Home ახალი ამბები საქართველო ბაჩანა გაჩეჩილაძე: ნატოს ძახილმა უკრაინამდე საქართველო დაღუპა, ჩვენ ვიყავით ამ უგუნური პოლიტიკის...

ბაჩანა გაჩეჩილაძე: ნატოს ძახილმა უკრაინამდე საქართველო დაღუპა, ჩვენ ვიყავით ამ უგუნური პოლიტიკის პირველი მსხვერპლნი

“ვლადიმერ პუტინის არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც ხალხმა რუსეთის ხელისუფლების არჩეულ გზას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. და რა ხდება ამ დროს დასავლეთში? დასავლეთში კი პოლიტელიტას სულ უფრო უჭირს, აუხსნას ამომრჩეველს, რატომ გაურთულდათ ცხოვრება უკრაინის გამო”

639

18 მარტს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. 17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ვლადიმერ პუტინმა. ექსპერტთა აზრით, პუტინის კიდევ ერთი ექვსწლიანი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ შეიცვლებაბევრ რამეში კი იგულისხმება რუსეთუკრაინის ომში გამარჯვება და გეოპოლიტიკის შეცვლა. რუსეთი საზღვრებს არ დათმობს

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ბლოგერი, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ბაჩანა გაჩეჩილაძე:

_ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აქტიურად ვადევნებ თვალს დასავლური პრესისა და პოლიტიკური სპექტრის რეაქციებს. თუ არ ჩავთვლით ფორმალურ წამოკნავლებებს (ძირითადად ბალტიის ქვეყნების ლიდერები აქტიურობენ და მაკრონმაც მოვალეობა მოიხადა), ერთი რამ აშკარად შეიმჩნევა: დასავლეთი რეალობასთან შეგუების ფაზაშია, თანაც იმ ფონზე, რომ მათივე მარიონეტმა “მწვანილამ” საერთოდ გააუქმა არჩევნები, ბოლომდე ვერც აწვებიან პუტინს, გააყალბეო. არალეგიტიმურიაო, _ ამბობენ და საპრეზიდენტო ვადაზე ამახვილებენ ყურადღებას და არა გაყალბებაზე…

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სანქციების რეალური მიზანი, არა რუსეთის დაშლა (ჩინეთისა და სხვა ფაქტორების გამო, რაც უნდა პარადოქსული იყოს, რუსეთის არსებობა სჭირდება დასავლეთს, ოღონდ მორჩილი რუსეთის), არამედ რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ ქვეყნის შიგნით უკმაყოფილების გაღვივება და ქვეყნის სათავეში დასავლეთისთვის სასურველი ძალის მოყვანა იყო, მაგრამ ეს გეგმა უკვე წარსულია და მას  განხორციელება აღარ უწერია…

სანქციების მეშვეობით რუსეთისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ რუსეთში უკმაყოფილების გაღვივებისა და საპროტესტო ტალღის აგორების ნაცვლად, რუსი ერი ხელისუფლების გარშემო გააერთიანეს და ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადებინეს, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, მაგრამ არა რუსეთის შემთხვევაში. ვინც ოდნავ მაინც იცნობს რუსების ბუნებასა და ისტორიას, ყველა ამას პროგნოზირებდა; ყველამ იცოდა, რომ პირიქით მოხდებოდა _ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც ხალხმა რუსეთის ხელისუფლების არჩეულ გზას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. რა ხდება ამ დროს დასავლეთში? დასავლეთში სულ უფრო მეტად უჭირს პოლიტელიტას, აუხსნას ამომრჩეველს, რატომ გაურთულდათ ცხოვრება უკრაინის გამო.

ევროპელებმა  რეალურად, რუსეთს კი არა, საკუთარ თავს დაუწესეს სანქციები, რომლებიც ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნებისა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე სერიოზულ პრობლემებს უქმნის დასავლეთს. დასავლელი ლიდერების ტონში უკვე შეიმჩნევა რიტორიკის შერბილება და მალე, ალბათ, ყველაფერს დაუთმობენ პუტინს, ოღონდ თავი გადაირჩინონ. ამისთვის ნიადაგს უკვე ამზადებენ.

_ რუსეთის პრეზიდენტად კვლავარჩეულმა ვლადიმერ პუტინმა  დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა კენჭი. თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა ეს?

_ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარა კენჭი, ერთგვარი პიარსვლაა. ამით შეეცადა იმის თქმას, რომ ყველას პრეზიდენტია და არ  ცდილობს ამომრჩევლების პარტიული ნიშნით დაყოფას. სამთავრობო პარტიის შიგნითაც დემონსტრაციულად აჩვენა ბევრს, რომ მის რეიტინგზე დგას რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება.

_ პუტინი კიდევ 6 წელიწადს  იქნება რუსეთის პრეზიდენტი. ევროპა ცუდ მდგომარეობაშია. იქ იციან, რომ რუსეთთან ბრძოლა სახიფათოაევროპა ნელნელა ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ რას შვრება ამ დროს საქართველო, რა პოზიციაზეა?

