Home რუბრიკები პოლიტიკა დავით საგანელიძე იბერიის გაბრწყინებას “იბერიკოთი” გეგმავს

დავით საგანელიძე იბერიის გაბრწყინებას “იბერიკოთი” გეგმავს

7066

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინათ სიხარულით აცნობა, ღორების ბიზნესს ვიწყებთ და იბერიასიბერიკოსჯიშის მსგავსი ღორებით გავაბრწყინებთო

“საპარტნიორო ფონდმა”, რომელიც რაჭაში ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ზაფხულში აპირებს, მთის ღორების გადარჩენის პროექტი ესპანელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო. ფონდის ვებგვერდის მიხედვით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონი დოლარია და ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ხამონის (გარეული ტახის შებოლილი ბარკალი) წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს.

“საქართველოში 56 ჯიშის ქართული ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. 56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც დავიწყებთ სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას, რომელიც თავისი მაჩვენებლით ცნობილ ესპანურ “იბერიკოს” უტოლდება, ალბათ, უსწრებს კიდეც, რადგან ჩვენი ესპანელი კოლეგები მთლად არ ამბობენ. აღფრთოვანებული არიან იმ შედეგით, რაც მიღებულია. ამ მიზნით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო რაჭაში აშენდება, რომელსაც გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში გავხსნით. რაჭული ლორისა თუ ხამონის წარმოება იქნება. შემდგომ ეტაპზე ანალოგიური წარმოება 11 რეგიონში გაკეთდება” (სტილი დაცულია _გ.გ), _ დაჰპირდა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საზოგადოებას დავით საგანელიძე, რომლის ხელფასიც რიგითი პენსიონერის პენსიას დაახლოებით ასჯერ აღემატება.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ესპანეთსაც სტუმრობდა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კომპანია De­raza Iberiko-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. დაათვალიერეს “იბერიკოს” ჯიშის ღორების ფერმა და ღორის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა. ესპანური კომპანიის წლიური ბრუნვა 85 მილიონი ევროა. ის პიონერია იბერიული ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ კომპანია De­raza Iberiko-ს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ ქართული ღორის ჯიშების მოძიება და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. კომპანიის წარმომადგენლებმა საგანელიძესთან ერთად საქართველოს რეგიონები დაათვალიერეს, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და ქართული ჯიშის ღორებზე მეცნიერული კვლევა ჩაატარეს. ამ ინფორმაციის მოსმენისა თუ წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგახსენდებათ ცნობილი ქართული ფილმიუდიპლომო სასიძო”, რომლის ერთერთი გმირი, ჭამასმას აყოლილგადაყოლილი ვეტერინარი ნიკოლოზი მეცხოველეობის დარგში რებოლუციურ გადატრიალებას ცდილობს და მეცნიერულ კვლევებს ატარებს. ღორებისთვის მუშებს ამზადებინებს საგანგებო საკვებს, რომელსაც თვითონ აგემოვნებს. ღორებთან განსაკუთრებული დამოკიდებულების მქონე ნიკოლოზს საღორის გრანდიოზული პროექტიც აქვს და მეცხოველეობაში ნოვატურული იდეების დასანერგავად ძალღონეს არ იშურებს.

ქვეყანა გამეცნიერდა და მე რატო უნდა ჩამოვრჩე?!” _ ეს არის მყარი ლოგიკა ვეტერინარისა, რომლიც კომიკური პერსონაჟია. ალბათ, ყველას ახსოვს ეპიზოდი, როდესაც დამშეულ ღორები ნიკოლოზის საძინებელში აღმოჩნდებიან. განსაკუთრებით სარკასტულია სცენა, როდესაც მძინარე ნიკოლოზი დინგზე კოცნის ღორს. ამ უკვდავი ფილმის გმირი, ვეტერინარი ნიკოლოზი არის მაგალითი იმისა, რა კომიკურად გამოიყორება ადამიანი, როდესაც ის რეალობას არის აცდენილი. იმედია, ღორების ბიზნესზე აღტაცებით მოლაპარაკე საგანელიძეც არ ასცდება რეალობას ნიკოლოზივით, რომელზეც მუშები ჩაიბურდღუნებდნენ ხოლმე: “ეს ჩვენი ნიკოლოზი, ან ნამეტანი ჭკვიანია, ანდა ნამეტანს აფრენს!”.

