Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთმა მაშინვე გაყიდა და მიატოვა უკრაინა, როგორც კი გამორჩენა დაინახა, ჩვენ...

დასავლეთმა მაშინვე გაყიდა და მიატოვა უკრაინა, როგორც კი გამორჩენა დაინახა, ჩვენ სხვანაირად რატომ მოგვექცევა?!

2921

დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც მიდის მზადება უკრაინის არა მხოლოდ შემოღობვაზე, არამედ “გადაბეტონებაზე”. რა თქმა უნდა, ისინი ამას საჯაროდ ვერ ამბობენ, მაგრამ, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვუწოდებდით დასავლეთის კიევისგან დაღლასა და თავის მობეზრებას, დღეს უკვე ჩანს, როგორც დაუფარავი გაღიზიანება. დასავლეთის ქმედებებსა და გამონათქვამებში გამოსჭვივის ამ გამაღიზიანებელი ობიექტის მისი აღქმის ველიდან გაქრობის სურვილი. არცნობა, არდანახვა, არგაგონება _ ეს არის უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ფორმირების ძირითადი პოზიციები. 

30 ოქტომბრის ღამეს დანიამ შეათანხმა გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გაყვანის მარშრუტი ყველაზე მოკლე და “გაზპრომისთვის” ხელსაყრელი გზით _ კუნძულ ბრონჰოლმის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის გავლით. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, ვინაიდან მსოფლიოში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ, ადრე თუ გვიან, დანია “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს შეათანხმებდა, მაგრამ სწორედ ამ “ადრე-გვიანშია” პრობლემის არსი. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმრავლესობის აზრით, დანიელები გააჭიანურებდნენ დროს ნოემბრის ბოლომდე ან დეკემბრის დასაწყისამდე მაინც. ამასთანავე, ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ დანია შეათანხმებდა უფრო გრძელ და ძვირად ღირებულ საგზაო მარშრუტს.

გაზსადენის მშენებლობაზე ნებართვის გაჭიანურებით დანიას შეეძლო, რეალურად დახმარებოდა უკრაინას რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულებაზე მოსკოვსა და კიევს შორის გადამწყვეტი მოლაპარაკებების პერიოდში. შეგახსენებთ, რომ კიევს სურს, სულ მცირე, ათწლიანი ხელშეკრულების დადება სამოც მილიარდ კუბურ მეტრზე წელიწადში, ფორმულით: გადაქაჩე ან გადაიხადე, ამასთანავე, ტრანზიტის ფასის ზრდის პირობით. თუ წინა კონტრაქტებით უკრაინა ყოველწლიურად 3-3,5 მილიარდ დოლარს იღებდა ტრანზიტიდან, კიევის ხელმძღვანელობამ ახლა, სულ ცოტა, ხუთი მილიარდი მოინდომა. ბუნებრივია, მოსკოვს არ სურს, არჩინოს კიევის კლეპტოკრატიული, რუსოფობიური რეჟიმი და სთავაზობს მას კონტრაქტების გაფორმებას ევროპული ნორმატივებით, რომლებიც უკვე ასახულია უკრაინულ კანონმდებლობაში. და ფასიც უნდა განისაზღვროს ევროპული ნორმატივებიდან გამომდინარე. ასეთი ვითარება ხელს უშლის უკრაინას, სრულად გამოიყენოს გარანტირებული მოცულობებისა და ვადების, ასევე სატრანზიტო ფასების უზრუნველყოფის შესაძლებლობები. ამის გამო კიევი აჭიანურებს დროს და აქამდე ვერ შეუმუშავებია თავისი გაზსადენის საიჯარო პროცედურები. რაკი კიევს ჯერჯერობით არ შეუძლია ევროპულ ნორმებზე საბოლოოდ გადასვლა, მოსკოვი სთავაზობს მას არსებული კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. კიევს არც ეს აძლევს ხელს.

