Home ახალი ამბები საქართველო „ევროპარლამენტში გამეფებული ატმოსფერო: დამცირება, მანიპულაციები და სექსუალურ-ფსიქოლოგიური დევნა-შევიწროება“

„ევროპარლამენტში გამეფებული ატმოსფერო: დამცირება, მანიპულაციები და სექსუალურ-ფსიქოლოგიური დევნა-შევიწროება“

Politico-ს გამოძიებამ ევროპარლამენტის პირქუში მხარეები გამოავლინა

738

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო  ტოქსიკური ადგილი, იქ  უმცროსი პერსონალი წლების განმავლობაში განიცდიდა ჩაგვრას  ევროპარლამენტარების მხრიდან. ამასთანავე, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ ნაბიჯიც კი არ გადადგა შექმნილი სისტემური კრიზისის დასაძლევად, –  წერს გამოცემა Politico თავისი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით.  მასალას  russian.rt.com-ი აქვეყნებს.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ ევროპარლამენტის უმცროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში სასტიკად ეპყრობოდნენ  გავლენიანი ევროპარლამენტარები. შექმნილი სისტემური კრიზისი გამოვლინდა  Politico-ს მიერ ჩატარებული დიდი გამოძიების წყალობით.

გამოცემის მიერ გამოკითხულმა მოწმეებმა და დაზარალებულებმა აღწერეს, რომ თავს „ფიზიკურად და ფსიქიკურად მკვდრად“ გრძნობდნენ. ზოგიერთის  აღიარებით, შევიწროების შედეგად „თვითმკვლელობაზე ფიქრი“ დაიწყეს. ბევრს აწუხებდა შფოთვა და უძილობა, რადგან ისინი თვეების ან მეტი ხნის განმავლობაში  ელოდნენ თავიანთი საჩივრების განხილვას. Politico-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ეს გამოცდილება „სიკვდილმისჯილთა საკანში  პატიმრის მტანჯველ ლოდინს“  შეადარა. ზოგიერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ევროპარლამენტში დაცინვის მასშტაბი „კონტროლს არ ექვემდებარება“. სხვები ამბობენ, რომ განიცდიდნენ  „შევიწროებასა  და ცნობიერზე  მანიპულაციებს“.  

გამოძიების თანახმად, 2019-2021 წლებში პარლამენტში სექსუალური ან ფსიქოლოგიური შევიწროების 34 ახალი საქმე გაიხსნა, მაგრამ სანდო მონაცემები, რომლებიც წარმოაჩენს პრობლემის სრულ მასშტაბს,  არ არსებობს ან საიდუმლოდ ინახება, დეტალების გასაჯაროების  არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად.

 2019 წლიდან  დღემდე 705 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ 295-მა გაიარა შევიწროების პრევენციის გაკვეთილები. ამასთანავე, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შევიწროების შესახებ საჩივრების ოფიციალური განხილვა  ორ წლამდე  შეიძლება გაგრძელდეს.