ასეა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის საქმეც _ ეს ჩვენი დავითი ან ნამეტანი ჭკვიანია, ანდა ნამეტანს აფრენს გაფრენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კაცმა რომ თქვას, იბერიკო საგანელიძე (ასე მოიხსენიებენ საგანელიძეს სოციალურ ქსელებში _ გ.გ.) ნამეტანი ჭკვიანი და მოხერხებული აღმოჩნდა და დიდძალი ქონებაც დააგროვა: შევარდნაძის პრეზიდენტობისას “ახალი მემარჯვენეების” სიით ორჯერ მოხვდა პარლამენტში და თითქოს ოპოზიციაში მყოფი მემარჯვენე პოლიტიკურადაც და ფინანსურად თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობდა. შემდეგ, სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის პერიოდში, ქონების დაგროვებას მიჰყო ხელი (დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძეს ქონების დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს აქვს შეძენილი _ გ.გ), რაც დასტურია იმისა, რომ ამჟამად ოცნების ერთ-ერთი სახე სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც ისევე ტივტივებდა ზედაპირზე, როგორც შევარდნაძის პრეზიდენტობისას. ახლა კი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მარადჟამ მოტივტივე პოლიტიკოსი, მეოცნებეთა ლიდერად მოგვევლინა და ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი ნდობა მოიპოვა. პარლამენტიდან საპარტნიორო ფონდში გადაინაცვლა და, ნერვიც არ უტოკდება, ისე იღებს თვეში 21 ათას ლარს ხელფასად და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი, როგორც ამბობენ, ოქროს კოვზით თუ ჩანგლითაც სიამოვნებით მიირთმევს საკვებს… სამწუხაროა, რომ ხელისუფლებების ცვლილებით უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფთათვის არ იცვლება არაფერი, თორემ საგანელიძე მიჩვეულია ყველა ხელისუფლების დროს ზედაპირზე ტივტივს და სამომავალოდ არც ახალ ძალასთან გაუჭირდება საერთო ენის გამონახვა…

ისევ ღორების ბიზნესს დავუბრუნდეთ: საინტერესოა, საგანელიძესა და ესპანელ ბიზნესმენებს, აქვთ თუ არა ნაფიქრი, რომ, თუ ღორს გაუჩნდება .. აფრიკული ჭირი, რომელიც იწვევს ხშირად ცხოველის სიკვდილს , რა გარანტია აქვთ, რომიბერიკოსზეუკეთესი ქართული ჯიშის ღორები აფრიკულ ჭირს არ ემსხვერპლებიან?! თუ იმის გარანტია არსებობს, რომ .. აფრიკული ჭირი მათ ღორს არ გაუჩნდება, გამოდის, ამ ვირუსთან გამკლავების გზებიც იციან და, თუ ეს მათთვის ცნობილია, მაშინ რატომ არ იციან გლეხებმა, როგორ ებრძოლონ .. აფრიკულ ჭირს, რომლის შიშითაც ღორის მოშენებას ვერ ბედავენ?