_ ევროპა ანგლოსაქსების მძევალია. ოდესღაც უდიდესი იმპერიები იქამდე მივიდნენ, რომ ბრძოლისუნარიანი ჯარი, ფაქტობრივად,  აღარ ჰყავთ. ამ ომის ყველაზე დიდი მსხვერპლი უკრაინის შემდეგ ევროპაა. ანგლოსაქსებმა “ჩრდილოეთის ნაკადი” ისე აუფეთქეს გერმანიას, რომ ხმა ვერ ამოიღო. ანგლოსაქსების მიზანი მათი ისტორიული მიზნის მიღწევაა _ რუსებსა და გერმანელებს შორის შუღლის ჩამოგდება. ბრიტანელებს ყოველთვის აშინებდათ რუსეთისა და გერმანიის კავშირი და მათი მიზანი რუსულ-გერმანული დაპირისპირების შექმნა იყო. წარსულში ეს გამოუვიდათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ეკონომიკური წარმატება რუსულ იაფ რესურსებსა და გერმანულ ტექნოლოგიებზე იდგა, ამერიკის ინტერესშია ევროპის დასუსტება, რათა ევროპა ამერიკაზე დამოკიდებული იყოს, მაგრამ თვითონ ამერიკას ურთულესი პროცესები აქვს წინ.

 ამომრჩეველში რომ  ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული უკმაყოფილება იზრდება,  ამის მკაფიო ნიშანია ფერმერების აქცია. ამასთანავე, ამერიკაში სულ უფრო მატულობს პოლარიზაციის დონე და არავინ იცის, იქ რა მოხდება. 

ევროკავშირი დაშლის პირასაა, შეიძლება გამწვავდეს სეპარატიზმი ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ა.შ. ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ტაივანთან დაკავშირებული პოტენციური დაძაბულობის ახალი კერა. დიდია შანსი, იაპონია, სამხრეთ კორეა და მთელი რეგიონი ჩათრეული  აღმოჩნდეს კონფლიქტში. ამ ქვეყნების მიმართ ამერიკელებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ აღებული, თანაც ჩინეთი ამერიკის მთავარი ტექნოლოგიური და ეკონომიკური კონკურენტია.

ამდენ ფრონტს ერთდროულად ვეღარ გასწვდება ამერიკა… იმას, რასაც ჰუსიტები დღეს აკეთებენ, 15 წლის წინათ ამერიკა უმკაცრეს პასუხს გასცემდა, ახლა კი ვეღარ ბედავს.

უკრაინა თავიდანვე განწირული იყო და ეს საბოოლოდ გაფორმდება. ამისთვის ნიადაგს უკვე ამზადებენ. რაც შეეხება საქართველოს, კარგია, რომ ომში არ ჩავერთეთ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა.

ჩვენს რეგიონში ომის გაჩაღებით სერიოზული ძალები არიან დაინტერესებულნი, ასევე არანაკლებ სერიოზული ძალებია დაინტერესებული მშვიდობის შენარჩუნებით. ყველაფერი ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენი მდებარეობის გათვალისწინებით, ისეთი დიდი მოთამაშე, როგორიც ჩინეთია, მშვიდობით არის დაინტერესებული. ეს უნდა გამოვიყენოთ.

_ საქართველოში ჩამოვიდა ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი. ნატოს წევრებს შორის უთანხმოებაა _ დავობენ საფრანგეთი და გერმანია, განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს და ამ დროს ჩვენი ქვეყანა დიდი ამბით მასპინძლობს ნატოს გენმდივანს, ხელმძღვანელს იმ ორგანიზაციისა, რომლის სახელის ძახილმა უკრაინა დაღუპა…  რატომ ესტუმრა სტოლტენბერგი საქართველოს?

_ ნატო, დიდი ხანია, აღარ არის იმ იდეის განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომლისთვისაც შეიქმნა და არც არასდროს ყოფილა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო,  ფაქტობრივად, ანგლოსაქსების იმპერიალისტური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტი იყო. არამხოლოდ საფრანგეთი და გერმანია დავობენ, მეტიც: არავისთვისაა საიდუმლო, რომ ტერიტორიული დავაა ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს შორისაც (ვგულოსხმობ თურქეთსა და საბერძნეთს)…

რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, ჩემი აზრით, ეს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობამ განაპირობა. ნატოს ძახილმა უკრაინამდე საქართველო დაღუპა, ჩვენ ვიყავით ამ უგუნური პოლიტიკის პირველი მსხვერპლნი, მაგრამ ოპტიმისტი მინდა ვიყო და იმედი დავიტოვო, რომ ბოლომდე გვეყოფა გონიერება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, ომი ავირიდეთ თავიდან.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here