Home ახალი ამბები საქართველო დანებით, ჩანგლებითა და ნიჩბებით მებრძოლი  დასავლეთის ლაქიები

დანებით, ჩანგლებითა და ნიჩბებით მებრძოლი  დასავლეთის ლაქიები

იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე ნაციონალები დაგვასვეს თავზე, ამჯერად უკრაინელები „დაატრენინგეს“ და კლოუნის თამადობით ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს სათავეში მოიყვანეს „შაპიტო“, რომელსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს

388
დავით ბაქრაძე

გემახსოვრებათ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დამფრთხალი  რომ წარდგა ტელეკამერების წინაშე და გამოაცხადა, მტერი  გვიტევს და თავი, რითიც შეგიძლიათ, დაიცავითო – დანებით, ჩანგლებით,  ბარებითა თუ  თოხებითო. მოგვიანებით ბაქრაძემ უარყო: „სუნი არ დამიყენებია, არ ჩამისვრია, მამაცი ვიყავი“-ო, მაგრამ რეალურად 2008 წელს წითელ ხიდზე ისეთი რიგი იდგა, ბოკერია ბაქრაძეს კი არა, დედა შვილს  არ აიყვანდა ხელში.

2008 წლის აგვისტოში ქვეყნიდან გაიქცა ყველა მაღალჩინოსანი, რომლებსაც გაქცევა შეეძლოთ;  ვინც ვერ მოახერხა, როგორც ამბობენ, მძღოლად დაიწყო მუშაობა რუსი გენერლის მანქანაზე, მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ. ისე, გოროზია და დავით ბაქრაძე როგორი პოლიტიკოსებიც იყვნენ, ისეთივე პოლიტიკური მომავალი ჰქონდათ და დღეს ისინი პოლიტიკურ რუკაზე აღარ იძებნებიან. არადა, გემახსოვრებათ, სააკაშვილი ამტკიცებდა, – ბაქრაძე გენიოსია, გოროზიამ კი როგორც სამეგრელო, ისე ზემო სვანეთი ააყვავაო, მაგრამ არც პირველი იყო გენიოსი და არც მეორე – ამყვავებელი, ორივენი ბედკრული „ნაციონალური  მოძრაობის“ შვილები იყვნენ.

როცა 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ამერიკელებმა და ევროპელებმა არ დამალეს, რომ ქართველი აქტივისები მოამზადეს ამისთვის, მოამზადეს ხელისუფლებაში მოსასვლელად და მოამზადეს მონური მორჩილებისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი ხმამაღლა არ უთქვამთ, ამას მერე და მერე მივხვდით, როცა  2003 წლიდან საქართველოს მართავდა არა მთავრობა, არამედ ამერიკისა და ევროპის  ქვეყნების ელჩები. მათ ნებისმიერ სურვილს ასრულებდა იმჟამინდელი ხელისუფლება და სანაცვლოდ ხელშეუხებლობისა და ყველაფრის კეთების უფლების გარანტიას იღებდა. ასე აღმოაჩნდა, მაგალითად, იმავე ბაქრაძის სიდედრს სამშენებლო ნიჭი და მშენებლობა დაიწყო, იგივე გააკეთა გივი თარგამაძის სიდედრმაც, რომელმაც რამდენიმე კორპუსი წამოჭიმა ვაკეში. გივის კი დასავლეთმა აპატია მოსახლეობისთვის ნათქვამი „სულს ამოგხდით…“

ჰოდა, ზუსტად იმ ადამიანებმა, რომლებმაც  თავის დროზე ნაციონალები დაგვასვეს თავზე, ამჯერად უკრაინელები „დაატრენინგეს“ და კლოუნის  თამადობით ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს სათავეში მოიყვანეს „შაპიტო“, რომელსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს. კი მიხვდნენ, როგორ შარში არიან, მაგრამ თავის დაღწევა აღარ შეუძლიათ და პრინციპით „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ მოქმედებენ. ზელენსკის „შაპიტოში“  ერთ-ერთ წამყვანი  როლი საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას აქვს, რომელმაც გასულ კვირას ისეთი განცხადება გააკეთა, ყველასგან მივიწყებული და მეფე ლირივით მიტოვებული (პრინციპში, მეფესთან შედარება უხერხულია და ამიტომ სახლიდან გაგდებული ძაღლივით მიტოვებული იყოს) დავით ბაქრაძე გაგვახსენა.

„თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ“, –  განაცხადა კულებამ.

დიმიტრო კულება

ტექსტი გეცნოთ, ხომ? დასავლეთი რესურსსა და ენერგიას არ ხარჯავს იმაზე, რომ რამე ახალი მოიფიქროს, ერთხელ ჩამოწერილ ტექსტებს აზეპირებინებს რევოლუციის მომწყობთ და ხელისუფლებაში დასავლეთის საამებლად მოსულებს. მათ არ აინტერესებთ, საქართველო იქნება ეს, უკრაინა თუ მოლდოვა, მთავარია, ყველა  ჩამოთვლილმა ქვეყანამ სწორედ დასავლეთის ინტერესები გაატაროს და ნიჩბებისა და თოხების ძახილი პრობლემა არ არის. მით უმეტეს, რომ ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შველის.

დასავლეთს დიდი მსხვერპლი ძლევს ხელს, რათა შემდეგ იყვიროს, რომ რუსეთი სასტიკი და ბოროტია. მერე რა, რომ ბრძოლის ველზე ათასობით რუსი ჯარისკაცი დაეცა, ათასობით რუსმა დედამ ჩაიცვა შავი, ანალოგიური ვითარებაა უკრაინაშიც, მაგრამ  ეს  ამერიკისა და ევროპისთვის ტრაგედია არ არის. მეტიც, მათ სწორედ ეს სურთ და ამბობენ კიდეც, რომ რუსი ჯარისკაცების განადგურებით რუსეთის გენოფონდი ნადგურდება და… უხარიათ. ამერიკისთვის მის ფარგლებს გარეთ გაჩაღებული ომი იქცა ერთგვარ ვირუსად, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეეწიროს და, რაც მთავარია, ამ ყველაფრისგან  ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ შტატებმა უნდა მიიღოს. როგორც კორონავირუსი გამოჩნდა ერთ მშვენიერ დღეს და შემდეგ ისევ ერთ მშვენიერ დღეს გაქრა, ასევე  მარტივად გააჩაღეს ომი და რეალურად ასე მარტივად შეუძლიათ დაასრულონ, მაგრამ აღარ გამოსდით. არ გამოსდით იმიტომ, რომ მათი დაპირება, რუსეთს ერთ წელიწადში დავამარცხებთ,  ეკონომიკური სანქციებით შეჭირვებული რუსეთის ფედერაცია პატიებას ითხოვს და მუხლმოყრილი ეახლება დასავლეთსო, ვერ სრულდება და ისეთი პირი  უჩანს,  ვერასდროს შესრულდება. ერთ წელიწადში დასამთავრებელი ომი ორიოდე კვირაში მესამე წლის ათვლას დაიწყებს და როგორც ახლა ევროპელმა ექსპერტებმა დაიანგარიშეს,  კიდევ ორი წლის განმავლობაში არ დასრულდება. ეს ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტია, თორემ რეალურად  მეტსაც ვარაუდობენ.

არის ასეთი ქალაქი უკრაინაში( დონეცკის ოლქში) –  მარიინკა. მისმა  მერმა ერთი თვის წინათ განაცხადა, რმ ქალაქი უკვე აღარ არსებობსო. მანამდე იგივე თქვა ბახმუტის მერმა, თქვეს სხვა სოფლებისა და ქალაქების წარმომადგენლებმა და ეს ყველაფერი დასავლეთისთვის მხოლოდ  სტატისტიკაა. მას არ აინტერესებს, რა დაკარგეს განადგურებული დასახლებული პუნქტების მოქალაქეებმა, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს. დასავლეთი მხოლოდ  ფოტოებს აფრიალებს საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში და ცდილობს, ადამიანები დაარწმუნოს, რომ  ეს სისასტიკე მხოლოდ რუსეთისგან მოდის,  თვითონ კი  „თეთრები და ფუმფულები“ არიან. მერე რა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იუგოსლავიის დაბომბვისას  მხოლოდ ერთი სარაკეტო დარტყმით მიწასთან  გაასწორა რამდენიმე სამშობიარო, საბავშვო ბაღი  და ერთდროულად 153  ბავშვის სიცოცხლე შეიწირა… ეს „ აღარ ახსოვთ“ და არც ამბობენ ხმამაღლა,  ცდილობენ, ადამიანებსაც დაავიწყონ ეს ყველაფერი და მერე უკვირთ, რატომ უსტვენენ ხოლმე სერბები ამერიკის ჰიმნს; ის სერბები, რომლებსაც  შვილები, შვილიშვილები, მამები, დედები, ძმები და დები დაუხოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ იუგოსლავია მარტივ მამრავლებად დაეშალათ.

