Home რუბრიკები საზოგადოება 18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბი 97 წლისა გახდებოდა

18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბი 97 წლისა გახდებოდა

2225
ჭაბუა ამირეჯიბი

აქ ვარ და ასე მგონია, რომ აქ არის

წლების წინათ, ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების შემდეგ, მის კდემამოსილ მეუღლეს, შესანიშნავ პოეტს _ თამარ ჯავახიშვილს რომ შევხვდი, ვკითხე: _ თამრიკო, ჭაბუა რომ წავიდა, რაღაც ხომ დაწერე? დიდი განცდა დიდ შემოქმედებით მუხტს რომ შობს, ფაქტია, უწინარესად _ შემოქმედებით ნატურაში. ამიტომ შევეკითხე. _ არაფერიც არ დამიწერია, ორსამ ფრაზას სადღაც ჩავიწერჯერ არც სახე აქვს, არც არაფერი, _ ასე მიპასუხა.

თამარ ჯავახიშვილი
თამარ ჯავახიშვილი

ჭაბუას დაბადების დღის კვირაძალს იგივე შეკითხვა დავუსვი და მან პასუხად გადამიშალა “ქართული ალმანახის” პირველი ნომერი, რომელსაც გამოსცემს არქიმანდრიტი ადამი, ერისკაცობაში ვახტანგ ახალაძე.

გადაშალა ალმანახი ქალბატონმა თამარმა და წამაკითხა იქ გამოქვეყნებული თავისი რამდენიმე ლექსი, ჭაბუასადმი მიძღვნილი.

აქვე _ ავტორის კომენტარი: _ ძალიან მოკრძალებული პატარა ლექსებიაო.

აივანზე მდგომი

ხელი შევუშვირე წვიმას,

ნაზად გეპკურება ცის ნამი

და ეს მოგაგონებს იმ დღეს,

სულში გაცოცხლდება ის წამი:

იგი ლამაზი და კეთილი,

შენ კი უმწეო და მშიშარა,

სადღაც ქუხილი და ელვა,

აქ ნამმა დალურსმა გზაშარა.

გიმზერს საოცარი თვალებით

და მისი ღიმილი ციმციმებს,

სჯობს, სადმე თუ შევეფარებით,

თორემ ახლა მართლა იწვიმებს.

* * *

როსმე აგვისტოს ღამით

მე ცას შევხედავ წამით

და შეგადარებ ვარსკვლავს,

რა დაშავდება ამით

მერე თენდება მშვიდად,

თვალს ვეღარ ბინდავს რული,

და მეფერება ციდან

შენი უკვდავი სული

* * *

დაცხრა გრიგალი.

ხევხუვებში

და გამოქვაბულებში

დაისვენა ქარიშხალმა,

არ ანაღვლებს, რომ მიმოფანტა

ყვავილები,

ყვავილები წყნარ სამარეზე.

აქვე, მისი ერთი ბრწყინვალე ლექსი იყო გამოქვეყნებული _ მისი პოეტური კრედო. ვთხოვე, წაეკითხა (ყოველთვის საინტერესოა ავტორისეული აქცენტები). პატივი დამდო და თხოვნა შემისრულა:

ლექსები კი არ იწერება,

ლექსები ხდება,

მსგავსად ელდისა, მოვლენისა

რაღაცის მსგავსად,

და სული მხოლოდ მონაწილეა.

კი არ დაწერეს, ეს მოხდა ასე,

ეს ხდება ხოლმე, ვით მიწისძვრა,

ვით ცისარტყელა

ან ისე, თითქოს ანგელოზმა ცრემლი მოგწმინდა.

მოხდება რაღაც უეჭველი, ვით ერთხელ, ძველად

მოხდამერანი”, “განთიადიდანიკორწმინდა”.

წაიკითხა და დაასკვნა:

_ აქ ვარ და ასე მგონია, რომ აქ არის.

ჭაბუას სული ტრიალებდა ამ მომცრო ოთახში _ განძთსაცავში, რომელიც სავსე იყო წიგნებით, ფოტოებით, მოგონებებით და… დღევანდელობით.

