Home ახალი ამბები მსოფლიო “ბირთვული ტერორიზმის აქტი”: რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინელთა შეტევებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

“ბირთვული ტერორიზმის აქტი”: რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინელთა შეტევებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

93
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ძალიან სახიფათოა და მას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინელი სამხედროების თავდასხმის შედეგად ელექტროსადგურში ძაბვამ მოიმატა, ამან გამოიწვია აალება და კვამლი. ამასთანავე, დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “კახოვსკაია”, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის მიწოდებას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. რფ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდება ავარია, ეს გლობალურ ტექნოგენურ კატასტროფას გამოიწვევს, რომლის შედეგებიც, მასშტაბის მიხედვით, გაცილებით სავალალო იქნება ჩერნობილისა და ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურებში მომხდარი კატასტროფების შედეგებზე.

“ექსპერტთა აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური უბედურება, რომლის ფატალური შედეგების ლიკვიდაცია ათეულობით წლის შემდეგაც გაჭირდება”, _ წერს Russian.rt.com-ი.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა უკიდურესად სახიფათოა და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს უზარმაზარ ტერიტორიაზე, მათ შორის ევროპის”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და გამოთქვა იმედი, რომ დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებსაც “უკრაინის ხელმძღვანელობაზე აბსოლუტური გავლენა აქვთ”, ყველაფერს იღონებენ, ასეთი დაბომბვები რომ აღარ განმეორდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით, “ფაქტობრივად, მძევლად აჰყავს მთელი ევროპა და ჩანს, უარს არ იტყვის, კონტინენტი ცეცხლში გახვიოს ნაცისტური კერპებისთვის”.

“7 აგვისტოს ზელენსკის რეჟიმმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჰუმანიტარული კატასტროფის შესაქმნელად ბირთვული ტერორიზმის ახალი აქტი ჩაიდინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

12 საათზე და 40 წუთზე უკრაინის 44 საარტილერიო ბრიგადის ქვედანაყოფებმა დასახლებულ პუნქტ მარგანეციდან კახოვკის წყალსატევის მოპირდაპირე ნაპირზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს”. _ ნათქვამია რფის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 5 აგვისტოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიას.

“შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ორი ხაზი და წყლის მილსადენი, ზაპოროჟიეს ოლქის 10 ათასამდე მცხოვრები ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ეფექტიანი მოქმედების შედეგად მოხერხდა ის, რომ ატომური ენერგეტიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა”. _ ნათქვამია რფ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის სამხედრო უწყებაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას კიევის რეჟიმის “დანაშაულებრივი ქმედება” უწოდეს. როგორც სამხედრო უწყებაში აღნიშნეს, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდება, ეს გამოიწვევს გლობალურ ტექნოგენურ კატასტროფას, რომელიც რადიოაქტიური დაბინძურების მასშტაბით “მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ჩერნობილისა და ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი ავარიის შედეგებს”.

რადიაციული დაბინძურების ზონაში (5300 კვ. კმზე მეტი ფართობი) აღმოჩნდება კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცის ოლქები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრისპირა რაიონები, აგრეთვე, მოლდოვის, ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიები”, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ ასეთი ტექნოგენური კატასტროფული შედეგები შეიძლება უფრო მასშტაბურიც იყოს.

“ვითარება შეიძლება სერიოზულად გამწვავდეს არახელსაყრელი მეტეობიოლოგიური პირობების გამო ან, თუ რადიაციული დაბინძურების ზონაში მოხვდება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური (სიმძლავრე 3000 მვტ) და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ატომური საცავი, აგრეთვე, წყლის არტერიები. შავი ზღვა და ბოსფორის სრუტე დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოუსადეგარი ნაოსნობისთვის. თურქეთის, საქართველოს, ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროები რადიაციის მაღალი დონის გამო დაბინძურდება”. _ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, გაეროს გენმდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე შეტევას “თვითმკვლელობის მცდელობა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მოქმედებები შეწყდება. მან, აგრეთვე, თქვა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მხარს უჭერს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების სტაბილიზაციას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

