ბატონ ირაკლის!..

    4160

    3 მაისს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ და ვარდებს დავუფენთ ფიანდაზად ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, ქართული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო მოღვაწესა და ბრწყინვალე პიროვნებას _ ირაკლი თოდუას

    ბატონ ირაკლის…

    ვარდობისთვეა, მაისი.

    ბუნების თვალის ახელის.

    ჩვენ კი, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტები, უდიდესი მწუხარებით გულდამძიმებულები, ვემშვიდობებით ბატონ ირაკლის, რომლის ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში, ერთ შემოქმედებით კოლექტივად შეკრულები, საქვეყნო ჭაპანს ვეწეოდით.

    უღელი გვედგა საქვეყნო საქმის ხელშეწყობის.

    ჩვენი მეხრეც იყო და პირველი სვრელიც მას გაჰყავდა, ჩვენს გუთნისდედას, თანამედროვე გაველურებული ურთიერთობების ყამირზე და მშვიდობისა და სიკეთის იმედს თესავდა სამომავლოდ.

    მკითხველთა შორის ჩვენი ავტორების პუბლიკაციების წარმატებით ხარობდა და წაფორხილების მიტევების იშვიათი უნარითაც იყო დაჯილდოებული.

    სიკეთით სავსე კაცის თვისებით.

    თაობათა შორის ხიდის გადების დიდოსტატი იყო, “დინოზავრების” (მისი გამოთქმაა) ცოდნისა და გამოცდილების და ახალთაობის მაძიებლური ენერგიის შერწყმის გზით, ჩვენს სლენგს თუ ვიხმართ, აკეთებდა გაზეთს, რომელმაც ინტელექტუალთა აღიარება მოიპოვა და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ პერიოდიკაში.

    დღევანდელშიც და სამომავლოშიც.

    მხარში ამომდგომი იყო ყოველთვის: მედროვეთა მიერ კალაპოტიდან ძალადობით ამოგდებული არაერთი პროფესიონალი შეიფარა და დაუბრუნა ჟურნალისტიკას, ბევრი ახალბედაც გზაზე დააყენა ამ დიდბუნებოვანმა პიროვნებამ.

    დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული, უსაზღვრო ფანტაზიით, მოვლენების მორევში ოპერატიულად გარკვევაში, სწორი აქცენტების უმალ გამოკვეთაში ბადალი არ ჰყავდა.

    იდეების გენერატორი იყო.

    პრინციპულიც. ვერავინ დასწამებდა ცალმხრივობასა და მიკერძოებას. გუნდრუკი ხელისუფლებისთვის არ უკმევია, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ წარმატებული ნაბიჯი სათანადოდ არ შეეფასებინა და სიკეთეზე დაეხუჭა თვალი.

    მისი ეს ობიექტურობა გაზეთზეც აისახებოდა.

    ამიტომაც კითხულობდნენ “საქართველო და მსოფლიოს”, ამიტომაც ეცნობოდნენ ჩვენს ვებგვერდს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე.

    მხრები ჰქონდა გაშლილი და მეტის გასაკეთებლად სტარტზე იდგა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უბედურება მაშინ დაგატყდება ადამიანს, როცა არ ელოდები…

    გამონაკლისად ვერც ჩვენ “გაგვიმეტა” არსთა გამრიგემ.

    მშვიდობით, ბატონო ირაკლი, მსუბუქი იყოს შენთვის მიწა სამშობლოსი, რომელიც გიყვარდა, რომლისთვისაც ირჯებოდი ისე, როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს შეჰფერის.

    ეს დღეებია, შენს სამუშაო მაგიდაზე, შენს რედაქციაში, არდავიწყების სანთელს გინთებთ!

    “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია

    1 COMMENT

    1. გაოგნება, მწუხარება, საშინელება და დაუჯერებლობა ერთად მჭირს…
      მშვიდობით, მეგობარო!

    გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბაკურ სვანიძე Cancel reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here