,,ამ პროცედურის გავლა ნამდვილი წამებაა, – განუცხადა Politico-ს ლუქსემბურგელი ევროპარლამენტარის, მონიკა სემედოს,  ყოფილმა თანაშემწემ. –– გიწევს ამ  ყველაფრის ხელახლა განცდა და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში  არაფერი ხდება”.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ  წელს გამოაცხადა სანქციები ორი კანონმდებლის, მათ შორის სემედოს, წინააღმდეგ თანაშემწეების ჩაგვრისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, სულ მცირე, ორი დეპუტატის მიმართ, მაგრამ ეს ორიოდე  შემთხვევა, რომლებიც საზოგადოებისთვის შეიქნა ცნობილი, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, –  ხაზს უსვამს გამოცემა. Politico წერს, რომ პირქუშმა სურათმა ევროპარლამენტი „ ტოქსიკურ სამუშაო ადგილად“ წარმოაჩინა. ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ არაერთხელ უგულებელყო გაფრთხილება, რომ შევიწროების საწინააღმდეგო მისი პოლიტიკა არაადეკვატურია. ის არ იცავს მამხილებლებს, რომლებიც რისკავენ; მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ცდილობენ, დაზარალებულებს გადააფიქრებინონ საჩივრის შეტანა, რათა შეინარჩუნონ ორგანიზაციის იმიჯი და აარიდონ  დეპუტატებს  უხერხულობა. პრობლემა   პოლიტიკოსებსა და მათი პროფესიული საჭიროებებისთვის დაქირავებულ პერსონალს შორის ურთიერთობაშია. დაზარალებულების თქმით, ურთიერთობაში  ბალანსი ევროპარლამენტარების სასარგებლოდ იცვლება. „ისინი თავიანთი სამეფოს ბატონ-პატრონები არიან. უფრო მეტიც, ორგანიზაციაში არსებული ვითარება ხელს უწყობს მათ ამ როლის შესრულებაში“, – განუცხადა Politico-ს ევროპარლამენტარის თანაშემწემ, რომელმაც საჩივარი შეიტანა თავისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.ბევრ თანაშემწეს, რომლებიც მიისწრაფვიან პოლიტიკური კარიერისკენ, ევროპარლამენტში მუშაობა  ოცნების ასრულების შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ, თუ მათი მეფე ან დედოფალი არასწორად იქცევა, ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ჯოჯოხეთში“, – აღნიშნავს გამოცემა.

ჭირვეულ და უსაფუძვლოდ პრეტენზიულ უფროსთან  ურთიერთობის შემდეგ ევროპარლამენტარის ერთმა თანაშემწემ დახმარებისთვის  პარლამენტს მიმართა, მაგრამ ამაოდ. ქალის თქმით, ევროპარლამენტის ყველა სამსახურმა, რომლებსაც იგი დაუკავშირდა, ურჩია, სამუშაო მიეტოვებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა, პრეტენზია ჰქონოდა  უმუშევრობის შეღავათებზე  და დაზარალდებოდა  იმ ვითარებაში, რომელიცმისი ბრალით არ შექმნილა. „განა ეს დაღუპვა არ არის?” – იკითხა მან რიტორიკულად. სხვა კანონმდებლის ყოფილმა თანაშემწემ დასძინა: „რატომ უნდა დატოვო პარლამენტი, თუ არაფერი დაგიშავებია? მსხვერპლი ხარ, მოულოდნელად გაგაგდებენ და ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, ცხოვრება გრძელდება“.

ლუქსემბურგელი ევროპარლამენტარი მონიკა სემედო

 პარლამენტარების წინააღმდეგ საჩივრების შეტანისა და განხილვის მექანიზმსაც აქვს აშკარა ნაკლი. კომიტეტი, რომელიც საჩივრებს განიხილავს, შედგება ევროპარლამენტარებისგან და, რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნავენ, – წუხს ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც, როგორც მოწმემ,  ჩვენება მისცა შევიწროების საქმეზე, ამიტომ ზოგიერთი უმცროსი თანამშრომელი ამჯობინებს, გაჩუმდეს ან, უბრალოდ, დატოვოს სამსახური. ერთ-ერთმა თანაშემწემ, რომელმაც საჩივარი არ შეიტანა, თქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკოსების გარემოცვამ კარგად იცის, რა ხდება, მაგრამ არაფერს აკეთებს.

„როგორც მსხვერპლს, თქვენ არავისი არაფერი გმართებთ, – განუცხადა Politico-ს წყარომ. – სანამ სისტემა კორუფციაშია ჩაფლული,  ვერ ვხედავ მიზეზს ან საჭიროებას, მონაწილეობა მივიღო ფიქტიურ მოსმენებში, რათა, საბოლოო ჯამში, ვიქცე  ადვოკატთა დევნის ობიექტად და განვიცადო ჭორებით გამოწვეული  დამცირება. ჩემი რჩევა ასეთია: იზრუნეთ საკუთარ თავზე, მიენდეთ საკუთარ წარმოდგენას კეთილისა და ბოროტის შესახებ და მიატოვეთ თქვენი ევროპარლამენტარი“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here