Home ახალი ამბები საქართველო აზარტული თამაშები ან უნდა  აიკრძალოს, ან თამაშის დაწყება ძალიან უნდა  გართულდეს

აზარტული თამაშები ან უნდა  აიკრძალოს, ან თამაშის დაწყება ძალიან უნდა  გართულდეს

სხვაგვარად არაფერი გვეშველება და წლიდან წლამდე მხოლოდ იმას დავითვლით, როგორ იზრდება სათამაშო ბიზნესის შემოსავალი, როგორ უტოლდება ის ქვეყნის მთელ ეკონომიკას და, რაც მთავარია, როგორ ასრულებენ ახალგაზრდები სიცოცხლეს იმის გამო, რომ ყველაფერი წააგეს და ცხოვრების აზრი დაკარგეს

226

ამბობენ, რომ აზერბაიჯანში აზარტული თამაშები საკანონმდებლო დონეზე მას შემდეგ აიკრძალა, რაც ერთ-ერთ კაზინოში ფულის წაგების შემდეგ ატეხილ ჩხუბში ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი დაჭრეს. სხვათა შორის, იმხანად  ითქვა, რომ  ასეთ აკრძალვას  საქართველოს ხელისუფლებაც განიხილავდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა ორი მიზეზის გამო:  სათამაშო ბიზნესს საქართველოში ყოველთვის გავლენიანი მფარველები ჰყავდა, თანაც ამ ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უზარმაზარი თანხა შედის.

შარშან  ხელისუფლება  შეეცადა, როგორმე  შეემცირებინა სათამაშო ბიზნესის პოპულარობა. ამ მიზნით თამაში 25 წლამდე პირებს ხომ აუკრძალა, სატელევიზიო სივრციდან რეკლამებიც გააქრო, მაგრამ ვაღიაროთ, არაფერი შემცირებულა. კაზიონების წარმომადგენლები უკავშირდებიან სარეკლამო კომპანიებს, რომლებიც საფეხბურთო მატჩების მიმდინარეობისას სტადიონის კიდესთან დამონტაჟებულ მორბენალ სტრიქონზე ათავსებენ რეკლამებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ქართველი შემკვეთისთვის რეკლამა საქართველოს მოქალაქეებზე გათვლილ  სეგმენტზე გადის, სხვა ქვეყნების ტელევიზიები სხვა ქვეყნებისას აჩვენებენ. ჰოდა, უყურებს ადამიანი საფეხბურთო მატჩს და სარეკლამო ბანერზე მორბენალი სტრიქონი ახსენებს, რომ საქართველოში არაერთი სათამაშო კანტორაა და იქ თამამად შეიძლება მისვლა ან, ელემენტარულად, ონლაინ თამაში. არც წლოვანების  აწევამ გაამართლა, არასრულწლოვანები ან 25 წელს მიუღწევლები მეგობრების გვერდებიდან ძალიან მარტივად თამაშობენ, ხოლო რაც შეეხება საჯარო მოხელეებისთვის დაწესებულ აკრძალვას… ორ თვეზე ოდნავ მეტია გასული, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე სწორედ ამის გამო მოხსნეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვები არ თამაშობენ, უბრალოდ, ისინიც მეგობრების გვერდებიდან აკეთებენ ამას.

რა დიდია პრობლემა, ციფრებით აგიხსნით. გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოს მთლიანი ეკონომიკა 86 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება. ეს აშკარად რეკორდული მაჩვენებელია და  კარგია, მაგრამ… იმავე პრემიერის განცხადებით, სათამაშო ბიზნესში  2022 წელს 2021 წელთან შედარებით   ფულის ბრუნვა 48 -დან, 52 მლრდ-მდე გაიზარდა. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის თანხის  ნახევარზე მეტი ერთ კონკრეტულ სფეროში ბრუნავს და ეს არის ოფიციალური მონაცემები. ღარიბაშვილმა დაგვიანონსა, რომ 2024 წლიდან სათამაშო კანტორები მოგების მარჟას 10%-ის ნაცვლად 15%-ს  გადაიხდიან და ბიუჯეტში 400 მილიონ ლარზე მეტს შეიტანენ. ანუ, კაზინოები და ტოტალიზატორები მოგებიდან 15%-ს რომ გადაიხდიან და ბიუჯეტში 400 მილიონს შეიტანენ,  ხვდებით, რამდენი მილიარდი რჩებათ თვითონ მათ მოგება? და ეს ყველაფერი ადგილობრივთა ხარჯზე. ვიღაც იტყვის, უცხოელიც ბევრი თამაშობსო, მაგრამ ჰკითხეთ კაზინოების მენეჯერებს, მომსახურე პერსონალს და გეტყვიან, რომ მომხმარებელთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. არც ის არის დასამალი, რომ კაზინოში წაგებული ქონებისა და ცხოვრების შემდეგ არა ერთმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.