გასაგებია, რომ, რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებდა დანია ნებართვის გაცემას და გაართულებდა და გააძვირებდა გაზსადენის გაყვანას, მით მეტი არგუმენტი ექნებოდა მოლაპარაკებებზე უკრაინას. ბოლოს და ბოლოს, ამ პროცესების თუნდაც დეკემბრამდე გაჭიანურება ეჭვქვეშ დააყენებდა “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის 2020 წლის საპროექტო მაჩვენებლებზე გასვლას. ამით კიევი შეძლებდა ბრიუსელის დაშინებას მორიგი “გაზის ომით” (2020 წელს) და კატეგორიულად დააყენებდა მოთხოვნას არა ერთწლიანი, არამედ გრძელვადიანი კონტრაქტის დადებაზე, როგორც ევროპის შეუფერხებლად მომარაგების გარანტიაზე ბუნებრივი აირით.

მაგრამ დანიამ მზაკვრულად დაარტყა ზურგში “ევროპული ცივილიზაციის ფორპოსტს”. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ამტკიცებდა, რომ დანიის მონაკვეთს “გაზპრომი” ნებართვის მიღებიდან ხუთ კვირაში გაივლიდა.

ვინაიდან გაზსადენის 80% უკვე გაყვანილია, ხოლო დანარჩენ უბნებზე სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს, ეს უკვე ნიშნავს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოს გაზსადენი სრულიად მზად იქნება ექსპლუატაციაში გასაშვებად. რა თქმა უნდა, საპროექტო სიმძლავრეებზე გასასვლელად კიდევ ერთი წელი იქნება საჭირო, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ 2020 წლისთვის უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის საჭიროება, პრაქტიკულად, ნულს გაუტოლდება. ის 15-20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რომელიც ვერ ჩაეტევა “ჩრდილოეთისა” და “თურქულ” ნაკადებში, შეივსება ჩრდილოეთის საბადოებიდან წამოსული თხევადი აირით.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ დანიამ უღალატა უკრაინას “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ით დაინტერესებული გერმანიის შიშით, მაგრამ ამერიკელებიც, უკრაინელი პატრიოტების უკანასკნელი იმედი, ამავე გზას დაადგნენ. ტრამპის მიერ რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად შეთავაზებულმა ჯონ სალივანმა სენატში გამოსვლისას (ელჩად დამტკიცებისას) განაცხადა, რომ, მისი აზრით, “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის გაჩერებას აშშ უკვე ვეღარ შეძლებს, ხოლო პროექტში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების გამოყენება უაზრობაა, ვინაიდან “გაზპრომი” ამ ამოცანას მარტოც გაუმკლავდება. როდის იყო, რომ ამერიკელი დიპლომატები (მით უმეტეს, ჯერ კიდევ თანამდებობაზე დაუნიშნავი) ასეთი გულახდილობის უფლებას აძლევდნენ თავს სენატორებთან გამოსვლისას? სალივანის სიტყვები ხომ ევროპაშიც გაიგონეს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთეს (უკრაინისთვის არასასურველი).

მერკელი და მაკრონი? უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ, საერთოდ, აღარ ისმის ადრინდელი ფრანგულ-გერმანული გუნდის მძლავრი შეძახილები რუსეთის მისამართით, რომ დათანხმდეს უკრაინის მოთხოვნებს ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. მართალია, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენლებს უკრაინის მიმართ კომპლემენტარული პოზიცია უკავიათ, მაგრამ პარიზი და ბერლინი სულაც არ ჩქარობენ თავიანთი ევრობიუროკრატების მხარდაჭერას. მერკელიც კი აღარ ამტკიცებს, რომ აუცილებელია უკრაინის გავლით გარანტირებული ტრანზიტის უზრუნველყოფა, რასაც ის ადრე მუდმივად აკეთებდა. მეტიც, ეს მოღალატეები თითქმის ყოველდღიურად იმეორებენ, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმება და იმოქმედოს შტაინმაიერის ფორმულის თანახმად. და ეს მას შემდეგ, რაც თვითონ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ (შტაინმაიერმაც) აუხსნა მათ, რომ ნორმანდიის ფორმატით შეხვედრაზე გეგმავს მინსკის ხელშეკრულების გადაკეთებას მისთვის ხელსაყრელი პირობებით. პარიზი და ბერლინი ადრე ყოველთვის კიევს უჭერდნენ მხარს. ახლა კი, თითქოს დაბმულებმა აიწყვიტესო, უკრაინელებს აიძულებენ, მიიღონ უკვე შეთანხმებული პირობები.

