Home ახალი ამბები „ბოლგარკით” მოჭრილი აქვს გვერდები, ეტყობა ბეტონიც მოზილეს ზემოდან” – ნიკო გომელაურის სკულპტურა...

„ბოლგარკით” მოჭრილი აქვს გვერდები, ეტყობა ბეტონიც მოზილეს ზემოდან” – ნიკო გომელაურის სკულპტურა დააზიანეს

2078
შოთა რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობის და პოეტის ნიკო გომელაურის სკულპტურა, რომელიც მეტროსადგურ “თავისუფლების” უკან მდებარეობს, დააზიანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ლიბერალი” ავრცელებს.

სკულპტურის ავტორის როკო ირემაშვილის თქმით, ის იმდენად დაზიანებულია, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება.

„ბოლგარკით” მოჭრილი აქვს გვერდები, ეტყობა ბეტონიც მოზილეს ზემოდან,არ ვიცი. დეტალები დაკარგულია, ფაქტობრივად დაღეჭილია ამხელა რკინის მასა… რაც შეიძლებოდა ექნათ, ყველაფერი უქნეს,” – ამბობს ირემაშვილი.

მისივე განცხადებით,ამის შესახებ თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართა, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქმის კურსში არ იყო.

თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ძეგლის დაზიანების შესახებ მერიაში შეტყობინება ამ დრომდე შესული არ იყო:

“ჩვენ გავეცანით სოციალურ მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.  თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მომხდარი ფაქტის შესწავლა, იმყოფებოდნენ ადგილზე და მოხდა ფაქტის აღწერა. თბილისის მერია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”,- ამბობენ მერიაში.

სკულპტურა 2014 წელს მერიის არქტიტექტურის სამსახურის იცინიატივით გააკეთდა.

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 39 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2010 წელს გარდაიცვალა.

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში “გუშინდელნი” ითამაშა.
ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.

მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მსახიობი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში არის დაკრძალული.

სკულპტურა,დაზიანების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here