ცხადია, რომ ამერიკასა და მის პარტნიორ ევროკავშირს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხოლოდ რუსეთისთვის ნერვების მოსაშლელად ან ზვარაკად შესაწირად სჭირდებათ, ერთი და იგივე ფორმულა აქვთ და მის შეცვლას არც აპირებენ. რა მნიშვნელობა აქვს, განცხადებას კულება გააკეთებს თუ ბაქრაძე, მონას სახელად მიხეილ სააკაშვილი ერქმევა თუ ვოლოდიმირ ზელენსკი?! მთავარია, ამ ყველაფერმა ისე იმუშაოს, როგორც დასავლეთში სურთ, მთავარია, ვინმემ მოსახლეობამდე მიიტანოს, რომ თურმე ნიჩბებითა და ბარებით არის საბრძოლველი  და, თუ ვინმე მართლაც ნიჩბითა და ბარით გამოვარდება, მის ფოტოს მსოფლიო მედიაში მოატარებენ, აგერ, როგორი პატრიოტები არიანო.

როდის მოიხდის  უკრაინა ამ სახადს, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, ისრაელში ნაპოვნი ახალი საკბილოს მიუხედავად, დასავლეთი არ ჩქარობს, უკრაინელების წვალებას წერტილი დაუსვას. მართალია, იარაღისა და თანხების მიწოდება შეუმცირეს, მაგრამ ბოლომდე არ შეუწყვეტიათ  და ამიტომაც გამოვიდა კულება ზემონახსენები განცხადებით.  ახლა ოდესის პორტში პამპერსებითა და სასმელი წყლით დატვირთული ამერიკული გემი უნდა შევიდეს და ეს  საქართველოსა და სააკაშვილის სცენარი იქნება. ისე, დასავლეთისა და უკრაინის ურთიერთობა ბანკის კრედიტ-ოფიცრისა და კრედიტზე ვადაგადაცილებული კლიენტის ურთიერთობას ჰგავს, ფულს რომ ვერ იხდი და ახალ კრედიტს რომ გთავაზობენ უარეს პროცენტში, უფრო დიდი ჯარიმებით და იძულებული ხარ, დათანხმდე. ასე თანხმდება უკრაინა ახალ-ახალ ვალებს და,  საშვილიშვილო კი არა, საშვილთაშვილო ვალი აჰკიდა ქვეყანას ზელენსკის მთავრობამ.  ვიღაც იტყვის, – სხვა გზა არ აქვთო, მაგრამ სწორედ  სხვა გზა ჰქონდათ და არ დაიჯეერეს, დასავლეთს აჰყვნენ და  იმავე დასავლეთის კარნახით, წელს თუ გაისად აუცილებლად იმ გზაზე დადგებიან, რომელზე დადგომაც მანამდე უომრად შეეძლოთ, მაგრამ უომრად დასავლეთს არ აძლევდა ხელს.

უკრაინის მთავრობის წევრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ბოლომდე განწირულნი არიან და ახლა ისინი, ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ, რადგან ეჭვი აქვთ, ამერიკამ თუ მოინდომა, ზუსტად ისე დაამთავრებენ, როგორც  ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის დაამთავრებინეს, ამიტომ  ზედმიწევნით ასრულებენ ამერიკის მითითებებს და ვერ თუ არ ფიქრობენ, რა იქნება ხვალ.  ხვალ კი მათ  სწორედ უკრაინელი ხალხი მოსთხოვს პასუხს განადგურებული აწმყოსა  და დანგრეული მომავლისთვის.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here