Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა, ათეული წლებია,  ქართველები ვერ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მეგობარია და ჩვენი ტკივილი...

დასავლეთმა, ათეული წლებია,  ქართველები ვერ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მეგობარია და ჩვენი ტკივილი მართლა სტკივა

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ამერიკელებმა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად შეაფასეს. ჰოდა, გამოსავალი მარტივია - ხომ ამბობენ ამერიკელები, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიაო? ჰოდა, გაგვიუქმონ სავიზო რეჟიმი, დანიშნონ პირდაპირი რეისები ამერიკის მიმართულებით და მერე ისაუბრონ, რა არის საქართველოსთვის საფრთხის შემცველი და რა -კარგი...

231

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ლოგიკურად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები უნდა დანიშნულიყო და აკი დაინიშნა კიდეც. მეტიც, მოთხოვნა ისე  გაიზარდა, რომ კომპანიებმა რეისების რაოდენობას მოუმატეს,  ახლა კი  ქართულმა ავიაკომპანიებმა რეისები  სანქტ-პეტერბურგის მიმართულებითაც დანიშნეს, ბილეთის შეძენა 10 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი და მისი  ფასი 781 ლარია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია როგორც ქართული, ისე რუსული მხარისთვის, მაგრამ, როგორც კი აღნიშნული რეისის დანიშვნის შესახებ შეიქნა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი ბრიფინგზე გამართეს და განაცხადეს, რომ სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისის დანიშვნა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, ანუ ღალატია , თუ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს შეღავათი ექნება, კომფორტულად იმგზავრებს, დროს არ დაკარგავს, ლარსის გამშვებ პუნქტზე საათობით არ იდგება რიგში. ოპოზიციის პროტესტს პრეზიდენტიც შეუერთდა და იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში რეისებს შეასრულებენ, ბოიკოტი გამოუცხადა.

მთავარი, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტს, არის  ის, რომ ბევრი რეისის დანიშვნით რუსეთის ფედერაციის უფრო ბევრი მოქალაქე შემოვა საქართველოში და დაგვიპყრობს. ჰო, დაგვიპყრობენ უიარაღოდ და ეს თურმე მას შემდეგ გადაწყდა, რაც უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირება დაიწყო და რუსეთი თურმე ცდილობს  უკრაინისა და საქართველოს ერთდროულად დაპყრობას. საინტერესო, იცით, რა არის? 2019 წელს, ანუ, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, საქართველოში რუსეთის ფედერაციის უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე წელს ან თუნდაც შარშან. რა გამოდის: რუსეთს ახლა უნდა ჩვენი დაპყრობა და უფრო ნაკლები მოქალაქე გამოუშვა, ვიდრე 2019-ში? ამ სისულელეს მაშინვე აჰყვა აშშ-ის საელჩო, რომელმაც ასევე არ მოიწონა ახალი რეისების დანიშვნა და ეს მოვლენა საქართველოსთვის საფრთხის შემცველად დაასახელა. ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე თქვეს, როცა სავიზო რეჟიმი გაუქმდა და პირდაპირი ფრენები აღდგა რუსეთთან. ჰოდა, გამოსავალი ძალიან მარტივია – ხომ ამბობენ ამერიკელები, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უახლოესი მეგობარიაო? ჰოდა, გაგვიუქმონ სავიზო რეჟიმი, დანიშნონ პირდაპირი რეისები ამერიკის მიმართულებით და მერე ისაუბრონ, რა არის საქართველოსთვის საშიში და რა კარგი…

