Home რუბრიკები პოლიტიკა დასველებული სკამი და “ევროპული საქართველო”

დასველებული სკამი და “ევროპული საქართველო”

4312

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. ის ჰოლანდიაში დაბინავდა. “ნაცმოძრაობისბელადი კვლავინდებურად აქტიურია და არ სურს, აღიაროს, რომ ამდენი მარცხის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ქართულ და უკრაინულ პოლიტიკაზე ახლო მომავალში

სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების ციტირებას აზრი, ალბათ, არ აქვს. ეს ისედაც ცუდ ტონად ითვლება, ამასთანავე, ფიგურანტი აშკარად მენტალური არასტაბილურის სტადიაში იმყოფება _ ხან ყვება, როგორ გადაარჩინა ბებიამისმა სტალინი; ხან ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო დააარსა, და იწყებს იმის მტკიცებას, რომ არ ჩაუსველებია, როდესაც რესტორანში სპეცრაზმი შევარდა. სველი სკამის ფოტოები უკრაინულ მედიაში გავრცელდა, მაგრამ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ეს ფოტოშოპია. ძნელი სათქმელია, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა ეს ინფორმაცია ასე ფართოდ არ გავრცელდებოდა, ქართველების (და ახლა უკვე უკრაინელების) დიდ ნაწილს რომ არ სჯეროდეს, რომ ფიგურანტი “სპასობნია” _ მშიშარა ადამიანისგან მსგავსი რამ გასაკვირი არ არის. აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: როდესაც პოლიტიკოსი ასეთი ინფორმაციის უარყოფას სრული სერიოზულობით იწყებს, ამით მას დამატებით რეზონანსს სძენს. სააკაშვილის ქცევა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მან წონასწორობა დაკარგა.

განცხადებებს სკამზე, ბებიასა და სტალინზე სააკაშვილი პოლიტიკური შეფასებებისა და პროგნოზების პარალელურად აკეთებს, რაც მთლიანობაში საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. “ევროპული საქართველოსერთერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, თუ დავესესხებით, ეს გამოიყურება, როგორცდეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა”. ბოკერია ამ საკითხის მიმართ ანგარიშგასაწევ ექსპერტად უნდა ჩავთვალოთ _ “გამოყენებითი სააკოლოგია”, ალბათ, ერთადერთი დისციპლინაა, რომელშიც ის 100%-ით კომპეტენტურია.

ის, რაც კიევში, რესტორან “სულუგუნში”, მოხდა, ასე თუ ისე, ყველა მხარეს აძლევს ხელს. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა და ძნელი წარმოსადგენი არაა, რა გავლენას ახდენდა მასზე ციხეში ჩაჯდომის თუნდაც მინიმალური საფრთხე. ახლახან კიევში გისოსებს მიღმა სულ რაღაც 24 საათი გაატარა და ამის შემდეგ: ა) პრეზიდენტ პოროშენკოს ცნობილი “მონანიების წერილი” გაუგზავნა; ბ) შეწყვიტა საპროტესტო გამოსვლები კიევის ცენტრში (ამისთვის 17 დეკემბერს მოაწყო ერთ-ერთი შენობის, ე.წ. ოქტომბრის სასახლის შტურმი, სადაც საბავშვო ზეიმი იმართებოდა; ხოლო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მოიგერიეს, განაცხადა, რომ აქციებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით წყვეტს). ამასთანავე, სააკაშვილმა მოუწოდა მომხრეებს, რომ მის დეპორტაციაზე ზედმეტად მკვეთრი რეაგირება არ მოახდინონ.

საბოლოო ჯამში, დეპორტაცია მისთვის ექსტრადიციისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება იყო, რადგან “სახის შენარჩუნების” (რა დარჩა შესანარჩუნებელი, ძნელი სათქმელია, მაგრამ მაინც) შესაძლებლობას აძლევდა. პლუს ამას, მომდევნო დღეს სააკაშვილს, კიევის სვიატოშინოს რაიონულ სასამართლოში, როგორც მოწმეს, უნდა მიეცა ჩვენება “მაიდნის” დახვრეტის საქმეზე _ დიდი ალბათობით, საუბარი ქართველი სნაიპერების შესაძლო მონაწილეობას შეეხებოდა და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის კავშირებს მათთან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკრაინელი სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას იმ საქმეზე, რომლის ფარგლებში შეიძლება სააკაშვილისა და უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქის, კურჩენკოს, დანაშაულებრივი კავშირი გამოიკვეთოს.