კატასტროფული შედეგები

რუსეთის ენერგეტიკის დაფინანსების ინსტიტუტის უფროსი ექსპერტის _ სერგეი კონდრატიევის განცხადებით, ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებმა შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

“თუ ჭურვები პირდაპირ მოხვდება ატომური ელექტროსადგურის იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, მათი დაზიანება გამოიწვევს რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვას. დიდი საფრთხის შემცველია უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, დაარტყან  გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავებს. თუმცა, თუ ისინი დააზიანებენ ატომური ელექტროსადგურის ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტებს, გამორიცხული არ არის გაუთვალისწინებელი სცენარი: მათ შეიძლება შემთხვევით მოარტყან იქ, სადაც არ უმიზნებდნენ.

ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვნად დაზიანების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ მის გარშემო ტერიტორიებს _ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს, არამედ რამდენიმე ქვეყანას.

“ზაპოროჟიეს ატომური სადგური დგას დნეპრის ნაპირზე და სახიფათო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში, როცა რადიაცია გამოიფრქვევა, მომწამვლელი ნივთიერებები მოხვდება მდინარეში, იქიდან კი შავ და ხმელთაშუა ზღვებში, აგრეთვე, მათ სანაპიროებზე განლაგებულ ქვეყნებში, რომლებიც შეიძლება ძალიან დაზიანდნენ, ამიტომ მათ ინტერესებშია უსაფრთხოების უზრუნვევლყოფა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ამ ინფორმაციის მიწოდება კიევისთვის”, _ განაცხადა ექსპერტმა.

კონდრატიევის შეფასებით, ყველაზე ნეგატიური სცენარის შემთხვევაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე უკრაინელი სამხედროების დარტყმებმა შეიძლება ისეთი კატასტროფა გამოიწვიოს, რომლის ფატალური შედეგების აღმოფხვრას რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ტერიტორია უვარგისი გახდება ადამიანების საცხოვრებლად და ეს კატასტროფა გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე ჩერნობილმა გამოიწვია”, _ მიაჩნია ანალიტიკოსს. ამასთანავე, კონდრატიევმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მასმედიაში გაჩნდა ყალბი ცნობები, თითქოს რუსულმა მხარემ დანაღმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რაც ნონსენსია.

რუსეთმა უამრავი სახსარი და ძალისხმევა ჩადო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მუშაობაში, ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან ობიექტს რისკის ქვეშ არ დააყენებს.

ზუსტად საპირისპირო

აშშ-ში რუსეთის საელჩო იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო დაიწყო რუსეთის დისკრედიტაციის კამპანია.

“ამერიკულ მასმედიაში გაჩაღდა დეზინფორმაციული კამპანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრების მიზნით. თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ “ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიას რუსმა სამხედროებმა გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი”, _ ნათქვამია აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც მის Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

არადა, როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, რეალური ვითარება “ზუსტად საპირისპიროა”.

“ჰუმანიტარული რეაგირების რუსეთის უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, 5 აგვისტოს უკრაინელმა ნაციონალისტებმა საარტილერიო ჭურვები ესროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას”, _ აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად უშენდნენ ჭურვებს ატომურ ელექტროსადგურს.

რუსეთის დისკრედიტაციისთვის უკრაინის ხელისუფლება არაფერს ერიდება და ბირთვულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას”, _ იუწყება რუსეთის დიპლომატიური მისია, რომელმაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას მსგავსი პროვოკაციები, ხოლო ამერიკელ ჟურნალისტებს _ “შეწყვიტონ რუსოფობიური აზრების ფრქვევა”.

კიევის რეჟიმი მიზანმიმართულად უხსნის ცეცხლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელსაც საფრთხის ძალიან მაღალი ხარისხი აქვს და არად აგდებს კოლოსალური ტექნოგენური კატასტროფის რისკს, ამერიკული მასმედია კი უკრაინელი ნაციონალისტებს ხელს აფარებს და ავრცელებს ინფორმაციას, ატომური ელექტროსადგურს თითქოს რუსეთმა დაარტყა. ამ საინფორმაციო შეტევის აბსურდი ჯორჯ ორუელის ნაწარმოებების სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, როცა სიმბოლოებს ადგილებს უცვლიან და სიმართლე სიცრუედ იქცევა”, _ განაცხადა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიისა და პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ შაპოვალოვმა.