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ ამ ე.წ. თაროს, სადაც ბიზნესპროექტები იქნება ჩალაგებული ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის და ვიტყვით, რომ აი ბიზნესი, სადაც თანხის 49%-ს ჩვენ ვდებთ. ვის გაქვთ ბიზნესში შემოსვლის სურვილი და უკეთესი პირობა _ აიღოთ 51 % და დაიწყოთ ეს ბიზნესი. ეს მოგვეცემს საშუალებას, ისეთ რეგიონებში, სადაც დღეს ბიზნესი მინავლებულია და თანხები არ შედის (ამის გამო ასეთი რაიონებიდან მიგრაცია ხდება, განსაკუთრებით მაღალმთაში და ასე შემდეგ) იქ წარმოება გავაცოცხლოთ. დავასაქმოთ ხალხი და გავაკეთოთ მოსახლეობის უკუდინება, გავაცოცხლოთ სოფელი და მთა. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული სამუშაოები გავაკეთეთ. 18-მდე ასეთი პროექტი დამუშავების სტადიაშია და ნელ-ნელა ამ პროექტებს გამოვამზეურებთ” (სტილი დაცულია_ გ.გ). საგანელიძის თქმით, ეს პროექტები, ძირითადად, ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ინვესტირებას ითვალისწინებს. ასეთად საგანელიძემ ხორბლის საბოლოო გადამუშავების პროექტი დასაახელა. რამდენიმე თვეში ფონდი, ასევე, გეგმავს ზეთის საწარმოსა და მარმარილოს დასამუშავებელი საამქროს გახსნას. მუშავდება ზღვისა და მტკნარ წყალში თევზის გაშენების პროექტები და სხვ. საგანელიძის განცხადება, თაროზედალაგებული ბიზნესპოქტებისგამომზეურების შესახებ დაპირებების იმ კატეგორიიდანაა, მეექვსე წელსაც რომ ველოდებით მეოთხე საოცნებო წელიწადს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის ხელფასზე განაცხადა: მეხუთე დირექტორი ვარ და, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს. ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. ჩვენი თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები, ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა და განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო სექტორში, ფორმირდება ჩვენი მოგებით. ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. მაგრამ თანხის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში”. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სიამაყით ამბობს, რომ თურმე რამდენიმე ათეული და კიდევ უფრო მეტი მილიონი მოგება მოაქვთ ბიუჯეტისთვის.…ეს რამდენიმე მილიონი მოგება უკიდურს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას ნამდვილად არ ხმარდება და საკუთარი თავისა თუ გუნდის ფუფუნებისთვის მოზიდულ მილიონებზე ასე თავაწეული ლაპარაკი არ ღირს. ან, იქნებ, ეს რამდენიმე ათეული მილიონი სახლმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად იმ ხეგლეჯია მოქალაქის ბიუჯეტში მიდის, რამდენიმე თვეში ქონება თითქმის 300 მილიონით რომ გაეზარდა?! თუ მოგება სრულად მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინ იქნებ ახსნათ, რატომ ვერაფრით გრძნობს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საზოგადოება ამას!

ახლა კი გაგაცნობთყველაზე მცირეხელფასიანიმეოცნების, დავით საგანელიძეს დეკლარაციას, რომელიც 2018 წლის 31 იანვარს აქვს შევსებული. მისი უძრავმოძრავი ქონების ნუსხა ასეთია:

* საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს 2016 წელს ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში” 126 კვ.მ. ფართობი 70 000 აშშ დოლარად შეუძენია.

* 2008 წელს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 250.5 კვ.მ ბინა 200 000 ლარად შეუძენია.

* ასევე 2008 წელს ღორების ბიზნესით გატაცებულ ოცნების ერთ-ერთ სახეს ჭავჭავაძის გამზირზე 413,5 კვ.მ. ბინა 250 000 ათას ლარად უყიდია.

* 2013 წელს ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში,” 66,75 კვ.მ. უძრავი ქონება 40 000 ლარად აქვს შეძენილი.

* 2003 წელს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ წმენდაურში, ყოფილი დეპუტატს 160 კვ.მ ფართობის სახლი 25 000 ლარად აქვს შეძენილი, ხოლო 1997 წელს მცხეთაში, სოფელ არმაზში 300 კვ.მ. სახლი _ 50 000 ლარად.

