Home ახალი ამბები საქართველო ახალი წლიდან, სავარაუდოდ,  კომუნალურის გადასახადები მოიმატებს

ახალი წლიდან, სავარაუდოდ,  კომუნალურის გადასახადები მოიმატებს

ასე ვერ გავფრინდებით, ბატონებო!

361

როგორც წესი, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს მთავარი სატკივარი ახალი წლის ბიუჯეტია. თითქოს ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად გაზარდოსამას ჯერ წინა ხელისუფლება აკეთებდა, მერე  ტრადიცია ამჟამინდელმა განაგრძო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა დიდი ბიუჯეტი გაქვს და ფულს თამამად ხარჯავ. ახლაც შევიტყვეთ, რომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, ყველა სამინისტროს დაფინანსება მოიმატებს და ეს, ძირითადად, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურებში ხელფასები 2023 წლიდან, სულ ცოტა, 10%-ით  მოიმატებს. ამას გარდა, იზრდება პენსიებიც და ეს ფული სახელმწიფომ საიდანღაც უნდა მოიტანოს.

სანამ იმას გეტყვით, საიდან აპირებს  თანხების მოზიდვას ფინანსთა სამინისტრო, საზოგადოდ, ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ვთქვათ. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველწლიურად ლამის 3 მლრდ ლარამდე ხარჯავს და იცით, რას ვერ ვხვდებით? გასაგებია, რომ გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ უკვე გაკეთებულს ხელახლა რომ ვაკეთებთ,  ამაზე ვინმემ აგო პასუხი? ახლა არ თქვათ, ცვეთა აქვს ძველ ნაკეთებსო. კომუნისტების პერიოდში დაგებული ასფალტი ბევრ სოფელსა თუ ქალაქში დღემდე შემორჩენილია და ახლა ყოველწლიურად ერთსა და იმავე მონაკვეთზე გზის დაგება რა უბედურებაა?! არაერთი შემთხვევაა ასეთი საქართველოს მასშტაბით და გასაგებ ენაზე ამას ფულის გათეთრება ჰქვია. ორ მილიარდამდეა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და… აბა, განათლება? ჰო, სად არის განათლება? და თუ არის, რატომ აქვს ყველა სტუდენტს ოცნებად გადაქცეული საზღვარგარეთ წასვლა და უმაღლესი სასწავლებლის იქ დამთავრება? რატომ ანიჭებს ხელისუფლებაც უპირატესობას სწორედ ევროპულ თუ ამერიკულ დიპლომს ქართულთან შედარებით? სად არის ლოგიკა და, ზოგადად,  რა მდგომარეობაშია განათლების  პროგრამა, რომელსაც ყველა მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ხელახლა გადაწერს ხოლმე?  ვაღიაროთ, რომ ეს 2 მილიარდი წყალში გადაყრილი იქნება მანამ, სანამ საქართველოში განათლების დონე ისე არ აიწევს, რომ უცხოეთში წასვლის სურვილი, რაც შეიძლება, ნაკლებ სტუდენტს ექნეს. ერთი ხელის თითებზე დასათვლელი უმაღლესი სასწავლებლები იყო საქართველოში და, განათლების მიხედვით, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით არა მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ  ევროპაში. ევროპაში ისეთი დონის აკადემიკოსები და მეცნიერები, როგორიც საქართველოში იყვნენ, სანთლით საძებარი იყო. ახლა სამეცნიერო სამუშაოს ირჩევს ვინმე? რაღაც არ გაგვიგია, ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფები შექმნილიყო, კონკრეტულ პრობლემაზე ემუშავათ, ემსჯელათ… მეცნიერების გარეშე კი გაფრენა ძალიან ძნელია… ერთაოზის დონის საფრენი აპარატის გაკეთებაც შეუძლებელია  ცოდნის გარეშე. ასე ვერ გავფრინდებით, ბატონებო!