მნიშვნელოვანი დეტალი: ჰოლანდიური გამოცემა “ენ-ერ-სი ჰანდელბლატის” ცნობით (ევა კუკერის 15 თებერვლის სტატია), სააკაშვილის ადვოკატმა ჰამერშტაინმა განაცხადი თავისი კლიენტისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების თაობაზე 2017 წლის მიწურულს შეიტანა. ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილი “სათადარიგო აეროდრომს” წინასწარ ამზადებდა. ამ ეტაპზე ფიგურანტს დროებითი, 90-დღიანი ბინადრობის უფლება მიანიჭეს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეუღლე ნიდერლანდების მოქალაქეა.

უკრაინაში კი იურიდიული “ბერმუდის სამკუთხედი” შეიქმნა _ მიმდინარეობდა საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთანავე _ გამოძიება “კურჩენკოს საქმეზე” და “მაიდნის” დახვრეტაზე, მაგრამ ამავე დროს არსებობდა სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების იურიდიული საფუძველი. უკრაინის რადის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში _ ვალერია ლუტკოვსკაია აცხადებს, რომ სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში კანონიერი იყო, თუმცა მისი განხორციელების ფორმებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. პრეზიდენტ პოროშენკოს შეეძლო, საქმე სამი სხვა მიმართულებით წაეყვანა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, საუკეთესო ვარიანტად დეპორტაცია ჩათვალა. შესაძლოა, იფიქრა, რომ დეპორტაციას დასავლეთში ნაკლები კრიტიკა მოჰყვებოდა. ამავე დროს, ვერ გამოვრიცხავთ, რომ პოროშენკოს სააკაშვილისგან (ორუელის “1984”- თუ გავიხსენებთ) ერთგვარი ემანუელ გოლდსტეინის შექმნა სურს, რომელიც მისთვის დაახლოებით იმავე როლს შეასრულებს, რასაც ტროცკი _ სტალინისთვის ან გიულენი _ ერდოღანისთვის, ანუ საზღვარგარეთ მყოფი, სახელგანთქმული, მაგრამ დაუძლურებული მტრის სახის, რომელსაც რეალური საფრთხის შექმნა არ შეუძლია. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ორი ხსენებული მოღვაწის მასშტაბი გაცილებით დიდია და მათი შედარება სააკაშვილთან არ შეიძლება, თუმცა არც პოროშენკოა ტიტანი და სააკაშვილთან ერთად ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო კანდიდატია “გოლდსტეინის” როლზე (ამ როლს ივანიშვილისთვის 2013 წლიდან ასრულებს) არა მარტო იმიტომ, რომ მისი პარტია სუსტია, ბარიერის გადალახვაზე ოცნებაც არ შეუძლია და ძალთა სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ქუჩაში 15 ათას კაცზე მეტი (უკრაინაში!) ვერ გამოჰყავს. მთავარია, რომ სააკაშვილსა და უკრაინელების ძირითად მასას შორის მუდამ იარსებებს გაუცხოების ბარიერი და ამის მთავარი მიზეზი სააკაშვილის ეროვნება და მოქალაქეობა როდია (თუმცა გარკვეული მნიშვნელობა ამ ფაქტორსაც აქვს). პრობლემის არსი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინელები გრძნობენ პოტენციური დიქტატორის დაუკმაყოფილებელ ამბიციებს და მისგან დისტანცირება სურთ. თუ პოროშენკო ასე ნებისმიერ უკრაინელ პოლიტიკოსს მოექცეოდა, მისი რეიტინგი, სავარაუდოდ, გაორმაგდებოდა, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ეს არ მომხდარა. “სააკაშვილის სწრაფი დაცემა იმის შედეგია, რომ მან არასწორად გაიგო უკრაინის პლურალისტული პოლიტიკა. ამ ქვეყანაში ადამიანები დროდადრო აბრუნებენ პოპულისტებს ხელისუფლებაში, მაგრამ არასოდეს ენდობიან სრულად და არ აღმერთებენ თავის ლიდერებს”, _ ეს საგულისხმო მოსაზრება “ატლანტიკური საბჭოს” უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ადრიან კარატნიცკის, ეკუთვნის.