* 2008 წელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი ავტოფარეხი შეუძენია, თითოეული 5000 ლარად, ხოლო 2009 წელს ატენის ქუჩაზე ავტოფარეხი _ 8000 ლარად.

* ყოფილ მემარჯვენეს 2011 წელს ონის რაიონის სოფელ წმენდაურში 8792 კვ.მ მიწის ნაკვეთი 10 000 ლარად შეუძენია, 1998 წელს კი 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მას არმაზში 15 000 ლარად აქვს ნაყიდი.

* 2009 წელს თურქეთში 65 კვ.მ ბინა 82 000 ევროდ შეუძენია.

* დავით საგანელიძეს დეკლარაციის შევსებისას “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 6550 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკში საკრედიტო დავალიანება 2670 ლარიც ერიცხება, მაშინ, როდესაც “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე მას 10150 აშშ დოლარი აქვს, ასევე მიმდინარე ანგარიშზე ერიცხება მას 1900 ევროც. საგანელიძეს “ბაზისბანკში” საკრედიტო ანგარიშზე 3500 და 1300 ლარი აქვს დავალიანება, ხოლო “პროკრედიტ ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 9500 აშშ დოლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების მომენტში 35 000 ლარი და 22 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული ჰქონდა, მის მეუღლეს, სოფიო ფარცხალაძეს კი _ 29 000 ლარი და 15 000 აშშ დოლარი. გასულ წელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორს ხელფასად 336 000 ლარი მიუღია.

ასეთია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქონებრივი დეკლარაციის ერთი ნაწილი.

გიორგი გელაშვილი

P.S. ვიდრე დავით საგანელიძე ღორების მოშენების მრავალმილიონიან პროექტით აღფრთოვანებას ვერ მალავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ განხილვის საგანია ღორის სპერმის 500-ლარიანი დავალიანების დაფარვის საკითხი. დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგით მეცხრამეტე საკითხი, ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილებების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარავად იყო გამოყოფილი. მოკლედ, ოზურგეთის ყოფილი გამგეობის მიერ ღორის სპერმის მომხმარების შემდეგ გადაუხდელი 500 ლარის მოქმედი მერიისთვის დაკისრების საკითხს ოზურგეთის საკრებულო მომავალ სხდომაზე განიხილავს. როცა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენელი ღორების ბიზნესის 12-მილიონიანი პროექტის დაწყებაზე სიამაყით ლაპარაკობს, კომიკურია ღორის სპერმის დავალიანების გადახდაზე მსჯელობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლებს კი, რომლებმაც ღორის სპერმა ვალით იყიდეს და შემდეგ მთელი დუნიის გასარჩევი გახადეს ეს ამბავი, ღორის მოვლაზე მეტი საქმე არ უნდა ანდოს პარტიულმა ხელმძღვანელობამ…

P.P.S. იმედია, ამ კონკრეტული “ქეისების” გამო ღორი “ქართული ოცნების” სიმბოლოდ არ იქცევა… თუ ჩვენი მაღალჩინოსნების მადას, მილიონობით გაცემულ პრემია-დანამატებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას გავითვალისწინებთ, თამამად შეიძლება ითქვას, ღორის მადა მეოცნებეთა მადასთან ახლოსაც ვერ მივა…

2 COMMENTS

  1. ადამიანს თავისი შრომით ნაშოვნი ფული აქვს და რაშიც უნდა იმაში გამოიყენებს და თქვენ რა ქენით ? ონლაინში კომენტარის და კრიტიკის გარეშე 🙂 საწყლობაა … მერმწუნეთ იმდენს მიაღწიეთ რამდენსაც ამ კაცმა მიაღწია და მერე უკვე თქვენც აღარ გენაღვლებათ იმ ხალხის აზრი რომლებიც კომპიუტერთან ზიან და ”კლავიშებს” აჭერენ თითებს 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here