მაგრამ არა, ამერიკას არ სჭირდება შტატებში პირდაპირი რეისით  უვიზოდ ჩასული ქართველი, მათ მექსიკის ჯოჯოხეთური გზის გამვლელი ქართველი სჭირდებათ, ისეთი, ციხეში რომ აყურყუტებს, ღირსებას რომ აჰყრის, ბოლომდე მორალურად რომ მოსპობს, მერე ცხოველივით ხელზე ან ფეხზე სამაჯურს რომ გაუკეთებს და გააკონტროლებს მის გადაადგილებას. ჰო, ასეთი ქართველები სჭირდებათ შტატებში, მათხოვრულ ხელფასზე რომ ამუშავებენ და ბიზნესის დაწყების შანსი რომ არ ექნებათ. აბა, დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენ ქართველს აქვს ბიზნესი ამერიკაში და რამდენს რუსეთში; საქართველოს რამდენ მოქალაქეზე უთქვამთ, ფული რუსეთში იშოვაო და რამდენზე უთქვამთ, ამერიკაში გამდიდრდა, იქ ააწყო ბიზნესიო; რამდენი ასეული ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში ლეგალურად და რამდენი  ამერიკაში. ციფრები ხომ არასდროს ტყუიან და მოდი, დავსხდეთ, დავთვალოთ და ბოლოში რა სხვაობას მივიღებთ, ერთად ვნახოთ, მაგრამ  ამერიკას ხელს არ აძლევს ფაქტებით საუბარი, მას მხოლოდ ის სურს, რასაც თვითონ  თვლის საჭიროდ ხმამაღლა რომ თქვა, თორემ ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელებმა იციან, რა დღეში ჰყავთ ქართველები შტატებში და როგორ ცხოვრობენ რუსეთში.

ისე, ამერიკელებს, ალბათ, ისიც არ ახსოვთ, როცა რამდენიმე წლის წინათ საქართველოში შავი მოცვის ბუმი დაიწყო და პლანტაციები გაშენდა, ტაში რომ  დაგვიკრეს, ამ კულტურას ჩვენს ქვეყანაში უდიდეს პატივს სცემენ და გაყიდვა არ გაგიჭირდებათო.  ამერიკელებისა და ევროპელების დაპირებებით გათამამებული ფერმერები  იმხანად  ხმამაღლა ამბობდნენ: ყველაფერს ვიღონებთ, რუსულ ბაზარზე რომ არ შევიდეთ და პროდუქცია მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში გავყიდოთო. მაგრამ  მივიღეთ ის, რომ პროდუქციის 85%–ზე მეტი სწორედ რუსეთში იყიდება, დანარჩენი 15% პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპაში გადის, ამერიკაში კი ქართული მოცვის გაყიდვის წილი ჯერჯერობით ნულია. სწორედ რუსეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო უპრეცედენტოდ მოიმატა  მოცვის ფასმა. ქართველი ფერმერები არ მალავდნენ, რომ ევროპის იმედი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთს შერჩნენ და ისევ რუსული ბაზრის იმედად აფართოებენ სავარგულებს.

კვლავ ფრენებს დავუბრუნდეთ. ოფიციალური მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში და პირიქით – ფედერაციიდან ჩვენთან ორ მილიონზე მეტი ადამიანი მგზავრობს. და ეს ადამიანები შემოსვლას ან სახმელეთო გზით ახერხებდნენ, ან ტრანზიტული ქვეყნების გავლითა და გრძელი, დამღლელი მგზავრობით. ახლა ასე აღარ არის, პირდაპირი ფრენები ყველაფერთან ერთად, კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტის დაზოგვასაც ნიშნავს და შემდეგ ეს ფული ისევ ჩვენთან იხარჯება, ის, რაც ბილეთში დამატებით უნდა გადაეხადათ, რათა სხვა ქვეყანაში ჩაფრენილიყვნენ და მერე საქართველოში ჩამოსულიყვნენ, ახლა საქართველოში იხარჯება. ის მაინც თუ იცით, რომ ზამთრის კურორტების ჯავშნის 80%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის? თუ იცით, რომ ახალი წლის შეხვედრა იმავე ზამთრის კურორტებზე დიდი პრობლემაა, რადგან უკვე დაჯავშნილია და ისევ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე?  წლის ბოლოს ტურიზმიდან შემოსულ მილიარდებს რომ ვითვლით და გვიხარია, ისიც დავითვალოთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა წილი რამდენია ამ ყველაფერში…

