Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთ ევროპას არ სურს, არჩინოს აღმოსავლეთი ევროპა

დასავლეთ ევროპას არ სურს, არჩინოს აღმოსავლეთი ევროპა

738

გერმანიამ უარყო ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ევროკავშირის ბიუჯეტში გერმანიის შენატანის 15-დან 33 მლრდ ევრომდე გაზრდის შესახებ. ბოლო ხანს ევროკავშირში გახშირდა კონფლიქტი საერთო ხაზინაში გადარიცხვების გამო. 

ევროკავშირის სამომავლო მრავალწლიანი ბიუჯეტის განხილვა შეიძლება სანახაობრივი და კონფლიქტური აღმოჩნდეს, რადგან მათი ინტერესები, ვინც საერთო ხაზინას, ძირითადად, ავსებს, ე.ი., გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და დანიისა, არ ემთხვევა მათ ინტერესებს, ვინც ხაზინას, ძირითადად, აცარიელებს.

ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწევთ, კვლავ განიხილონ 2021-2027 წლების ბიუჯეტის პროექტი, კომპრომისამდე და თანხმობამდე კი ჯერ ძალიან შორია. ევროკავშირის მომავალი 7 წლის ბიუჯეტზე დისკუსია სულ უფრო კონფლიქტური ხდება ევროკომისიასა და ალიანსის საერთო ხაზინის ძირითად “დონორებს” შორის უთანხმოების გამო, აგრეთვე, “დონორებსა” და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ის მზად არ არის, გაზარდოს შენატანი 33 მილიარდამდე 2027 წელს და 2020 წელს ევროკავშირის ხაზინაში შეიტანს 15 მლრდ ევროს, 2027 წელს კი _ 23,5 მლრდ-ს.

ევროკავშირის კომისარმა საბიუჯეტო საკითხებში, გერმანელმა გიუნტერ ოტინგერმა 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის მხრიდან 33-მილიარდიანი შენატანი “აშკარა ტყუილია”.

როგორ უნდა ამოივსოს “ბრიტანული ნახვრეტი” ბიუჯეტში

ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ ევროკავშირს სჭირდება კომპენსაცია დიდი ბრიტანეთის იმ შენატანებისა, რომლებსაც დაკარგავს “ბრექსიტის” (ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება) გამო. სხვადასხვა ექსპერტის გათვლებით, ბიუჯეტში “ბრიტანულმა ნახვრეტმა” წელიწადში შეიძლება 8-დან 14 მლრდ ევრომდე შეადგინოს.

ევროკომისია, როგორც პრესა იუწყება, მიისწრაფვის იქით, რომ ალიანსის სხვა ქვეყნების შენატანების მომატებით ბიუჯეტში “ბრიტანული ნახვრეტის” ნახევარი მაინც ამოავსოს, დანარჩენი (და კიდევ ცოტა ინფლაციის გათვალისწინებით) კი _ თვით ევროკავშირის ფინანსური აქტიურობით.

უფრო ადრე ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) მწვავედ გააკრიტიკეს ბიუჯეტის საკითხების გადაწყვეტის ვარიანტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირის საბჭოს დროებითმა თავმჯდომარე ფინეთმა, მას ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების წარმომადგენლებმა “დროის ფუჭი ხარჯვა” უწოდეს. უკმაყოფილების მიზეზი იყო აგრარულ და ერთობის ფონდებში სახსრების განაწილების ვარიანტი, რომელიც ფინეთმა წარმოადგინა, აგრეთვე, ჰელსინკის წინადადება, ევროკავშირმა დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც მის განკარგულებებს არ დაემორჩილებიან. პოლონეთმა ეს ყველაფერი მის სამომავლო ფინანსურ შემოსავლებზე თავდასხმად ჩათვალა და ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოითხოვენ, მათი დაფინანსება უწინდელი მასშტაბით გაგრძელდეს ზემოაღნიშნული აგრარული ფონდისა და ერთობის ფონდების მეშვეობით, რომლებიც ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების წასაწევად დასავლეთ ევროპის დონემდე. დასავლეთ ევროპის ამ ქვეყნების სიაში კი არიან ის ქვეყნები, რომლებიც, ძირითადად, ავსებენ ევროკავშირის ბიუჯეტს: გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, შვედეთი და დანია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here