს.

საინტერსოა, რომ ჯარიმებისა და კანონმორჩილების საილუსტრაციო მაგალითად მოაქვთ უსაფროების ღვედის თემა. “აი, რომ დააწესეს ჯარიმა 40 ლარი, ხომ ვისწავლეთ უსაფრთხოების ღვედის გაკეთება?” არადა, ეს მაგალითი, მე მგონია, რომ პირიქით მეტყველებს. დამეთანხმებით, რომ ჩვენი ნაცნობების 70 პროცენტს მაინც, უსაფრთხოების ღვედი ისე, უბრალოდ, აქვს გადადებული ან იღლიაში ამოჩრილი და რეალურად იგი ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის რეალურ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. ამის საილუსტრაციოდ ბოლო წლებში მომატებული ტრაგიკულად დამთავრებული ავარიებია საკმარისი, რომელი დაღუპული გადაარჩინა შეკრულმა ღვედმა? მით უფრო უაზრობაა ღვედი ქალაქში, სადაც მანქანის სიჩქარე არაა მაღალი. ღვედის სავალდებულო შეკვრა სააკაშვილის ერთ-ერთი მორიგი ახირება იყო მხოლოდ, როცა ცდილობდა, რომ ნიუ-იორკის მაშინდელ მერს, მილიარდერ რუდოლფ ჯულიანის “შეტენვოდა” რამენაირად. ტრაგიკული სტატისტიკა ამის შემდეგ ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა, თუმცა მთავარია, “კალა გაპრავდეს” და თუნდაც დაქცეულა ქვეყნიერება!

ასეთი “აღმსარებლობის” ადამიანები ისეთ, იურიდიულად ყოვლად უაზრო ფრაზასაც კი იყენებენ, როგორიცაა “ნუ დაარღვევ და არ დაჯარიმდები, ძმაო!”

ასეთივე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზები: “ნუ მოიპარავ და არ დაგიჭერენ!”, “ნუ მოკლავ და არ დაგხვრეტენ!” და ა.შ.

ამ ლოგიკით, შეგვიძლია, დავაწესოთ ნებისმიერ დანაშაულზე ნებისმიერი სასჯელი. მაგალითად, ქრთამის აღებისთვის გილიოტინა, თანამდებობრივი უფლებების გადამეტებისთვის: ჩამოხრჩობა, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისთვის კასტრაცია და სხვ. რა პრობლემაა?! ნუ ჩაიდენ და არ დაისჯები!

თუმცა რაღა არის სალაპარაკო, როცა თურმე “მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა” ყოფილა ასეთი _ “ადამიანებს უნდა გავუძვიროთ კერძო ავტომობილებით გადაადგილება, რათა მანქანები შინ დატოვონ და ტრანსპორტით იარონ”, ანუ ქალაქში არსებული მოძრაობის პრობლემების მოგვარების ყველაზე იოლი გზა ყოფილა ის, რომ ხალხმა აღარ იაროს მანქანებით. ბარემ რომ ჩამოგვიაროთ სპეციალური ჯგუფებით და დაგვილეწოთ მანქანები, არ გინდათ? ასე ხომ გაცილებით მალე და იოლად მოგვარდება პრობლემა?!

კიდევ კარგი, პარლამენტი მთლად თბილისის მერივით ჯიუტი და ამპარტავანი არ გამოდგა, ვიღაცას იქ მაინც ეყო ჭკუა და კალაძის ეს არაადეკვატური და სულელური ინიციატივა კალაძის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ შეაჩერა… არჩევნებამდე ჯერ ერთი წელია წინ და მერე რა იქნება, ვნახოთ.

დასასრულ, ყველაზე საინტერესო არის ის, ვინ ურჩევს მერს, მით უმეტეს ასეთ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში, ტელევიზიით გამოვიდეს და ამ დონის შტერობები ილაპარაკოს; თანაც “დაგვარწმუნოს”, რომ თურმე “უცხოეთის ქვეყნებში ასეა”… ჯერ ერთი, ეს დიდი ტყუილია და ყველა ქვეყანაში მსგავსი პრობლემები ინდივიდუალურად, ამ კონკრეტული ქვეყნის სოციალური, საზოგადოებრივი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით არის მოწესრიგებული; მეორეც _ ასეთი სისულელეების მოსმენისას ცნობილი რუსული ფილმიდან ეს ფრაზა მახსენდება ხოლმე: “ნე ზნაიუ კაკ ტამ უ ვას, ნო უ ნას უპრავდომ დრუგ ჩელოვეკა!”

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. კალაძე ცნობილია თავისი არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებით.მას თბილისი ისე ადარდებს,როგორც რიგით თბილისელს შორეული აღმოსავლეთის რკინიგზის პრობლემები.თუნდაც ველობილიკები რად ღირს,რომელსაც თბილისელებმა ხუმრობით-“ვაი ასეთ ხუმრობას-“გზა არსაით უწოდეს.თბილისში მოძრაობის განტვირთვა გონიერი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია,მაგრამ ყოველივე ამის განხორციელებას საქმის ცოდნა სჭირდება და არა ნაირ-ნაირი ტანსაცმლით კეკლუცობა კამერების წინ.ახალგარდა კაცია,უხდება და იხდენს ,ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის პატარა ანგელოზებთან ერთად,,მაგრამ თბილისს მეურნე მერი სჭირდება და არა შოუმენი.ასეთი ქაოსი,რაც დღეს თბილისშია,ისტორიას არ ახსოვს.გასაკეთებელი მართლაც ბევრია,მაგრამ მერიაში რამდენი ურბანისტი,ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტი ან ქალაქის ლანდშაფტური განვითარების არქიტექტორი ჰყავთ დასაქმებული?იტალიაში მაინც არ იყოს ნაცხოვრები.წარმოიდგინეთ ფლორენციაში,პადუაში და აღარ ჩამოვთვლი სხვა ქალაქებს,სადმე თუ ნახა მაღლივი კორპუსები,ცენტრალურ,ისტორიულ ნაწილში ჩაკვეხებული?სხვათა ცოდვებს არ მივაწერ,მაგრამ იგივე რომ გრძელდება?მეათასედ ვიმეორებ და არ მომბეზრდება გამეორება-თბილისს სულ მცირე სამი ახალი ხიდი სჭირდება,ამის გარეშე გაზაფხულისთვის სრულ სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ.ინჟინრებიც გვყვავს,მშენებლებიც და არავის მოწვევა არ გვჭირდება უცხოეთიდან.ფულს გონიერი ხალხი საქმის კეთებით შოულობს და არა გაფუჭებით.რაც შეეხება ჯარიმებს,რა თქმა უნდა საჭიროა,მაგრამ.გონიერების და ზომიერების ფარგლებში.თუ ტაქსი მაინცდამაინც თეთრი უნდა იყის,ავტობუსები რად უნდა იყოს სხავადასხვა ფერის?სათქმელი ბევრია,მაგრამ როგორც იტყვიან,კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.ერთი რამ კარგად დაიხსომეთ,ვისაც ქვეყნისა და ქალაქის გამგებლობაზე გაქვთ პრეტენზია-ხალხს უნდა ემსახუროთ და არა პირიქით.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here