სამწუხაროდ, ძირითადი აქცენტი ბოლო დღეებში თმით თრევასა და დასველებულ სკამზე კეთდება, მაშინ, როდესაც გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ოპოზიციური პარტიების დაკვირვება, რომელთაც სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაერთიანებისკენ მოუწოდა (ეს “სკამის ინციდენტამდე” ერთი დღით ადრე მოხდა). ცხადია, რეაქცია ნეგატიური იყო, რადგან სააკაშვილი გაკოტრებული ფიგურაა. საინტერესო იყო სხვა რამ, რესპუბლიკური პარტიისა დათავისუფალი დემოკრატებისწარმომადგენლებმა მკაფიოდ და ცალსახად არ გამოხატეს, რომ ძველი რეჟიმის ნარჩენებთან _ “ნაციონალურ მოძრაობასთანდაევროპულ საქართველოსთან” _ აპრიორი არ გაერთიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის ყოფილი წევრი პარტიების გავლენა და რეიტინგი ამ ეტაპზე მიკროსკოპულია, ამ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით “ევროპული საქართველოსთვის”. ამ პოლიტიკურ გაერთიანებას სააკაშვილთან რიტორიკული დაპირისპირებით (“დეგრადირებული ლიდერი” და ა.შ.), სავარაუდოდ, ყოფილი ბელადისგან დისტანცირება სურს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იზოლაციის გარღვევას, რომელშიც “ნაცმოძრაობასთან” ერთად იმყოფება. თუნდაც სიმბოლური ალიანსი რესპუბლიკელებთან და “თავისუფალ დემოკრატებთან” ბოკერია-უგულავას ჯგუფს, როგორც ოპოზიციურ ძალას, პროდასავლური ამომრჩევლის თვალში დამატებით ლეგიტიმურობას შესძენს. წინა წლებში ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებს”, სახელის (გნებავთ, ფირნიშის) გარდა, თითქმის არაფერი დარჩათ. ასეთ ვითარებაში იმის ალბათობა, რომ “ევროქართველებთან” გარიგებაზე წავლენ, იზრდება. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, იგივე გიორგი მარგველაშვილსაც ეხება, თუმცა ის, სავარაუდოდ, შეეცდება, გარკვეული დისტანცია შეინარჩუნოს და “ევროპულ საქართველოს” არ ჩაეხუტოს.

მათთვის, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, “ევროპული საქართველოდანაცმოძრაობაერთნაირად მიუღებელი ძალებია და ნებისმიერ თანამშრომლობას მათთან დანაშაულებრივ აქტად განიხილავს. შესაბამისად, აუცილებლად ჰკითხავენ რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებს”, რა აქვთ საერთო იმ ადამიანებთან, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობას, ტელეკომპანია “იმედის” დარბევას თუ პატიმრების წამებას “აპრავებდნენ” ან შესაბამის პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ. სააკაშვილის ძველი, თანმიმდევრული მოწინააღმდეგეები ვერ ხედავენ არსებით სხვაობას გიგა ბოკერიასა და მეგის ქარდავას შორის, ამიტომ “ევროპული საქართველოს” იზოლაციიდან გაყვანის მცდელობაზე, სავარაუდოდ, ძალზე ნერვული რეაქცია ექნებათ. ეს ძალიან საინტერესო ტესტია _ პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ერთი შეხედვით, უბიძგებს რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებს”, “ევროპულ საქართველოსთან” ითანამშრომლონ, მაგრამ, თუ ამას გააკეთებენ, მანევრის შესაძლებლობას, სავარაუდოდ, სამუდამოდ დაკარგავენ. საინტერესოა, მომწიფდნენ თუ არა ამ ნაბიჯისთვის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here