გასულ კვირას ერთი ოპოზიციონერი მოთქვამდა: ოფიციალური მონაცემებით, წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 ათასამდე ბინა შეიძინეს, რაც კატასტროფული შედეგიაო. ჰო, მილიონამდე ქართველს რომ აქვს რუსეთში ბინა, ეგ არ ითვლება. იმავე ოპოზიციონერს რატომღაც არ გახსენებია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა აქ დაწყებული მცირე ბიზნესით თამასა მაღლა აწიეს. მათ მიერ მოწოდებული სერვისი უფრო ხარისხიანია, უფრო იაფია, უფრო სწრაფი. ქართველი კონკურენტებიც მიხვდნენ, რომ მომხმარებელს თურმე ბოლოს მადლობა უნდა უთხრა, რომ მომხმარებლისთვის სულერთი არ არის, მასპინძელი ღიმილით შეხვდება თუ ნაღვლიანი თვალებით შეხედავს, სულერთი არ არის, ჩინურ პროდუქციას შესთავაზებს თუ, მაგალითად, ბრიტანეთიდან გამოწერილს, ჩამოტანილს, ნაწვალებ-ნაშრომს დაუდებს მაგიდაზე. ამას წინათ ავტომობილის გასაღები გამიტყდა და გასაკეთებლად ერთი რუსი მიმასწავლეს, სწრაფად, იაფად და, რაც მთავარია, ხარისხიანად აკეთებსო. მისი მომსახურება 200 ლარი დამიჯდა – იაპონური აპარატურით გასაღები15 წუთში  მარტივად დამიმზადა და  3-წლიანი გარანტიაც მომცა. მანამდე კი, ქართულ-ჯიგრულ პონტში გაკეთებულ გასაღებს 3 დღეს ველოდე და 100 დოლარიც გადავიხადე. ახლა თუ ვინმე იმას მეტყვის, რომ რუსეთის მოქალაქისგან მიღებული სერვისისა და მასში გადახდილი ფულის გამო  სამშობლოს ვუღალატე, ფსიქიატრიულის მისამართს მივცემ. რიგითი ადამიანებისთვის აქამდეც სულერთი იყო და მომავალშიც სულერთი იქნება, რას იტყვიან და როგორ იმოქმედებენ პოლიტიკოსები.  წლების განმავლობაში დაგროვილი ნდობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა რიგით ადამიანებს შორის ვერც ელენე ხოშტარიას შეგონებებით და ვერც გიორგი ვაშაძის  ისტერიკით  გაქრება და ვერც ლევან ხაბეიშვილის სამადლოდ გაკეთებული კბილების ღრჭიალი უზამს რამეს.

ათეული წლებია, დასავლეთი ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობის დანგრევას ცდილობს და არაფერი გამოსდის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ, როცა ადამიანს რამეზე ეუბნები, –  ცუდიაო, ალტერნატივაც უნდა შესთავაზო და სწორედ ამ ალტერნატივას ვერ გვთავაზობენ. ათწლეულების განმავლობაში დასავლეთმა ქართველები ვერ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მეგობრები არიან, რომ ჩვენი ტკივილი მართლა სტკივათ და სურთ, მეგობრობის ხელი გამოგვიწოდონ. ევროპასა თუ ამერიკაში ჩასული რიგითი ადამიანები იქ მცხოვრები რიგითი ადამიანებისგან ვერ გრძნობენ ისეთ დამოკიდებულებას, როგორც რუსეთში ვერ გრძნობენ, რომ ევროპელები თუ ამერიკელები თანასწორად გვიყურებენ. მათთვის ჩვენ იაფი მუშახელი და ცოტა ველურები ვართ. მერე რა, რომ საუკუნეებით უსწრებს ჩვენი კულტურა და ტრადიციები მათ კულტურასა და ტრადიციებს; მერე რა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ქართული ღვინისთვის მათ დახლებზე ადგილი ვერ მოიძებნა. სანამ ასე იქნება, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი ფორმით გამარტივება მისაღები იქნება და, თუ პრეზიდენტი არ იფრენს იმ ავიაკომპანიების თვითმფრინავებით, რომლებიც რუსეთში ოპერირებენ, ტრაგედიას არც ამისგან შევქმნით – პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ისედაც დაფრინავს.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here