რაც შეეხება ბიუჯეტის მატებას. რის ხარჯზე და როგორ ხდება მატება, მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არ იცის და, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ეს  ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. ჯერ ერთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, უბრალოდ, არ შემოდის, არც ადგილობრივი ინვესტიციებია ისეთი, საუბარი ათეულობით მილიონზე რომ იყოს და ხელისუფლებაც ცოტას აქ წაამატებს, ცოტას –  იქ და გამოვა ისე, რომ ფულს ხალხი იხდის. მაგალითად,   თამბაქო ავიღოთ, რომლის აქციზის ფასიც გაიზრდება და ეს სიახლე დაგვიანონსეს. თამბაქოს აქციზი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: პირველია აქციზის განაკვეთი, რომელიც ერთ კოლოფზე, ანუ 20 ღერზე 2,2 ლარია. მეორეა ადვალური აქციზის განაკვეთი, რომელიც იმავე ერთ კოლოფზე 2,1 ლარს შეადგენს, ანუ მხოლოდ ამ ორი აქციზის ღირებულება 4,3 ლარია და ეს მაშინ, როცა ვსაუბრობთ სიგარეტზე, რომლის ღირებულება 7 ლარია. არადა, ერთი ღერი სიგარეტი რეალურად 10 თეთრზე ცოტა ღირს და რას ვეწევით (სამწუხაროდ, ვეწევით), კაცმა არ იცის. ჰოდა, თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება, როგორც გვეუბნებიან, უმნიშვნელოდ _ 10 თეთრით, მაგრამ ეს 10-თეთრიანი მატება ავტომატურად გამოიწვევს სიგარეტის ფასის მატებას და,  ქართული ბიზნეს-წესების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, კოლოფზე 50 თეთრით აისახება. მწეველთა ოდენობის გათვალისწინებით, ბიუჯეტში აქედან ცოტა თანხა ნამდვილად არ შევა.

ახალი წლიდან, სავარაუდოდ, მოიმატებს  კომუნალურის გადასახადები. წლის ბოლო თვეს მარეგულირებელში კომისიის სხდომა უნდა შედგეს, რომელზეც  გადასახადების მომატებაზე იმსჯელებენ. ყველა კომპანიას აქვს ეს მოთხოვნა და, ისევ ქართული რეალობიდან და ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვგონია, რომ კომუნალურები მოიმატებს  ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ, შეიძლება ნახევარი თეთრითაც კი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ნახევართეთრიანი მატება ათეულობით მილიონი ლარი გამოვა ყოველთვიურად. ასევე მოიმატებს  პატრულის ჯარიმები, ჯარიმები დანაგვიანებაზე, ტარიფი დასუფთავების მოსაკრებელზე და ბოლოს ისე გამოვა, რომ ბიუჯეტის ნამატ 300 მილიონს, ჩვენი ჯიბიდან ბოლო თეთრამდე ამოიღებენ.