ყველა ეს დამცირება დააბოლოვა უკრაინაში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, წარმოთქვა რა მორიგი ფრაზა უკრაინის ნატოში შესვლის უფლებაზე და რომ რუსეთს არ შეუძლია ამისი აკრძალვა. სტოლტენბერგმა იმდენი ილაპარაკა ალიანსისკენ მიმავალი გზის სირთულეებზე, რეფორმების აუცილებლობაზე (ეს მაშინ, როცა უკრაინელებს “გადარეფორმირებული” აქვთ ყველაფერი, უკანასკნელი პერანგის ჩათვლით და მეტი სარეფორმო აღარაფერი დარჩათ) და “განსაკუთრებული პარტნიორობის” შესაძლებლობებზე “ოპერატიული თავსებადობის ინიციატივის” ფარგლებში, რომ ცხადი შეიქნა ძირითადი გზავნილის არსი _ თქვენ ვერასდროს შეხვალთ ნატოში”, რაც პრაქტიკულად დაუფარავდ ითქვა და მხოლოდ დიპლომატიური ბრჭყვიალებით იყო შელამაზებული.

ეს _ მხოლოდ ერთ კვირაში. და არა მხოლოდ ეს. უნგრელებმა ისევ დაიწყეს ნატოსა და ევროკავშირთან უკრაინის ნებისმიერი ფორმატით თანამშრომლობის ბლოკირება იმიერკარპატებში უნგრელი უმცირესობის მორიგი დევნის საბაბით. ამას გარდა, ბუდაპეშტი უკვე თითქმის ღიად ითხოვს კიევისგან იმიერკარპატებში (ჯერჯერობით კონსტიტუციური გამყარების გარეშე) უნგრული რაიონის შექმნას მისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებით, რაც ძალიან ჰგავს ავტონომიურ სტატუსს. უკრაინაში უკვე ალაპარაკდნენ უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაზე. ბალტიისპირეთმა დაიწყო უკრაინელი შრომითი მიგრანტების მკაცრად შეზღუდვა, ხოლო პოლონეთის მმართველმა პარტიამ “სამართალი და სამართლიანობა” თავისი პროგრამიდან მალულად ამოიღო უკრაინა, როგორც სტრატეგიული მოკავშირე. უნდა ითქვას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ფეხებზე იკიდებს კიევის ისტერიკებს და მუქარას, რომ არ გაგზავნის თავის დელეგაციას ასამბლეაში, სანამ იქიდან არ გააძევებენ რუსეთის დელეგაციას. უკრაინას, უბრალოდ, არ უპასუხეს, თითქოს არ გაუგონიათ, თითქოს ასეთი ქვეყანა არც არსებობს.

უკრაინისკენ მიჯრით წამოვიდა უსიამოვნებები ოკეანისგაღმელი პატრონებისგან, დასავლეთევროპელი “პარტნიორებისგან” და აღმოსავლეთევროპელი “მოკავშირეებისგანაც”, რომლებთანაც ჯერ კიდევ გუშინ ერთობლივი “სანიტარული კორდონის” გაკეთებას გეგმავდნენ. შემთხვევითობაა? არა მგონია. ძალიან ბევრი დამთხვევაა. ძალიან ბევრი ისე იქცევა, თითქოს უკრაინა აღარ არსებობდეს. და ეს “ძალიან ბევრი” სწორედ ისინი არიან, ვინც უბიძგებდა უკრაინას ყველანაირი ანტირუსული სისაძაგლისკენ. კიევში უკვე ისე მიეჩვივნენ საყოველთაო კეთილგანწყობილ ყურადღებას, რომ გულწრფელად დაიჯერეს, რომ არა მხოლოდ დედამიწის, არამედ სამყაროს ცენტრი არიან და ვერ შეამჩნიეს, რომ მათი თანმხლებები იქცნენ მარეკებად, ესკორტი _ ბადრაგად, ხოლო თვითონ უკრაინა პარტნიორების ყურადღების ცენტრიდან მათივე სამიზნე ძაფჯვარზე აღმოჩნდა. ევროპელები მას უკვე, როგორც მგელი ცხვარს, ისე უყურებენ.

მომზადებულია უკრაინა.რუ-ზე გამოქვეყნებული როსტისლავ იშჩენკოს სტატიის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here