ტოტალიზატორების გამო სპორტის არაერთ სახეობაზე ჩნდება ხოლმე ეჭვი, რომ ესა თუ ის შეხვედრა ჩაწყობილი იყო (ყველაზე ხშირად სამართალდამცავთა ინტერესის სფეროში საფეხბურთო მატჩები ხვდება). საბუკმეიკერო კანტორები ფსონს იღებენ ყველაფერზე, დაწყებული იმით, ვინ დაიწყებს შეხვედრას,  დამთავრებული იმით, რამდენ ყვითელ ბარათს მიიღებს ესა თუ ის გუნდი, კარში დაარტყამს თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი და ა.შ. და ეს გრძელდება წლიდან წლამდე. თუ გახსოვთ, ხელისუფლებაში „ოცნების“  მოსვლის შემდეგ მალე დაიწყო საუბარი, რომ სათამაშო სახლები ქალაქგარეთ გაეტანათ, რათა კონკრეტულ ადამიანებს  იქამდე მისვლა გასჭირვებოდათ, მოზარდები, რომლებიც 100 თუ 200 ლარს იშოვნიდნენ, მაშინვე სათამაშოდ არ შესულიყვნენ, მაგრამ ამ დაპირებამ  ჩაილურის წყალი დალია – არც ქალაქგარეთ გაუტანია ვინმეს რამე და არც კონტროლის მექანიზმია ისეთი,  სათამაშო სახლების კეთილსინდისიერებაში ეჭვი რომ არ შევიტანოთ. კონტროლში კი მოგების გაცემის მარჟას ვგულისხმობთ, რომელიც, მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიც ლას-ვეგასი ან მონაკოა, ძალიან მაღალია და ხშირად 80%-საც კი აჭარბებს. საქართველოში  ამბობენ, რომ სათამაშო აპარატებზე  მოგების მარჟა ისეა დაყენებული, 10%-ს იშვიათად სცდება და ამასაც არავინ აკონტროლებს.

კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო მოვლენა – წარმატებული ადამიანები, მსახიობები, სპორტსმენები საჯაროდ  მოუწოდებენ ყველას თამაშისკენ და მაგალითსაც აძლევენ. სოციალურ ქსელში შეხვდებით არაერთ „სტრიმერს“, რომელიც თურმე ყოველდღე 2 ათას ლარს შოულობს, მერე მონიტორის  წინ ჯდება, თამაშობს და დღის ბოლოს 10-12 და უფრო მეტ ათას ლარსაც გამოიმუშავებს. თანაც ბოლო ხმაზე ყვირიან: გაერთეთ, ხალხო, და გართობაში ფულიც იშოვებაო. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ამ „სტრიმების“ ქვეშ ათასობით ადამიანი ტოვებს კომენტარს და 99%-ზე მეტი ცნობილ სახეებს ამ მოწოდებების გამო აგინებს დედას, მამას, ცოლ-შვილს, მაგრამ მათ რეაქცია არ აქვთ, ელემენტარულად, ამ კომენტარების ფილტრაცია და წაშლაც კი არ მიმდინარეობს, რადგან,  რაც მეტია კომენტარი, გამოდის, მით მეტი ხალხი უყურებს და პოპულარობაც მეტია. ჰოდა, ის ადამიანები, მერე მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ გვარიგებენ ჭკუას ტელეეკრანებიდან, რომ გვმოძღვრავენ, რომ გვეუბნებიან, – ჩემს ფილმებზე ან სპექტაკლებზე მოდითო, ფულის გამო ყველაფერს იტანენ, საჯაროდ და სახალხოდ გინებასაც; ისიც ზუსტად იციან, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამირებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შესაძლოა, ვინმეს სიცოცხლე შეიწირონ, მაგრამ ეს არ აინტერესებთ. ჰო, ხელისუფლებამ ინტერნეტრეკლამა ვერ მოსპო და ამის გაკეთებას,სავარაუდოდ, არც აპირებს, რადგან აღნიშნულის შესახებ არაფერი უთქვამს.