ხელისუფლება იმითაც ამაყობს, რომ თურმე საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან სასიხარულოა, რაც ნაკლები უმუშევარი იქნება საქართველოში, მით ნაკლები გაჭირვებული იცხოვრებს ქვეყანაში, მაგრამ ვაი, რომ არც ეს მაჩვენებელია დიდად სანუგეშო. უფრო ზუსტად, ის არ არის სანუგეშო, რის ხარჯზეც უმუშევრობის შემცირება მოხდა. მას შემდეგ, რაც საქართველოდან კვალიფიციური მუშახელი გავიდა, თავისი საქმის პროფესიონალები წავიდნენ ევროპასა და ამერიკაში, ქვედა რგოლის დასაქმების პრობლემა ყველა დიდ კომპანიას დაუდგა, ანუ 600 და 700 ლარად კვალიფიციური კადრები მუშაობას არ იწყებდნენ და ევროპაში წასვლას არჩევდნენ. შედეგად, ადგილობრივმა ბიზნესმა დაასაქმა ისინი, ვინც ხელში შერჩა და, საბოლოოდ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიიღო დაბალი მაჩვენებელი, ბიზნესმა – ნაკლებკვალიფიციური მუშახელი. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ უმუშევრობის დონემ იკლო და ვგონებ, არ უნდა გვიხაროდეს, რადგან პროფესიონალს აქ უნდა მისცე ისეთი ანაზღაურება, რომ სხვაგან წასვლაზე არ იფიქროს. მერე, სხვაგან წასული, ფუძნდება, ოჯახი მიჰყავს და სწორედ ამის გამოა, ქართული სპორტის სხვადასხვა ფედერაციები, ნაკრებში სათამაშოდ რუსეთსა და ევროპაში დაბადებულ-გაზრდილ ქართველებს რომ ეპატიჟებიან: ჩამოდით, ითამაშეთ, მოქალაქეობას მოგცემთო. ბევრი მოდის, ბევრი – არა. ვერავის გაამტყუნებ. კაცს რომ პატრიოტიზმს სთხოვ, ისეთი პირობებიც უნდა შესთავაზო, რომ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი არ გაუჩნდეს და… როცა ცოლ-შვილი შიმშილით გიკვდება და თვის ბოლოს სახლში პურის ფულიც ვერ მოგაქვს, ძნელია,  სხვა რამეზე იფიქრო.

ჰოდა, იმის თქმა გვინდა, როცა ბიუჯეტის მომატებას ზარ-ზეიმით გვამცნობენ, ისიც დააყოლონ, რეალურად რის ხარჯზე იმატებს ბიუჯეტი და, რაც მთავარია, რას ხმარდება. განათლების სისტემაზე უკვე მოგახსენეთ, ინფრასტრუქტურაზეც და ისიც ვთქვათ, ამერიკისგან თავსმოხვეული და ძალით შეტენილი, 75 მილიონად ნაყიდი „ჯაველინები“ სადღაც რომ დავასაწყობეთ და ჟანგდება; სხვა დროს უკეთესად დავფიქრდეთ: გვჭირდება თუ არა ასეთი თანხის გადახდა იმაში, რაც სხვა ქვეყანას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამერიკას, არ სჭირდება. მერე თავად გადაწყვეტს მოსახლეობა, გაზრდილ ბიუჯეტს ტაში დაუკრას თუ თავში შემოირტყას ხელი და ხელისუფლებას  ისიც სთხოვოს, –  იგივე ბიუჯეტი დატოვე, ოღნდ ჩვენს ხარჯზე ნუ გაზრდიო. ჰო, ჩვენი, რიგითი ადამიანების,  ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი და, სამწუხაროდ, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით არავის სჯერა, რომ ეს ბიუჯეტი სწორედ ხალხს მოხმარდება.

და ერთიც – ხელისუფლების წარმომადგენლებმა გეგმა 2030 წლამდე გაწერეს და თქვეს, რომ 2030 წლისთვის ხელფასები, პრაქტიკულად, ყველა რგოლში ოთხნიშნა იქნება, პენსიებიც სოლიდურად გაიზრდება, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ 2030 წლამდე უნდა მივიდეთ და უნდა მივიდეთ აქ, საქართველოში,  და არა ისე, როგორც ახლაა – ნახევარზე მეტი ქართველობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რომ ღვრის ოფლს და ცდილობს, იქ ნაშოვნი ფულით  აქ გამოკვებოს ოჯახი. მერე კი… მერე მიჰყავთ და მიდიან, შემდეგ კი ვთხოვთ ჟორჟ მიქაუტაძეს საფრანგეთის ნაკრების ნაცვლად საქართველო აირჩიოს; საბა საზონოვს ვთხოვთ, რუსეთის ნაკრებში კი არა, ჩვენთან ითამაშოს და ეს ბიჭები დათანხმდნენ, მაგრამ ბევრი არ და ვერ თანხმდება. მათ, უბრალოდ, ვერ გავამტყუნებთ. ისინი იმ ქვეყნის მსახურებას არჩევენ, რომელმაც ყველაფერი მისცა.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here