დღევანდელობის განცდა მით უფრო გამიმძაფრდა, როცა ქალბატონმა თამარმა სიტყვა იმ პრობლემებზე ჩამოაგდო, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრიობას აწუხებს და რომელთა გამოც ბატონი ჭაბუა შეგვიძახებდა ხოლმე:

ჭაბუა ამირეჯიბი
ჭაბუა ამირეჯიბი

ჭკუით, ქართველებო!”

_ ეს უნდა გითხრა სასწრაფოდ: შეუძლებელია ამდენი უწმაწურობის მოსმენა ტელეეკრანიდან, ჩემო კარგო! არ ვართ ჩვენ ის ერი, ეგეთი სიბილწეები რომ ვილაპარაკოთ. გეხსომება, ჩვენი მამების ლექსიკაში ყველაზე მძიმე სიტყვა იყო _ “უჰ, ეგ ასეთი და ისეთი!” ის კაცი, რომელზეც ასეთ რამეს იტყოდნენ, მოკვდებოდა ფიქრით, რა იგულისხმესო ჩემზე?! შეწუხდებოდა.

დღეს ტელესერიალებიდან რაც გვესმის, წარმოუდგენელი უკულტურობაა.

რაღაც იღონეთ, რა…

_ ლიტერატურაშიც შეაღწია, მარტო ტელეეთერში კი არა.

_ ლიტერატურაშიც. მაგრამ ის ლიტერატურა კი არ არის, სიბილწეა.

_ ეგ ითვლება ლიტერატურისადმი რეფორმატორულ მიდგომად. პრემიებითაც აჯილდოებენ.

_ ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთი ხომ გახსოვს, “ქართული სიტყვა”?

_ ჯანსუღისდროინდელი _ კი.

_ იუმორისტული რუბრიკა რომ ჰქონდა _ “სიცილ-ნათელები”.

_ დიახ.

_ ერთგან, უკაცრაული პასუხია, საჯდომი მოხსენიებული ჰქონდა არცთუ ლიტერატურული ფორმით. დავურეკე: ჯანუკი, ხომ ხარ ჩემი ძმა, ხომ იყავი ჩემი ქორწილის თამადა, ხომ გეთაყვანები, შენი ნაფიცი მკითხველი ვარ, ნუ მაკადრებ, ძალიან გთხოვ, ასეთ სიბინძურეს.

სიტყვას გაძლევო, მითხრა.

გაზეთის მომდევნო ნომერში ვკითხულობ (ვიღაცაზე): “აუფეთქა დედის ტანკი…”

(გულიანად ვიცინით. ჯანსუღს ეხერხებოდა, ჩარკვიანს, სკაბრეზული იუმორი, და უხდებოდა).

_ “გაბედულიუმწიფარიძეები, ლიტერატურის ამგვარად წარყვნას ცხოვრებასთან დაახლოებად მიიჩნევენ _ სიტყვის შეუზღუდავ თავისუფლებადან სხვა არაფერი აქვთ სათქმელი

_ სხვა გზით არ შეიძლება ცხოვრებასთან დაახლოება?! მათ ბილწსიტყვაობას ხომ ბავშვებიც ისმენენ, აღიქვამენ, როგორც ნორმას. აგერ ლურჯი ცაა, აგერ _ ტალახი. ვიყოთ ტალახში?!

იფიქრეთ ჟურნალისტებმა ამ პრობლემაზე.

(დავფიქრდი. გამახსენდა: თამრიკო ჯავახიშვილი წლების წინათ ცხელი ზაფხულის ერთ დღეს ჭაბუამ ამირეჯიბების ოჯახში დედასთან გასაცნობად რომ მიიყვანა, სადედამთილომ აივანზე მიიწვია სასაუბროდ. ქუჩაში წყვილი მიდიოდა, ბიჭს გოგოსთვის მხარზე ხელი გადაეხვია.

_ ჩემი შვილი, _ უთქვამს მაშინ ქალბატონ მარიამ ნაკაშიძეს საპატარძლოსთვის, _ ბარიშნას ქუჩაში ასე არ გაატარებს.