გაგიკვირდებათ და, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, უნდა ვახსენოთ. სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში  სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და „ბღუჯამ“( გახსოვთ, ალბათ,  მისი  ნათქვამი: „ქალბატონმა ჯიბიდან ბღუჯა ლარი ამოიღო და ამის დანახვაზე გამაჟრჟოლა“-ო) საპარლამენტო ტრიბუნიდან მუშტიც აბრახუნა: იცოდეთ, გაზრდილი აქციზის გადასახადი მოგების მარჟიდან არ გადაიხადოთ, სიგარეტი არ გააძვიროთ, თორემ დაისჯებითო. მაშინ პირადად ვკითხეთ ქუმსიშვილს, საკუთარი სიტყვების თუ სჯეროდა. მან ამაყად გვითხრა: გამორიცხულია, გაბედონ და მინისტრის სიტყვას გადავიდნენო. მისი განცხადებიდან მეორე დღესვე სიგარეტი  ერთი ლარით გაძვირდა, მაშინ, როცა აქციზის ფასი იმ პერიოდში მხოლოდ 50 თეთრით გაზარდეს. ქუმსიშვილი თანამდებობიდან კი წავიდა, მაგრამ მწეველებს გაძვირებული სიგარეტი შერჩათ. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ მთავრობას იმედი აქვს, სათამაშო ბიზნესი მოგების გადასახადზე დამატებულ იმ 5%-ს სწორედ მოგების მარჟიდან გადაიხდის და მოსახლეობას უფრო მეტად არ გაყვლეფს, რაც ზუსტად ისეთივე აბსურდია, როგორიც თავის დროზე ქუმსიშვილის განცხადება იყო. სწორედ რომ მოთამაშეების ჯიბიდან ამოვა ის დამატებული 5%.

სად არის გამოსავალი? ყველაზე მარტივად ამის გაკეთება აზარტული თამაშების აკრძალვით შეიძლება და იმის შიში, რომ თითქოს მერე „ხელზე გამაზვები“ წავა, უსაფუძვლოა, რადგან „ხელზე გამაზვები“ ახლაც მიდის და ეს ახალი ამბავი არაა. მეტიც, „ხელზე მაზებში“ პოლიტიკოსები და დედაქალაქის საკრებულოს წევრიც კი არის ჩართული – ეს იცის ყველამ, მაგრამ ხმას არავინ იღებს. უნდა იყოს კონტროლის მექანიზმი უფრო მკაცრი და, როცა კონკრეტული მოთამაშე კომპიუტერთან ჯდება ან ტელეფონს იღებს, სავალდებულო გახდეს ეს-ემ-ეს კონტროლის გავლა, ან მოთამაშის ფოტოს გაგზავნა, ან სხვა, უფრო რთული პროცესი. ვიღაც იტყვის, – ეს ყველაფერი თამაშის დაწყებას ძალიან გაართულებსო. მიზანიც ეს არის  – თუ მართლა გვინდა გამოსავლის პოვნა, თამაშის დაწყებაც უნდა გართულდეს, რეგისტრაციის გავლაც, ფულის ჩარიცხვის მექანიზმიც და ყველაფერმა ერთად აღებულმა ისე უნდა დაღალოს და მოქანცოს თამაშის მსურველი, რომ მას ამ პროცედურის გავლა ხშირად არ მოუნდეს. საბუკმეიკერო კანტორებმა უნდა ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან და დარეგისტრირებულ პირს არ უნდა ჰქონდეს უფლება, შემოსავალზე 10%-ზე მეტი დახარჯოს თამაშებში ერთი თვის განმავლობაში. სოციალურად დაუცველი რომ 500 ლარს წააგებს დღეში, რა გამოდის, მთელი თვე მშიერია? ან საერთოდ, რატომ არის აკრძალული საჯარო მოხელეების რეგისტრაცია,  მაშინ, როცა სოციალურად დაუცველს  თამამად შეუძლია დარეგისტრირება? ამ საქმეს უნდა მიხედოს ხელისუფლებამ, თორემ სხვაგვარად არაფერი გვეშველება; წინააღმდეგ შემთხვევაში წლიდან წლამდე მხოლოდ იმას დავითვლით, როგორ იზრდება სათამაშო ბიზნესის შემოსავალი, როგორ უტოლდება ის ქვეყნის მთელ ეკონომიკას და, რაც მთავარია, როგორ ასრულებენ ახალგაზრდები სიცოცხლეს იმის გამო, რომ ყველაფერი წააგეს და ცხოვრების აზრი დაკარგეს.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here