“ისინი არად აგდებენ იმ ფაქტს, რომ სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების შედეგად და დეზინფორმაციის გზით შეიძლება მოხდეს საუკუნის კატასტროფა, აგრეთვე, ფაქტების უხეში ჟონგლირებით ცდილობენ სინამდვილისგან განსხვავებული რეალობის კონსტრუქციის შექმნას. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთს შეუქმნან აგრესორის იმიჯი”, _ აღნიშნა ექსპერტმა.

დისკრედიტაციის კურსი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საელჩო ვაშინგტონში ყურადღებას ამახვილებს ამერიკულ მედიაში რუსეთის დისკრედიტაცის კამპანიაზე და უარყოფს მათ მონაცემებს.

 მაგალითად, 17 მარტს რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, თითქოს რუსეთი მონაწილეობდა მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვაში. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდება და აღნიშნეს, რომ რუსულ ავიაციას არანაირი ამოცანა არ შეუსრულდება მარიუპოლის მიწისზედა ობიექტების განადგურების მიზნით”.

მანამდე ტელეარხი სიენენი იუწყებოდა, რომ “16 მარტს მარიუპოლის თეატრის დაბომბვა რუსეთის ერთ-ერთი საშინელი შეტევა იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე”.

მოგვიანებით რფ-ის საელჩომ აშშ-ში უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მარიუპოლში ე.წ. ფილტრაციის ბანაკების შექმნის შესახებ და განაცხადა, რომ პირიქით ხდებოდა _ რუსი სამხედროები მოსახლეობას არანაირ ბარიერს არ უქმნიდნენ და ადამიანებს ეხმარებოდნენ საკვებითა და მედიკამენტებით”.

7 აპრილს რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ გააქარწყლა ამერიკული მედიის ტირაჟირებული კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში ტრაგიკულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, დასავლური მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც თითქოს მიუთითებდა ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ “დანაშაულებზე”, კიევის რეჟიმისა და დასავლური მედიის მორიგი დადგმა იყო”.

აპრილის ბოლოს ამერიკულ მედიაში აგორდა დეზინფორმაციის ახალი ტალღა რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით. მოსკოვი ამჯერად ბირთვული ომის გაჩაღების მუქარაში დაადანაშაულეს. CBS News-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით: რუსეთი ამბობს, რომ, თუ დასავლეთი განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ომი შეიძლება ბირთვული გახდეს”.

“ჩვენი ქვეყანა ბირთვული ომის წინააღმდეგია”, _ განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 მაისში რუსეთის საელჩომ აშშ-ში ყურადღება გაამახვილა ამერიკული მედიის მტკიცებაზე, თითქოს რუსმა სამხედროებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს უკრაინაში, და მას “ფალსიფიკაცია” უწოდა.

ივლისში რუსეთის საელჩომ განაცხადა გამოცემა Examiner-ის მიერ გავრცელებულ ფეიკზე მასალაში: “როგორ შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს თქვენი დეიდის სიყვარული გენეალოგიის მიმართ იმისთვის, რომ მოგკლათ”. საგარეო უწყებამ უარყო სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს მტრულად განწყობილი სამხედრო რეჟიმები მუშაობენ საბრძოლო შტამების შექმნაზე ცალკეული ერის გენეტიკური კოდის საფუძველზე.

ექსპერტთა აზრით, აშშ ამ ფეიკებით დაგეგმილ საინფორმაციო ომს ეწევა რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკომპრომისო საინფორმაციო ომი, რომლის მიზანიც რუსეთის ფედერაციის დემონიზაციის მიყვანაა აბსოლუტამდე, ამჟამად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მედია ამზადებს საზოგადოებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ტექნოგენური კატასტროფისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამო, შემდგომ კი ყველაფერი დაბრალდეს რუსეთს”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა კონსტანტინე ბლოხინმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here