იყო ასეთი თაობა, ასეთი ეთიკური ნორმებით მცხოვრები ადამიანები იყვნენ.

ახლა _ ვისაც რა გსურთ, ის აირჩიეთ. გამკითხავი მაინც არავინაა).

_ ყოფიერება ქმნის ცნობიერებას, ხომ ასეა?

_ ცხოვრება როგორიც გინდა იყოს, შენ უნდა დარჩე შენად. “ვეფხისტყაოსანში” ნესტანი ტარიელს რომ ეუბნება: “მტყუანსა და შენ აგეთსა”, “აგეთს” ისეთი დატვირთვა აქვს, რომ მოკვდა კაცი, განადგურდა. რაც გვჭირს, უბედურებაა და ეს უნდა მოვიშალოთ. ღმერთმა დაიფაროს ქართველი ერი ასეთი დაცემისგან.

თამარ ჯავახიშვილი და ჭაბუა ამირეჯიბი
თამარ ჯავახიშვილი და ჭაბუა ამირეჯიბი

სიყვარულით, დედაშვილურად ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ ბილწსიტყვაობისგან. ჩვენს ღირსებას არ ეკადრება.

_ დაპირისპირება ბევრი გადაგვიტანია, მათ შორის, შიდაეროვნულიც, მამათა და შვილთა ბრძოლა, მწვავე, პრინციპული, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში საქართველოში ხდება, მსგავსი უზნეობა ისტორიას არ ახსოვს.

_ შედარებაც არ შეიძლება. დავსხლტით, დავქანდით, სადღაც მივექანებით. ერთი ოთხსტრიქონიანი ლექსი დავწერე, ეგებ წაგაკითხე კიდეც:

ღმერთო, რა გვჭირს ამდენ ჭირის მნახველებს,

ეს მაოცებს და ეს მიკლავს გულს.

როგორ გვიყვარს საქართველო ქართველებს,

ერთმანეთი კი რარიგად გვძულს.

სიძულვილია გამეფებული. დავიღუპებით. წავიშლებით.

ამას წინათ დავით აღმაშენებელზე წავედი პენსიასთან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად. იმდენი უცხო ხალხი რიალებს, არც კი ვიცი, არაბები არიან თუ ვინ… შევწუხდი ძალიან. ეგენი მოვლენ, ძმაო! კაპიკებად რომ დაურიგა ჩვენი მიწები ყოფილმა პრეზიდენტმა, გვარიც არ მინდა ვახსენო. ზოგს აჩუქა საერთოდ.

_ მოსულები არიან და ეგაა.

_ ჩემი ბიძაშვილი ჯონდო ჯავახიშვილი მიყვებოდა. ერთ დროს კასპში მუშაობდა. პირველად ლტოლვილების ნაკადი რომ წამოვიდა, საცხოვრებელი კორპუსები აუშენეს. ჩასახლდნენ, მაგრამ შემდეგ ზოგმა თბილისი აირჩია, ზოგი სხვაგან გადავიდა. დაიცალა ეს სახლები. აჩუქესო ვიღაც ჩინელებს. გადარეული მიყვებოდა _ გული მაქვს გახეთქილიო.

იყოს, ვინც გინდა, ჩინელიც და სხვაც, მაგრამ ისინი თავის ენას ამკვიდრებენ, თავიანთ ყოფას, ზნე-ჩვეულებას.

_ ამას წინათ ერთი უჩვეულოდ აღელვებული ტაქსისტი მომიყვა: ორი უცხოელი ჩამიჯდა მანქანაში და მუსლიმ ჰაუსში წაგვიყვანეო. სად არისმეთქი, რომ ვკითხე, ისე შემომიტიეს და შემომიღრინეს, გადავირიე კაცი: უნდა იცოდე, აბა, რისთვის მუშაობო! თურმე ყოფილ პლეხანოვის პროსპექტს, ახლანდელ დავით აღმაშენებლის გამზირს ასე შეარქვეს და მეც, თბილისელ კაცს, მაიძულებენ, თავში ჩავინერგო, რომ ახლა ასეა, მათებურად, და ასეც იქნება ყოველთვის.

_ დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები დაასახლა საქართველოში და გაქართველდა ის ხალხი. ვინც არ გაქართველდა, მიადგნენ ერთ დღეს კახელები და ამოწყვიტეს თურმე. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ამოწყვეტა გამიხარდეს, მაგრამ ან გაქართველდი, ძმაო, ან წადი შენს გზაზე ვიღაცა ხარ. ცოტა გვყავდა გაქართველებული უცხოელი? აგერ ტრიპოლსკი გავიხსენოთ, საქართველოს სახალხო არტისტი, ცუდი ვაჟკაცი იყო? ცუდი ქართველი?! გინდაც მისი შვილი, სიტყვაზე. რაღაც ხდება და როგორ უნდა შევუშალოთ ხელი, რით უნდა აღვუდგეთ, მე არ ვიცი.

დავით აღმაშენებელმა კაცურად ყველას მისცა უფლება, სალოცავების ნებაც დართო, მაგრამ თავზე ნუ დამაჯდებითო. აბა, რა!

მივუშვით! მდინარეს ჯებირს თუ არ გაუკეთებ, მოვარდება და წაგლეკავს.

ტოლერანტობა ჩვენ გვასწავლა იესო ქრისტემ. ვინც ჯვარს აცვა, იმათ შეუნდო. საუკუნეებია, მოგვდევს ტოლერანტობა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, არის დაუფიქრებლობა, წინდაუხედაობა საკუთარი ერისა და ჩვენი შვილების წინაშე.

უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა მოგვეთხოვება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადაივლის ეს მღვრიე ტალღა.

_ თუ ვინმე გაწამდა რუსეთში, თუ ვინმეს თავზე უბედურება დატრიალებულა, უპირველესად, ჭაბუა ამირეჯიბზე ითქმის, მაგრამ რუსების მიმართ ზიზღი არ გასჩენია, თუმცა, ამასთანავე, ხლისტებზე სრული სიმართლე თქვა _ ამ ზნეობადაკარგულ ადამიანებზე.

_ ზიზღი არ გასჩენია არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ერთ რამეს ყოველთვის ამბობდა, რომ შენ ვინ ხარ, იმან უნდა იცოდეს. ეგრე რომ ეჭირა თავი, იმიტომაც ეთაყვანებოდნენ.

_ და ეთაყვანებიან.

_ უნდა გადარჩეს ის, რაც არის კეთილშობილი, რაც არის ფასეული კაცობრიობის ცხოვრებაში _ კულტურა, ზნეობა, სარწმუნოება, უწინარეს ყოვლისა.

ეს არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებზე ითქმის, არამედ ერებს შორის, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე, უწინარეს ყოვლისა.

_ ჩვენ აქაც გართულებადაპირისპირების პრინციპს ვირჩევთ, მაგალითად, რუსეთთან.

_ არაფრით არ შეიძლება კულტურული ურთიერთობების მოშლა. რუსია და აღარ მინდა რუსული ლექსის წაკითხვაო, სისულელეა. როგორ უნდა თქვა უარი, მაგალითად, ევგენი ევტუშენკოზე, რომელიც გიწერს:

Забыв о Грузии неостарожно,

В России быть поэтом невозможно.

ამას წერს რუსი კაცი. ე.ი. გაფასებს და ამ დაფასებას უბრალოდ პატივი მაინც უნდა ვცეთ.

აგვიშვეს და გავგიჟდით

ნებისმიერ ერშია ბრიყვი, ჭკვიანი, ზრდილი, უზრდელი, აგრესიული, მოსიყვარულე. ისეთებიც ხომ არიან, ვინც მოიწევს, თავში რომ ჩაგიჩაჩქუნოს. არ მოგიშვებ: აბა, მოდი და გაბედე!

არჩილ სულაკაურს ერთი მოთხრობა აქვს _ “ლუკა”.

_ აჩიკო პოეტიც და პროზაიკოსიც შესანიშნავი იყო.

