Home ახალი ამბები საქართველო „დაავადება X“ იმაზე 20-ჯერ მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა

„დაავადება X“ იმაზე 20-ჯერ მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა

ლიბერალების გადამწყვეტი იერიში მსოფლიოზე

271

დავოსის ეკონომიკური ფორუმი ბოლო წლების განმავლობაში  მთავარ პლატფორმად იქცა  ყველა ქვეყნისთვის. სწორედ  იქ განიხილება სამომავლო ეკონომიკური გეგმები, კეთდება გათვლები და სწორედ დავოსში გამართული მოლაპარაკებების  შედეგად  არაერთი საინვესტიციო პროექტი იწყება ამა თუ იმ ქვეყანაში. კარგია, დავოსის ფორუმში საქართველო მუდმივად რომ მონაწილეობს და ჩვენი მთავრობა იქ ეკონომიკური გუნდით არის ხოლმე წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ  წლევანდელ ფორუმში  ჯანდაცვის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.  ერთი შეხედვით უცნაურია, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ჯანდაცვას რომ დაეთმო ეკონომიკურ ფორუმზე, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ მთავარი გზავნილი, რომელიც იქ გაისმა, მსოფლიოს მზადებაა „დაავადება X“-ისთვის.

რა არის „დაავადება X“? – კითხვა, რომელიც, პრაქტიკულად, ყველას გაუჩნდა. არადა, თურმე ტერმინი „დაავადება X“ ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა და ახლა, 6 წლის შემდეგ, ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო „კორონავირუსი“,  ეს არ იყო ის, რაც გადავიტანეთ და თურმე უარესისთვის უნდა მოვემზადოთ. მეტიც, „დაავადება X“ იმაზე 20-ჯერ მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე კორონავირუსმა  შეიწირა. შეგახსენებთ, რომ კორონამ მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ოცჯერ მეტი კი  140 მლნ ადამიანია, ხოლო ეს   იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად,  საფრანგეთში ცხოვრობს.

ახლა იმას გვიმტკიცებენ, რომ „დაავადება X“-ის კონცეფცია ხელს შეუწყობს ჯანმოს პროექტებს, რომ ცალკეული ვირუსული შტამების ნაცვლად ძალისხმევა ვირუსების კლასებზე მიმართონ. წლევანდელ ფორუმზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  ვირუსების ახალი სია წარმოადგინა. ძველი 2018 წელს იყო შედგენილი და მასში შედიოდა  შემდეგი ვირუსები: ებოლასა და მარბურგის ვირუსები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ლასას ცხელება, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი – SARS-Cov-1, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონავირუსი (MERS), კოვიდი (SARS-Cov-2), ნიპა და სხვა ჰენიპავირუსული დაავადებები, რიფტ-ვალის ცხელების ვირუსი და ზიკას ვირუსი. რიგითი ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის, კორონავირუსის გარდა, დანარჩენი დასახელებები უცხოა, მაგრამ მთავარი ეს არ არის,  მთავარია  ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მალე ახალი ვირუსი გამოჩნდება და მზად უნდა ვიყოთო. როდის იქნება ეს „მალე“, ჯერ დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ, რატომღაც გვგონია, რომ ეს იქნება მაშინ, როცა  დიდი ქვეყნები გადაწყვეტენ. დიახ, ვირუსის გავრცელებას ხელს სწორედ დიდი ქვეყნები შეუწყობენ და საამისო მიზეზიც აქვთ.

არავინ მალავს, რომ მსოფლიოში საკვები პროდუქტი  ყოველდღიურად ძვირდება და ამას ბოლო არ უჩანს; რაც  უნდა მოიმოქმედონ დიდმა ქვეყნებმა, როგორი მოსავალიც უნდა მიიღონ, საკვებზე მოთხოვნა მოსახლეობის ზრდის გამო განუწყვეტლივ მატულობს. მოსახლეობის შემცირების ერთადერთი გამოსავალი მისი გაწყვეტაა. როგორ  სასტიკადაც უნდა ისმოდეს  ეს ფრაზა, ასეა და კორონავირუსი ერთგვარი ტესტი იყო, რას მოიმოქმედებდა მოსახლეობა, როგორ გაიტანდა თავს კარანტინის პირობებში და შედეგი, ალბათ, ყველას გვახსოვს – მსოფლიო ეკონომიკის პარალიზებასთან ერთად ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ  და სიკვდილის შიშით გარეთ არავინ გამოდიოდა. გაჩერდა ყველა ქვეყნის ეკონომიკა, იტალიაში, ანუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ადამიანების გვამები ქუჩაში ეყარა, კრემატორიუმების მანქანები პირდაპირ სადარბაზოებთან მიდიოდა და კრემაცია ადგილზე ხდებოდა. და იტალიას, იმ იტალიას, რომელიც თითქოს ყველა კავშირსა თუ ორგანიზაციაშია და ევროპაში ხმამაღალი სიტყვა ეთქმის, ყურადღება არავინ მიაპყრო; გაიმეტეს იტალიელი ხალხი და შემდეგ მსოფლიო ლიდერები ბოდიშით შემოიფარგლნენ: ასე არ უნდა გვექნა, შევცდითო. ეს შეცდომა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდათ აპენინელებს და… არც არაფერი, ცხოვრება გრძელდება…