_ რა თქმა უნდა! ჰოდა, იქ მოთხრობილ ამბავში მოყოლილი აქვს, რომ თავმოყვარეობა და გამბედაობა აღმატებულ ფიზიკურ ძალას ჯაბნის და ერევა. თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგოს კაცმა. თავმოყვარეობას ეწირებიან. ლადო ქოქიაშვილს დანა რომ დაარტყეს, ხომ გახსოვს, აი, იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურება. გაგიჟებულები იყვნენ უფროსი თაობის კაცები: დანაო?! დანა ვინმეს ჯიბეში რომ დებოდა, უკვე სირცხვილი იყო.

_ ბიჭობაში ჩვენც გვყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც რუსთაველზე პლეხანოვიდან ამოსულებთან ჩხუბისას დანა ამოიღო. მოვიკვეთეთ. კარგა ხნის მერე ციხეში მოკლეს.

_ ხასიათს ვერ მოერია… ჭაბუკას ჰყავდა მეგობარი _ გოგი წულუკიძე (“დათა თუთაშხიაში” წულაძე დაარქვა). ერთად იყვნენ გადასახლებაში (მგონი, “თეთრ გიორგიშიც” იყო _ მაგათ ორგანიზაციაში. მუსტაფა შელია იყო მეთაური). ჰოდა, იქ, ციმბირში, გადასახლებაში ყოფნისას, ბანაკში ელექტროსადენი დაზიანდა. პატიმრებს უნდა აღედგინათ. გოგის დაავალეს. 45-გრადუსიან ყინვაში ბოძზე ავიდა. გააკეთა ეს საქმე, მაგრამ ფეხი მოეყინა. ვერ უმკურნალეს და მოკვეთეს. მას შემდეგ პროთეზს ატარებდა.

ერთხელ (მაშინ პავლოვზე ვცხოვრობდით) მოვიდა ჩვენთან. დაჯდა. პროთეზიან ფეხზე შარვალი აიწია, შეხედეთო, გვეუბნება და იცინის: პროთეზზე დანის დანარტყამი ჩანდა. საკმაოდ ღრმა. მოგვიყვა: თქვენთან ტრამვაით მოვდიოდი და ვხედავ, სამი ვიღაც მაიმუნი ქალს ჩანთიდან რაღაცას აცლის. მივედი, ჯერ ერთს დავარტყი, მერე მეორეს და წიხლით ჩავყარე ტრამვაიდან. მესამემ დანა ჩამარტყა პროთეზში. მე გამეცინა: ის ქურდი-მამაძაღლი გადაირია, ეს ვინ ყოფილაო და შეშინებული გადახტა ტრამვაიდან… ასეთი ხალხი იყო.

სათქმელი პირდაპირ უნდა უთხრა, მაგრამ თავი მაინც კეთილმოსურნედ უნდა დაიჭირო: რას აკეთებ, კაცო, ძმაო, რატომ იქცევი ასე?.. შეიძლება გაიგოს და შეიგნოს, მაგრამ ისეთი წამხდარი ხალხიც არსებობს, რაც გინდა უთხარი…

აგვიშვეს და გავგიჟდით. ასეთი თავაშვებული ჩვენი ხალხი ვერც წარმომედგინა.

მზეჭაბუკი

_ სულ მინდოდა მეკითხა: ჩვენ, ყველანი, ჭაბუას ვეძახდით, შენ ყოველთვის _ ჭაბუკას

_ მისი ნამდვილი სახელია მზეჭაბუკი. მამამ დაარქვა, ძია ირაკლიმ, ღმერთმა აცხონოს. ეგრე მოდიოდა ბავშვობიდან.

როცა უწმინდესი ბრძანდებოდა ჩვენთან (ღმერთმა კარგად გვიმყოფოს. მაგის იმედი მაქვს ერთადერთი) წმინდა გიორგის ორდენის გადასაცემად, მიიხედ-მოიხედა და თქვა:

_ ჩემი მზეჭაბუკი, ეს როგორ უცხოვრია.

ასე მოკრძალებულადო.

ყოველთვის მზეჭაბუკს ეძახდა, ყოველთვის მოიკითხავდა, როცა მივსულვარ: _ როგორ არის ჩემი მზეჭაბუკი?

და ქალბატონი თამარი ერთ საკრალურ ამბავს მომიყვა.

ჭაბუას მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა 10 წლით გადაუსახლეს. შემდეგ თვითონაც დააპატიმრეს, მაგრამ ავჭალის კოლონიიდან გამოიქცა. მტკვარი გადაცურა, უცებვე უკან გადმოცურა. სროლით დაედევნენ და იმ ნაპირზე ეძებდნენ, რომელზეც ლოგიკურად ეგულებოდათ: ვინ წარმოიდგენდა, რომ უკან დაბრუნდებოდა. ვერ იპოვეს. ყველამ დაიჯერა, რომ დაიღუპა (“გორა მბორგალშიცუწერია). ამირან მორჩილაძეს, რომელიც მათი ჯგუფის წევრი იყო, დედამ, დეიდა ქეთომ, მაშინ ციხეში ამანათი რომ მიუტანა, შვილი ატირებული დახვდა: _ წუხელ ჭაბუკა გაიქცა და მტკვარში ჩაცხრილესო.

ოთხი წელიწადი თბილისს ეგონა, რომ მკვდარი იყო ჭაბუა.

დეიდამისი თამარი, რომელსაც აგრეთვე დაუხვრიტეს ქმარი _ ილოვაისკი, ბათუმში ცხოვრობდა.

ჩვენი უწმინდესი იმ დროს ბათუმში გაამწესეს, ჯერ კიდევ ყმაწვილი კაცი. მამამ ჩაიყვანა. იკითხა მამამ _ სად იცხოვრებსო ჩემი შვილი? უპასუხეს, რომ იცხოვრებდა მორწმუნე ქალბატონის, თამარ ნაკაშიძეილოვაისკაიას სახლში _ ნინოშვილისა და ყოფილ ენგელსის ქუჩების გადაკვეთაზე.

_ უწმინდესმა გვიამბო, _ იხსენებს თამრიკო, _ დაჯდებოდა ქალბატონი თამარი და ტიროდაო: _ ჩემი მზეჭაბუკი. დაიღუპა. არის კი სადმე, ჩემი მზეჭაბუკი? ისე შემიყვარდა ეს სახელი, ძმისშვილი რომ გვეყოლა, მზეჭაბუკი დავარქვიო.

აი, ასეთი საკრალური გადაკვეთა მოხდა პარალელურად განვითარებული ისტორიების.

ჩემი ქართლის ცხოვრება

თამარ ჯავახიშვილი ჭაბუა ამირეჯიბის მოგონებების წიგნზე ამთავრებს მუშაობას.

_ “გორა მბორგალშიჭაბუამ მთელი თავისი ცხოვრება გადმოგვცა. დარჩა რამე სათქმელი?

_ უფ! რამდენიც გინდა: ტიპები, სიტუაციები… 16 წელიწადი მოიხადა. გარბოდა, იჭერდნენ, წლებს უმატებდნენ. ბოლოს, გათავისუფლების წინ, ჯამში მისჯილი ჰქონდა 83 წელიწადი.

მწერლის სიტყვების “გადმოლიტერატურულება”, ახლა რომ შტამპია, იმის შესაბამისად, ხომ იცი, რომ არ შეიძლება: მწერალს ვერ შეედავები _ კონსტანტინე გამსახურდიას თავისი ენა აქვს, მიხეილ ჯავახიშვილს _ თავისი, ჭაბუკას _ თავისი.

ეს არ არის საგაზეთო სტატია, ტრაფარეტი რომ იყოს.

_ ცუდი საგაზეთო წერილი… _ დავიცავი მუნდირის ღირსება.

_ ჰო, რა თქმა უნდა… მივყევი ასე თანდათან, დრო დასჭირდა ამას.

_ როდის გამოიცემა?

_ მალე, შეიძლება ახალ წლამდეც კი.

შევთანხმდით, როგორც კი მიიღებს სასიგნალო ეგზემპლიარს, თამარ ჯავახიშვილი აუცილებლად გადმოგვცემს ერთ ფრაგმენტსსაქართველო და მსოფლიოშიგამოსაქვეყნებლად.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here