და მაინც, ყველაფერი ასე მარტივად არ ჩანს. რატომღაც გვგონია, რომ ეს არის ლიბერალების მიერ გამოცხადებული ომი. ჰო, იმ ლიბერალების, რომლებსაც გადამწყვეტი იერიში აქვთ დაწყებული დანარჩენ მსოფლიოზე და მსოფლიო ბატონობა სურთ. ამის ნათელი მაგალითია ამერიკაში მოახლოებული არჩევნები. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის მექად არის შერაცხილი, ისე ექცევა ექსპრეზიდენტს და მომავალ არჩევნებში გამარჯვების კანდიდატს, როგორც ქვეყნისა და ერის მოღალატეს. ამერიკაში მცხოვრები ქართველები აღიარებენ, რომ ტრამპი, თუ მას  არჩევნებამდე რამეს არ მოუხერხებენ,  აუცილებლად გაიმარჯვებს და დაასრულებს არა მხოლოდ ლიბერალების პარპაშს, არამედ ომს უკრაინასა და რუსეთს შორის, მოაგვარებს ისრაელის კონფლიქტს და ხელს არ მოაწერს „დაავადება X“-ის პროგრამის „ჩაშვებაზე“. ჰო, რატომღაც ისე ჩანს, რომ  „დაავადება X“ სპეციალურად, მოსახლეობის შესამცირებლად არის მოგონილი და მთავარი დარტყმა ლათინურ ამერიკასა და ევროპა-აზიაზე გაკეთდება. რატომ არა აფრიკაზე? იმიტომ, რომ იქ ადამიანები ისედაც შიმშილობენ და ნაკლებ საკვებს მოიხმარენ. თანაც, აფრიკის ქვეყნები შიდსის ვირუსით ერთხელ უკვე „დასაჯეს“ და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. რუსეთის დასუსტების გარდა, უკრაინის წაქეზების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოსახლეობის შემცირება იყო. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას დაატაკეს და ახლა ამერიკელები ხელების დაბანას აპირებენ, აღარ გვჭირდება ეს ომი, უკრაინის  აღარც დაფინანსებას ვაპირებთ და მისთვის აღარც იარაღის მიწოდებასო,  და ახლა შემოირტყეს ევროპელებმა თავში ხელი. აკი თქვა კიდეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, –  მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ,  როცა ამერიკა უკრაინას ყველა სახის დახმარებას შეუწყვეტს, ჩვენ დავეხმაროთო, მაგრამ ევროპელებმა ისიც კარგად იციან, რომ რეალურად იმ ოდენობის რესურსი არ აქვთ და მათი დახმარებაც მწირი და დროებითი იქნება.

ისევ „დაავადება X“-ს დავუბრუნდეთ. ლიბერალების გაკვეთილიდან, ორმელსაც კორონავირუსი ერქვა, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვირუსი მართლაც მომაკვდინებელი იყო, მაგრამ მისი გავრცელების მასშტაბი და არეალი არ იყო შემთხვევითი. არც ის იყო შემთხვევით, ევროპაში ყველაზე მეტად ორი უძველესი ცივილიზაცია რომ დაზარალდა – იტალია და საბერძნეთი. ლიბერალების ერთ-ერთი  მიზანი ხომ ძველი ცივილიზაციების კვალის  წაშლაა და ყველაფერი მათი წელთაღრიცხვით უნდა დავიწყოთ. კარგი იქნება, თუ ჯორჯ ორუელის „1984“-ს კიდევ ერთხელ გულდასმით გადავიკითხავთ და მერე დასკვნების გაკეთება არ უნდა გაგვიჭირდეს.

და სად არის ამ დროს საქართველოს ადგილი? ჩვენ ლიბერალებისთვის გემრიელი და მსუყე ლუკმა ვართ. ჯერ ერთი, წარსულის ისტორიაზე თუ ვინმეს შეუძლია ამაყად საუბარი, ჩვენ ვართ და მეორეც – ლიბერალური ფრთა საქართველოში ძალიან შესუსტებულია და ესეც არ იყოს, სულ რაღაც, 4-მილიონიანი ქვეყნის დაჩოქებასა და სახლში გამოკეტვას არაფერი რომ არ უნდა, ნათლად გამოჩნდა. კორონავირუსის დროს იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პანიკა, იყო ორად გაყოფილი ერი: ისინი, ვისაც აცრის არ სჯეროდა, და ისინი, ვინც აიცრა. საბოლოო ჯამში, საქართველომ რამდენიმე ათასი ადამიანი დაკარგა და ვაი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს რამდენიმე ათასიც კი მტკივნეული გადასატანია. სამწუხაროდ, დიდი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებაში ჩვენ არც ჩარევა შეგვიძლია და არც რაიმეს შეცვლა. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ვირუსი არ არის საომარი მოქმედება, რომელშიც ჩაერთვები ან არ ჩაერთვები. ეს არის დაავადება, რომელსაც ვერ გააკონტროლებ და, თუ გახსოვთ, პირველი კოვიდდაავადებული რომ გამოჩნდა საქართველოში, როგორ  ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ დაიწყო ვირუსმა გავრცელება, როგორ დასდევდნენ დავირუსებულთა კლასტერებს ექიმები, მერე კი ამ კლასტერების დევნამ  აზრი დაკარგა და მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები ისე იხოცებოდნენ,  გამოთხოვებასაც ვერ ვახერხებდით, იმიტომ, რომ დაავადების გადატანის გვეშინოდა. იმხანად  ოჯახები გაწყდა, რაც  მოუშუშებელ იარად აქვთ მათ ნათესავებს. ახლა კი ახალი „დაავადება X“-ისთვის გვამზადებენ და მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა: კორონა თუ სხვა რამ. ის ოცჯერ მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე  წინა დაავადება  და ამ აზრს  მსოფლიოს  აჩვევენ; ეუბნებიან, რომ უნდა  ელოდონ და ეს ლოდინი მაშინ დასრულდება, როცა დიდი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ დროა…

ლევან გაბაშვილი

                                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here